Digest Logo

იდენტური მანიპულაციის ფუნდამენტი და მისი განეიტრალების მექანიკა (ეშმაკის სისტემა) - რას წერს ვატო მსხილაძე

1774036968
 მართვამართვა

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც იდენტური მანიპულაციის ფუნდამენტი და მისი განეიტრალების მექანიკაზე საუბრობს:

იდენტური მანიპულაციის ფუნდამენტი და მისი განეიტრალების მექანიკა ( ეშმაკის სისტემა )

იბადება ადამიანი - სუფთა ფურცელი, არც პასპორტი უჭირავს ხელში, არც რომელიმე პარტიის ბილეთი და მით უმეტეს, არც იარაღი. და მერე იწყება დიდი სპექტაკლი, რომელსაც ეგრეთ წოდებული "სისტემა" დგამს. იდენტობა ხომ ბუნებრივი მოვლენა არაა, მას არავინ გვაყოლებს გენეტიკურად. ის ნელ-ნელა, ლამაზად შეფუთული ისტორიებით იქმნება. ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას - "შენ ამ ერის შვილი ხარ და აი ის, საზღვარს მიღმა, შენი მტერია". ვინც ნარატივს აკონტროლებს, ის აკონტროლებს შენს ტვინსაც. ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ადამიანი იჯერებს, რომ თავისი იარლიყია და არა უბრალოდ ცოცხალი არსება.

ამის მისაღწევად სისტემას მაგარი ინსტრუმენტი აქვს - ისტორიის რედაქტირება. შერჩევითი მეხსიერება ისეთი რამეა, ნებისმიერი პოლიტიკოსის ოცნება რომ არის. ისტორიის წიგნებში მხოლოდ ის მოვლენებია გაძლიერებული, რაც "ზემოთ" აწყობთ, დანარჩენი კი უბრალოდ დაკარგულია. ეს ფილტრირებული რეალობაა, რომელიც გაჯერებს, რომ შენი ჯგუფი ყოველთვის მართალია და ისტორიულად დაჩაგრული.

და სად ხდება ამ ყველაფრის თავში ჩაჭედება? რა თქმა უნდა, სკოლაში. ბევრს ჰგონია, განათლების სისტემა რაღაც ნეიტრალური ზონაა, სადაც ბავშვები უბრალოდ წერა-კითხვას და მათემატიკას სწავლობენ. არადა, რეალურად, სკოლა იდეოლოგიის გადაცემის მთავარი ქარხანაა. ბავშვის ტვინი რბილია, ყველაფერს ისრუტავს და ზუსტად იქ იდგმება ის ჩარჩოები, რომელსაც მერე მთელი ცხოვრება ვერ ანგრევს. გასწავლიან მორჩილებას, წესებს და იმას, თუ ვინ უნდა გძულდეს.

მერე შემოდის ენა - ეგრეთ წოდებული რბილი კონტროლი. სიტყვებს ისეთი ძალა აქვს, ძვლებში ატანს ისე, რომ ვერც გრძნობ. სისტემა ენას ისე იყენებს, რომ რეალობა შეცვალოს და ძალადობა „გააპრავოს“. აი, დაუკვირდი - არ ამბობენ "უდანაშაულოები დავხოცეთ", ამბობენ "ეს კოლატერალური ზიანია", არ ამბობენ "ომი და ნგრევა", ამბობენ "სპეციალური ოპერაცია" ან "მშვიდობის დამყარება". სიტყვების ასეთი ჟონგლიორობით შენში პროტესტის გრძნობას კლავენ და კოშმარს ნორმად გისაღებენ.

ამ დროს სცენაზე გამოდიან გარე ძალები, დიდი მოთამაშეები ძვირად ღირებული კოსტიუმებით, რომლებიც "დახმარების" სახელით გვიკაკუნებენ კარზე. "ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ" - გეუბნებიან და გაძლევენ ფულს, გრანტებს, დაპირებებს. მაგრამ მოდი რა, უფასო ყველი სად არის, ყველამ კარგად ვიცით. ეს დახმარება სინამდვილეში გავლენის და შენი იდენტობის ფორმირების უძლიერესი ინსტრუმენტია. შენ გგონია გაშველებენ ან გეხმარებიან, რეალურად კი უხილავ საბელს გაბამენ, რომ მერე თავიანთ ჭკუაზე გატარონ.

და რომ ეს ყველაფერი მყარად იდგეს, 24 საათი მუშაობს მედია. ტელევიზორი, სოც-ქსელები, ალგორითმები... მედიის მთავარი ხრიკი ისაა, რომ რაღაცებს ნორმად აქცევს, სხვებს კი რიყავს. თუ დღეში ასჯერ განახებენ, რომ კონკრეტული ერი, რელიგია ან ჯგუფი საფრთხეა, ქვეცნობიერად შენც მათ მარგინალიზებას იწყებ. რაც ხშირად ჩანს ეკრანზე, საბოლოოდ შენს რეალობად იქცევა. მედია ქმნის შაბლონს, რომელშიც შენ უბრალოდ უნდა ჩაჯდე.

იცი, რა არის მთავარი "სუნელი" ამ მანიპულაციურ სამზარეულოში? შიში. სისტემას არ სჭირდება, რომ შენ რაღაც გიყვარდეს, მას სჭირდება, რომ შენ რაღაცის გეშინოდეს. შიში არის ის უხილავი წებო, რომელიც ამ ხელოვნურ იდენტობებს ერთმანეთზე აკავებს. როცა გეშინია, შენი ტვინი ითიშება და გადარჩენის ინსტინქტი ირთვება - აი, ზუსტად მანდ გიჭერენ. "ზემოთები" მშვენივრად ხვდებიან, რომ შეშინებული ადამიანი ყველაზე მარტივი სამართავია. ის მზადაა დათმოს თავისუფლება "უსაფრთხოების" სანაცვლოდ, რომელიც რეალურად მხოლოდ ილუზიაა.

კიდევ ერთი მომენტია - ილუზორული არჩევანი. სისტემა გაძლევს ორ უკიდურესობას, ორ ბანაკს და გეუბნება: "აირჩიე!". შენც გგონია, რომ თავისუფალი ხარ, რადგან არჩევანს აკეთებ, მაგრამ სინამდვილეში ორივე ბანაკი ერთი და იმავე კლანის მიერაა შექმნილი. ეს ჰგავს ერთ მაღაზიას, სადაც სხვადასხვა ფერის პერანგები იყიდება, მაგრამ ყველა ერთი და იმავე ფაბრიკიდანაა. შენ ჩხუბობ ფერზე, ისინი კი ჯიბეს ისქელებენ გაყიდვებით. ეს არის "დემოკრატიის" თუ "იდეოლოგიური ბრძოლის" ის ნაწილი, სადაც შენ მხოლოდ მაყურებელი და მომხმარებელი ხარ, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ "იბრძვი".

და აი, ყველაზე მწარე სიმართლე - დეჰუმანიზაციის პროცესი. სისტემა ისე გაჩვევდა იარლიყებს, რომ შენს წინ მდგომი ცოცხალი არსება აღარ არის შენთვის ადამიანი - ის ხდება "ლიბერალი", "კონსერვატორი", "რუსეთუმე", "დასავლეთუმე" "მუსლიმანი" "ქრისტიანი" ან რაღაც მსგავსი. როცა ადამიანს ადამიანობას აცლი და მხოლოდ იდეოლოგიურ იარლიყს უტოვებ, მისი მოკვლა, გინება თუ ზიზღი უკვე ძალიან ადვილი ხდება. აი, ეს არის ეშმაკის სისტემის პიკი - დაგაკარგვინოს თანაგრძნობის უნარი იმ ზღაპრების გამო, რომლებიც ბავშვობიდან ჩაგჩიჩინეს. სინამდვილეში, ყველანი ერთი დიდი თამაშის მსხვერპლნი ვართ, სადაც მთავარი პრიზი ჩვენივე ენერგია და ყურადღებაა.

ამიტომ, როცა მორიგ ჯერზე ვიღაცის მიმართ აგრესია მოგაწვება მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვა "ბანაკშია", გაჩერდი და დაფიქრდი - ეს შენი ფიქრებია თუ იმ სცენარის ნაწილი, რომელიც ვიღაცამ კაბინეტში დაწერა? ნამდვილი თავისუფლება სწორედ ამ იარლიყებისგან გათავისუფლებაა. ის "კლანები" კი მანამდე იქნებიან ძლიერები, სანამ ჩვენ მათ მიერ დახატულ საზღვრებში ვირბენთ. როგორც კი ადამიანი ხვდება, რომ მისი იდენტობა პასპორტზე ან დროშაზე ბევრად ღრმაა, სისტემა ბზარს იძლევა.

ამ "მატრიციდან" გამოსვლა კინოსავით არ არის - აქ წითელ და ლურჯ აბებს არავინ გამოგიწვდის და არც მორფეუსი დაგხვდება ტყავის პლაშჩით. სინამდვილეში, გაღვიძება ყოველდღიური, ზოგჯერ საკმაოდ მოსაწყენი და რუტინული პროცესია, მაგრამ შედეგი... შედეგი ნამდვილად ღირს. პირველი და ყველაზე მთავარი ნაბიჯი საკუთარი თავის "ავტოპილოტიდან" მოხსნაა. აი, წარმოიდგინე, კითხულობ რაღაც ნიუსს ან უყურებ ვიღაც ტიპს ეკრანზე და უცებ სისხლი გეყინება, ბრაზი გახრჩობს. ზუსტად ამ დროს უნდა დააჭირო პაუზას და შენს თავს ჰკითხო - "მოიცა, ეს ჩემი ბრაზია, თუ ვიღაცამ ახლა ჩემს ტვინში ღილაკს თითი დააჭირა?" როგორც კი ხვდები, რომ შენი ემოცია ვიღაცის დაწერილი სკრიპტია, ძაფები მაშინვე წყდება. შენ უკვე მარიონეტი აღარ ხარ, შენ ის ხარ, ვინც ზემოთ აიხედა და მეჯოგე დაინახა.

მერე იწყება დიდი წმენდა - საინფორმაციო დიეტა. ჩვენ ისე ვართ მიჯაჭვული სოც-ქსელების "ფიდებზე", გვგონია, ეგაა სამყარო. არადა, ალგორითმი ზუსტად იმისთვისაა დაწერილი, რომ გამუდმებით სტრესში გამყოფოს, რადგან შეშინებული და გაბრაზებული ადამიანი უფრო მეტს კლიკავს, უფრო მარტივად მანიპულირდება. ჰოდა, ხანდახან უბრალოდ უნდა "დაიკიდო". გათიშე ის არხები, გვერდები და ტოქსიკური ხალხი, ვინც ყოველდღე სამყაროს დასასრულს და ახალი მტრის ხატებს გატენის თავში. შენი ტვინი ბრაუზერივითაა, სადაც ასი ტაბია ღია, ვირუსიანი საიტებიდან მუდმივად რაღაცა ხტება და ოპერატიული მეხსიერება აღარ გყოფნის. დახურე ეგ ზედმეტი ტაბები... მიეცი შენს გონებას სუნთქვის საშუალება.

მერე მოდის ყველაზე მაგარი თამაში - იარლიყების ჩამოხევა. სცადე ასეთი რამ: როცა შეხედავ ადამიანს, რომლისკენაც სისტემა თითს იშვერს და გეუბნება, რომ ის "სხვაა" - იქნება ეს ეროვნებით, რელიგიით თუ პოლიტიკური გემოვნებით - გონებაში გააშიშვლე ამ სიტყვებისგან. მოაშორე ის "იზმები" და ეროვნების დამადასტურებელი საბუთები. რა რჩება? რჩება ჩვეულებრივი, შენნაირი ორფეხა არსება, რომელსაც თავისებურად უყვარს, სტკივა, ეშინია სიკვდილის და უბრალოდ მშვიდად ყოფნას ეძებს. როცა ადამიანში მხოლოდ ადამიანს ხედავ, სისტემა კარგავს თავის მთავარ იარაღს - ზიზღს. შენ უკვე ვეღარ წაგაქეზებენ სხვის დასაგლეჯად მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვა ფერის ნაჭერს აფრიალებს ან სხვა ენაზე ლოცულობს.

და ბოლოს, მივდივართ მთავარ კითხვამდე - სად არის ის ნამდვილი "მე"? ეგ "მე" არც პასპორტში წერია და არც რომელიმე იდეოლოგიურ სახელმძღვანელოში. შენი ნამდვილი იდენტობა ისაა, თუ როგორ ექცევი ქუჩაში აწუწულ ძაღლს, როგორ უსმენ მეგობარს, რა გიხარია მაშინ, როცა არავინ გიყურებს და არავის უმტკიცებ რამეს. ნამდვილი თავისუფლება ტყეში გაქცევა და საზოგადოებისგან იზოლირება არაა. ნამდვილი თავისუფლებაა, იდგე ამ სისტემის შუაგულში, უყურებდე ამ უზარმაზარ აბსურდის თეატრს, მსუბუქად იღიმოდე და შინაგანად აბსოლუტურად ხელშეუხებელი იყო. იმიტომ, რომ შენ უკვე იცი მთავარი საიდუმლო - მათი თამაში მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა შენ ამ თამაშის წესების გჯერა.

ამხელა მასკარადის გაკეთების პრინციპი არის, დაყავი და იბატონე. გაყოფილი, დაქუცმაცებული საზოგადოება იდეალური სამართავია. როცა ერთი ტიპი მეორეს თავს ესხმის მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსია, ჩინელი, ევროპელი, ქრისტიანი თუ მუსლიმი, ის უკვე მარიონეტია. მან დაკარგა მთავარი - ადამიანი დაინახოს ადამიანში. სანამ ქვემოთ ხალხი ერთმანეთს თმებს აგლეჯს გაგონილი ზღაპრების და ჩანერგილი იდენტობების გამო, ზემოთ ის მცირე ჯგუფი, ის "კლანები", მშვიდად სხედან, თავიანთ საქმეს აკეთებენ და სამყაროს ინაწილებენ. ეს არის ეშმაკის სისტემის მთელი ფილოსოფია - გაქციოს იარაღად სხვის თამაშში და დაგაჯეროს, რომ ამას შენი ნებით აკეთებ“, - წერს ვატო მსხილაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს“ - ნინო სურგულაძე პატრიარქზე

„ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში“ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

🎥 „ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით - მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში“ - თეოდორე გიგნაძე