როგორი იქნება 2027 წელი თევზების ნიშნის წარმომადგენლებისთვის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი წლის პროგნოზს გვიზიარებს.
„2027 წელი, თევზებისთვის ფინანსური სტაბილურობის, პროფესიული ცვლილებების, მნიშვნელოვანი პარტნიორობის და გარდამავალი პერიოდი იქნება. წლის მთავარი აქცენტი ფინანსურ მდგომარეობაზე, შემოსავლის სტაბილურობაზე, პროფესიულ განვითარებასა და პირად ურთიერთობებზე გადავა.
თუ წინა წლებში, თევზებს ხშირად უწევდათ გაურკვევლობასთან შეგუება და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მიმართულების ძიება, 2027 წელს, მთავარი ამოცანა იქნება მიღებული გამოცდილების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნა.
წლის პირველ ნახევარში, იუპიტერი სამუშაოსა და ყოველდღიური საქმიანობის სფეროს გააფართოებს, ხოლო 26 ივლისიდან პარტნიორობის, ქორწინებისა და საქმიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაზრდის.
ამასთან, სატურნისა და ნეპტუნის ვერძში ყოფნა, ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებს. თევზებისთვის ეს იქნება წელი, როდესაც აუცილებელია შემოსავლების, ხარჯებისა და ფინანსური ვალდებულებების სწორად მართვა.
1. წლის მთავარი ასტროლოგიური გავლენები — სატურნი, ნეპტუნი, იუპიტერი და ურანი.
სატურნი ვერძში — ფინანსური პასუხისმგებლობა და შემოსავლის სტაბილურობა:
2027 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტი თევზებისთვის სატურნის მოძრაობაა ვერძში, რომელიც მეორე სახლს ააქტიურებს. მეორე სახლი მართავს პირად შემოსავალს, ხელფასს, დანაზოგს, მატერიალურ რესურსებსა და ფინანსურ დამოუკიდებლობას. სატურნი ამ სფეროში მოითხოვს სერიოზულ დამოკიდებულებას. შესაძლოა, თევზებმა უფრო მკაფიოდ დაინახონ, რამდენად შეესაბამება მათი შემოსავალი რეალურ საჭიროებებს და რამდენად სწორად ანაწილებენ ფინანსებს. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს შემოსავლის წყაროს შეცვლას, ახალი საქმიანობის დაწყებას ან ფინანსური სტრატეგიის მთლიანად გადახედვას. სატურნი სწრაფი გამდიდრების პლანეტა არ არის. მისი მთავარი პრინციპია ნელა, თანმიმდევრულად და მყარად შექმნილი ფინანსური საფუძველი.
2027 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
• შემოსავლის სტაბილური წყაროს შექმნა;
• ხარჯების კონტროლი;
• დანაზოგის დაგროვება;
• ფინანსური ვალდებულებების შემცირება;
• საკუთარი პროფესიული უნარების რეალურ შემოსავლად გარდაქმნა.
9 აგვისტო – 23 დეკემბერი: სატურნის რეტროგრადული პერიოდი. ამ დროს შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს ძველი ფინანსური საკითხები, გადახედოს ბიუჯეტს, ხელფასს, შემოსავლის წყაროებსა და გრძელვადიან ვალდებულებებს.
ნეპტუნი ვერძში — ფინანსური ილუზიები და ახალი მატერიალური ხედვა:
ნეპტუნიც მთელი წლის განმავლობაში ვერძში იმოძრავებს და მეორე სახლს გაააქტიურებს.
სატურნთან ერთად მისი გავლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთდროულად ჩნდება, როგორც ფინანსური სტრუქტურის შექმნის, ისე გაურკვევლობის საფრთხე.
ნეპტუნი შეიძლება გამოიხატოს შემოსავლის არასტაბილურობით, ფინანსურ საკითხებში ბუნდოვანი მოლოდინებით ან ისეთი საქმიანობის არჩევის სურვილით, რომელიც ჯერ რეალურ მატერიალურ შედეგს არ იძლევა.
მეორეს მხრივ, ეს ტრანზიტი შეიძლება დაეხმაროს თევზებს საკუთარი შემოქმედებითი, ინტუიციური ან სულიერი ნიჭის შემოსავლიან საქმიანობად გარდაქმნაში. მთავარია, ოცნება და რეალობა ერთმანეთისგან განასხვაოს. არ არის სასურველი მხოლოდ დაპირებების საფუძველზე ინვესტირება, სხვისთვის ფულის გადაცემა ან გაურკვეველი ფინანსური შეთანხმებების გაფორმება.
იუპიტერი ლომში — სამუშაო და პროფესიული განვითარება:
26 ივლისამდე, იუპიტერი ლომში იმოძრავებს და თევზებისთვის მე-6-ე სახლს გაააქტიურებს. ეს სახლი დაკავშირებულია ყოველდღიურ სამუშაოსთან, დასაქმებასთან, თანამშრომლებთან, პროფესიულ მოვალეობებთან, მომსახურებასა და ჯანმრთელობის ყოველდღიურ ჩვევებთან.
წლის პირველ ნახევარში, მოსალოდნელია სამუშაო დატვირთვის ზრდა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოება.
შესაძლებელია:
• ახალი სამსახურის ან პოზიციის შეთავაზება;
• სამუშაო პირობების გაუმჯობესება;
• დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენა;
• ახალი თანამშრომლების ან კოლეგების გამოჩენა;
• საკუთარი საქმიანობის გაფართოება;
• პროფესიული უნარების განვითარება.
მათთვის, ვინც დიდი ხანია სამსახურის შეცვლას ან საკუთარი საქმიანობის დაწყებას გეგმავს, ეს პერიოდი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, თუმცა, იუპიტერი ზრდის დატვირთვასაც, ამიტომ, საჭიროა სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსის შენარჩუნება. იუპიტერი პირდაპირ მოძრაობას 12 აპრილს იწყებს, რის შემდეგაც სამუშაო საკითხებში წინსვლისა და გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესი უფრო აქტიური შეიძლება გახდეს.
იუპიტერი ქალწულში — ქორწინება, პარტნიორობა და ახალი კავშირები:
26 ივლისიდან, იუპიტერი ქალწულში გადავა და თევზებისთვის მე-7-ე სახლს გაააქტიურებს. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე სასიკეთო ტრანზიტია პირადი და საქმიანი ურთიერთობებისთვის. მე-7-ე სახლი მართავს ქორწინებას, პარტნიორობას, ხელშეკრულებებს, კლიენტებსა და საქმიან თანამშრომლობას.
მარტოხელა თევზებისთვის, ეს შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის დაწყების, მნიშვნელოვანი ადამიანის გაცნობისა და სერიოზული კავშირის ჩამოყალიბების პერიოდი.
დაოჯახებულებისთვის იუპიტერი ხელს შეუწყობს პარტნიორთან საერთო გეგმების განხორციელებას, ურთიერთობის გაუმჯობესებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
საქმიან სფეროში, შესაძლოა გამოჩნდნენ ახალი პარტნიორები, კლიენტები ან თანამშრომლები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდება საქმიანობის გაფართოება. განსაკუთრებით საინტერესოა პერიოდი 26 ივლისიდან წლის ბოლომდე.
ურანი ტყუპებში — საცხოვრებელი ადგილი, ოჯახი და უძრავი ქონება:
ურანი, მთელი 2027 წლის განმავლობაში ტყუპებში იმოძრავებს და თევზებისთვის მე-4-ე სახლს გაააქტიურებს. ეს ტრანზიტი ოჯახურ ცხოვრებაში და საცხოვრებელ გარემოში ცვლილებებს უკავშირდება.
შესაძლებელია:
• საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
• გადასვლა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში;
• ბინის ან სახლის შეძენის სურვილი;
• უძრავი ქონების გაყიდვა;
• რემონტი ან საცხოვრებელი პირობების შეცვლა;
• ოჯახური ურთიერთობების ახალი ეტაპი.
ზოგიერთისთვის, ეს ცვლილებები მოულოდნელად განვითარდება, ზოგისთვის კი დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილი გადაწყვეტილების განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდება.
ურანი ხელს უწყობს თავისუფლებას და ძველი ოჯახური მოდელის შეცვლას, თუმცა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები წინასწარ გააზრებას მოითხოვს.
15 სექტემბრიდან ურანის რეტროგრადული პერიოდი იწყება, რაც საცხოვრებელთან და ოჯახთან დაკავშირებული გეგმების გადახედვას შეუწყობს ხელს.
პლუტონი მერწყულში — შინაგანი გარდაქმნა და ძველი ეტაპის დასრულება:
პლუტონი მთელი წლის განმავლობაში მერწყულში იმოძრავებს და თევზებისთვის მე-12-ე სახლს ააქტიურებს. ეს ღრმა შინაგანი პროცესების პერიოდია. შესაძლებელია ძველი ემოციური დამოკიდებულებებისგან გათავისუფლება, წარსულის გადაფასება და იმ საკითხების დასრულება, რომლებიც დიდი ხანია შინაგან სიმშვიდეს არღვევს. ზოგიერთ თევზს გაუჩნდება სურვილი, მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს, შეამციროს ზედმეტი სოციალური აქტივობა და უფრო გააზრებულად შეარჩიოს გარემოცვა. ეს ტრანზიტი ხელს უწყობს ფსიქოლოგიურ თვითშემეცნებას, შემოქმედებით მუშაობას და შინაგანი ძალის აღდგენას.
2. ფინანსები 2027 წელს — შემოსავალი, დანაზოგი და მსხვილი ინვესტიცია:
ფინანსური თვალსაზრისით, 2027 წელი, თევზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სატურნი და ნეპტუნი ორივე მეორე სახლში დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური საკითხები წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება.
სატურნი მოითხოვს შემოსავლის სტაბილიზაციას, ხარჯების კონტროლსა და გრძელვადიანი ფინანსური გეგმის შექმნას. შესაძლოა, თევზებმა გააცნობიერონ, რომ ძველი შემოსავლის წყარო აღარ არის საკმარისი და საჭიროა დამატებითი საქმიანობის დაწყება ან პროფესიული მიმართულების შეცვლა.
წლის პირველი ნახევარი:
იუპიტერი, მე-6-ე სახლში, ხელს უწყობს სამუშაოს ზრდას და ახალი შემოსავლის წყაროების გაჩენას, ეს კარგი პერიოდია სამსახურის მოსაძებნად, საკუთარი მომსახურების შეთავაზებისთვის, კლიენტების მოსაზიდად და საქმიანობის გასაფართოებლად.
26 ივლისიდან:
იუპიტერის მე-7-ე სახლში გადასვლის შემდეგ ფინანსური შესაძლებლობები შეიძლება პარტნიორობისა და თანამშრომლობის საშუალებით გაიზარდოს. შესაძლებელია მომგებიანი ხელშეკრულების გაფორმება, ბიზნესპარტნიორის გამოჩენა ან ისეთი კლიენტის მოზიდვა, რომელიც შემოსავალზე დადებითად აისახება, თუმცა სატურნი მე-2-ე სახლში გვახსენებს, რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად აუცილებელია ფინანსური პასუხისმგებლობის შენარჩუნება.
ფინანსურად მნიშვნელოვანი პერიოდები:
• 12 აპრილი – 26 ივლისი — სამუშაოდან შემოსავლის ზრდისა და პროფესიული შესაძლებლობების გააქტიურება.
• 26 ივლისი – სექტემბერი — პარტნიორული საქმიანობა და ახალი ფინანსური შეთანხმებები.
• 10 სექტემბერი — იუპიტერის კვადრატი ურანთან; მოულოდნელი ცვლილებები ფინანსურ ან ოჯახურ გეგმებში.
• 9 აგვისტო – 23 დეკემბერი — ფინანსური სტრატეგიის გადახედვა და გრძელვადიანი ვალდებულებების შეფასება.
3. კარიერა და ბიზნესი — ახალი სამსახური, საქმიანობის გაფართოება და პარტნიორობა:
2027 წლის პირველი ნახევარი, თევზებისთვის სამუშაო და პროფესიული განვითარების მიმართულებით აქტიური იქნება. იუპიტერი მე-6-ე სახლში ხელს შეუწყობს სამუშაოს მოცულობის ზრდას, ახალი პროფესიული შესაძლებლობების გამოჩენასა და ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესებას.
თუ თევზი დასაქმებულია, შესაძლებელია ახალი პოზიცია, დამატებითი პასუხისმგებლობა ან უკეთესი სამუშაო პირობების შეთავაზება.
თუ საკუთარი ბიზნესი აქვს, სასურველია ყურადღება მიაქციოს მომსახურების ხარისხს, თანამშრომლების შერჩევას, მომხმარებელთა მოზიდვასა და საქმიანობის ორგანიზებას.
წლის მეორე ნახევარში აქცენტი პარტნიორობაზე გადავა:
26 ივლისიდან იუპიტერი მე-7-ე სახლში გადავა, ეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს ბიზნესის გაფართოება პარტნიორთან ერთად, ახალი კლიენტების მოზიდვა ან საქმიანობის სხვა ბაზარზე გადატანა. შესაძლებელია ისეთი თანამშრომლობის დაწყება, რომელიც მომავალში სტაბილურ შემოსავალს შექმნის, სატურნის გავლენის გამო მნიშვნელოვანია ხელშეკრულებების პირობების დეტალურად შესწავლა და პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილება.
4. სიყვარული და პირადი ურთიერთობები — ახალი ურთიერთობა და ქორწინების შესაძლებლობა:
2027 წლის პირველი ნახევარი, თევზებისთვის უფრო მეტად სამუშაოსა და ყოველდღიურ საკითხებს დაეთმობა, ხოლო მე-2-ე ნახევარში პირადი ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.
მარტოხელა თევზებისთვის- 26 ივლისიდან, იუპიტერი მე-7-ე სახლში გადავა, რაც ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის ხელსაყრელ ასტროლოგიურ ფონს ქმნის. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ადამიანის გაცნობა სამსახურის, საქმიანი ურთიერთობების, საერთო ნაცნობების ან ყოველდღიური გარემოს საშუალებით. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ სწრაფად გადავა სერიოზულ ეტაპზე.
დაოჯახებული თევზებისთვის - იუპიტერის გავლენა ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას, საერთო გეგმების დასახვასა და პარტნიორთან მეტი დროის გატარებას. შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საცხოვრებელთან, შვილებთან ან საერთო ფინანსებთან დაკავშირებით, თუმცა, სატურნი მე-2-ე სახლში ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ პარტნიორებს შორის შემოსავლისა და ხარჯების განაწილება შესაძლოა განხილვის საგანი გახდეს.
2027 წლის მეორე ნახევარი, ურთიერთობებისთვის განსაკუთრებით საინტერესო პერიოდია.
5. ოჯახი და უძრავი ქონება — საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესაძლებლობა:
ურანის მე-4-ე სახლში ყოფნა, 2027 წელს ოჯახურ და საცხოვრებელ საკითხებს გაააქტიურებს. ეს ტრანზიტი ხშირად დაკავშირებულია ცხოვრების გარემოს ცვლილებასთან. შესაძლებელია თევზებმა გადაწყვიტონ:
• საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა;
• ბინის ან სახლის შეძენა;
• არსებული უძრავი ქონების გაყიდვა;
• საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
• ოჯახის წევრებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელი ცვლილება პროფესიულ განვითარებას ან ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება. ურანის გავლენით გეგმები შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს, ამიტომ სასურველია ფინანსური რეზერვის შენარჩუნება.
6. ჯანმრთელობა და ყოველდღიური რეჟიმი
იუპიტერის მე-6-ე სახლში ყოფნა, წლის პირველ ნახევარში ყოველდღიური დატვირთვის ზრდას შეიძლება უკავშირდებოდეს. თევზებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დასვენებას, ძილის რეჟიმს, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს.
მე-2-ე ნახევარში იუპიტერი მე-7-ე სახლში გადავა, ამიტომ, ყოველდღიური რეჟიმის ორგანიზება უფრო მეტად პარტნიორულ და ოჯახურ გეგმებთან იქნება დაკავშირებული.
პლუტონი მე-12-ე სახლში ხელს უწყობს შინაგან მუშაობას, ფსიქოლოგიურ განტვირთვასა და ძველი ემოციური დაძაბულობისგან გათავისუფლებას.
7. 2027 წლის მნიშვნელოვანი თარიღები და დაბნელებები.
6 თებერვალი — მზის დაბნელება მერწყულში.
თევზებისთვის მე-12-ე სახლი გააქტიურდება. ეს პერიოდი შეიძლება უკავშირდებოდეს ძველი ეტაპის დასრულებას, შინაგან ცვლილებებსა და პირადი გეგმების გადახედვას. შესაძლებელია ისეთი საკითხის დასრულება, რომელიც დიდი ხანია გაურკვევლობაშია.
20 თებერვალი — მთვარის დაბნელება ქალწულში
მე-7-ე სახლი — ქორწინება, პარტნიორობა და საქმიანი ურთიერთობები — ყურადღების ცენტრში მოექცევა. შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტნიორთან დაკავშირებით, არსებული ურთიერთობის სტატუსის გარკვევა ან საქმიანი შეთანხმების შედეგების გამოვლენა. განსაკუთრებით საყურადღებოა თევზებისთვის, ვისაც პირადი პლანეტები ქალწულის ადრეულ გრადუსებში აქვს.
18 ივლისი — მთვარის დაბნელება თხის რქაში:
მე-11-ე სახლის თემები გააქტიურდება. მეგობრები, სოციალური წრე, პროფესიული კავშირები და სამომავლო მიზნები გადახედვას მოითხოვს. შესაძლებელია გარკვეული კავშირის დასრულება ან ახალი ადამიანების გამოჩენა, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვანი გახდებიან.
2 აგვისტო — მზის დაბნელება ლომში:
მე-6-ე სახლის თემები გააქტიურდება. ეს შეიძლება იყოს ახალი სამუშაო ეტაპის დაწყების, საქმიანობის შეცვლის ან ყოველდღიური რეჟიმის გარდაქმნის პერიოდი.
17 აგვისტო — მთვარის დაბნელება მერწყულში:
მე-12-ე სახლის თემები კვლავ გააქტიურდება. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ძველი ემოციური ტვირთისგან გათავისუფლებას და იმ საკითხების დასრულებას, რომლებიც ახალი ეტაპის დაწყებაში ხელს უშლის.
8. როდის უნდა გამოიჩინონ თევზებმა განსაკუთრებული სიფრთხილე:
10 იანვარი – 1 აპრილი — მარსის რეტროგრადული პერიოდი
მარსი ქალწულიდან ლომში გადაინაცვლებს. თევზებისთვის ეს მე-7-ე და მე-6-ე სახლების თემებს შეეხება. შესაძლებელია ძველი უთანხმოებების დაბრუნება პარტნიორულ ურთიერთობებში, სამუშაო გარემოში ან თანამშრომლებთან. სასურველია, კონფლიქტური საკითხები ემოციური რეაქციების გარეშე მოაგვაროს.
9 თებერვალი – 3 მარტი — მერკურის რეტროგრადული პერიოდი:
მერკური თევზებისთვის პირველ და მე-12-ე სახლებს შეეხება. ყურადღება უნდა მიაქციოს პირად გადაწყვეტილებებს, კომუნიკაციასა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადამოწმებას.
10 ივნისი – 4 ივლისი — მერკურის რეტროგრადული პერიოდი:
მე-5-ე სახლის თემები გააქტიურდება. სიყვარულთან, შვილებთან და შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გადახედვას მოითხოვს.
9 აგვისტო – 23 დეკემბერი — სატურნის რეტროგრადული პერიოდი:
ფინანსური საკითხები კვლავ ყურადღების ცენტრში დაბრუნდება. აუცილებელია შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსება.
7 ოქტომბერი – 28 ოქტომბერი — მერკურის რეტროგრადული პერიოდი:
მე-9-ე სახლის თემები გააქტიურდება: უცხოეთი, მოგზაურობა, განათლება, სამართლებრივი საკითხები და საერთაშორისო კავშირები. თუ თევზები უცხოეთში გადასვლას ან სასწავლო გეგმების განხორციელებას აპირებენ, დოკუმენტები და შეთანხმებები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა გადაამოწმონ.
9. 2027 წლის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდები:
12 აპრილი – 26 ივლისი: სამუშაოს გაფართოება, ახალი სამსახური, პროფესიული განვითარება, დამატებითი შემოსავლის წყაროები.
26 ივლისი – სექტემბერი: ქორწინება, ახალი ურთიერთობა, საქმიანი პარტნიორობა, კლიენტების მოზიდვა და ხელშეკრულებები.
აპრილი – ივლისი: იუპიტერისა და სატურნის ჰარმონიული კავშირი ხელს უწყობს პროფესიული შესაძლებლობების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნას.
აგვისტო: სამუშაოსა და ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სიახლეების პერიოდი. 2 აგვისტოს დაბნელება განსაკუთრებით ააქტიურებს პროფესიულ და ყოველდღიურ საქმიანობას, ხოლო 17 აგვისტოს დაბნელება შინაგან ცვლილებებს უკავშირდება.
10. წლის მთავარი გზავნილი თევზებისთვის
2027 წელი, თევზებისთვის ფინანსური სიმყარის შექმნისა და ცხოვრების ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების წელია. სატურნი მოითხოვს, რომ საკუთარი შრომის ფასი სწორად შეაფასონ და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები. იუპიტერი, წლის პირველ ნახევარში სამუშაოსა და პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს, მეორე ნახევარში კი მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრისა და პარტნიორობის შესაძლებლობებს ზრდის.
ურანი საცხოვრებელ და ოჯახურ საკითხებში ცვლილებებს მოიტანს, პლუტონი კი შინაგანად მოამზადებს ძველი ეტაპის დასასრულებლად.
2027 წლის მთავარი პრინციპი: ოცნებები რეალურ გეგმებად აქციე, ფინანსური საფუძველი გაამყარე და ნუ შეგეშინდება იმ ცვლილებების, რომლებიც ახალ ცხოვრებას გიხსნის.
პროგნოზი მზის თევზების მიხედვითაა შედგენილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„გული ამერია, როცა ეს ვიდეო ვნახე“ – ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით