2026 წლის აგვისტოდან ასტროლოგიურ სამყაროში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ასტროლოგ ხატია ბედოშვილის თქმით, იწყება დაბნელებების დერეფანი {12-28 აგვისტო პერიოდი}, რომელსაც მერწყულის ეპოქის პირველი ვიბრაციები და სრულიად ახალი ენერგიები მოაქვს.
მისი თქმით, ბოლო წელიწადნახევრიანი რთული პერიოდი, რომელიც ფსიქოლოგიურ, ფინანსურ და სულიერ კრიზისებს უკავშირდებოდა, სრულდება. ახალი ეტაპი ბევრად უფრო ჰარმონიული და პოზიტიური იქნება მათთვის, ვინც შინაგანი ტრანსფორმაციები გაიარა და საკუთარი შეცდომები გააანალიზა.
„2026 წლის აგვისტოში ჩვენ შევდივართ დაბნელებების დერეფანში, რომელიც არის აბსოლუტურად ახალი ენერგიები, განსხვავებით ბოლო წელიწად-ნახევრისგან. პირველი სასიხარულო ინფორმაცია მაქვს ის, რომ ეს ბოლო წელიწადნახევრიანი რთული პერიოდი სრულდება. ეს პერიოდი ბევრად უფრო ჰარმონიული იქნება და ბევრად უფრო მეტი პოზიტივისა და სიხარულის მომტანი, ვიდრე მაგალითად ბოლო წელიწად-ნახევარი იყო. ახალი ეპოქა წინ წამოსწევს სოციალურ თანასწორობასა და გაჭირვებული ადამიანების საჭიროებებს. ამასთან, იუპიტერის ლომის ნიშანში გადასვლა ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს, თუმცა მთავარი პირობა სხვისი შრომის პატივისცემა და ექსპლუატაციისგან თავის შეკავებაა. დაბნელებების დერეფნის აქტიურ ფაზაში (12-28 აგვისტო) განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რამდენიმე ოქროს წესს,
გუნდური მუშაობა, წარმატებას მოიტანს ერთობლივი საქმიანობა, სადაც თითოეული წევრი თანაბარუფლებიანია.
ეთიკა ურთიერთობებში, აკრძალულია სხვების დაცინვა, გაკიცხვა ან ზემოდან ყურება, რადგან სამყაროს პასუხი მყისიერი იქნება.
შვილები და პირადი სივრცე, 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელება (21:36 საათზე) მშობლებს შეახსენებს, რომ შვილებს თავისუფალი არჩევანი უნდა მისცენ და არ შეეცადონ მათ ნაცვლად ცხოვრებას.
ასტროლოგის დასკვნით, მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამყაროსგან ყველაზე დიდ საჩუქრებს ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც შეინარჩუნებენ ჰუმანურობას, კაცმოყვარეობასა და შინაგან უბრალოებას“,- ამბობს ხატია ბედოშვილი.
რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშანს და ხატია ბედოშვილის პროგნოზი ასე გამოიყურება:
ვერძი - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) მოკლე პროგნოზი
სრულდება რთული ეტაპი და იწყება თვითგანვითარების, სიახლეებისა და შესაძლებლობების პერიოდი. წარმატების გასაღები ახალი უნარების შესწავლასა და თვითდისციპლინაშია. სასიყვარულო და ოჯახურ კავშირებში აუცილებელია მეგობრული მიდგომა, ერთმანეთისთვის პირადი სივრცისა და თავისუფლების მინიჭება. მოერიდეთ შვილების ან ოჯახის წევრების პრობლემების საკუთარ თავზე აღებას. ნუ ჩაერევით მათ არჩევანში და მიეცით დამოუკიდებლად განვითარების საშუალება. არ არის რეკომენდებული ერთობლივი ბიზნესის წამოწყება ნათესავებთან ან ოჯახის წევრებთან. უმჯობესია ითანამშრომლოთ მეგობრებთან, თანამოაზრეებსა და პროფესიონალებთან. მკვეთრად გამიჯნეთ ოჯახი, მეგობრები და პირადი ურთიერთობები ერთმანეთისგან. ნუ ეცდებით ძველი, ვადაგასული მეთოდებით მოქმედებას - ენდეთ სიახლეებს.
კურო - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
იწყება სრულიად ახალი ეპოქა. ფინანსური კრიზისები სრულდება და დიდი შემოსავლების პოტენციალი გაჩნდება. წარმატებისთვის აუცილებელია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რისკზე წასვლა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა. უპირატესობა მიანიჭეთ უცხო, პროფესიონალ თანამოაზრეებსა და მეგობრებს. ნუ გადააბარებთ საქმეებს ნათესავებსა თუ ოჯახის წევრებს და ნუ ეცდებით მხოლოდ „საკუთარ ადამიანებზე“ დაყრდნობას. მოსალოდნელია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ან ახალი სახლის შეძენა. მთავარი პირობაა - ოჯახის წევრებმა და შვილებმა იმოქმედონ დამოუკიდებლად. ნუ ჩაერევით მათ ფინანსებსა და გადაწყვეტილებებში. თავი შეიკავეთ პარტნიორზე გადაჭარბებული მიჯაჭვულობისგან. მთავარი ყურადღება გადაიტანეთ კარიერულ ზრდასა და შენებაზე; ამ შემთხვევაში პირადი და ოჯახური სფეროც ბუნებრივად ჰარმონიზდება. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, ახალი სისტემების მშენებლობისა და დროებითი მარტოობის შეგრძნების - ეს ყველაფერი თქვენი პიროვნული და ფინანსური ზრდისთვისაა საჭირო.
ტყუპები - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
იწყება სრულიად ახალი ეტაპი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიახლეების ათვისებას, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენას. შესაძლებელია საცხოვრებლის, ქალაქის ან ქვეყნის შეცვლა, ასევე უნივერსიტეტში ჩაბარება და მსოფლმხედველობის გაფართოება. მთავარი გაფრთხილება ტყუპებისთვის - არ მიატოვოთ დაწყებული საქმეები შუა გზაში. თუ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ, სამყარო იმავე ეტაპზე "გაგჭედავთ" და წინსვლის საშუალებას არ მოგცემთ. მეგობრები ხდებიან მთავარი მამოძრავებელი ძალა. ნუ ჩაიკეტებით მხოლოდ ნათესავებში; რაც უფრო მეტი მეგობარი, თანამოაზრე ან უცხოელი პარტნიორი გეყოლებათ გარშემო, მით მეტ პოზიტიურ ენერგიასა და შესაძლებლობას მიიღებთ. ოჯახის წევრებსა და შვილებზე გადაჭარბებული მიჯაჭვულობა პრობლემებს მოგიტანთ. ისწავლეთ მათგან დისტანცირება და საკუთარი სოციალური პერსპექტივების განვითარება. მოსალოდნელია გაბერილი ხარჯები, ამიტომ მოერიდეთ გაუმართლებელ ფინანსურ რისკებს. სასიყვარულო სფეროში შესაძლოა ტურბულენტური პერიოდი იგრძნოთ - დაფიქრებისთვის აიღეთ პაუზა, რათა ზუსტად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში.
კირჩხიბი - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
კირჩხიბებს ეძლევათ იშვიათი და უზარმაზარი ფინანსური/კარიერული შესაძლებლობები. მოსალოდნელია დიდი შემოსავლები, დაწინაურება, ახალი სამსახური ან ბიზნესის გაფართოება მომავალი 1 წლის განმავლობაში.
კირჩხიბებს მოუწევთ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვაზე უარის თქმა. სამყარო ითხოვს მაღალ სოციალურ აქტიურობას, პასუხისმგებლობების აღებასა და „თხის რქის“ თვისებების (დისციპლინა, სიმტკიცე) გამოვლენას. აუცილებელია ბალანსის დაცვა საქმიან ან პირად პარტნიორთან ფულის გაყოფისას. ნუ ჩართავთ მომხვეჭელობას, ნუ შეინახავთ თანხას „შავი დღისთვის“ - აბრუნეთ ფინანსები და რაც უფრო მეტს გასცემთ, მით მეტი დაგიბრუნდებათ. მოსალოდნელია უძრავი ქონების შეძენა, საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუმჯობესება, ქორწინება ან შვილის დაბადება. იყავით გულწრფელები, იმოქმედეთ გუნდურად, მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან და არავინ განსაჯოთ ან გააკრიტიკოთ.
ლომი - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
იუპიტერის ლომში ყოფნა მომავალი 1 წლის განვითარებას განსაზღვრავს. დაინახავთ საკუთარ ფასსა და პროფესიონალიზმს. კარიერაში გაღებული ღვაწლი დაგიფასდებათ, მიიღებთ სოციალურ აღიარებასა და დაფასებას. სასიყვარულო თუ ბიზნესპარტნიორთან ურთიერთობაში პირველ ადგილზე მეგობრობა და გუნდურობა უნდა დააყენოთ. ნუ ეცდებით ყველაფრის მარტო ზიდვას, დაიხმარეთ პარტნიორი. ეს ენერგეტიკულად დაგაბალანსებთ და ყველა კარს გაგიღებთ. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან თუ საქმიან პარტნიორებთან, რადგან ეს მხოლოდ ენერგიას დაგაკარგვინებთ. პრობლემები გადაჭერით მშვიდად და მეგობრული დიალოგით. ჰარმონიული, თუმცა ოდნავ ქაოსური პერიოდია (მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები). ფინანსური სტაბილურობისთვის საჭიროა რაციონალური მიდგომა ან ახალი პროექტების გუნდურად/პარტნიორთან ერთად წამოწყება. მოსალოდნელია მოგზაურობა, ახალი ცოდნის მიღება და რეალობის ბევრად უფრო მარტივად და პოზიტიურად დანახვა.
ქალწული - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
მოსალოდნელია ახალი სამსახური, დაწინაურება ან სრულიად ახალი სფეროს ათვისება. თამამად დათანხმდით სიახლეებსა და შემოთავაზებებს, ძველ ადგილზე დარჩენა სტაგნაციას გამოიწვევს. შესაძლოა მოგიწიოთ რაღაცების ნულიდან სწავლა. არ გამოავლინოთ პროტესტი და ნუ გააკრიტიკებთ მათ, ვისაც თქვენზე ნაკლები გამოცდილება აქვს, მათგან ბევრ სასარგებლო მიდგომასა და ფსიქოლოგიურ ნიუანსს ისწავლით. შრომა იმაზე მეტად დაგიფასდებათ, ვიდრე აქამდე. იყავით რაციონალურები და ნუ გაფლანგავთ თანხებს. თუ იგრძნობთ, რომ ფულს მარტივად იღებთ, მიიღეთ ის დამსახურებულად და მოუდუნდით შინაგან კონტროლს. ბოლო წელიწად-ნახევრის გამოცდები სრულდება. მთავარი გაკვეთილი უპირობო სიყვარული და პატიება იყო, თუ შეძელით წყენის გაშვება, ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩაერთეთ გუნდურ საქმიანობაში და მეგობრებთან ურთიერთობაში იყავით ღია და თანასწორი.
სასწორი - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
შვილებთან, მშობლებსა და პარტნიორთან ურთიერთობაში სერიოზული კარმული გამოცდები გელოდებათ. მთავარი გაკვეთილია, მიიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, არ ეცადოთ მათ შეცვლას ან მანიპულირებას. ნუ დაელოდებით მადლიერებას ან დაფასებას სხვებისგან, რადგან ეს მოლოდინი გულისტკენას მოგიტანთ. იპოვეთ შინაგანი მოტივაცია საკუთარ თავში, იზრუნეთ პიროვნულ განვითარებაზე და მიეცით ყველას (მათ შორის საკუთარ თავსაც) სრული თავისუფლება. ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი პერიოდია დამოუკიდებელი საქმის ან პირადი ბიზნესის წამოწყებისთვის. მოერიდეთ ერთობლივ ბიზნესს შვილებთან, დედმამიშვილებთან ან მშობლებთან. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები შვილებთან ან ოჯახთან დაკავშირებით. ნუ ეცდებით მათი ფინანსური პრობლემების გადაჭრა, ყურადღება გადაიტანეთ საკუთარ ბიუჯეტზე.
მორიელი - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
გელოდებათ სერიოზული კარიერული გამოწვევები, დაწინაურება, ახალი სამსახური ან სრულიად ახალი ფინანსური სფეროს ათვისება. დაძლიეთ შიშები, აიღეთ პასუხისმგებლობა და ნულიდან დაიწყეთ შენება. ოჯახურ გარემოში მოსალოდნელია ხალხმრავლობა. თუ ნათესავებს ან მეგობრებს დასჭირდებათ თქვენთან დარჩენა/დახმარება, უარი არ თქვათ, სტუმართმოყვარეობა და ოჯახისთვის დათმობა პირდაპირ აისახება თქვენს კარიერულ და ფინანსურ წარმატებაზე. პარტნიორულ ურთიერთობებში კატეგორიულად იკრძალება დომინირება და სხვისი შეზღუდვა. თუ არ დაიცავთ თანასწორობასა და პარტნიორის პირად სივრცეს, ურთიერთობა დაიშლება. დისციპლინა, რაციონალურობა, გუნდურობა და ოჯახის წევრებთან მეგობრული გარემოს შექმნა. თუ ოჯახში ჰარმონია იქნება, კარიერაც უდიდეს წინსვლას განიცდის.
მშვილდოსანი - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
მშვილდოსნებს ერთ-ერთი საუკეთესო პროგნოზი აქვთ. მარტივად გეხსნებათ გზები კარიერაში, პიროვნულ განვითარებაში, ახალი ცოდნისა და შესაძლებლობების მიღებაში. მთავარი გამოცდა შინაგანი უბრალოებაა. ნუ დააყენებთ თავს სხვებზე მაღლა, ნუ იტყვით „ეს არ მეკადრებაო“, რადგან სამყარო მყისიერად გადაგტესტავთ.
მოერიდეთ სხვებისთვის ჭკუის სწავლებას, რჩევების დარიგებას ან მანიპულირებას. იყავით მსმენელის პოზიციაში და მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებში ბრუნდება წარსულში დათესილი კარმა. ნუ დაიწყებთ სამაგიეროს გადახდას; მიიღეთ გამოწვევები მშვიდად, რათა ახალ, ბევრად მაღალ დონეზე გადახვიდეთ.
თხის რქა - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
ფინანსურად ჰარმონიული პერიოდია, მოსალოდნელია ახალი შენაძენები და შემოსავლები. თუმცა, ნუ დაეყრდნობით სხვის ფულს, უპირატესობა მიანიჭეთ საკუთარი ძალისხმევითა და შრომით გამომუშავებულ ფინანსებს. თქვენი ფინანსური წარმატება პირდაპირ პროპორციულია იმისა, თუ როგორ უვლით საკუთარ სხეულს. დაიწყეთ ჯანსაღი კვება და ფიზიკური ვარჯიში, ეს ენერგეტიკულად გააქტიურებს ფულის ნაკადს. მოსალოდნელია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უძრავი ქონების ყიდვა ან მსხვილი ინვესტიციები. ოჯახურ და სასიყვარულო სფეროში შესაძლოა იგრძნოთ დისტანცია ან დაძაბულობა. სამყარო გასწავლით თქვენი და პარტნიორის პირადი თავისუფლების პატივისცემას.
მერწყული - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
ეს თქვენი ეპოქა და თქვენი ენერგიებია. გეძლევათ შანსი, დააყენოთ საკუთარი პრინციპები, სურვილები და თავისუფლება პირველ ადგილზე. ნუ ეცდებით საზოგადოების, ნათესავების ან პარტნიორის მოსაწონად ცხოვრებას. რაც უფრო მეტად დათმობთ საკუთარ თავს სხვების ხათრით, მით უფრო დაკნინებულად გაგრძნობინებენ თავს. გარშემომყოფებისა და პარტნიორის დამოუკიდებლობა ზუსტად ირეკლავს იმას, თუ როგორ აფასებთ საკუთარ თავს შინაგანად. ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება. მოსალოდნელია გაბერილი ხარჯები, თუმცა ახლებური, დისციპლინირებული მიდგომები და ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლება ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ.
თევზები - აგვისტოს დაბნელებების დერეფნის (12-28 აგვისტო) პროგნოზი
სრულდება ფინანსური გაუგებრობები და დაძაბულობა. გეძლევათ შანსი, გამოიმუშაოთ დიდი თანხა, აიწყოთ კარიერა ან შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი (შესაძლებელია ემიგრაციაც). თევზებისთვის შინაგანი სულიერი მდგომარეობა პირდაპირ აისახება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. წყენა, აგრესია ან ამპარტავნება მყისიერად გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას. აუცილებელია აპატიოთ ყველას, ვისზეც გული გიტყდებათ (მათ შორის ნათესავებსა და პარტნიორებს). ნუ ჩაკეტავთ გულს მხოლოდ მატერიალურ ინტერესებზე. სხვისი შვილების მიმართ გაღებული მზრუნველობა, სიყვარული და ქველმოქმედება პირდაპირ ასახავს სამყაროს პოზიტიურ ენერგიას თქვენს საკუთარ შვილებზე.