Digest Logo

„უცნაურად იქცეოდა (ალბათ სალოსობდა) და უამრავ სიკეთეს აკეთებდა...მის სახელს ბევრი სასწაულიც უკავშირდება“ - დეკანოზი ბასილ ახვლედიანი ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილზე

1776799586
ბასილ ახვლედიანი

თბილისში, ფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი, გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში 19 აპრილს იპოვეს.

მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დეკანოზი ბასილ ახვლედიანი ეხმაურება, მდუმარე ბერზე ამბობს რომ იგი სალოსობდა:

„ორიოდე სიტყვას მეც ვიტყოდი.

ღვთივ-მიიცვალა განსაკუთრებული ღვაწლით გამორჩეული ბერი ნიკოლოზი.

უამრავი ადამიანია, ვისთანაც ბერი ნიკოლოზი სასწაულებრივ კავშირშია...

მეც არ ვარ გამონაკლისი...

დეტალებს არ მოვყვები, თუმცა ვიტყვი ერთს:

როდესაც მე განვიცადე სულიერი ნაყოფები (...) მამა ნიკოლოზისგან, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ვთქვი ეთერში, რომ მოღვაწე ბერია და კარგი სულიერი ნაყოფები მოვიმკე მეთქი...

შემდეგ, ძალიან დამაინტერესდა იმ ადამიანების პირადად გაცნობა, ვინც მამა ნიკოლოზის გვერდით იყვნენ, რადგან ვერ ჯდებოდა ჩემს ცნობიერებაში მამა ნიკოლოზის გვერდით გარკვეული სეგმენტის მყოფობა...

ამ მიზნით, ყველა მოვიწვიე ბოლნისში და ბიბლიოთეკის დარბაზში მოვაწყვე შეხვედრა.
გავმართეთ მსჯელობა.

ჩამოსული ადამიანები ორი ჯგუფისგან შედგებოდა:

პირველი ჯგუფი:
მალხაზ ჯინორია (მაშინ გავიცანი პირადად და უკვე წლებია ვმეგობრობთ. საოცარი ადამიანია) და მისი ახლობლები; ყველა ესენი წმინდა მამა გაბრიელ ურგებაძის ყოფილი მრევლი გახლდათ.

და მეორე ჯგუფი:
ვინმე ფირცხალავა და მისი თანამოაზრეები...

იქვე ცალსახად გასაგები იყო, რომელი ჯგუფი იყო ეკლესიური...

იმ დღეს დავიშალეთ.

გავიდა ხანი და კიდევ გავაკეთე ერთი განცხადება მამა ნიკოლოზზე, რომ მოღვაწე ბერიათქო და შემომეხმიანა მეორე ჯგუფის წარმომადგენელი, რომელმაც მითხრა, რომ ჩამოსვლა უნდოდათ ყველას ჩემთან ტაძარში.

მე, იმ იმედით, რომ ოდნავ მაინც დადებით, სასარგებლო გავლენას მოვახდენდი მათზე, დავთანხმდი შეხვედრაზე.

ისინი ჩამოვიდნენ დიდი „ესკორტით“, მანქანებზე დამაგრებული მამა ნიკოლოზის დიდი ფოტოებით და ა.შ.

როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემში ხედავდნენ პოტენციურ საყრდენს საქართველოს ეკლესიის წიაღში მათი იდეებისა თუ ხედვების ავტორიტეტის ამაღლებისა და თუნდაც, მცირედი ლეგალიზების მიზნით: მე უნდა გამეწია მათი ხედვების ,,კანონიკური ადვოკატირება"...

წირვის დასრულების შემდეგ ყველა ჩადგა ზიარების რიგში, რაზეც, ბუნებრივია, მკაცრი უარი განვუცხადე, რადგან არ იყვნენ მომზადებულები. 2-3 მათგანს ,,ზიარებამდე" წუთებით ადრე სიგარეტიც კი ჰქონდათ მოწეული და ისე ჩადგნენ ზიარების რიგში...

მოკლედ, დასრულდა წირვა და დავჯექით ტაძარში სასაუბროდ.

მათ საუბრებს რომ არ დავეთანხმე, რადგანაც საეკლესიო წეს-წყობასა თუ კანონებს სცილდებოდა, გამოხატეს მათთვის ჩვეული აგრესიაც. ნუ, აქ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მეც არ ჩამოვრჩი...
მადლობა უფალს, ყველაფერი დასრულდა მშვიდად, თუმცა მათთვის - უშედეგოდ...

იმ შეხვედრიდან მხოლოდ ერთ ფაქტს გამოვყოფდი, რაც მათ მითხრეს:
ჩვენ, ასე, ბარძიმიდან არ ვეზიარებითო. აი, მაგალითად, მამა ნიკოლოზი რომ გამოვა აივანზე, ჩვენ შევხედავთ და მადლით ვეზიარებითო და მსგავსი აზრები...

რატომ ჰქონდა მამაოს ამ კატეგორიის ხალხთან ურთიერთობა და რატომ წერდა ხშირად აბსურდულ ტექსტებს ვერ გეტყვით. უფალმა იცის.

მე მაქვს ჩემეული ახსნა, თუმცა თავს შევიკავებ განდობისგან. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და ასევე, მწირიც ვარ სულიერად.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ვახლობლობდი რამდენიმე მამა ნიკოლოზის „მადიდებლებთან" (უფრო ზუსტად - 4-თან), რომლებსაც მამა ნიკოლოზი გულწრფელად ქრისტედ მიაჩნდათ. ძალიან კარგი პიროვნებები იყვნენ, მაგრამ, სულიერი თვალსაზრისით, თავიანთი ხედვები ჰქონდათ...

ბევრი ვეცადე მათზე გავლენა მომეხდინა და აზრი შეეცვალათ, თუმცა ამაოდ. სხვათა შორის, არცერთი მათგანი მაზიარებელი არ იყო.

სხვადასხვა დროს ყველას ჩამოვშორდი (სხვადასხვა მიზეზებით...).
სამწუხაროდ, მათი დღევანდელი სულიერი მდგომარეობა არ არის ჩემთვის ცნობილი.
იმედია, მამა ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ შეიცვლიან მასზე აზრს და დაუბრუნდებიან ზეციური მამის წიაღს - ეკლესიას, როგორც უძღები შვილები.

დასკვნით ნაწილში ვიტყოდი შემდეგს:

მამა ნიკოლოზი იყო მოღვაწე ბერი. იგი უცნაურად იქცეოდა (ალბათ სალოსობდა...) და უამრავ სიკეთეს აკეთებდა.
ასევე, მის სახელს უამრავი სასწაულიც უკავშირდება.

უფალმა დაამკვიდროს მამა ნიკოლოზის ნატანჯი სული წმინდათა თანა, სადაც მართალნი განისვენებენ. ამინ!

ხოლო, როგორ წარსდგა იგი უფლის წინაშე, ეს მოდით უფალს მივანდოთ.
ჩვენ კი, ვილოცოთ მისთვის და ჩვენი სულებისთვის, რადგან, ადრე თუ გვიან, ჩვენც მოგვიწევს შეხვედრა ღმერთთან!“, - წერს დეკანოზი ბასილ ახვლედიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სალოსობა და თანამედროვეობა – არსებობენ თუ არა დღეს ასეთი ადამიანები?

🎥 ურანის ტრანზიტი ტყუპებში: რა გავლენა ექნება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე - მედეა დოლიძის ასტროპროგნოზი

⭕მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა