
ქართველი ასტროლოგი, მარიამ შუკაკიძე ასტროლოგიურ პროგნოზებზე პერიოდულად უზიარებს რჩევებს საზოგადოებას. მას აქვს YouTube-ის საკუთარი არხი, სადაც ვიდეოებს აქვეყნებს მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებსა და მათი გავლენის შესახებ ზოდიაქოს ნიშნებზე.
ამჯერად იგი, პლანეტების ტრანზიტებზე, მათ რეტროგრადულობასა და ზოგად გავლენაზე საუბრობს:
🌚 მერკურის რეტროგრადულობა
საკმაოდ ინტენსიური ენერგიები იგრძნობა, რადგან გვაქვს მერკურის რეტროგრადულობა. ვბრუნდებით წარსულში, და ეს იწვევს ნოსტალგიას - ადამიანებს უჭირთ ახალი საქმეების დაწყება. თუმცა, ეს იდეალური პერიოდია დაწყებული საქმეების გაგრძელებისთვის.
პლანეტების რეტროგრადულობა იწვევს შენელებას, რაც ამინდზეც მოქმედებს. ახლახან სერიოზული მიწისძვრა იყო, და ცუნამსაც ელიან ამის გამო. ეს ყველაფერი სწორედ პლანეტების განლაგებიდან გამომდინარე ხდება - ყოველთვის ქაოსურ და დამანგრეველ ენერგიებს იწვევს. დედამიწაც რეაგირებს ასტროლოგიურ ასპექტებზე. არ არის მარტივი ზაფხული.
ზღვისპირას თუ წახვალთ დასასვენებლად, იყავით ფრთხილად - არ არის სტაბილური მდგომარეობა. შესაძლოა, იყოს უეცარი კლიმატის ცვლილება, და არ არის გამორიცხული შტორმიც.
🌞❌მზე-ნეპტუნის ოპოზიცია
გვაქვს მზე–ნეპტუნის ოპოზიცია - ასტროლოგიური დაპირისპირება, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე გვხვდება, თუმცა ყოველთვის თან ახლავს ძლიერი ენერგეტიკული გავლენა.
ამ პერიოდში იზრდება სიკვდილიანობა, გაძლიერებულია კრიმინალი, და მატულობს ნეგატიურობა და შფოთვები. ეს ასპექტი ატარებს დამანგრეველ ძალას და ახდენს ზემოქმედებას როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე.
თუ მსგავს სიმპტომებს გრძნობთ, იცოდეთ - ეს არ არის მხოლოდ შემთხვევითი შეგრძნება, არამედ ასპექტის ენერგეტიკული ფონი, რომელიც გაღრმავებულია ახლა.
განსაკუთრებით ზეგავლენის ქვეშ არიან: ♉ კურო ♒ მერწყული ♌ ლომი
ეს არის შიდა ტრანსფორმაციების და ნგრევების პერიოდი - ამ დროს, ხდება ძველი შაბლონების დაშლა, ილუზიების გაქრობა და ემოციური გამოფიტვა. ასეთ დროს განსაკუთრებით საჭიროა შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება, სიფრთხილე და საკუთარ თავზე დაკვირვება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი ადამიანის პირად რუკაში ისედაც აღბეჭდილია ეს ასპექტი - ასეთებს განსაკუთრებულად მძაფრად შეეხებათ ამ პერიოდის ზეგავლენა. ისინი ხშირად მთელი ცხოვრება გადიან შინაგან ბრძოლას, „სულის ომს“ და ასეთ პერიოდში ეს დაძაბულობა ორმაგად მატულობს.
🌏❌მერკური-პლუტონის ოპოზიცია
მოლაპარაკებებისთვის ახლა ყველაზე ცუდი პერიოდია. თუ შეგიძლიათ, საზოგადოებრივ საქმიანობას, ტექნიკის ან უძრავი ქონების შეძენას გადადოთ, აუცილებლად უნდა გადადოთ. მერკურის რეტროგრადულობა ისედაც მოქმედებს კომუნიკაციაზე, კონტრაქტებსა და ელექტრონულ მოწყობილობებზე. ეს ფაზა 10 აგვისტომდე გასტანს, და სწორედ ამ პერიოდში ემატება მერკური–პლუტონის ოპოზიცია, რაც ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს - ემოციური ფონი იძაბება, კომუნიკაცია ხშირად იშლება და ჩნდება უთანხმოებები. თუ მოგზაურობას გეგმავთ, აუცილებელია გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე - მოსალოდნელია შეფერხებები, შეცდომები დოკუმენტაციაში ან გაუგებრობა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
✨♋ვენერა და კირჩხიბი
31 ივლისს ვენერა - ფინანსებისა და სიყვარულის პლანეტა - იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის კირჩხიბში.
ეს პოზიცია განსაკუთრებით სასარგებლოა წყლის ნიშნებისთვის: კირჩხიბისთვის, მორიელისთვისა და თევზებისთვის. იწყება პერიოდი, როცა სულიერი კავშირები, ოჯახური სითბო და ემოციური კომფორტი წამყვან როლს იკავებს.
სასურველია ეს დრო გაატაროთ მშობლიურ გარემოში, ოჯახთან ახლოს ან ისეთ ადგილას, რომელიც ბავშვობასა და შინაგან სიმშვიდეს გახსენებთ. ვენერა კირჩხიბში ზრუნავს ჩვენს შინაგან ბავშვზე, ამიტომაც ამ პერიოდში განსაკუთრებით მძაფრდება ნოსტალგიური განცდები და წარსულთან კავშირი.
იღბლიანი პერიოდია მათთვის, ვისაც ვენერა პირად რუკაში კირჩხიბში ჰყავს. ფინანსური საკითხები და ურთიერთობები დადებითი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს - სიყვარულში მეტი სითბო, სიფრთხილე და ემოციური სიღრმე იჩენს თავს.
თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ: მიუხედავად ვენერის ჰარმონიული გავლენისა, ზოგადი ასტროლოგიური ფონია კვლავ რთული. ამიტომ კარგი იქნება, თუ საკუთარ პირად რუკას დააკვირდებით - იქ ჩანს, კონკრეტულად როგორ იმოქმედებს ეს ტრანზიტი თქვენზე.
‼️ ვენერას ნეგატიური ასპექტები
არის მერკურთან, სატურნთან, პლუტონთან და მარსთან. ურთიერთობებში კონფლიქტური პერიოდია. შესაძლოა გქონდეთ ფინანსური დანაკარგები. შესაძლოა ყოფილი პარტნიორები დაბრუნდნენ თქვენ ცხოვრებაში. თუ ვინმე ან რაიმე ბრუნდება ცხოვრებაში, ეს საკითხი დასამუშავებელია და გადასახედია.
🌕 9 აგვიოსტოს სავსემთვარეობა
ძალიან კარგია ამ პერიოდში მედიტაცია, ლოცვა და საკმევლის ანთება. სავსემთვარეობა წარმოადგენს ენერგეტიკული გაწმენდისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მომენტს. ბუნების ძალა ამ დროს პიკს აღწევს და ყველაფერს ამძაფრებს: ემოციებს, ენერგიას, ფიქრებსაც კი.
სავსე მთვარე ასევე ერთგვარი ენერგეტიკული ინდიკატორი - ის აჩვენებს, რამდენად დაბინძურებულია თქვენი პირადი ველი ან საცხოვრებელი გარემო. არასასიამოვნო შეგრძნებები, აგრესიულობა, გაღიზიანება და მძაფრი დაძაბულობა ხშირად სწორედ დაგროვილ ნეგატივზე მიუთითებს, რომელიც სავსე მთვარის ფონზე გამოკვეთილად ვლინდება.
თუ გრძნობთ, რომ აგრესიული ან დაუფარავად იმპულსური ხართ - ეს სიგნალია. სავსემთვარეობა აჩვენებს, რასთან უნდა იმუშაოთ. ამიტომ არ შეგეშინდეთ იმ ენერგიების, რაც ამ დროს ამოტივტივდება - ისინი გასაწმენდია, არა დასასჯელი.
9 აგვისტო იდეალურია ენერგეტიკული წმენდისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ:
მედიტაცია (განსაკუთრებით სუნთქვითი პრაქტიკები)
საკმეველი (სანდალი, სალბი, გვირილა)
ზღვის მარილით სახლის გასუფთავება
წყლის ელემენტთან დაკავშირებული რიტუალები - აბაზანა, ხელების ცერემონიული დაბანა.
ამ დროს გაასუფთავეთ სივრცე და ცნობიერება - რაც არ არის თქვენი, გაუშვით.
სავსე მთვარის შუქი ვერ იტანს ცრუ ენერგიებს, და სწორედ ამიტომ ხდება ხშირად ადამიანებში მოულოდნელი ემოციური აფეთქებები - ეს „გაწმენდის“ ბუნებრივი პროცესია.
ამ ტრანზიტს გავლენა ექნება ნიშნებზე: ლომი, მერწყული, ქალწული, თევზები, კურო მორიელი.
სავსემთვარეობას ზოგადად ყველა ნიშანზე აქვს გავლენა, თუმცა აღნიშნულ ნიშნებზე განსაკუთრებით ექნება“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უნახავი სიზმრები წუხელ...გახელილ თვალებს ზურგს უკაწრავენ...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
⭕ „არაჩვეულებრივად გამოიყურებით...“ - ლიკა კვარაცხელიას ახალი ფოტოები წვეულებიდან
⭕„ულამაზესი გოგონები...“ - თაკო ნაცვლიშვილის და ნინა ცქიტიშვილის ცეცხლოვანი ფოტოები საბერძნეთიდან