
ასტროლოგიაში ნეპტუნი არის ილუზიების, სიზმრებისა და სულიერი სიღრმეების პლანეტა. ის ადამიანში აღვიძებს ინტუიციას, ფანტაზიას და სულიერ ძიებას, თუმცა ამავე დროს ბადებს მოჩვენებით რეალობასა და გაურკვევლობას. მისი გავლენა თითქოს ზღვის ტალღას ჰგავს: ნაზი და დამამშვიდებელი, მაგრამ ერთდროულად ისეთი ძლიერი, რომ შეიძლება ცნობიერება სხვა სამყაროში წაგვიყვანოს.
რას უკავშირდება პლანეტა ნეპტუნი ასტროლოგიაში ვრცლად სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი გვესაუბრება:
„ნეპტუნი ასტროლოგიაში უმაღლეს კოლექტიურ პროცესებს უკავშირდება. ის წარმოადგენს ძალას, რომელიც გვაშორებს მიწიერ, მატერიალურ საზღვრებს და გვიხსნის კარს უსასრულობისკენ.
უმაღლესი სიყვარული, სულიერება, რწმენა, იდეალიზმი, ფანტაზია, ილუზია, შემოქმედებითი ინსპირაცია - ამ თემებთანაა კავშირში ნეპტუნი. მითოლოგიურად ის პოსეიდონთან, ზღვის ღმერთთან ასოცირდება, ასტროლოგიაში - ოკეანის სიმბოლოა.
ნეპტუნი განსაკუთრებით გავლენიანია რუკაში, როდესაც ის ასპექტირებს მნათობებს და პირად პლანეტებს. რაც უფრო ახლოა ასპექტი, მით უფრო ძლიერად ვლინდება მისი ენერგია. ასევე მნიშვნელოვანი ხდება მისი მდებარეობა კუთხის სახლებში, განსაკუთრებით ასცენდენტთან და მედიუმ ქოელთან ახლოს.
გამოკვეთილი ნეპტუნი ხშირად გვხვდება ხელოვან ადამიანთა რუკაში. ის გვაძლევს უნარს შევიგრძნოთ ის, რაც სხვებისთვის უხილავია და ამ ემოციების ფორმად გადაქცევის საშუალებას - ხატვაში, მუსიკაში, პოეზიაში, სცენაზე. ასევე გავლენიანი ნეპტუნი ხშირად გვხვდება ფსიქოლოგების რუკაში, რადგან ის გვაძლევს კარგ ინტუიციას, სხვისი ტკივილის განცდის და თანაგრძნობის უნარს.
თუმცა, თუ ნეპტუნის ენერგია სწორედ არ არის მიმართული, ნეგატიურ ვარიანტში ის ხშირად რეალობისგან გაქცევას უკავშირდება: ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკები, თვითმოტყუება, ილუზიებში ცხოვრება, მსხვერპლის როლში ყოფნა - ნეპტუნის დაბალი გამოვლინებაა.
მაგალითად, რუკაში ვხედავთ ნეპტუნს მეშვიდე სახლში, პარტნიორულ სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ენერგია გავლენას მოახდენს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებზე. დაბალ გამოვლინებაში, ამ დროს ან გვხვდებიან პარტნიორები, რომლებიც უცაბედად ქრებიან და იკარგებიან ჩვენი ცხოვრებიდან, ან ხშირად ვიქმნით ილუზიებს პრტნიორთან დაკავშირებით, თავს ვიტყუებთ, ვხატავთ იმიჯს, რომელიც შორსაა რეალობისგან. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სხვა პარტნიორულ თემასთან დაკავშირებული მაჩვენებლები რუკაში.
მნიშვნელოვანია, რომ ნეპტუნის ენერგია რუკაში დაბალანსდეს ძლიერი სატურნით, რომელიც სიმბოლოა დროის, წესების, პასუხისმგებლობის, საზღვრების, სტრუქტურის და დისციპლინის. პიროვნულ დონეზე, ნეპტუნი შლის ყველა პირად საზღვარს, რაც სატურნმა დაგვიწესა, რათა ადაპტირება მოგვეხდინა მიწიერ სამყაროში. საზღვრები, სტრუქტურა, მატერია - ამ ყველაფერს ებრძვის ნეპტუნი, შემოაქვს ქაოსი, გვაშორებს რეალობას, გვახვევს ნისლში, რაც ნაკლებად მტკივნეულია, თუ სატურნი რუკაში მოწოდების სიმაღლეზეა.
როდესაც ტრანზიტული ნეპტუნი გადის მნიშვნელოვან წერტილებს ჩვენს რუკაში, ის შესაბამისად მოქმედებს ცხოვრების იმ სფეროზე, რომელსაც ეხება. მას ან მოაქვს გაუგებრობა და ქაოსი ამ კონკრეტული მიმართულებით, ან დაკავშირებულია დიდი შთაგონების პერიოდთან ჩვენს ცხოვრებაში“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი იმედი და ნუგეში, დიდი ხნით უნდა მყავდე“ - გიორგი სუხიტაშვილი დედას დაბადების დღეს ულოცავს