29 მაისი ენერგიულად დატვირთული და შინაგანად გარდამტეხი დღეა. დღის განმავლობაში მთვარე მოძრაობს მორიელის ნიშანში, რაც ემოციებს სიღრმეს, ინტუიციას და ძლიერ ფსიქოლოგიურ ფონს სძენს. მორიელის ენერგია გვაიძულებს, ჩავუღრმავდეთ საკუთარ შინაგან სამყაროს, ყურადღება მივაქციოთ ფარულ პროცესებს, ძველ წყენებს, გაუცნობიერებელ ემოციებს და თემები, რომლებსაც ჩვეულებრივ თავს ვარიდებთ ხოლმე.
იზრდება მგრძნობელობა, ინტუიცია და სურვილი, ყველაფერში ჩავწვდეთ ნამდვილ არსს. ამავე დროს, ემოციური ფონი შეიძლება იყოს დაძაბული - გაძლიერდეს ეჭვიანობა, კონტროლის სურვილი, შფოთვა, აკვიატებული ფიქრები და შინაგანი უკმაყოფილება.
დღის განმავლობაში ცაზე მოქმედებს ვენერასა და სატურნის დაძაბული ასპექტი, რომელიც განსაკუთრებით ეხება ურთიერთობებს, თვითშეფასებას, ფინანსურ საკითხებსა და ემოციურ კავშირებს. ეს ასპექტი ხშირად აჩენს სიცივის, დისტანციის, გაუცხოების ან ემოციური სიმძიმის განცდას. შესაძლოა უფრო მკვეთრად გამოჩნდეს ურთიერთობებში არსებული პრობლემები, წყენა ან უკმაყოფილება. ამ ენერგიის მთავარი გაკვეთილი არის ემოციური სიმწიფე, მოთმინება და რეალობის მიღება ისეთად, როგორიც არის. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ მივიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები სიყვარულში, ფინანსებსა და პირად ურთიერთობებში.
საღამოს 19:00 საათამდე ვიმყოფებით მეცამეტე მთვარის დღის გავლენის ქვეშ. მისი სიმბოლოა ბორბალი - ცხოვრების ციკლის, კარმული განმეორებების, მოძრაობისა და გარდაქმნის ნიშანი. ეს დღე დაკავშირებულია სანსარასთან, წარსულის დაბრუნებასთან და იმ თემებთან, რომლებიც საბოლოო გააზრებას საჭიროებს. შესაძლოა კვლავ გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან, განმეორდეს მსგავსი სიტუაციები ან ძველმა ემოციებმა კვლავ იჩინოს თავი. ეს არ არის შემთხვევითი - მეცამეტე მთვარის დღე გვაძლევს შესაძლებლობას, შევამჩნიოთ ჩვენი განმეორებადი სცენარები და საბოლოოდ დავხუროთ ის ციკლები, რომლებიც უკვე ამოწურულია.
ეს დრო განსაკუთრებით კარგია საკუთარი ცხოვრების ანალიზისთვის, კარმული გაკვეთილების გააზრებისთვის, შინაგანი გაწმენდისა და ენერგეტიკული განახლებისთვის. მნიშვნელოვანია ყურადღებით მოვეკიდოთ ინფორმაციას - დღეს ინფორმაციული ნაკადი ძალიან ძლიერია, თუმცა ყველაფერი სასარგებლო არ იქნება. ზედმეტმა ინფორმაციამ შეიძლება გონება გადატვირთოს და შინაგანი ქაოსი გამოიწვიოს. რეკომენდებულია ნაკლები კონფლიქტი, მეტი დაკვირვება და ძველი წყენის, ბრაზისა და ემოციური ტვირთის გათავისუფლება. ეს დღე ასევე ძლიერად უკავშირდება მაგიურ და ინტუიციურ ენერგიებს - განსაკუთრებით გამძაფრებულია სიზმრები, შინაგანი შეგრძნებები და მინიშნებები.
19:00 საათის შემდეგ იწყება მეთოთხმეტე მთვარის დღე, რომლის სიმბოლოა საყვირი - მოწოდების, გაღვიძების, მოქმედებისა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების სიმბოლო. მე-14 მთვარის დღე გაგრძელდება 30 მაისის 20 საათამდე.
თუ მეცამეტე მთვარის დღე უფრო შინაგან გააზრებასა და კარმულ გაწმენდას უკავშირდებოდა, მეთოთხმეტე მთვარის დღე უკვე აქტიურ მოქმედებას, გადაწყვეტილებების მიღებასა და ენერგიის რეალურ საქმეებში გადატანას მოითხოვს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული დღეა მთვარის ციკლში, ამიტომ უმოქმედობა და გადადება დღეს განსაკუთრებით არასასურველია.
მე-14 მთვარის დღეს ენერგია საგრძნობლად აქტიურდება. კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, დაწყებული საქმეების გასაგრძელებლად, პრიორიტეტების დასალაგებლად და მიზნებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგია წვრილმანებზე არ გაიფანტოს. მეთოთხმეტე მთვარის დღე მოითხოვს კონცენტრაციას, დისციპლინას და მოქმედებას მხოლოდ იმ მიმართულებით, რაც რეალურად მნიშვნელოვანია.
თუ ეს ძლიერი ენერგია სწორად არ გადანაწილდა, შესაძლოა გაძლიერდეს ემოციური არასტაბილურობა, დაღლილობა, სევდა ან შინაგანი სიცარიელის განცდა. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია ფიზიკური აქტივობა, მოძრაობა, დალაგება, სპორტი ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც ენერგიის სწორად გადინებას უწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი და გამოუყენებელი ენერგია შესაძლოა გაღიზიანებად და ემოციურ დაძაბულობად გადაიქცეს.
მოახლოებული სავსემთვარეობის ენერგიებიც უკვე მკვეთრად იგრძნობა. იზრდება ემოციური მგრძნობელობა, ინტუიცია, შინაგანი დაძაბულობა და რეაქციების სიმძაფრე. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოემოციური ბალანსი - ნაკლები ნეგატიური ინფორმაცია, ნაკლები კონფლიქტი და მეტი ყურადღება საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე.
29 მაისი არის დღე, როდესაც ერთდროულად იკვეთება წარსულის გააზრება, კარმული გაწმენდა და მიმართულება უკეთესი მომავლისკენ. ეს ენერგია გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ: ხომ არ დავდივართ ერთ მოჯადოებულ წრეზე? რა უნდა დავასრულოთ, რომ საბოლოოდ გამოვიღვიძოთ და მოქმედება დავიწყოთ?
ასევე დაგაინტერესებთ: