Digest Logo

იუპიტერი ლომში გადადის: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1782299229
ლომი ლომი ლომი

იუპიტერი რომ ლომში გადადის ამ ასტროლოგიურ მოვლენაზე ვრცელი სტატია უკვე დავწერე, ახლა კი გაეცანით ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რათა იცოდეთ, რას მოგიტანთ იუპიტერი ლომში.

პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით. ასე ცოტათი მაინც შევხედავთ მოვლენებს სხვადასხვა კუთხიდან და ასტროლოგიური ანალიზის მეშვეობით გავიგებთ რა შეიძლება მოხდეს, სად უნდა გავფრთხილდეთ და სად უნდა ვიმოქმედოთ გაბედულად:

❤ ვერძი

იუპიტერი გაივლის თქვენს ყველაზე სასიამოვნო სფეროს: სიყვარული, შემოქმედება, სპორტი, ბავშვები. შეიძლება დაიწყოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, იქნება რომანტიკული შეხვედრები, პირადი ცხოვრებაში სიამოვნების, თამაშის ეფექტი. მოაწყვეთ დღესასწაულები, დაესწარით მათ.

შექმენით თქვენი ბრენდი, განავითარეთ ჰობი. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა ან გეყოლოთ. ან დაიწყოთ მუშაობა ბავშვებთან (პედაგოგობა). ამასთან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სატურნი (სიმკაცრე) და ნეპტუნი არიან თქვენს ნიშანში (ილუზიები) და ეცადეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ გადავარდეთ ბუნდოვნებაში, ტყუილში, იყოთ დისციპლინირებულები, დაიცვათ დედლაინი, მაგრამ ძალიან მკაცრი და ასკეტურიც ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, აწარმოვეთ ბლოგი, ვლოგი.

❤ კურო

იუპიტერი მთელი წლის განმავლობაში გეყოლებათ ოჯახის, სახლის, ნათესავების, უძრავი ქონების სფეროში. შეიძლება შეიძინოთ დიდი, მდიდრული სახლი, მიწის ნაკვეთი; გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები ან დამოკიდებულება ნათესავებთან.

მოაწყოთ თქვენი სახლი მდიდრულად. თუმცა, ამავდროულად, ნუ დაგავიწყდებათ, რომ არ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება სახლთან დაკავშირებით, თუ სახლს აშენებთ, აგურებს და ტომრებს ხელით ნუ ათრევთ. შეიძლება ფული მიიღოთ უძრავი ქონებისგან (გაქირავებით).

ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ ბავშვების გაცნობა წინაპრებთან, ფესვებთან, მათთვის ოჯახური ტრადიციების გაცნობა. უბრალოდ, მოუყვეთ თქვენს გვარზე, წინაპრებზე.

ტყუპი

საუკეთესო დრო გეწყებათ, რომ დაიწყოთ ან პედაგოგობა, ან სწავლა, ჩაერთეთ მედიაპროექტებში, სარფიანად შეიძენთ ტექნიკას, გაჯეტებს, ძვირად ღირებულ ავტომობილს. გახშირდება მიმოსვლა ნათესავებთან, კომუნიკაცია და-ძმებთან, შეიძლება მოაწყოთ ან აქტიურად იმოგზაუროთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ვერძში მყოფი სატურნი თქვენგან ითხოვს მეტ კონცენტრაციას, დაწყებული საქმეებს/პროექტების დროულად დასრულებას. შეხედეთ ვინ გყავთ გვერდით ანუ კოლექტივში, საერთო საქმის კეთებისას გვერდით ერთგული ადამიანი უნდა გყავდეთ.

ეს ეხება მეგობრობასაც. მერწყულის პლუტონმა კი შეიძლება საერთოდ განსხვავებული ტრანსფორმაცია მოახდინოს თქვენზე უცხოეთთან, იურისპრუდენციასთან, პედაგოგიკასთან დაკავშირებულ თემებში.

❤ კირჩხიბი

იუპიტერი თქვენი მატერიალური სფეროს გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. შეიძლება გაგეზრადოთ შემოსავალი ან გამოგიჩნდეთ კიდევ დამატებითი წყაროები. უნდა შეძლოთ თქვენი ნიჭის მონეტიცაზია. შეიძლება მეტად უნდა მოინდომოთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოიყენოთ ფინანსების მოზიდვაში.

უნდა დაიწყოთ ფულის მოგროვება. სულ მცირედისაც კი. ამასთან, კარიერაში უნდა იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებული, არ დაარღვიოთ გრაფიკი, ნუ აჰყვებით ფანტაზიებს და ნუ გადავარდებით ილუზიებში. შეიძლება იყოს ტრანსფორმაციული ცვლილება მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით. შეიძლება პარტნიორის ფულებით შეძლოთ თქვენი ფესვების, თქვენი ფუნდამენტის გაძლიერება და თუ აქამდე ბინის გარეშე იყავით, ახლა ბინიანის (უძრავი ქონება) სტატუსი მოიპოვოთ.

და ბოლოს, ურანი თქვენი შიშების და მარტოობს სფეროშია, კონტროლეთ ემოციები, დაეყრდენით თქვენს ინტუიციას. საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით და გაიწვალებთ თავს ნერვიულობით.

❤ ლომი

ჩემო ძვირფასო ლომებო, გილოცავთ, იუპიტერი თქვენს ნიშანში გადმოდის მთელი წლით და გისურვებთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენის, გაფართოების და დაფასების შესაძლებლობა მოგეცეთ.

გვირგვინი ღირსეულად უნდა დაიდგათ და იმიჯი უნდა აიმაღლოთ, იუპიტერი მოგიტანთ წინსვლას კარიერაში, ბიზნესის გაფართოებას. შეძლებთ იდეების განხორციელებას, წარმატება და პოპულარობა გელოდებათ შემოქმედებით ლომებს.

ამასთან, თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოვიდნენ პარტნიორები (სასიყვარულოც და საქმიანიც) რომლებიც თქვენს ტრანსფორმაციას მოახდენენ. შეიძლება აქამდე არც კი იცოდით რა შეგიძლიათ.

❤ ქალწული

2027 წლის ივლისის ბოლოს იუპიტერი თქვენს ნიშანში უნდა გადმოვიდეს, მანამდე კი თქვენი საიდუმლოებების სფეროში იქნება. შეიძლება სხვებისგან ფარულად დაიწყოთ ბიზნესი, რამის შესწავლა. შეიძლება გაემგზავროთ ემიგრაციაში; უცხოეთში სწავლის, სიყვარულის ან ფულის გამომუშავების მიზნით. ან შეიძლება გაემგზავროთ სამკურნალოდ.

დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას და ქიმიურ ნივთიერებთან შეხებას. ზომიერად უნდა ხარჯოთ პარტნიორის ფულები, ფინანსები სიფრთხილით უნდა დააბანდოთ ბიზნესში. ამასთან, ტრანსფორმაციული ცვლილებები შეიძლება იყოს სამსახურის თემაში. შეიძლება კარდინალურად შეიცვალოთ პროფესია.

დახმარება შეიძლება მიიღოთ ფარულად გავლენიანი ადამიანებისგან. და კიდევ, თქვენ გიყვართ ყველაფრის მოწერიგება და ეცადეთ, ამ ერთ წელიწადში დაასრულოთ ყველა საქმე და პროექტი, თუ რამე იდეა გაქვთ, დაელოდეთ იუპიტერის თქვენს ნიშანში გადმოსვლას და მერე განახორციელეთ. მანამდე კი შეისწავლეთ ახალი ან გაიღრმავეთ ცოდნა არსებულ სფეროში, რათა მომავალ წელს წინსვლაში ხელის შეშლა არ გქონდეთ და არც სხვაზე არ იყოთ დამოკიდებული.

❤ სასწორი

იუპიტერი თქვენს სოციალურ სფეროში გადმოდის. უნდა გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში, დაიწყოთ ინტერნეტსაქმიანობა. შექმნათ ვლოგი, ბლოგი. გახდეთ კონტენტკრეატორი. უნდა შექმნათ ჯგუფი, კოლექტივი, ვისთან ერთადაც იმუშავებთ, განახორციელებთ იდეებს. თუმცა, პარტნიორულ სფეროში გყავთ ნეპტუნი და გაფრთხილდით, რომ არავინ მოგატყუოთ და სატურნი, შეიძლება მოვიდნენ გამოცდილი, მკაცრი კლიენტები.

პლუტონი გაძლევთ ტრანსფორმაციის შესაძლებლობას შემოქმედებით სფეროში და ტყუპში მყოფი ურანი გზას გიხსნით საზღვარგარეთისკენ, შეიძლება მოულოდნელად დაიწყოთ პედაგოგობა, წიგნის წერა ან ონლაინგამოსვლები.

❤ მორიელი

ჩემო ძვირფასო მორიელებო, იუპიტერის გადასვლა ლომში მოგიწოდებთ, რომ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები და დაწინაურდეთ, აიმაღლოთ კარიერული სტატუსი. ამასთან, შეიძლება დაქორწინდეთ გავლენიან, პოპულარულ ან მდიდარ ადამიანზე.

შეიძლება შეიძინოთ რაღაც ძვირადღირებული, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ და სტატუსს შეგმატებთ. ვერძში მყოფი სატურნი და ნეპტუნი მოგიწოდებთ, რომ სამსახურში იყოთ მკაცრი და ბრძენი, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

გეგმურად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. პლუტონის გავლენით არ გაართულოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, თუნდაც მემკვიდრეობის გამო. ტყუპში მყოფმა ურანმა კი შეიძლება მოგიტანოთ დამატებითი, მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გახსოვდეთ, რომ იუპიტერი სტატუსის სფეროში გყავთ და ისე ნუ მოიქცევით, რომ გვირგვინი დაკარგოთ და ცუდი იარლიყო მიიკეროთ.

❤ მშვილდოსანი

თქვენი მმართველი იუპიტერი თქვენს მეგობრულ ნიშანშია და ძალას მოგცემთ და ხელს შეგიწყობთ, რომ გაფართოვდეთ პედაგოგობის, მოგზაურობის სფეროში. არ გამიკვირდება, თუ აიღებთ კიდევ ერთ დიპლომს, სერტიფიკატს; ისწავლით კიდევ ერთ უცხო ენას; მიიღებთ დაწინაურებას.

შეიძლება თქვენს სფეროში გახდეთ ლიდერი. ამასთან, ვერძში მყოფი ნეპტუნი მოგიწოდებთ, რომ გართობასა და აზარტულ თამაშებზე ბევრი ფული არ ფლანგოთ. არ გააბათ ფლირტი ან რომანი ადამიანთან, რომელიც ხელს შეგიშლით წინსვლაში, თქვენთვის იქნება შეუფერებელი, შეგარცხვენთ საზოგადოებაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პარტნიორობის სფეროში გადარეული და არასტანდარტული ურანი გყავთ.

პლუტონი კი ცვლილებებს მოგიტანთ სწავლაში, საქმეებში. ხელშეკრულებები შეიძლება გადაიხედოს. დედმამიშვილებთან შეიძლება გართულდეს დამოკიდებულება.

❤ თხის რქა

იუპიტერი დაგეხმარებათ, რომ ფინანსებში მოძლიერდეთ. შეიძლება ფული დააბანდოთ საქმეში, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ შეიძლება მიიღოთ დახმარება სახელმწიფოსგან. შეიძლება თქვენს პარტნიორს გაუუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა და თქვენც ისარგებლოთ ან შეიძლება ერთად დააბანდოთ ფული საერთო საქმეში. არაა გამორიცხული, რომ რაღაც საქმის ან იდეის გამო აიღოთ დიდი კრედიტი. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ სარფიანი მემკვიდრეობა. ამასთან, პლუტინიც ფინანსების სფეროში გყავთ და სერიოზული ტრანსფორმაცია გელოდებათ ამ სფეროში. თქვენი მმართველი სატურნი სახლის, უძრავი ქონების სფეროში დაგიჯდათ და ნუ გახდებით დიქტატორი ოჯახის წევრების მიმართ, თუნდაც ფულის გამო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახლში არ შეუშვათ აფერისტი ადამიანები, არ გააფორმოთ მათთან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება.

❤ მერწყული

ჩემო ძვირფასებო, იუპიტერი გადმოდის თქვენი პარტნიორების სფეროში. შეიძლება საქმეები ან პირადი ცხოვრება დაუკავშიროთ გავლენიან, ღირსეულ, ფულიან ადამიანს. თქვენი პარტნიორი შეიძლება გახდეს ცნობილი, ფულიანი, წარმატებული. გაუმართლოს რაღაც საქმიანობაში, ან დაუმეგობრდეთ ასეთს. შეიძლება გააფორმოთ ხელშეკრულება, რაც მოგიტანთ ფულს, წარმატებას, ცნობადობას. იუპიტერი მოითხოვს, რომ პარტნიორის მიმართ მეტად თბილი და მოსიყვარულე გახდეთ. თქვენს ნიშანშია პლუტონი, რომელიც ითხოვს ტრანსფორმაციას, რადიკალურ ცვლილებას. ვერძში მყოფი თქვენი მმართველი სატურნი მოითხოვს, რომ გადაამოწმოთ ადამიანები სანდოობაზე, იყოთ დაკვირვებული წესების, კანონის, მგზავრობის დროს.

ნეპტუნმა არ შეგიშალოთ ხელი სწავლაში, არ ენდოთ ბუნდოვან ადამიანებს, გადაუმოწმებენ ინფორმაციას, არ მოაწეროთ ხელი საბუთს, სანამ არ გადაიკითხავთ. თქვენ ხართ მეგობრული, მაგრამ ახლა მეგობრების გადათვლის დროა. გვერდით საქმით და წლობით გამოცდილი ადამიანები უნდა გყავდეთ. თქვენი მეორე მმართველი ურანი კი ტყუპში გყავთ და კარგია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მაგრამ რომანებთან ფრთხილად, ფლირტი შეიძლება ვნებიან რომანში გადაიზარდოს და შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ მშობელი გახდებით.

❤ თევზები

ჩემო საყვარელო თევზებო, თქვენი მმართველი იუპიტერი თქვენი ყოველდღიური საქმეების, ჯანმრთელობის სფეროშია. შეიძლება მოგემატოთ ვალდებულებები. შეიძლება გავლენიან ან მდიდარ ადამიანებთან დაიწყოთ მუშაობა. ან შეიძლება კოლეგებისთვის გახდეთ მრჩეველი, გურუ და ხშირად მოგმართონ რჩევისთვის. მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ახლა თქვენი კეთილდღეობა თქვენს სტატუსზე მოქმედებს და რაც უფრო მეტად იჯანმრთელებთ, მით მეტად იქნებით დაფასებული საზოგადოებაში. არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება. პირიქით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, შეგიძლიათ მეტად დააფასოთ თქვენი ცოდნა და საქმიანობა.

ამას გირჩევთ ვერძში მყოფი სატურნიც, მაგრამ ნუ ენდობით ადამიანებს, განსაკუთებით, როცა საქმე ფულს ეხება, ჯერ ფული აიღეთ, ავანსი მაინც, და მერე შეასრულეთ საქმე. ამასთან, რა თანხასაც აიღებთ, ერთ წუთში არ დახარჯოთ. იყავით მომჭირნე. პლუტონი თქვენი საიდუმლოებების სფეროში გყავთ, ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს სხვებისგან ფარულად. კარგი იქნება, გამაჯანსაღებელი პროცედურები, თუნდაც აღმოსავლური პრაქტიკები (ციგუნი, იოგა, თაი-ძი), მაგრამ სხვებისგან ფარულად. არაა გამორიცხული, რომ იყოს ფარული შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან ან ფარულად მოგიწიოთ მოქმედებამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

რეტროგრადული მერკური და ურთიერთობები: ყოფილი, ახალი თუ ძველი სცენარის განმეორება?

„იგივეა, ყვავილს სთხოვო აყვავდეს უწყლო და ბნელ ნიადაგში და თუ ვერ იზრდება, თავად ყვავილი დაადანაშაულო“ - რა მნიშვნელობა აქვს სოციუმს ადამიანისთვის?

ქირონის ინგრესია კუროს ნიშანში: ტენდენციები, რომლებიც ერთი წლის შემდეგ გამოვლინდება და 2027-2034 წლებში განვითარდება