ოთხშაბათს მთვარე კირჩხიბის ნიშანში მოძრაობს, რაც ჩვენს აღქმას უფრო სიღრმისეულსა და მგრძნობიარეს ხდის.
ამ დროს განსაკუთრებით მძაფრდება სითბოს, ზრუნვისა და შინაგანი სიმყუდროვის მოთხოვნილება, თუმცა გაითვალისწინეთ - კირჩხიბის მთვარის პირობებში ნებისმიერი სიტყვა თუ ინტონაცია შესაძლოა იმაზე უფრო მტკივნეულად მივიღოთ, ვიდრე სხვა დროს. ემოციური ფონი ცვალებადია - სითბოსა და გახსნილობას ხშირად შფოთვა და ჩაკეტილობა ენაცვლება.
ამ მგრძნობიარე განწყობას კიდევ უფრო ამწვავებს დღის მთავარი ასპექტი - მთვარის დახაბული ასპექტი ვერძის ნიშანში თავმოყრილ პლანეტებთან: მარსის, მერკურისა და სატურნის შეერთებასთან. ეს კი სერიოზულ, როგორც შინაგან, ისე გარეგან დაძაბულობაზე მიანიშნებს.
თუ ორშაბათს ეს შეერთება ენერგიითა და მოტივაციით გვავსებდა, დღეს, დაძაბული ასპექტის გამო, მან შესაძლოა მკაცრი ჩარჩოები და შეზღუდვები დაგვიწესოს.
ეს კომბინაცია შეიძლება გამოვლინდეს პრობლემების, სირთულეების ან კონფლიქტების სახით. დაძაბულობას თითოეული ჩვენგანი სხვადასხვანაირად იგრძნობს: ზოგისთვის საქმეები შეფერხდება, გეგმები წინააღმდეგობებით წარიმართება და გადაწყვეტილებები გადაიდება; სხვებისთვის კი პირადი ინიციატივა შესაძლოა უარყოფას ან მკაცრ კრიტიკას შეეჯახოს. მოსალოდნელია დაპირისპირება ავტორიტეტებთან, ხელმძღვანელობასთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან, რაც შეიძლება ზეწოლად ან ინტერესების ჩახშობადაც კი აღიქმებოდეს.
ზოგისთვის ეს ასპექტი გარემოებებში - დაგვიანებების, შეფერხებების, გაუმართაობისა და ტექნიკური პრობლემების სახით გამოვლინდება. შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეებიც ან უბრალოდ განცდა, რომ ყველაფერი ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ ვითარდება.
იმისთვის, რომ ეს დღე უფრო მშვიდად გავიაროთ, მნიშვნელოვანია ერთი მთავარი წესის დაცვა - დღეს არ ღირს სიტუაციის ძალით გარღვევა, კამათი, საკუთარი სიმართლის მტკიცება ან ზეწოლა. ამ შეერთებაში სატურნის ენერგია დომინირებს და ის აუცილებლად დააწესებს ჩარჩოებს მანამ, სანამ მათ არ გავითვალისწინებთ. ამიტომ დღევანდელი სტრატეგია სიბრძნეა - არა ძალისმიერი ზეწოლა, არამედ მოთმინება; არა დაბრკოლებების პირდაპირი გადალახვა, არამედ შემოვლითი გზების პოვნა. თუ თქვენს წინაშე „დახურული კარი“ აღმოჩნდება, ნუ ეცდებით მასთან დღესვე შუბლით შეჯახებას. გაცილებით გონივრულია გაჩერდეთ, გარემოს დააკვირდეთ და ალტერნატიული გზა მოძებნოთ.
ზოგიერთ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია უბრალოდ იმის გააზრება, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის და მოთმინებით ლოდინია საჭირო.
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებიც ძალაუფლებას ან გავლენას ფლობენ. კონფლიქტმა ხელმძღვანელობასთან, ოფიციალურ სტრუქტურებთან ან თქვენზე ძლიერ ფიგურებთან შესაძლოა არასასიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია გამოიჩინოთ დიპლომატიურობა, მოქნილობა და შინაგანი სიმტკიცე.
თუმცა ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, ნათელი და მხარდამჭერი მხარეც აქვს, რომელიც უფრო საღამოსკენ გამოიკვეთება.
დაახლოებით 18:00 საათიდან თბილისის დროით, მთვარე დაიწყებს შეერთებას იუპიტერთან, რომელიც „დიდი ბედნიერების“ პლანეტად ითვლება. ეს იქნება შვების ტალღა დაძაბული დღის შემდეგ.
ჩვენი შინაგანი მდგომარეობა თანდათან დასტაბილურდება, სუნთქვა გამარტივდება, გაჩნდება ენერგია, იმედი, რწმენა და განცდა, რომ ყველაფერი არც ისე რთულადაა, როგორც გვეგონა.
მთვარისა და იუპიტერის ურთიერთქმედებამ შესაძლოა მოგვიტანოს მხარდაჭერა ახლობლებისგან, მეგობრებისგან ან მათგან, ვინც ჩვენზე უფრო გამოცდილი და ბრძენია. შესაძლოა გამოჩნდეს გამოსავალი, რომელიც აქამდე არ ჩანდა, მივიღოთ კარგი ამბავი, მოულოდნელი შანსი ან სასიამოვნო დამთხვევა. იუპიტერი, როდესაც ჰარმონიული ასპექტით აქტიურდება, ყოველთვის ქმნის შესაძლებლობებს.
ზოგჯერ ეს კონკრეტული მოვლენა შეიძლება არც იყოს, არამედ შინაგანი განწყობა - განცდა იმისა, რომ ყველაფერს შევძლებთ და ყველაფერი დალაგდება. მსგავსი განწყობა კი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.
ამიტომ, თუ დილიდანვე დღე რთულად მოგეჩვენებათ, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. შეანელეთ ტემპი და დაელოდეთ საღამოს - სწორედ მაშინ შეიძლება გაიხსნას ის გზა, რომელსაც ეძებდით.
დღის უფრო ჰარმონიულად გასავლელად დაგვეხმარება მეექვსე მთვარის დღის ენერგია, რომელიც თბილისის დროით 09:36 საათზე აქტიურდება.
მისი სიმბოლოებია ღრუბლები, ქარის ნაზი სიო და ზეციური ფლეიტა. ეს დღე სიმსუბუქის, შინაგანი სიჩუმისა და ყურადღებით მოსმენის განწყობას გვაძლევს.
სწორედ მეექვსე მთვარის დღე გვიხსნის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. დღეს შეიძლება მოისმინოთ ის, რაც ჩვეულებრივ ყურადღების მიღმა რჩება - შემთხვევითი ფრაზა, მელოდია ან საუბარი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან მინიშნებად იქცევა. ძველად ამბობდნენ, რომ ამ დღეს თავად ცა გვკარნახობს რჩევებს, თუმცა მათი გაგონება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა შინაგანად სიმშვიდეა.
დღეს საუკეთესო დღეა მედიტაციისთვის, ლოცვისთვის, იოგისა და სუნთქვითი პრაქტიკებისთვის. სუნთქვას ამ პერიოდში განსაკუთრებული ძალა აქვს - ის წმენდს, აბალანსებს ენერგეტიკას და სამყაროს ნატიფ ვიბრაციებთან გვაკავშირებს.
ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სიჩუმეში და საკუთარ სუნთქვას მოუსმინოთ. იგრძნობთ, როგორ ქრება შფოთვა და როგორ მოდის პასუხები.
ამ დღის ერთ-ერთი მთავარი თვისება შთაგონებაა. შესაძლოა მიიღოთ შემოქმედებითი გამონათება ან იდეა, რომელმაც თქვენი ცხოვრების მიმართულება შეცვალოს. ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, მაშინაც კი, თუ ეს უმნიშვნელოდ გეჩვენებათ - მოგვიანებით მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული მათგანი.
მეექვსე მთვარის დღის კიდევ ერთი თავისებურება სიტყვის ძალაა. ის, რასაც დღეს იტყვით, განსაკუთრებული ენერგეტიკით იტვირთება და შესაძლოა სწრაფად მატერიალიზდეს.
გარდა ამისა, დღეს ვემზადებით ხვალინდელი - მეშვიდე მთვარის დღისთვის, რომელიც სიტყვის ძალის განსაკუთრებული მაგიით გამოირჩევა. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავაკონტროლოთ ჩვენი საუბარი, გამოვთქვათ მეტი მადლიერება, კეთილი სურვილები და ლოცვები. ეს ყველაფერი, ამ დღის სიმბოლოს - ქარის მეშვეობით გავრცელდება.
აუცილებლად ერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს და, მით უმეტეს, სიცრუეს. ეს დღე ჩუმი ნიშნების, ინტუიციისა და თითქოს არსაიდან მოსული შთაგონების დროა. ცვლილებების „გაგონება“ ნამდვილად შესაძლებელია, თუ შინაგანად დავმშვიდდებით და სიჩუმეს შევქმნით.
იმისთვის, რომ ამ დღის ენერგიებთან სრულ თანხვედრაში მოხვდეთ, წარმოთქვით შემდეგი აფირმაცია:
მე ვუსმენ იმ ჩუმ ხმას, რომელიც სწორ გზაზე მიმიძღვება. დაე, ცვლილებების ქარმა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო და დროული შესაძლებლობები მოიტანოს.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როდის გამოიდარებს საქართველოში
⭕ სალოსობა და თანამედროვეობა – არსებობენ თუ არა დღეს ასეთი ადამიანები?