21 მარტს, თბილისის დროით 21:23 საათზე ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში იქნება. მისი გავლენა 20 აპრილამდე გაგრძელდება. ეს პერიოდი კი ცნობიერების გაფართოების დაწყებაზე, ინიციატივის გამოვლენაზე და ახალი ფორმების ძიებაზე მიანიშნებს.
ნახეთ ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი👇
„21 მარტს, თბილისის დროით 21:23 საათზე ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში იქნება. მისი გავლენა გაგრძელდება შემდეგ ახალმთვარეობამდე (20 აპრილამდე).
ვერძის პირველი გრადუსი სიმბოლურად მიანიშნებს ცნობიერების გაფართოების დაწყებაზე, ინიციატივის გამოვლენაზე და ახალი ფორმების ძიებაზე.
ეს ახალი ასტროლოგიური წლის პირველი ახალმთვარეობაა, რომლითაც ახალი ერთწლიანი ციკლი დაიწყება. თუმცა თუ უფრო კონკრეტულები ვიქნებით, ახალი ასტროლოგიური წელი 21 მარტს, თბილისის დროით 1:25 საათზე დადგება. სწორედ ამ დროს მზე გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში. ეს იქნება გაზაფხულის ბუნიობა და ასტროლოგიური ახალი წელი. ეს უკავშირდება ბუნების განახლებას და „ნამდვილ“ (არაკალენდარული) გაზაფხულის დაწყებას.
ეს ახალმთვარეობა ასტროლოგიური თვალსაზრისით, ის ერთთვიანი პერიოდია, რომელიც გახდება მომდევნო ერთწლიანი ციკლის პირველი იმპულსი, პირველი ამოსუნთქვა და „დაბადება“. ეს შეიძლება შევადაროთ ახალშობილის პირველ ტირილს და ჰაერის პირველ ჩასუნთქვას, რომლითაც იწყება სიცოცხლე.
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-5 ასტროლოგიურ სახლში დაფიქსიდება, ამიტომ ასტროლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გახდება ბავშვებთან დაკავშირებული თემები, სწავლასთან, თამაშებთან და საერთოდ, ბავშვების ცხოვრებასთან, უსაფრთხოებასთან და გართობასთან დაკავშირებული თემები. გარდა ამისა, მოსალოდნელია ასევე გააქტიურდეს კინოსთან და თეატრთან დაკავშირებული საკითხები. არ არის გამორიცხული თეატრალურ სამყაროსთან დაკავშირებით ისეთმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას გარკვეულ უსიამოვნო გარემოებაში ჩააყენებს. ასევე მოსალოდნელია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული თემების წინ წამოწევაც. შეიძლება ეს იყოს ტოტალიზატორებისა და კაზინოების თემატიკის გააქტიურება და საერთოდ, სათამაშო ბიზნესის დღის რეჟიმში შემოსვლა. მუნდანურ ასტროლოგიაში მე-5 სახლი მიანიშნებს პარლამენტის მუშაობაზეც, ამიტომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები წინა პლანზე წამოვა და პარლამენტს მოუწევს ბევრი რთული საკითხის შესახებ საკუთარი პოზიცია აქტიურად გამოხატოს. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის დაპირისპირება.
ზოგადად, 21 მარტი არასასურველია ახალი საქმეების დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. თუმცა ეს დღე სასიკეთო იქნება ძველი საქმეების დასრულებისთვის და მომდევნო ერთთვიანი პერიოდის (დამდეგი მთვარის თვის) დაგეგმვისთვის. მზესა და მთვარესთან შეერთებაში იმყოფება ნეპტუნიც, რაც მიანიშნებს, რომ 21 მარტიდან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გაზრდილი იქნება ილუზიის და საკუთარი თავის მოტყუების ალბათობა. პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომით ამ ილუზიური გარემოებების თავიდან არიდება შესაძლებელი გახდება.
ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:
* ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით იმათთვის, ვინც 20-22 მარტის შუალედშია დაბადებული);
* ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (ლომი და მშვილდოსანი);
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ზოდიაქოს პირველ გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვს განთავსებული“, - წერს რამაზ გიგაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მომატყუეს და გადამაგდეს. ბოდიშს გიხდით!“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ვარდოსანიძე