„20 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 05:45 საათზე წლის ბოლო ახალმთვარეობაა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი წერს.
მისი თქმით, ეს ახალმთვარეობა არის პორტალი, გარდამტეხი მომენტი, რომელიც ასრულებს ძველ ციკლს და კარს აღებს მომავალი წლისკენ.
„20 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 05:45 საათზე, ახალმთვარეობა მოხდება მშვილდოსნის 28° გრადუსზე. ეს მნიშვნელოვანი თარიღია: პირველ რიგში, ეს არის წლის ბოლო ახალმთვარეობა; ის ზამთრის მზებუდობას ერთი დღით უსწრებს და ამ დროს მთვარის მდებარეობა ძალიან ახლოს დგას იმ წერტილთან, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალმთვარეობა არის პორტალი, გარდამტეხი მომენტი, რომელიც ასრულებს ძველ ციკლს და კარს აღებს მომავალი წლისკენ. რეალურად ეს არის დასაწყისი, რომელიც გვაუწყებს, რომ მოსამზადებელი პრაქტიკებისა და შინაგანი გადახედვის პერიოდი სრულდება და უკვე დგება რეალური დაგეგმვისა და ქმედების დრო, რათა შევხვდეთ ძალიან აქტიურ და მნიშვნელოვან მომავალ წელს. ეს ახალმთვარეობა გვთავაზობს სრულ რესტარტს, გადატვირთვას და განახლებას. საჭიროა მზადყოფნა რეალური ნაბიჯებისთვის.
მუტაბელური ცეცხლი აქ იძენს ყველაზე ძლიერ იმპულსს. ეს არის მომენტი, როცა იბადება სურვილი გავიხედოთ უფრო შორს, გავარღვიოთ ჩარჩოები და მოვძებნოთ ახალი, გაუკვალავი გზები. მშვილდოსანი არის თავისუფლებისა და განვითარების ნიშანი. აქ ენერგია არ ჩერდება — ის მუდმივად ეძებს ახალ გამოცდილებას, ახალ იდეას, ახალ ჰორიზონტს. ამ ახალმთვარეობაზე განსაკუთრებით ძლიერია სურვილი გავფართოვდეთ — გარდავქმნათ რწმენა, შევცვალოთ ხედვა, გადავხედოთ და გავუშვათ ის, რაც აღარ არის რელევანტური.
ახალმთვარეობა შეერთებაშია მარსთან, რომელიც ახალი გადასულია თხის რქის ზოდიაქოში. ეს უკვე ქმედებისკენ მოგვიწოდებს — არა იმპულსური, არამედ კარგად დაგეგმილი, სტრუქტურირებული, გათვლილი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გაწერილი ქმედებისკენ. მით უმეტეს, რომ ეს შეერთება კვადრატშია სატურნთან, სტრუქტურისა და წესების პლანეტასთან. აქ აღარ კმარა მხოლოდ ოცნება — იდეისთვის უკვე რეალური ნაბიჯია საჭირო. წინა თვეებში დაგროვილი მოლოდინები, იდეები და გეგმები ახლა ინიციატივად და მოძრაობად უნდა გადაიქცეს.
ფონად კი, სოციალური და უმაღლესი პლანეტები — სატურნი, იუპიტერი, ურანი და ნეპტუნი — ნელა მოძრაობენ. იუპიტერი და ურანი ორივე რეტროგრადულია და ნელა მიიწევენ უკან რეტრო სვლაში. სატურნი და ნეპტუნი დირექტიულია, თუმცა ძალიან ნელი, თითქმის სტაციონარული. ეს ნიშნავს, რომ ამ თვეში არ უნდა ველოდოთ მყისიერ ცვლილებებს, მაგრამ სწორედ ამ ნელ მოძრაობაში იბადება მომავალი, რომელსაც ახლა ვიწყებთ.
შემდეგი წელი, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი, საკმაოდ აქტიური და მნიშვნელოვანი იქნება“, - წერს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 როგორ გამოიყურება თბილისის ქუჩები წინასაახალწლოდ
⭕„მოემზადეთ დაძაბული დღისთვის“ - 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი