Digest Logo

„დროა, ოცნებები მოქმედებად ვაქციოთ...თუმცა ბევრი ადამიანი იგრძნობს დეზორიენტაციას“ - რას მოუტანს კაცობრიობას 20 თებერვალს ვერძის 0°-ზე სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ეპოქალურ წერტილში

1771518458
სატურნი და ნეპტუნი

20 თებერვალს ვერძის 0°-ზე სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ეპოქალურ წერტილში მოხდება. როგორც ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight-ი წერს, მსგავსი მოვლენა ზოგიერთი წყაროს მიხედვით 1702 წელს დაფიქსირდა ბოლოს.

საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული ასტრონომიული მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებისთვის და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ მიმდინარე პერიოდში?

„ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით.

დღევანდელი პოსტი ეხება იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომელიც მოხდება 20 თებერვალს.

ეს დღე გახდება ახალი ეპოქის საწყისი წერტილი, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება სატურნისა და ნეპტუნის ზუსტი შეერთება ვერძის ნულოვან გრადუსზე - ზოდიაქოს წრის პირველ, კარდინალურ წერტილში. ეს წერტილი სიმბოლურად განასახიერებს დაბადებას, ახალ დასაწყისს დასასრულის შემდეგ.

ვერძის 0°-ზე სატურნისა და ნეპტუნის შეერთება უკანასკნელად ასეთი ზუსტი ფორმით ათასობით წლის წინ მოხდა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 1702 წელს ან უფრო ადრე), ანუ ჩვენ არა მხოლოდ მოწმეები, არამედ აქტიური მონაწილეები ვართ ამ უკიდურესად იშვიათი, ეპოქალური მოვლენის.

სატურნისა და ნეპტუნის ზუსტი შეერთება გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში (დაახლოებით 22 თებერვლამდე), შემდეგ კი პლანეტები თანდათან დაიწყებენ დაშორებას. თუმცა, თავად შეერთების მომენტი წარმოადგენს ძლიერ იმპულსს, მძლავრ ბიძგს მნიშვნელოვანი განახლებისთვის: ძველი ფორმები იწყებენ ჩამოშლას და ამავე დროს იქმნება ახალი რეალობის საფუძველი - როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ, ცხოვრებისეულ დონეზე.

როდესაც ისეთი მასშტაბური, თაობათა შორისი პლანეტები, როგორებიცაა სატურნი და ნეპტუნი, იცვლიან პოზიციას და ერთმანეთს ხვდებიან, ჩვენ ვერ შევცვლით ან შევაჩერებთ ამ პროცესებს. თუმცა, გააზრებით, გაცნობიერებითა და მიმღებლობით შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს უზარმაზარი ძალა, გავხდეთ ახალი ციკლის შემოქმედები და არა მისი მსხვერპლი. ჩვენი ამოცანაა - მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზეციური მოვლენების დადებითი პოტენციალი საკუთარი განვითარებისთვის.

მოდით, პირველ რიგში გავაანალიზოთ სატურნისა და ნეპტუნის ბუნება:

სატურნს ხშირად უწოდებენ მკაცრ მასწავლებელს ან შეზღუდვების პლანეტას, მაგრამ ეს საკმაოდ ზედაპირული აღწერაა.

სინამდვილეში სატურნი არის სტრუქტურის, ფორმის შენარჩუნების პრინციპი: სახელმწიფოს კანონები, შენობების კარკასი, ადამიანის ხერხემალი და ჩონჩხი, დისციპლინა, დრო, ვალდებულებები, შეთანხმებები, სოციალური იერარქია, სტატუსი, პასუხისმგებლობა.

სატურნი განასახიერებს სიმწიფეს, გამოცდილებას, სიბრძნეს; ის მართავს კარმას - არა როგორც ზეციურ სასჯელს, არამედ როგორც მიზეზშედეგობრივ კანონზომიერებას.

სატურნის მოქმედება - ჩვენი ქმედებების ანარეკლია. ის „ძერწავს“ ჩვენს ხასიათს გამოცდილებით, გვატარებს წნეხში, მაგრამ ამავე დროს გვეხმარება გრძელვადიანი, მყარი წარმატების აშენებაში - წარმატების, რომელსაც აქვს საფუძველი და დროს უძლებს.

სატურნი - ჩვენი შინაგანი რევიზორია, სინდისის ხმა, უნარი - ვუთხრათ საკუთარ თავს: „მე ვიღებ პასუხისმგებლობას“.

ის გვასწავლის საკუთარი და სხვისი საზღვრების დაცვას, ნებისყოფის გამომუშავებას, სიჩქარის თავიდან აცილებას - რადგან სიმწიფეს დრო სჭირდება.

როდესაც სატურნს ცნობიერად ვიღებთ და არ ვეწინააღმდეგებით, ის ხდება ჩვენი შინაგანი საყრდენი, ხერხემალი, სტაბილურობა, უნარი - გავუძლოთ ნებისმიერ კრიზისს.

სატურნს ყინულის რგოლები აქვს, ის ცივი პლანეტაა, მიმართულია შეკუმშვისკენ, ქმნის სტრუქტურებს, მაგრამ არ ფართოვდება.

ნეპტუნი კი საპირისპიროა: თუ სატურნი ფორმაა, ნეპტუნი - ოკეანე.

ის წარმოადგენს ფორმების დაშლას, საზღვრების წაშლას, შერწყმას. ნეპტუნი შლის რაციონალური აზროვნების საზღვრებს: შთაგონება, შემოქმედება, მუსიკა, კინო, მისტიკა, სულიერება, რწმენა, მედიტაცია, ემპათია, თანაგრძნობა - ეს ყველაფერი მისი სფეროა.

ნეპტუნი ქმნის კავშირს ღვთაებრივთან, საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ ღმერთი დედამიწაზე და დავინახოთ სამყაროს უკვდავი სული ყველაფერში.
ის მართავს სიზმრების სამყაროს, სიმბოლოებს, მთელ ქვეცნობიერს.

მაგრამ ნეპტუნს აქვს ჩრდილოვანი მხარეც: ილუზიები, თვითმოტყუება, დამოკიდებულებები, რეალობისგან გაქცევა. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი ვერ უმკლავდება სატურნის მკაცრ რეალობას და გარბის ნეპტუნურ ნისლში, ფანტაზიებში - პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.

უმაღლეს გამოვლინებაში ნეპტუნი - შთაგონება, უმაღლესი ინტუიცია, კოლექტიური ველის შეგრძნება, მაღალი იდეების გამტარია.

დაბალ გამოვლინებაში - ორიენტირის დაკარგვა, განცდა, რომ მიწა ფეხქვეშ გეცლება.

ახლა წარმოიდგინეთ: ყინულოვანი სატურნი, რომელიც კედლებს აგებს, და ნეპტუნი, რომელიც ამ კედლებს ამავე დროს შლის და საზღვრებს ხსნის.

ისინი ერთიანდებიან ერთ წერტილში - ვერძის ნულოვან გრადუსში, დასაწყისის წერტილში.
ეს არის ყინულისა და ნისლის შეჯახება, რომელსაც მოაქვს რეალობის სიღრმისეული გაანალიზება.
ადამიანურ დონეზე - გონებისა და გრძნობების, მოვალეობისა და ოცნების, კონტროლისა და ნდობის, მკაცრი სტრუქტურისა და სრული დინებადობის შეჯახება.

დაბალ გამოვლინებაში ეს შეიძლება იყოს ქაოსი - როგორც აზრებში, ისე შეგრძნებებში. ბევრი ადამიანი იგრძნობს დეზორიენტაციას, გააცნობიერებს, რომ ჩვეული კოორდინატთა სისტემა აღარ მუშაობს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ორიენტირის დაკარგვა ბუნებრივია ამ პროცესის კონტექსტში. დასრულდა ძალიან გრძელი ციკლი და ახლა ახალ ციკლში შევდივართ.

ამ შეერთების მიზანი არა განადგურება, არამედ შერიგება და შეთანხმება - გულისა და გონების გაერთიანებაა.

ზელანდის „რეალობის ტრანსერფინგის“ მიხედვით, როცა შინაგანი განზრახვა (სურვილი) თანხმობაშია გარე განზრახვასთან (გადაწყვეტილება, ქმედება)- სწორედ მაშინ ერთვება სამყაროს უმაღლესი ძალები და ჩვენს ცხოვრებაში შემოდის წარმატების ტალღა.

ეს შეერთება უზრუნველყოფს, რომ დისციპლინა ემსახურებოდეს ოცნების რეალიზაციას, ხოლო ოცნებები და სურვილები სწრაფად იძენდნენ მკაფიო ფორმასა და განხორციელების გეგმას.

შთაგონება იძენს სტრუქტურას, სტრუქტურა კი - შთაგონებას. შედეგად, გაცილებით მეტი ინსტრუმენტი გვექნება საკუთარი რეალობის ცნობიერად სამართავად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბევრი რამ შეიძლება ბუნდოვანი ჩანდეს, სწორედ ახლა დგება მომენტი, როცა ის, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა ქვეცნობიერში, საბოლოოდ შეძლებს რეალურ ფორმად გარდაქმნას.
ვერძი დაკავშირებულია მოქმედებასთან, პირველ ნაბიჯთან, ძლიერ იმპულსთან - „მე ვიწყებ“. ეს ენერგია ვერ ეგუება უსასრულო ფიქრსა და გადადებას.

სანამ სატურნი და ნეპტუნი თევზებში იყვნენ, შესაძლებელი იყო ოცნება, ნიშნების ძიება, გადაწყვეტილებების გადადება. მაგრამ ვერძში გადასვლით მოქმედება გარდაუვალი ხდება.

ვერძის ენერგია არც სატურნს აძლევს გაჭიანურების საშუალებას, არც ნეპტუნს - უსასრულო ნისლში დარჩენის სასათბურე პირობებს.

შინაგანად შევიგრძნობთ მეტ სიმტკიცეს, გამბედაობას, გარისკვისა და დაწყების იმპულსს.

ამიტომ სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ვერძში - ძლიერი შემოქმედებითი ენერგიის დაბადებაა. როდესაც ოცნება იძენს სტრუქტურას, ხოლო სტრუქტურა - შთაგონებას, სწორედ მაშინ იწყება ახალი რეალობის მშენებლობა.

ძვირფასო მეგობრებო, ეს შეერთება მოგვიწოდებს:

ლოდინისა და გადადებული საქმეების პერიოდი დასრულდა. იწყება აქტიური მოქმედების დრო.
ისტორიულად ასეთი შეერთებები ხშირად ემთხვევა ეპოქების გარდატეხას, ძველი სისტემების დაშლას, ძალაუფლების, იდეოლოგიებისა და საზოგადოების სულიერი ხედვის ღრმა ტრანსფორმაციას.

სტრუქტურები, რომლებმაც მნიშვნელობა დაკარგეს, თანდათან იშლება - მაგრამ არა ქაოსისთვის, არამედ ახალი სივრცის დაბადებისთვის.

პირად დონეზე თითოეული ჩვენგანი იგრძნობს ერთსა და იმავე შინაგან მოწოდებას: დროა სურვილები და ოცნებები მოქმედებად ვაქციოთ.

უახლოესი წლების მთავარი ამოცანა - ოცნებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე გადასვლა. იმის ნაცვლად, რომ ვეძებოთ მიზეზები, რატომ ვერ ხორციელდება ოცნება, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი რეალობის ავტორი თავად ვართ.

ეს პერიოდი მოითხოვს მაქსიმალურ შინაგან გულწრფელობას. თვითმოტყუება შეუძლებელი გახდება, ილუზიები სწრაფად გაიფანტება.

მოგვიწევს უარის თქმა იმაზე, რაც აღარ შეესაბამება ჩვენს ნამდვილ ბუნებას, და პასუხისმგებლობის სრული აღება საკუთარ ოცნებებზე.

თუ ამას დროულად გავაკეთებთ, სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ჩვენთვის კრიზისი კი არა, ცხოვრების განახლებისა და წინსვლის ძლიერი იმპულსი გახდება.

და მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ახლა სამყარო მხოლოდ შთაგონებას არ გვაძლევს - ის ამოწმებს, რამდენად მზად ვართ მოქმედებისთვის.

მეგობრებო, გისურვებთ ცნობიერად მიიღოთ ეს უზარმაზარი ენერგია და მართლაც, გახდეთ თქვენი რეალობის შემოქმედი და ახალი ციკლის თანაავტორი.

გისურვებთ სიბრძნეს, სინათლეს და არაერთ წარმატების ტალღას!“,- წერია აღნიშნულ ინფორმაციაში.