ნახტომი მომავალში, მოულოდნელი გაცნობიერებები და ტენდენციების წინასწარ შეგრძნება - აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ჩვენს პირად ასტროლოგიურ რუკაში ურანისა და მერწყულის ენერგიების განლაგებაზეა დამოკიდებული. ასტროლოგი თამარ აქუბარდია დეტალურად განმარტავს, თუ როგორ ახერხებენ გარკვეული ადამიანები მოვლენების განვითარების მიმართულების წინასწარ დანახვასა და პროგნოზირებას.
ასტროლოგის განმარტებით, ის პირები, რომლებიც მერწყულის ენერგიასთან კარგად არიან დაკავშირებული (მაგალითად, აქვთ ურანის ჰარმონიული ასპექტები ან მე-11 სახლი დადებითად აქვთ გამოვლენილი), საოცარი მგრძნობელობით გამოირჩევიან:
„ცვლილებები ხშირად ჯერ ენერგეტიკულ და ფსიქოლოგიურ დონეზე იწყება, ხოლო შემდეგ მატერიალურ სივრცეში ვლინდება. სწორედ ამ წინასწარ განწყობებსა და პროცესებს იჭერენ ასეთი ადამიანები შედარებით ადვილად. ურანის დადებითი ასპექტები მათ ინტუიციურ წვდომას აძლევს მომავლის ტენდენციებთან და კოლექტიურ პროცესებთან.
როგორ მუშაობს ურანული ინტუიცია?
რადგან ურანი ელვისებური პლანეტაა, ინფორმაცია ადამიანთან სტანდარტული ლოგიკით კი არა, მოულოდნელი გაცნობიერების ფორმით მოდის - უცბად აზრად მოსული გამზადებული ფრაზებით, უეცარი ინსაიტებით ან აუხსნელი, მაგრამ მკაფიო შინაგანი განწყობით. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პოტენციალია და მთავარია, რამდენად ცნობიერად იყენებს ადამიანი ამ უნარს.
რას იწვევს დაზიანებული ურანი?
საინტერესოა, რომ მომავლის მიმართ ეს მგრძნობელობა მაშინაც აქტიურია, როდესაც რუკაში ეს პლანეტა დაზიანებულია. თუმცა, ამ დროს სურათი იცვლება.
განსხვავება ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი ან ვერ ენდობა საკუთარ აღქმას, ან მიღებულ ინფორმაციას შფოთვისა და შიშის ფილტრით აღიქვამს. შედეგად, უფრო ადვილად ხედავს კრიზისულ ან ნეგატიურ სცენარებს და ნაკლებად, იმ მრავალ შესაძლებლობას, რომელსაც მომავალი თავის თავში ატარებს“,- აღნიშნავს ასტრო-ფსიქოლოგი.
