Digest Logo

„გაზაფხულის პირველ ყვავილებს ჰგავს, რაც გამოღვიძებისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოა...“ - თევზების ზოდიაქოს დახასიათება

1771432449
AstroBlog SkyLight

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თევზების ზოდიაქოს ნიშანს ახასიათებს და საინტერესო ფაქტებს გვიზიარებს:

„თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია, სადაც უნივერსალური ციკლური პროცესის შეჯამება ხდება, რაც მთელ ზოდიაქოს სიმბოლიზირებს.

ზოგიერთი ასტროლოგი ამტკიცებს, რომ თევზების ნიშანი ყველა ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს მოიცავს . შესაძლოა, ეს ნაწილობრივ მართალიც იყოს, თუმცა თევზებს მაინც აქვთ საკუთარი სპეციფიკური ასტროლოგიური ხასიათი.
თევზების სიმბოლო გრაფიკულად ორი საპირისპიროდ მიმართული თევზისგან შედგება, რომლებიც პარალელურად არიან განლაგებული. მარცხენა თევზი ახალი მსოფლიო ციკლისკენ იყურება, რომელიც ვერძის ნიშნით იწყება, ხოლო მარჯვენა თევზი უკან იყურება, უკვე დასრულებულ კოსმოსური ციკლისკენ, თითქოს მის შედეგებს აჯამებს. ეს ხაზს უსვამს ნიშნის ორმაგ ბუნებასა , რაც ნეპტუნისთვის, ამ ნიშნის მმართველი პლანეტისთვის არის დამახასიათებელი.

ნეპტუნი, რომელიც თავის სამკაპს ტალღებში ურტყამს წარმოადგენს კოსმოსური ენერგიის აღორძინების სიმბოლოს პირველყოფილი ოკეანის ბნელი სიღრმეებიდან. ეს ოკეანე ძველად პირველყოფილ ქაოსს განასახიერებდა – უსტრუქტურო და განუსაზღვრელ ყოფიერებას, რომელიც პოტენციურად შეიცავდა მომავალ კოსმოსს. თანამედროვე ფსიქოლოგიის მიხედვით, ოკეანე არაცნობიერის სიმბოლოა.

თევზებს წინ უძღვის მერწყული, რომელიც ურანის ენერგიით ანგრევს მატერიის დარჩენილ ფორმებს.
თევზებში ეს ნარჩენები საბოლოოდ იხსნება და ყოფიერება ფორმას კარგავს – უკვე მომდევნო ციკლის მოლოდინშია, რომელიც თევზების შემდეგ, ვერძში დაიწყება.

მზე თევზების ნიშანში როგორც წესი 19 თებერვალს გადადის და დაახლოებით 21 მარტამდე რჩება. წელს კი 18 თებერვალია მისი თევზებში გასასვლის თარიღი- თბილისის დროით 19: 52სთ.

თევზები ოთხი მუტაბელური ნიშნიდან უკანასკნელია – მუტაბელური წყლის ნიშანი. როგორც უსაზღვრო კოსმოსური ოკეანე, ის შეუზღუდავი და უნივერსალურია . მგრძნობიარე, მზრუნველი და ადაპტირებადი თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. სულიერი თვალსაზრისით, თევზების პერიოდში ცხოვრება უკავშირდება მიჯაჭვულობის დაშლას, სატურნის ზღუდეების საბოლოო დაშლას სიკეთისა და ემპათიის გრძნობის დაკარგვის გარეშე.

თანამედროვე ასტროლოგიაში თევზების სიმბოლოა ორი თევზი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მიცურავენ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები თევზების სიმბოლოდ დელფინს ირჩევდნენ. 

დელფინი წმინდა ცხოველად მიიჩნეოდა სამ სხვადასხვა ღვთაებისთვის – აპოლონისთვის, პოსეიდონისთვის და დიონისესთვის. რადგან დელფინი ცნობილია თავისი სიკეთით, მოწყალებით და ადამიანებისადმი დახმარების უნარით, ის ნამდვილად შესაფერისი სიმბოლოა თევზებისთვის. დელფინი– ეს არის თევზებისთვის დამახასიათებელი თანაგრძნობის განსახიერება.

თევზების არქეტიპი მჭიდროდ უკავშირდება დიონისეს, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში იწოდება ვაზის და თრობის ღვთაებად.

დიონისე იყო ნახევრად ღმერთი და ნახევრად ადამიანი - ზევსის და მოკვდავის - სემელეს შვილი.

დიონისეს, ყურძნის მოსავლის აღების შემდეგ, რამდენიმე თვე მიწისქვეშა სამყაროში უნდა გაეტარებინა, ხოლო მისი ნიღაბი ტაძრებში მისი „დასწრების“ ნიშნად რჩებოდა. ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციით, ეს შეიძლება იყოს შეხება შემოქმედებით არაცნობიერთან, რასაც კ.გ. იუნგი აღწერს როგორც „სულის განახლების“ პროცესს. იგივე პრინციპი მოქმედებს თევზების, ნეპტუნისა და მეთორმეტე სახლისთვის – აუცილებელია შინაგანი იზოლაცია, მედიტაცია, სიზმრების სამყარო, შემოქმედებითი შთაგონება, რათა სული განიტვირთოს.

დიონისეს მიზანი მისი დედის სულის გადარჩენაა, რაც თევზების არქეტიპის უმთავრეს სულიერ ძიებას ემთხვევა – თევზები ცდილობს შეაერთოს სულიერი და მატერიალური სამყარო, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება.

დიონისეს ყოველწლიური მიწისქვეშა მოგზაურობა სიმბოლურად ასახავს თევზების პერიოდს – თებერვალ-მარტში, როცა ბუნება ჯერ კიდევ „მძინარეა“ და გაზაფხულის განახლებისთვის ემზადება. მისი გამოსვლა მიწისქვეშეთიდან გაზაფხულის პირველ ყვავილებს ჰგავს, რაც გამოღვიძებისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოა.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, თევზები არის მსახიობის ან მრავალფეროვნების ნიშანი, რომელიც ნებისმიერ როლს შეასრულებს სცენაზე ან ცხოვრებისეულ გარემოში. საბერძნეთის თეატრები დიონისეს - ტრაგედიის მფარველის სახელს ატარებდა, რადგან ტრაგედია უფრო ღრმა ხელოვნების ფორმად ითვლებოდა. ტრაგედია ადამიანებს საშუალებას აძლევს, განიცადონ და გამოავლინონ უფრო ძლიერი ემოციები.

თევზების ნიშნის მქონე ადამიანი ხშირად აცნობიერებს თავის კავშირს არა მხოლოდ კოლექტიურ ადამიანთან, არამედ მთელ ცოცხალ ბუნებასთან – მცენარეებთან, ცხოველებთან და სამყაროსთან. სწორედ ეს განასხვავებს თევზებს, მაგალითად, მერწყულისგან, რომელიც ასევე უნივერსალური ნიშანია, მაგრამ სამყაროსთან უფრო ინტელექტუალური კავშირი აქვს, ვიდრე ემოციური და ინტუიციური.

ერთ-ერთი ასტროლოგი - კეტლინ ბერტი - წერს:

როდესაც თევზების ნიშნის წარმომადგენელი კონსულტაციაზე მოდის, ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სხეული (მსახიობის ნიღაბი) აქ არის, მაგრამ მათი სულის ენერგია სხვაგანაა – სადღაც არაცნობიერში, დროისა და სივრცის მიღმა, ან ნეპტუნის ორბიტაზე. ეს ხშირად დაკავშირებულია იმასთან, რომ არაცნობიერი უნარების და შთაგონების „ამოტანა“ ჰადესიდან (მიწისქვეშეთიდან) დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

დიონისეს მითი ასახავს თევზების ნიშნის შინაგან ბუნებას – ამაღლებას, მსხვერპლს, რწმენას, სულიერებას, თანაგრძნობას და ღრმა შინაგან გამოცდილებებს, რომლებიც სამყაროს მთლიანობასთან შერწყმას ითვალისწინებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ასტროლოგები ასახელებენ, რომელი ნიშნისთვის იწყება ფინანსური წინსვლის პერიოდი

⭕„ნუ შეგაშინებთ დაბნელების კორიდორი, ის არ ანგრევს ცხოვრებას“ - თაკო მელიქიშვილი 18 თებერვლის ენერგიებზე

⭕„დროა, დასახოთ გრანდიოზული გეგმები, მთელი სამყარო თქვენს ფეხებთანაა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, თამუნა იოსელიანისგან