Digest Logo

„ეს პერიოდი იმისათვის გვეძლევა, რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გავაანალიზოთ რა შეცდომები დავუშვით...“ - ხათუნა ნოელი მარსის რეტროგრადულობაზე

1736064504
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, როგორც ამასწინათ უკვე მოგახსენეთ, 2025 წლის ჩემეული პროგნოზი არ დაიდება ერთ სტატიად, ეს წელი იმდენად დახუნძლულია სხვადასხვა საკვანძო ასტროლოგიური მოვლენებით, რომ ვამჯობინე ყოველი მათგანი გაშლით გამეანალიზებინა. ამჯერად, გთავაზობთ მარსის რეტროგრადულობის თემას.

ყოველი ახალი წელი, როგორც წესი, ცვლილებებისა და სიახლეების მოლოდინთან არის ხოლმე დაკავშირებული. თუმცა ნებისმიერი მოლოდინი ჩვენი ქმედებების გარეშე აზრს კარგავს. აქტიურობას, ინიციატივებს, ქმედებებს- ასტროლოგიაში მარსი განკარგავს.

ისე მოხდა, რომ ეს პლანეტა 2025 წლის პირველ იანვარს რეტროგრადულობის ფაზაში შეხვდა. ომის პლანეტა უკუსვლით მოძრაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის 7 დეკემბერს გადავიდა და 24 თებერვლის ჩათვლით არ გასწორდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე ჩვენ ყველანი წარსული მოვლენების სცენარით ვიქნებით დაკავებულები, სიახლეები ჯერ მოსალოდნელი არაა.

ომი ვახსენე და უცებ გონებაში ერთი საინტერესო პარალელი ამოტივტივდა- 24 თებერვალი, ეს ხომ ის დღეა , როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა უკრაინაში და ომი დაიწყო. ვფიქრობ, ეს ისეთი დამთხვევაა, რაზედაც თქვენი ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილო

ხელახლა გავიმეორებ- 24 თებერვალს ომის პლანეტა მარსი ფაზას იცვლის! ვიდრე ანალიზს გავაკეთებდე გაგახსენებთ: როდესაც ომი დაიწყო, ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის მაქსიმუმ 2-3 თვეში დასრულდებოდა; ალბათ ისიც გახსოვთ, მაშინ მე ამ მოსაზრებას არ დავეთანხმე და ვთქვი, ომი მხოლოდ პლუტონის თხისრქიდან გასვლის შემდეგ დამთავრდება მეთქი. და აი ახლა, როდესაც პლუტონმა უკვე მერწყულში გადაინაცვლა, მოვიდა ეს დროც. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პლუტონი ნელა მოძრავი პლანეტაა, რომელსაც, (ისევე როგორც დანარჩენ ნელ პლანეტებს) მოვლენების სისრულეში მოსაყვანად სჭირდება ხოლმე მასზე ბევრად სწრაფი პლანეტის აქტიურობა. მე ვფიქრობ, ამ ტრიგერის როლს, სწორედ მარსი შეასრულებს.

თებერვალში, როდესაც ომის პლანეტის ახალი ფაზა დაიწყება, დადგება ხელსაყრელი მომენტი და თუ პირდაპირ საზავო ხელშეკრულების დადება არ მოხერხდა, რაღაც რ ე ა ლ უ რ ი ნაბიჯები მაინც გადაიდგმება ამისაკენ.
აქვე ვიტყვი, რომ უკუსვლიდან პირდაპირ დირექტულ სვლაზე პლანეტები არასდროს გადადიან. შუალედური ფაზა ყოველთვის გულისხმობს სტაციონარულობას. სწორედ სტაციონარულ პერიოდებში ხდება ხოლმე ისტორიულად ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები... ვნახოთ, რას მოგვიტანს ამჯერად.

მაგრამ მარსის ფაზის შეცვლა თებერვლის ბოლოს იქნება, წინ კი ჯერ კიდევ თითქმის 2 თვეა. ამ ხნის განმავლობაში მარსს არაერთი ასპექტი ექნება სხვადასხვა პლანეტებთან, მონაწილეობას მიიღებს 6 პლანეტისაგან შემდგარ ეგრეთ წოდებულ „პლანეტათა დიდ აღლუმში“ (რომელიც 21 იანვარს გვექნება), ასევე შეიცვლის ზოდიაქოს და 6 იანვარს თავისთვის პრობლემურ ნიშანში- კირჩხიბში გადაინაცვლებს. ..

რა უნდა გვახსოვდეს ჩვენ ამ ხნის მანძილზე?

ერთ-ერთი ყველაზე რთული, რაც რეტრო მარსს ახასიათებს არის ბრაზის, აგრესიის შიგნით მიმართვა და თვითდესტრუქციული ქმედებები. მეტადრე იმ ადამიანებში, ვისაც თვითგამოხატვის პრობლემები ისედაც აქვთ. ასეთ დროს ძალიან კარგია ფიზიკური აქტივობებით დაკავება, სპორტი, ბევრი მოძრაობა, ჰაერზე ფეხით სიარული. შესაძლოა ენერგიის გადატანა ხელოვნებაში, ხატეთ, ძერწეთ, აქანდაკეთ... არასასურველი პერიოდია ბიზნესის წამოსაწყებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უკვე დაწყებულ და მიტოვებულ საქმეებს უბრუნდებით. მარსი ლიბიდო პლანეტაა, ამიტომ ამ პერიოდში ქორწინებაც( და პრინციპში ახალი ურთიერთობებიც) არ ითვლება მიზანშეწონილად. სამაგიეროდ შესაძლოა „ყოფილები“ გამოჩნდნენ...ასევე ნაკლებ გამართლებული იქნება სასამართლოში სარჩელის შეტანაც. არის კიდევ რიგი საკითხები, რასაც მარსის რეტროგრადულობის დროს არ ვურჩევთ ასტროლოგები, თუმცა ყველაფერი ისევ და ისევ პირად რუკაზეა რა თქმა უნდა დამოკიდებული... 

ბოლოს კი ერთსაც ვიტყოდი, სამყაროში არაფერი ხდება ისე უბრალოდ და შემთხვევით. ეს პერიოდიც იმისათვის გვეძლევა, რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გავაანალიზოთ, რა შეცდომები დავუშვით; მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა და მოვემზადოთ ახალი, გონივრული ნაბიჯებისათვის, რათა მომავალი ბევრად უფრო ბედნიერი იყოს“, - წერს ხათუნა ნოელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„რადგანაც დემონური სული და ენერგია ასე ბობოქრობს, მთავარი საზრუნავი სავალალო შედეგია...“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

🎥 „საუკეთესო ხარ, ანათებ“ - თიკა ფაცაციას მიერ შესრულებული „All I want for Christmas“

🎥 „ვაიმე, რატომ ტირი?“ - როგორ შეხვდნენ ნუცა ბუზალაძეს ბათუმში