Digest Logo

„ივნისის შუა რიცხვებამდე გველოდება სერიოზული კატასტროფული მოვლენების განვითარება სამყაროში“ - ნინა ხომერიკის პროგნოზი „ლილიტის“ 9-თვიან ციკლზე მორიელში

1743756634
ნინა ხომერიკი

„2025 წლის 27 მარტს, „ლილიტმა“, ანუ იგივე შავმა მთვარემ, რომელიც პირად რუკაში არის დემონის, იგივე მაცდურის პროექცია, შეიცვალა ნიშანი და 9 თვით შევიდა მორიელის სამფლობელოში, ანუ 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე დარჩება ამ ზოდიაქოში. ის არის ილუზიების, მირაჟის, ჰალუცინაციების სიმბოლო, რომელიც ხშირად დამანგრეველია“,- ამის შესახებ ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს და ლილიტის 9-თვიან ციკლზე მორიელში და მის გავლენაზე ზოდიაქოს ნიშნებისთვის საზოგადოებას ასტროპროგნოზი გაუზიარა.

„შავი მთვარე ქმნის ყალბ წარმოსახვას, რომელიც ახდენს ჩვენს ცხოვრებაში ილუზიების ფორმირებას და ამავდროულად ყურადღების მიზიდვის ცენტრს, ანუ ხელს უწყობს ისეთი სიტუაციების განვითარებას, რომელიც ემოციურად მგრძნობიარეა და არ შეგვიძლია მათი გვერდის ავლა.

„ლილიტი“ აღვიძებს ადამიანებში ყველაზე ბნელ მხარეებს, შინაგან დემონებს და ცხოველურ თვისებებს, ახდენს ჩვენს პროვოცირებას ინსტიქტების დონეზე, ავლენს ადამიანის ყველაზე მდაბიო თვისებებს და ხშირ შემთხვევაში აგრესიას. ყოველ 9 თვეში ერთხელ, „შავი მთვარე“ იცვლის ნიშანს და შესაბამისად იცვლება ის თემებიც, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში არის განსაკუთრებით სენსიტიური და მნიშვნელოვანი.

მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ამჯერად ის იდგება, 2025 წლის მარტის ბოლოდან - დეკემბრის ბოლომდე, ძალიან ძლიერია და განსაკუთრებით საგრძნობი და ინტენსიური იქნება მისი ძალების ზემოქმედება აპრილის 20 რიცხვიდან, როდესაც მისი დახმარებით შეიკვრება დიდი ჯვარი ცის კაბადონზე, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას მორიელის ორივე მმართველი პლანეტა: ომების ღმერთი მარსი, სიკვდილის და მიცვალებულთა ქვესკნელის (ჯოჯოხეთის) უზენაესი ღმერთი - პლუტონი და დემონური ძალების მომტანი ლილიტი და 2025 წლის აპრილის მეორე ნახევრიდან - ივნისის შუა რიცხვებამდე გველოდება სერიოზული კატასტროფული მოვლენების განვითარება სამყაროში.

„შავი მთვარის“ წინა ტრანზიტი მორიელის ზოდიაქოს ნიშანს სტუმრობდა, 2016 წლის მაისიდან - თებერვლის ბოლომდე 2017 წლის, უფრო ადრე კი 2007 წლის ივლისიდან - აპრილის ბოლომდე 2008 წლის, ეცადეთ გაიხსენოთ რა პრობლემების წინაშე იდექით და როგორი ემოციებით იყავით, მაშინ შეპყრობილი, რომელმაც არ მოგცათ ყურადღების გადატანის საშუალება. როგორც წესი, მორიელის თემები უკავშირდება ფინანსებს, ერთობლივ ქონებას, მემკვიდრეობას, დაგროვილ თანხებს, გადასახადებს, საგადასახადოებს და ზოგადად, ისეთი სახის გარიგებებს, სადაც დიდი ფული ფიგურირებს.

„შავი მთვარე“ მორიელში, ასევე პოვებს გამოხატულებას პირად ცხოვრებაშიც, როგორიც არის: ეჭვიანობა და უნდობლობა, პარტნიორულ ურთიერთობებში, ადამიანის კეთილსინდისიერებაში და ერთგულებაში, ასევე საერთო შემოსავლების სწორად განაწილებაში. ლილიტი ამ ზოდიაქოში აღვიძებს ჩვენს შიშებს და ფობიებს, რომლის გაკონტროლებაც რთულია.

მორიელი არის ფინანსების და რესურსების სიმბოლო, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც მატერიალური, ასევე ენერგეტიკული, აგრეთვე ასოცირდება ბანკებთან, საკრედიტო და იპოთეკურ ორგანიზაციებთან, საფონდო ბირჟასთან და ამ ტრანზიტის პერიოდში, თითოეული ჩვენგანი ზუსტად მიხვდება სიტყვა - კრიზისის მნიშვნელობას.

ასეთ დროს მოსალოდნელია კერძო ბანკები დაექვემდებარონ სახელმწიფო კონტროლს, მაგალითად გასული ტრანზიტის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა იპოთეკური კრიზისი, 2007-2008 წლის ტრანზიტმა კი გამოიწვია ბევრი ბანკის გაკოტრება და საფონდო ბირჟების ჩამოშლა და ახლაც შესაძლებელია, განსაკუთრებით აპრილ-მაისის თვეებში შეიქმნას პრობლემები საბანკო დეპოზიტების აღებასთან დაკავშირებით.

მორიელი ასევე ასოცირდება შავ შემოსავლებთან, მაქინაციებთან, ოფშორულ თანხებთან და ამ ტრანზიტის პერიოდში გამოვლინდება დიდი ფინანსური მაქინაციების მთელი სერია, სკანდალური და ჭუჭყიანი ისტორიები, რომელშიც გარეულნი იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს თითქმის წმინდანებად ასაღებენ, გაიხსნება რამდენიმე სერიოზული კორუფციული სქემა, რომელსაც შეუძლია იმუშაოს, როგორც კატალიზატორმა სერიოზული ბუნტის და პროტესტის დასაწყებად.

მორიელის ზოდიაქო არის განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე სიმბოლო, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია მოიტანოს მასობრივი გამოსვლები, პროტესტები, დემონსტრაციები და ადამიანების უკმაყოფილება მსოფლიოში, ამ ტრანზიტის პერიოდში მოსალოდნელია გატარდეს გარკვეული საკანონმდებლო რეფორმები დასაქმების, საგადასახადო და საპენსიო სისტემებში და ეს ყველაფერი პოზიტიურ ჭრილში დეკლარირდება, თუმცა სინამდვილეში პოზიტიური სულაც არ იქნება.

რაც შეეხება სახელმწიფოებს, ვისზეც მეტ გავლენას იქონიებს „შავი მთვარის“ ტრანზიტი, მათი სახელმწიფო და ნაციონალური დღესასწაულები ან მნიშვნელოვანი თარიღები 2 და 3 ოქტომბრის რიცხვებს ემთხვევა, ეს ციფრები საყურადღებოა იმიტომ, რომ „ლილიტის“ და მზის პირობითი შეერთება, ანუ ამ ციკლის ათვლის წერტილის აღება მოხდა 2024 წლის 2 და 3 ოქტომბერს, შესაბამისად ა/წ აპრილში დადგება იმ სიტუაციების შედეგები, რომელსაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

ეს თარიღები მნიშვნელოვანია შემდეგი ქვეყნებისთვის: 3 ოქტომბერი არის ირანის ეროვნული დღე, ასევე კორეის რესპუბლიკის და გერმანიის გაერთიანების დღე, აგრეთვე თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის დღე და ინდონეზიის შეიარაღებული ძალების დღე, ამიტომ, 2025 წლის აპრილი-მაისის პერიოდი, გახდება კონკრეტულად ამ სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესების კატალიზატორი. რაც შეეხება ადამიანებზე გავლენას, ეს ტრანზიტი განსაკუთრებით აპრილ-მაისში, გაამძაფრებს ეჭვიანობისა და უნდობლობის გრძნობას, ვნებებს, ღრმა ფსიქოლოგიური კუთხით წარმოშობს თვითგვემას, საკუთარ თავში ძიებას, თვითრეფლექსიას და გექნებათ შეგრძნება, რომ რაღაც ისე ვერ არის და აუცილებელია ეცადოთ დაამშვიდოთ თქვენი ემოციური ფონი, აგრეთვე აპრილი-ივლისის პერიოდში მოსალოდნელია მზეზე დიდი აფეთქებები.

ურთიერთობების კუთხით, ეს ტრანზიტი ბადებს უნდობლობას და ეჭვიანობას, რაც შეიძლება ეხებოდეს როგორც ერთგულების საკითხებს, ასევე ფინანსურ თემებს.

ვერძი:

ვერძებისათვის „შავი მთვარის“ ტრანზიტი გაივლის მე -VIII-ე ასტრო-ველს, რომელიც ერთობლივი ფინანსებისა და რესურსების სახლია და ასეთ დროს შესაძლოა გაჩნდეს მეტი უნდობლობა საქმიანი და პირადი პარტნიორის მიმართ, საერთო ფინანსების ან ქონების ჭრილში. პირად ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, თქვენი საერთო ბიუჯეტის გამოყენების საზღვრებსა და პრინციპებთან დაკავშირებით. ასეთ დროს, შესაძლოა არასწორად იყოს გათვლილი ხარჯები, გადასახადები და ჯარიმები, მოსალოდნელია სხვადასხვა ხასიათის ფინანსური კონფლიქტები მემკვიდრეობის, საერთო ქონების ან ერთობლივად ნაშოვნი ფულის გამო. ასევე მე -VIII-ე სახლი ასოცირდება იმ ფინანსებთან, რომელსაც ვიყენებთ, როგორც ინვესტიციას, ამიტომ, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საბანკო ინვესტიციების კუთხით, გასათვალისწინებელია გარკვეული ნიუანსები და უნდობლობა ამ ორგანიზაციის მიმართ, შეძლებს თუ არა დროულად დაგიბრუნოთ თქვენი ფული. ერთის მხრივ, ეს მართლაც ის თემაა, რაზედაც კარგად ღირს დაფიქრება, საჭიროა ნდობა და წესრიგი, მაგრამ მეორეს მხრივ, შავი მთვარე გვაძლევს უფრო მეტ აფექტს, ემოციურ ჩართულობას, ეჭვს, უნდობლობას, ვიდრე რეალურად არის საჭიროა, ამიტომაც ამ საკითხში ზედმეტად დაძაბვა არ არის საჭირო. შავი მთვარის ტრანზიტი მე- VIII-ე სახლში გააღვიძებს თქვენს ვნებებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უნდობლობა პირად ურთიერთობებში, თუმცა, ასევე შესაძლებელია თქვენ მოირგოთ მოღალატის მანტია, როდესაც თქვენი ცხოვრების გზაზე გამოჩნდება ცდუნებები. ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ფინანსებისა და ინვესტიციების საკითხები, რადგან არსებობს რისკი, გააკეთოთ არასწორი კაპიტალდაბანდება, რაც არ მოიტანს სასურველ შედეგებს, განსაკუთრებით თუ ეს არის ისეთი შეთავაზება, რომელსაც სწრაფი პასუხი სჭირდება და სადაც მოკლე დროში დიდ შემოსავლებს დაგპირდებიან, ამიტომ საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე, რომ არ განიცადოთ კრახი და გაგიცრუვდეთ იმედები. აგრეთვე ეცადეთ არ მოახდინოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობების, ანგარიშებისა და ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის აფიშირება, რომ არ მოხდეს მათი თქვენს წინააღმდეგ გამოყენება. მე- VIII-ე სახლი ასევე არის ჩვენი შიშებისა და ფობიების სექტორი, რომელიც მოგყვებათ ბავშვობიდან და ასეთ დროს, ერთ-ერთმა ასეთმა შიშმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. საერთო ჯამში, ტრანზიტის ამ პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება ფინანსურ საკითხებს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს თეთრად, სწორად, დროულად, გამჭვირვალედ და გასაგებად და არ დააბანდოთ თქვენი ფინანსები საეჭვო პროექტებში.

კურო:

კუროებისათვის „შავი მთვარის“ ტრანზიტი გაივლის მე- VII-ე ასტრო-ველს, რომელიც ჩვენი პირადი, საქმიანი და მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სექტორია და შავი მთვარე შექმნის არასასიამოვნო სიტუაციებს, მაგალითად: შესაძლოა შეგრცხვეთ თქვენი პარტნიორის ქცევის გამო, ან სულაც დაკარგოთ მის მიმართ ნდობა და გაგიჩნდეთ ეჭვი, რომ რაღაცას გიმალავთ, თუმცა, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ შავი მთვარე ბადებს ილუზიებს, ამიტომ თუ მოვა მსგავსი ემოციები, არ არის რეკომენდებული დამოუკიდებლად დაიწყოთ რაიმეს გამოძიება, სწორი იქნება ღიად ესაუბროთ თქვენს პარტნიორს ამ თემაზე, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი გაუგებრობები. ასეთ დროს შესაძლებელია თქვენი მეორე ნახევარი რაიმეთი დაინტერესდეს, გამოიჩინოს ზედმეტი აზარტულობა, ან მოუნდეს სწრაფად გამდიდრება და ამ შემთხვევაში, თქვენი ამოცანა არის აუხსნათ მას, რომ ეს არის ილუზია და რეალურად, ეს გზა, არ მოუტანს წარმატებას, ანუ დაეხმაროთ მას დაინახოს სწორი გზა. რაც შეეხება მეგობრულ ურთიერთობებს, მოსალოდნელია უჩვეულო სიტუაციები, როდესაც მაგალითად: თქვენს მეგობრებს შორის მოხდება კონფლიქტი და თქვენ მოგიწევთ მედიატორის როლის შესრულება, დეტალურად მათი აზრისა და სიმართლის მოსმენა, რის გამოც ორ ცეცხლს შუა მოხვდებით. საქმიანი ურთიერთობების მხრივ, მოსალოდნელია არასასიამოვნო სიტუაციების განვითარება, მაგალითად: თქვენს მომხმარებელთან დიალოგში, შესაძლებელია ამბად მოჰყვეთ სხვა მომხმარებლის ისტორია და ისინი აღმოჩნდნენ ერთმანეთის კარგი ნაცნობები, ამიტომ, ასეთ დროს, უმჯობესი იქნება არ ისაუბროთ ზედმეტი იმ ადამიანებთან, ვისაც კარგად არ იცნობთ, ასევე თუ თქვენი საქმიანობა დამოკიდებულია მომხმარებელთან ურთიერთობაზე, შესაძლებელია მოგიწიოთ ბევრ ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობა. ზოგადად, როდესაც შავი მთვარის ტრანზიტი გადის ურთიერთობების სექტორს, ნებისმიერ ჩვენს კომუნიკაციაში ჭარბობს ეჭვიანობა და გვექმნება მათ მიმართ უფრო ცუდი განწყობა და წარმოდგენა ვიდრე იმსახურებენ რეალურად. ასევე, ამ ტრანზიტის დროს, უახლოეს გარემოცვას შეუძლია ჩაგითრიოთ თქვენთვის არასახარბიელო სიტუაციაში, მაგრამ ეცდებიან თქვენით, თქვენი სურვილებით, ინტერესებით მანიპულირებას, იმისათვის რომ შეგიტყუონ ისეთ გარემოებაში, რაც მათთვის მომგებიანია, ამიტომ, ამ ტრანზიტის პერიოდში, ეცადეთ არ მიიღოთ სწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისთანაც გაკავშირებთ საქმე და ეცადეთ იყოთ ობიექტური.

ტყუპები:

ტყუპებისათვის „შავი მთვარის“ ტრანზიტი გაივლის მე -VI-ე ასტრო-ველს და ეს პერიოდი თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოგიტანთ დისკომფორტს და ეჭვებს, ამ შემთხვევაში, მართლაც გასათვალისწინებელია გარკვეული ნიუანსები, მაგალითად: თუ ამ ტრანზიტის დროს, ჩააბარებთ ანალიზებს, შესაძლოა დაუშვან შეცდომები ან გამოგიგზავნონ სხვა პაციენტისათვის განკუთვნილი პასუხები და დაგისვან არასწორი დიაგნოზი, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში, თუ ჩაიტარებთ მკურნალობის კურსს, ან კვლევებს, საჭიროა გამოიჩინოთ ყურადღება, გადაამოწმოთ პასუხები, განმეორებით ჩააბაროთ სხვა კლინიკაში, ან მოისმინოთ სხვა მკურნალი ექიმის ალტერნატიული აზრი, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, მოსალოდნელია შეცდომების დაშვება. ასევე მოსალოდნელია დაგეუფლოთ შიში და მიუღებლობა ზოგიერთი ცხოველის, ან მწერის მიმართ. აგრეთვე შესაძლოა არასასიამოვნო სიტუაციების განვითარება სამსახურში, განსაკუთრებით თანამშრომლებთან, ან მომხმარებლებთან ურთიერთობის ნაწილში, ანუ, ასეთ დროს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს ზურგს უკან საუბრობენ, ამიტომ, უმჯობესი იქნება არ ილაპარაკოთ ზედმეტი საკუთარ თავზე სამსახურში. თუ თქვენთვის აქტუალურია სამსახურებრივი რომანის თემა, ამ ტრანზიტის პერიოდში, შესაძლოა მოხდეს მისი აფიშირება, რაც წარმოშობს ბევრ არასასიამოვნო ჭორს, ასევე საჭიროა გამოიჩინოთ მეტი ყურადღება საქმესთან მიმართებაში, რადგან, არსებობს სიჩქარისა და მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვების ალბათობა. თუ ამ პერიოდში იქნებით სამსახურის ძიებაში, საჭიროა სიფრთხილე, რადგან შეიძლება მათი დაპირება და რეალობა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს, ამიტომ, უმჯობესი იქნება, დამსაქმებელთან დეტალურად გაიაროთ ყველა პუნქტი. ასევე მე- VI-ე სახლი, სადაც იდგება შავი მთვარე, არის თქვენი საცხოვრებელი პირობების სიმბოლო და ასეთ დროს, საჭიროა განსაკუთრებით იზრუნოთ წესრიგზე, რადგან რაც უფრო მეტად მოწესრიგებული და სუფთა იქნება თქვენი გარემო, მით უფრო ნაკლები გავლენა ექნება ლილიტის ტრანზიტს თქვენს ცხოვრებაზე, ასევე ეს სექტორი არის ჯანსაღი ცხოვრების სექტორი, ამიტომ, ამ პერიოდში, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჩვევებს, ძილის, კვებისა და დასვენების რეჟიმს, რადგან ასეთი ტრანზიტის დროს, ჩვეულებრივზე მეტად ხდება კვებითი ინტოქსიკაცია, ამიტომ საყურადღებოა იმ პროდუქტების ხარისხზე აქცენტების გაკეთება, რომელსაც მიირთმევთ.

კირჩხიბი:

კირჩხიბებისათვის „შავი მთვარის“ ტრანზიტი გაივლის მე-V-ე ასტრო-ველს, რომელიც არის ბედნიერების და დღესასწაულის სექტორი, რომელიც ჩვენი შვილებისა და გართობის სიმბოლოა. საერთო ჯამში თქვენთვის ეს ძალიან პოზიტიური ტრანზიტია, რადგან აკეთებს დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან. ერთის მხრივ ის შექმნის თქვენთვის ემოციურად მგრძნობიარე სიტუაციებს, ხოლო მეორეს მხრივ თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. მისი გავლენა პირველ რიგში გავლენას მოახდენს თქვენს გატაცებებზე, კარგი დროა შემოქმედებითი აქტივობისთვის, იმისათვის, რომ საკუთარ იდეებზე დაყრდნობით შექმნათ სიახლეები, იაროთ ცეკვებზე ან დაკავდეთ ხელოვნებით, აგრეთვე შესაძლებელია ეს იყოს თქვენი სამსახური, სადაც ისევ თქვენს იდეებზე დაყრდნობით შექმნათ შედევრი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ ტრანზიტის პერიოდში გეწვიოთ სერიოზული გრძნობა და ეს იქნება ისეთი ურთიერთობა, რომელიც ღრმა კვალს დატოვებს თქვენს ცხოვრებაში, ერთის მხრივ ეს ყველაფერი შესაძლოა დაიწყოს როგორც ფლირტი, თამაში, გატაცება და შემდეგ გადაიზრდება სერიოზულ და დიდ ურთიერთობაში, სადაც იქნება ძალიან ბევრი ემოციები და ვნება. ძალიან ხშირად, ამ ტრანზიტის პერიოდში, გვხვდებიან ისეთი ადამიანები, ვინც იწვევს ჩვენში ინტერესს და თუ უკვე ხართ ურთიერთობაში და არანაირ ცვლილებებს არ გეგმავთ, ასეთ დროს მოგინდებათ მეტი ვნება, ან თუ უკვე დიდი ხნის პარტნიორები ხართ და პირვანდელი ცეცხლი აღარ გიზგიზებს, ასეთ დროს მოისურვებთ ამ ემოციების თავიდან დაბრუნებას, რომანტიზმს, სიყვარულის გამოხატვას და ყველა იმ შეგრძნების გაღვიძებას, რომელიც გქონდათ ურთიერთობის დასაწყისში. თუ ეს გექნებათ რეალურ ცხოვრებაში, შეგიძლიათ მოძებნოთ ვირტუალურად, მაგალითად: გააბათ ფლირტი ონლაინ სოციალური ქსელების დახმარებით, წაიკითხოთ რომანები ან უყუროთ ამ შინაარსის ფილმებს, ასე თუ ისე შავი მთვარე ამ სექტორში გააღვივებს თქვენში ვნებებს. ამ ტრანზიტის უარყოფით ნაწილში, არ მოგინდებათ იყოთ დაკავებული სერიოზული საქმით, სურვილი გექნებათ მხოლოდ გართობის, მეგობრებთან დროის გატარების, რელაქსის, ანუ ყურადღების უდიდეს ნაწილს გადაიტანთ, მხოლოდ გართობაზე და ისეთ რამეზე, რაც არ მოგიტანთ სასურველ შედეგებს. ბავშვებთან ურთიერთობაში ასევე გამოვლინდება შავი მთვარის ენერგია და ასეთ დროს არ იქნება მათთან ურთიერთობა მარტივი. თუ თქვენ გყავთ პატარა შვილი, შესაძლოა მის მიმართ გაგიჩნდეთ გადამეტებული მზრუნველობის სურვილი, ან დაგეუფლოთ შიშები და ეჭვი მისი ინტერესების და ჯანმრთელობის მიმართ და აუცილებელია განდევნოთ მსგავსი აზრები. ასევე შესაძლოა მოიმატოს ფორიაქმა შვილთან ურთიერთობის ნაწილში, თუ ის არ იქნება თქვენი თვალთახედვის არეალში და გაცდება კონტროლის ზონას, დაკარგავთ მოსვენებას, ნეგატიურად იმუშავებს თქვენი ფანტაზია, წარმოიდგენთ უარყოფით სიტუაციებს და მსგავსი ემოციების მოსვლის შემთხვევაში აუცილებელია მათი განდევნა, რადგან ეს არის შავი მთვარის პროვოკაცია, რომელიც ადამიანში აჩენს ჰიპერ მზრუნველობას. ლილიტს შეუძლია მოგიტანოთ უკუეფექტიც, როდესაც თქვენ მაქსიმალურად ჩართული იქნებით საკუთარ საქმიანობაში, გატაცებაში, პირად ცხოვრებაში, ძალიან ცოტა დროს დაუთმობთ საკუთარ შვილს და ცოტა რამ ვიცით მისი ინტერესების შესახებ, ამიტომ აქ საჭიროა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ეს ძალიან კარგი ტრანზიტია შემოქმედებითი ადამიანებისათვის, ვინც მუშაობს პროექტებში, ქმნის რაღაცას, აქვს საკუთარი ბლოგი ან youtobe არხი. კიდევ ერთი მინუსი, რაც ამ ტრანზიტს ახასიათებს, არის შური და ეჭვიანობა მათ მიმართ, ვინც მეტად პოპულარულია გარკვეულ წრეში, ვიდრე თქვენ, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენი თანამშრომლები ნაკლებად გაფასებენ, ვიდრე სხვებს სამსახურში, ან თქვენი შვილები სხვის სიტყვას უფრო მეტ პატივს სცემენ ვიდრე თქვენსას, ეს ყოველივე გაგიჩენთ ეჭვიანობის გრძნობას, რაც აგრეთვე შავი მთვარის გავლენად ჩაითვლება.

ლომი:

ლომებისათვის „შავი მთვარის“ ტრანზიტი გაივლის მე-IV-ე ასტრო-ველს, რომელიც არის ჩვენი სახლის, სამშობლოს და ოჯახური ურთიერთობების სექტორი. ასეთ დროს საჭიროა გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობები თქვენი ოჯახის წევრების მიმართ და არ მიმართოთ თქვენი ენერგიები მხოლოდ სამსახურებრივი თემებისკენ, კარიერისკენ და პირადი წარმატებისკენ. თუ ამ პერიოდში გეგმავთ საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას, აუცილებელია კარგად დაუკვირდეთ, ვინაიდან შესაძლოა ახალი ბინა არ აღმოჩნდეს ისეთი კომფორტული, როგორც თქვენ წარმოგედგინათ, ან შეიქმნება საბუთების პრობლემა, ამიტომ საჭიროა ყველაფერი დეტალურად შემოწმდეს, აგრეთვე მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ წესრიგი საკუთარ სახლში, რაც უფრო მეტი სისუფთავე იქნება თქვენს საცხოვრებელ ფართში და რაც უფრო მეტად დალაგებული იქნება თქვენი ოჯახური ურთიერთობები, მით უფრო მეტი პატივისცემა იქნება სახლში და ნაკლებ გავლენას იქონიებს შავი მთვარის ტრანზიტი თქვენს ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია თავიდან აირიდოთ ნებისმიერი სახის, განსაკუთრებით ოჯახური კონფლიქტები, აუცილებელია პატივი სცეთ თქვენს ნათესავებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზოგიერთი მათგანი იწვევს თქვენში არასასიამოვნო ემოციებს და ცდილობს თავზე მოგახვიოს საკუთარი იდეები და აზრები. არასასურველი პერიოდია სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, შეიძლება არ მოგეწონოთ საბოლოო შედეგი, შეგხვდნენ არაკეთილსინდისიერი მოხელეები, ამიტომ უმჯობესია თავი შეიკავოთ ან საქმის დაწყებამდე შეთანხმდეთ კონკრეტულ დეტალებზე, ხარისხზე, ვადებზე და არ გადაუხადოთ წინასწარ ფული. აგრეთვე მოსალოდნელია თქვენი ოჯახის წევრის ქმედების გამო, თქვენ შეგრცხვეთ და ეცდებით დამალოდ ეს ფაქტი. ერთი სიტყვით, ამ პერიოდში, მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს, სახლს, თქვენს უახლოეს გარემოს, პრიორიტეტების ათვლა აქედან უნდა დაიწყოთ, ასევე საყურადღებოა ქონებასთან დაკავშირებული საბუთები, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ საკუთრებასთან დაკავშირებული გადასახადების მიმართ, რადგან ამ სექტორში დგას შავი მთვარე, რომელსაც შეუძლია შექმნას ბევრი პრობლემა, დაგერიცხოთ ჯარიმები ან თუ იჯარით გაქვთ აღებული ნებისმიერი სახის უძრავი ქონება, შესაძლოა მეიჯარეს თქვენს მიმართ გაუჩნდეს პრეტენზიები, ან გაზარდოს ქირა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ მეიჯარე, კარგად დააკვირდით და გაარკვიეთ ვის უშვებთ თქვენს საკუთრებაში და სწორად გააფორმეთ ხელშეკრულება, ვინაიდან ახალმა მოიჯარეებმა შეიძლება არ შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადონ დროულად იჯარის გადასახადი, დააზიანონ არსებული ქონება, ან საერთოდ, თქვენი ნებართვის გარეშე, თვითნებურად მოიყვანონ ახალი მოიჯარეები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეტი ყურადღება დაუთმოთ ოჯახს, თქვენს ვალდებულებებს და საბუთებს, რაც უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული.

ქალწული:

ქალწულებისათვის, „შავი მთვარის“ ტრანზიტი გაივლის მე-III-ე ასტრო-ველს, რომელიც არის ჩვენი გარემოსთან დამაკავშირებელი, ინფორმაციული ველის სექტორი და ასეთ დროს, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ყოველ სიტყვას, ვის და რას ეუბნებით და ასევე გაუფრთხილდეთ საკუთარ ინფორმაციას, მათ შორის ისეთს, რომელსაც ინახავთ ელექტრონულად. ასეთ დროს მოსალოდნელია თქვენსა და გარემოცვას შორის გაუგებრობების წარმოშობის ალბათობა, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს ადამიანები, თქვენს ზურგს უკან ჭორაობენ და ეჭვით მიიღებთ ყველა ინფორმაციას, რაც მოვა გარემოცვისაგან. აუცილებელია აკონტროლოთ თქვენი საუბარი, არ გამოიყენოთ ხისტი და არასასიამოვნო სიტყვები დიალოგში, თავი აარიდეთ ჭორებს და გარჩევებს. მე-III-ე სახლი ასევე ასოცირდება საბუთებთან, რაც თქვენგან დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რომ არ დაიკარგოს ან დროულად განაახლოთ. აგრეთვე ამ პერიოდში შესაძლოა ინანოთ წარსულში ნათქვამი სიტყვებისა და მოყოლილი ამბის გამო. ამ ტრანზიტს შეუძლია მოგიტანოთ ქაოსი, დამენეჯმენტების ნაწილში, მაგალითად: აგერიოთ დათქმული შეხვედრის დრო და ადგილი, რაც თქვენი ნიშნისათვის დამახასიათებელი არ არის, ამიტომ კარგი იქნება ადრეულად დაიჭიროთ თადარიგი, რომ არ იჩქაროთ. ასევე მე-III-ე სახლი უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებებს, ტექნიკას და ამიტომ შესაძლებელია ყველაზე მნიშვნელოვან დროს, თქვენი კომპიუტერი ან მობილური გამოვიდეს მწყობრიდან, დაგეკარგოთ საჭირო ფაილი, წაიშალოს მესიჯი, კონტაქტი ან პროგრამა თვითნებურად, აქედან გამომდინარე, ეცადეთ მხოლოდ ერთ მოწყობილობაზე არ შეინახოთ საჭირო ინფორმაცია. ასევე, ეს სექტორი გულისხმობს თქვენს დედმამიშვილებთან და მეზობლებთან ურთიერთობას, სადაც აგრეთვე მოსალოდნელია გაუგებრობების ალბათობა, ურთიერთობების გაფუჭება, კონფლიქტები და მაღალი ემოციური ფონი. თუ მთელი ამ ტრანზიტის პერიოდში შეიძენთ ნებისმიერი სახის ტექნიკას, მაგალითად: მობილურს, კომპიუტერს, პლანშეტს და ა.შ. შეეცადეთ არ შეიძინოთ ეს ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით, უმჯობესი იქნება მიხვიდეთ და პირადად ნახოთ რას ყიდულობთ. ასევე მოსალოდნელია შეფერხებები და შეცდომები, მაგალითად: მისამართებში ან სახელსა და გვარში, ამანათების მიღებასა და გაგზავნასთან დაკავშირებით. ზოგადად სრულად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნება ინფორმაციის სწორად გაგების, გააზრებისა და გადაცემის პრობლემა, იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე ზუსტად ვერ იგებთ მიღებულ ინფორმაციას, უმჯობესი იქნება ჯერ თავად კარგად გაარკვიოთ ყველაფერი და შემდეგ მოუყვეთ სხვებს. ასევე მე-III-ე სახლი განათლების მიღების სიმბოლოა, რომელიც ასოცირდება კურსებთან და ასეთ დროს შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ გარკვეული მიმართულებით გაკლიათ ცოდნა და მოგინდებათ ან მოიძიოთ შესაბამისი ინფორმაცია, ან გაიაროთ გარკვეული კურსები. ხშირად მსგავსი ტრანზიტის დროს, ადამიანებს უჩნდებათ მახსოვრობის პრობლემა, ავიწყდებათ გარკვეული სიტყვები, ინფორმაცია, ამიტომ უმჯობესი იქნება ხშირად ავარჯიშოთ ტვინი. სხვა ადამიანებთან ურთიერთობების დროს გაგიჩნდებათ სურვილი, გაახსენოთ მათ მიერ წარსულში დაშვებული შეცდომები, ჩადენილი ცოდვები და გაიხსენოთ წარსული, არასასიამოვნო სიტუაციები. იმისათვის, რომ შეასუსტოთ შავი მთვარის გავლენა, საჭიროა ესაუბროთ ადამიანებს გახსნილად, ალალად და ეკონტაქტოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ, რომ დაგეკონტაქტონ.

სასწორი:

სასწორებისთვის „შავი მთვარის“ ტრანზიტი გაივლის მე-II-ე ასტრო-ველს, რომელიც ჩვენი შემოსავლების, რესურსისა და თვითშეფასების სიმბოლოა. ამ შემთხვევაში, შავი მთვარე შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც გადაჭარბებული სიხარბე და ეკონომიურობა ან გადაჭარბებული მფლანგველობა, ორივე შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა საკუთარი ფინანსების მიმართ, არის მცდარი და მნიშვნელოვანია იპოვოთ ამ და ყველა სხვა შემთხვევაში ოქროს შუალედი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა გაგიჩნდეთ ფინანსებთან დაკავშირებული შიშები, რომ არ გეყოფათ თანხა რაღაცის შესაძენად, არ გექნებათ სამუშაო, არ დაკარგოთ შემოსავლის წყარო ან დანაზოგი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს შავი მთვარის გავლენაა და რაც ნაკლებს იფიქრებთ და ინერვიულებთ მსგავს თემებზე, მით უფრო უკეთესად, მშვიდად და ჰარმონიულად გაივლით ამ პერიოდს. მე-II-ე სახლი ასოცირდება არა მხოლოდ შემოსავლებთან, არამედ გასავალთანაც და ასეთ დროს, როდესაც მოელაპარაკებით სხვებს გარკვეულ მომსახურებაზე, რისთვისაც მოგიწევთ თანხის გადახდა, საჭიროა დეტალურად მოელაპარაკოთ გასამრჯელოზე და შესრულების ვადებზე, ვინაიდან მოსალოდნელია გაუგებრობები, მაგალითად: მოილაპარაკებთ გარკვეულ თანხაზე და ბოლოს აღმოჩნდება, რომ გაცილებით მეტი გაქვთ გადასახდელი, ვიდრე იცოდით, ასევე მე-II-ე სექტორი არის თქვენი თვითშეფასება და „ლილიტის“ ტრანზიტის დროს, რთული ხდება საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება, თქვენ შეგიძლიათ გადაჭარბებულად შეაფასოთ შესაძლებლობები, ან პირიქით, ძალიან დააკნინოთ და ამ შემთხვევაშიც საჭიროა იპოვოთ ოქროს შუალედი. მე-II-ე სახლი ასევე არის მეტაბოლიზმის მაჩვენებელი და ამ პერიოდში მოსალოდნელია დაგემართოთ კვებითი აშლილობა, ანუ ზომაზე მეტი საკვები მიიღოთ ან იშიმშილოთ, რაც დააზიანებს თქვენს ორგანიზმს. თუ ამ ტრანზიტის პერიოდში მოინდომებთ სამსახურის დაწყებას, მნიშვნელოვანი იქნება ორიენტირი აიღოთ არა მხოლოდ შემოსავლებზე, არამედ ის ამავდროულად უნდა იყოს თქვენთვის სასიამოვნოც, ვინაიდან, თუ ყოველდღე ივლით სამსახურში, სადაც გული არ მიგიწევთ, მიღებული გასამრჯელო არ მოგიტანთ ბედნიერების განცდას, ასევე ამ ტრანზიტის პერიოდში, მნიშვნელოვანია არ დაინანოთ ფინანსები თქვენს თავზე, შეიძინოთ სასურველი ტანისამოსი, ჩაიტაროთ სასურველი პროცედურები ან საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი, ანუ არ გააკეთოთ საკუთარ თავზე ეკონომია, რა თქმა უნდა გონიერების ფარგლებში. დაბნელების პერიოდში, ეცადეთ ყველა გადასახადი დაფაროთ დროულად, არ დააგროვოთ ვალები და რა თქმა უნდა აკონტროლეთ თქვენი შიშები და არ ჩაიციკლოთ.

მორიელი:

„შავი მთვარის“ ეს ტრანზიტი, მორიელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ვინაიდან, ის გაივლის თქვენს პირად ნიშანს და პირველ სახლს, ეს პერიოდი გაძლევთ, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ტენდენციებს. დადებითია იმ შემთხევავაში ის, რომ ასეთ დროს შეძლებთ გახდეთ ის, ვინც ხართ რეალურად, შეძლებთ მოიხსნათ ყველა ნიღაბი, აღარ ითამაშოთ ისეთი როლი, რომელიც პირადად თქვენ არ გჭირდებათ და მოირგეთ იმიტომ, რომ ამას ითხოვდა თქვენი გარემოცვა, ანუ იდეალური პერიოდი და შესაძლებლობა არის გააკეთოთ ის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ და გახდეთ ისეთი, როგორიც ყოველთვის გსურდათ რომ ყოფილიყავით. ასეთ დროს შეგიძლიათ მეტი უფლებები მისცეთ საკუთარ თავს, ვიდრე წარსულში. მისი უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია უახლოესმა გარემოცვამ არაადკვატურად შეგაფასოთ, შეიქმნება თქვენი პიროვნების მიმართ მცდარი წარმოდგენა, ან ზომაზე მეტად მკაცრად განსჯიან თქვენს საქციელს და მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამ პერიოდში, შესაძლოა შეეჯახოთ სხვების კრიტიკას თქვენი მისამართით, მაგრამ მნიშვნელოვანია არ დანებდეთ და იმოქმედოთ ისე, როგორც თავად თვლით საჭიროდ. ამ ტრანზიტის პერიოდში, მოსალოდნელია შავი მთვარისაგან გამოწვეული გარკვეული ინციდენტები, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგალითად: ჩაიშალოს, ან ვერ მიხვიდეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებაზე ან შეხვედრაზე და ვერ განახორციელოთ დასახული გეგმები. მთელ ეს პერიოდი, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე იმ გარეგნული ცვლილებების მიმართ, რის კორექციასაც დაგეგმავთ, რადგან, ასეთ დროს, არ არის რეკომენდებული რადიკალური ჩარევები, ოპერაციები და თუნდაც კარდინალურად თმის ფერის ცვლილება, რადგან საბოლოო შედეგმა შესაძლოა ძალიან გაგაღიზიანოთ. ასეთ პერიოდში, შესაძლოა სხვებისაგან იგრძნოთ შური, გაიგოთ როგორ ჭორაობენ თქვენზე და არა იმიტომ, რომ თქვენ დაუშვით შეცდომები, არამედ უბრალოდ შურთ, ან ძალიან მკაცრად გაფასებენ სხვა ადამიანები. საერთო ჯამში, მიუხედავად ყველაფრისა, შავი მთვარის ტრანზიტი თქვენთვის მაინც დადებით პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს, მთავარია მოახდინოთ თქვენს გეგმებზე, ინიციატივებზე და სურვილებზე კონცენტრირება, განახორციელოთ ჩანაფიქრები და ნაკლებად ინერვიულოთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფნი, ამიტომ უბრალოდ ეცადეთ იაროთ წინ. შავი მთვარე არის ცრუ რეალობა, ენერგია, რომელიც იზიდავს თქვენს ყურადღებას და რადგან, ამ პერიოდში „ლილიტი“ იდგება თქვენს ნიშანში, რაც არ უნდა გააკეთოთ იქნებით ყურადღების ცენტში, მოიმატებს თქვენი პიროვნების მიმართ ინტერესი და ბევრს ისაუბრებენ თქვენზე და რა თქმა უნდა ეს კარგია იმ მორიელებისათვის, ვინც არის საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავებული და აპიარებს საკუთარ თავს, დაკავებულია გამოსვლებით და მართავს სხვა ადამიანებს.

მშვილდოსანი:

მშვილდოსნებისათვის „შავი მთვარის“ ტრანზიტი გაივლის მე-XII-ე ასტრო-ველს, რომელიც არის დასასრულის, საიდუმლოებების, წარსულის, მიუწვდომელისა და ქვეცნობიერის სახლი და ასეთ დროს, შესაძლებელია ზედაპირზე ამოტივტივდეს ისეთი სახის შიშები, რომლებსაც გეგონათ, რომ გაუმკლავდით. თავს შეგახსენებთ არასასიამოვნო სიტუაციები და მოგონებები თქვენი წარსულიდან, მაგალითად: გაგახსენებენ ისეთ რამეს, რაც არ გესიამოვნებათ. დროა გათავისუფლდეთ ძველი საიდუმლოებებისაგან და თუ გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები, ან არასწორი საქციელები, რომელიც ბადებს თქვენში დანაშაულის გრძნობას, ახლა იდეალური პერიოდია გათავისუფლდეთ მსგავსი ტვირთისაგან. მე-XII-ე სახლი ასევე ქრონიკული დაავადებების სექტორია და შესაძლებელია თქვენი, ან ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ გაგიჩნდეთ ეჭვები, თუმცა, ამაზე არ ღირს ყურადღების კონცენტრირება და თუ გაქვთ მსგავსი ფიქრები, უკეთესი იქნება მიმართოთ ექიმს, მაგრამ არ ჩაიციკლოთ და არ ეცადოთ თვითნებურად დაუსვათ საკუთარ თავს დიაგნოზი ინტერნეტის მეშვეობით. მე-XII-ე სექტორი ასევე ასოცირდება შინაგან განწმენდასთან, ამიტომ, ასეთ დროს, კარგი იქნება ჩაატაროთ გენერალური წმენდა, არა მხოლოდ სახლში და საქმეებში, არამედ ფიქრებში და ემოციებშიც. თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი რაღაცები დატოვოთ წარსულში, რაც გულზე გადევთ მძიმე ტვირთად, ასევე, ეს სექტორი აჩვენებს ფარულ მტრებს, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ადამიანები ვისაც თვლიდით მეგობრებად, ან როგორც მინიმუმ კარგ ნაცნობებად და თანამოაზრეებად, თქვენს ზურგს უკან საუბრობენ თქვენზე. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ეს ასტრო-ველი მართავს, არის ფარული შემოსავლები, ან ისეთი ფინანსები, რომელსაც იღებთ არაოფიციალური გზით და თუ არსებობს მსგავსი თანხები, მაშინ მოსალოდნელია პრობლემები, მაგალითად: ვიღაცამ შესაძლოა გაიგოს მათ შესახებ და გაავრცელოს ეს ინფორმაცია და მიიპყროს არასასურველი ყურადღება. ასევე არსებობს იმის ალბათობაც, რომ არასწორი მიმართულებით დააბანდოთ თქვენი დანაზოგი, ამიტომ საჭიროა გამოიჩინოთ ყურადღება, თუ აპირებთ მის გამოყენებას. მთელი ამ ტრანზიტის განმავლობაში საჭიროა დიდი სიფრთხილით შეინახოთ ის ინფორმაცია, რომელსაც საიდუმლოდ გაგანდობენ სხვა ადამიანები და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მის გავრცელებაში მონაწილეობა. აგრეთვე მე-XII-ე სახლი არის ემიგრაციის სექტორი და როდესაც შავი მთვარე გადის ამ სახლს, შესაძლოა დაგეგმოთ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა, თუმცა, შესაძლებელია ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ დალაგდეს და წააწყდეთ ბევრ სირთულეს. აგრეთვე მოსალოდნელია გაურკვევლობები თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში, მაგალითად: შეიძლება მიიღოს საქმიანი წინადადებები, მაგრამ ვერ მოხერხდეს გეგმების განხორციელება. ასეთ დროს ძალიან ხშირად, ადამიანებს ეუფლებათ პესიმისტური განწყობა, უჩნდებათ ნეგატიური მოლოდინები, არ აჰყვეთ ამ განწყობას, არ გაიფუჭოთ ხასიათი და არ მოახდინოთ ამაზე კონცენტრირება, შავი მთვარის მე-XII-ე სახლში გავლის დროს მართლაც უარყოფითად მუშაობს ინტუიცია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს „ლილიტის“ გავლენით ხდება. კარგი პერიოდია გათავისუფლდეთ უარყოფითი ჩვევებისაგან და დამოკიდებულებებისაგან და თუ ცოტა ხნის წინ შეძელით მათი დამარცხება, ამ ტრანზიტის პერიოდში შესაძლოა მოგინდეთ კვლავ ძველ მდგომარეობაში დაბრუნება, რაც რა თქმა უნდა არ უნდა გააკეთოთ.

თხის რქა:

თქვენთვის „შავი მთვარის“ ტრანზიტი გაივლის მე-XI-ე ასტრო-ველს, რომელიც პოზიტიური ტრანზიტია იმ თხის რქებისათვის, ვინც გეგმავს ახალი პროფესიის ათვისებას, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, ან საკუთარი საქმის რეალიზაციას ინტერნეტის საშუალებით, შავი მთვარე დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ შიშებისაგან, ეჭვისაგან, გაურკვევლობისაგან და შექმნათ ის, რაც არ გქონიათ აქამდე. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია გარკვეული ნიუანსები, განსაკუთრებით თუ ვსაუბრობთ ინტერნეტის საშუალებით საქმის რეალიზაციაზე, მაგალითად: შეიძლება გამოაქვეყნოთ თქვენი ფოტო, ან ინფორმაცია, რაც გახდება არასასიამოვნო დისკუსიის მიზეზი სხვა ადამიანებისათვის, აგრეთვე მიიღოთ წერილი, ან შეტყობინება, რომელიც აგაღელვებთ, თუმცა არ ღირს ენდოთ ამ ინფორმაციას, რადგან, როდესაც შავი მთვარე დგას ამ სექტორში, შესაძლებელია შეცდომით მიიღოთ მსგავსი სახის ინფორმაციები, ან მიზანმიმართულად გამოგიგზავნონ თაღლითებმა, ამიტომ, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე, ყველა იმ ინფორმაციის მიმართ, რასაც მიიღებთ ინტერნეტის საშუალებით, ან ელექტრონულად. მე-XI-ე სახლი ასევე არის ჩვენი დედმაშვილების სიმბოლო და ამ პერიოდში მოსალოდნელია გაჩნდეს გარკვეული გაურკვევლობები თქვენს შორის, არა ქმედებების ან მოვლენების კუთხით, არამედ ეჭვებისა და უნდობლობის სახით. ასევე ეს სექტორი გულისხმობს ჩვენს მომავალ გეგმებს და ამ ტრანზიტის პერიოდში შეგიძლიათ შექმნათ მომავლის ისეთი სურათი, რომელიც რეალურად იქნება თქვენთვის აქტუალური, ანუ ამ პერიოდში, შეძლებთ გათავისუფლდეთ შაბლონებისაგან, იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ შექმნათ სასურველი ხვალინდელი დღე და არ გჭირდებათ ის სტანდარტები, რომელსაც თავს გახვევთ საზოგადოება. ასევე მოსალოდნელია გაუგებრობები თქვენსა და კოლექტივს შორის. ამ შემთხვევაში შესაძლოა, რომ თქვენ ვერ იგებთ ბოლომდე იმ სოციალური ჯგუფის აზრს, იდეას და გეგმას, ვისი ნაწილიც ხართ, მაგალითად: კოლეგების, ან შეიძლება მათ აქვთ ნეგატიური განწყობა თქვენი ახალი ხედვისა და წინადადების მიმართ, რაც მოგიტანთ განცდას, რომ ზურგს უკან გაკრიტიკებენ. ამ პერიოდში მოსალოდნელია დაგპატიჟონ სამოგზაუროდ, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება თქვენთვის, თუმცა საჭიროა ყურადღებით გაარკვიოთ ყველა ნიუანსი და დეტალი, რადგან საბოლოო ჯამში, შეიძლება თქვენი მოლოდინი არ გამართლდეს. კარგი პერიოდია იმისათვის, რომ შეიძინოთ ახალი ცოდნა, კარი გაუღოთ პერსპექტივებს, უარი თქვათ სტერეოტიპებზე და ფეხი აუწყოთ მომავალს. მე-XI-ე სახლი აგრეთვე არის ონლაინ შენაძენების სიმბოლო და ასეთ დროს აუცილებელია იყოთ ყურადღებით, ვინაიდან არსებობს რისკი შეიძინოთ უხარისხო ნივთი, ან საერთოდ ვერ მიიღოთ თქვენი შენაძენი. „ლილიტის“ ტრანზიტმა შეიძლება დაბადოს თქვენში შურის გრძნობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენზე უფრო მეტად წარმატებულია და დგას სოციალური კიბის მაღალ საფეხურზე, რაც თქვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იქნება.

მერწყული:

თქვენთვის შავი მთვარის ტრანზიტი გაივლის მე-X-ე ასტრო-ველს, რომელიც ძალაუფლების, სტატუსისა და კარიერის მაჩვენებელი სექტორია. შავ მთვარეს, ამ შემთხვევაში შეუძლია შექმნას პროვოკაციები ხელმძღვანელობის დონეზე, ან თქვენთვის იქნება რთული, დაექვემდებაროთ თქვენს უფროსებს და ზედმიწევნით შეასრულოთ მათი მითითებები, დაიცვათ წესები და კანონები, ან თქვენ საკმაოდ მკაცრად მოახდინოთ თქვენი ძალების დემონსტრირება იმ ადამიანებზე, ვინც არიან თქვენს დაქვემდებარებაში, ანუ, ამ შემთხვევაში არის ძალაუფლების მიღებისა და გამოხატვის პრობლემა. ამ პერიოდში, შესაძლოა მიიღოთ საინტერესო წინადადება, რომელიც დაკავშირებული იქნება სამსახურთან, მაგრამ საჭიროა ყურადღებით გაარკვიოთ ყველა დეტალი, ვინაიდან, წინადადება მართლაც იქნება ძალიან საინტერესო, მაგრამ შესაძლოა საბოლოო ჯამში არ გამართლდეს მოლოდინები, ამიტომ, მეტი ყურადღება დაუთმეთ ყველა ნიუანსს, მკაფიოდ განსაზღვრეთ სამსახურის დაწყების ვადები, როდის დადებთ ოფიციალურად ხელშეკრულებას, გააფორმებთ საბუთებს და რა რიცხვებში და როგორი ანაზღაურება გექნებათ. ასეთ პერიოდში მოსალოდნელია შეგხვდეთ სირთულეები საბუთების აღებასა და გაფორმებასთან დაკავშირებით, შესაძლოა აღმოაჩინოთ შეცდომები, ან მოგიწიოთ მოერგოთ და დაექვემდებაროთ ახალ წესებსა და განკარგულებებს, რაც თქვენთვის იქნება მოულოდნელი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის განმავლობაში გამოხატოთ პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენზე ასაკით ან სამსახურებრივად უფროსია. ასევე შავი მთვარე შექმნის ისეთ სიტუაციებს, სადაც თავდაჯერებულად ვერ იგრძნობთ თავს. ასეთ დროს შესაძლებელია იგრძნოთ უხერხულობა, სამსახურში შექმნილი მდგომარეობის, ან თქვენი ბიოგრაფიიდან წარსული ფაქტების გამო, მაგალითად: ანკეტური მონაცემების შევსებისას ვერ იგრძნოთ თავი კომფორტულად, რადგან არ გექნებათ საუკეთესო მაჩვენებელი, ბოლომდე ვერ აკმაყოფილებთ არსებულ მოთხოვნებს, ან არ გაქვთ სრულყოფილი განათლება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერ წინადადებას, რომელიც დაუკავშირდება თქვენი პირადი ან სოციალური სტატუსის ცვლილებას, უმჯობესი იქნება მოეკიდოთ ყურადღებით, ვინაიდან შესაძლებელია გაგიჩნდეთ ისეთი შანსები, რომლებსაც დიდი ხანია ელით და მთელი გულით გსურთ, თუმცა, ამავდროულად იქნება გარკვეული ნიუანსებიც რომელიც საჭიროა თავიდანვე დეტალურად შეისწავლოთ და მოილაპარაკოთ დამსაქმებელთან, ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერი ხელშეკრულების დადებას, ან გარიგებას. მე-X-ე სახლი ასევე არის თქვენი რეპუტაციის, ავტორიტეტისა და მდგომარეობის სიმბოლო და ამ ტრანზიტის პერიოდში, მოსალოდნელია არასახარბიელო სიტუაციების განვითარება, როდესაც ვინმე შეეცდება თქვენი ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებას, თქვენი მნიშვნელობისა და პროფესიონალიზმის დაკნინებას. თუ ამ პერიოდში გეგმავთ საკუთარი საქმის დაწყებას, საჭიროა დეტალურად შეისწავლოთ ყველა კანონები და წესები ამ მიმართულებით, რადგან არსებობს რისკი, არ გაითვალისწინოთ პატარა დეტალი, ან არ აღმოგაჩნდეთ მნიშვნელოვანი საბუთი საჭირო მომენტში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მიიღოთ სწრაფი, ემოციური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს თქვენი მდგომარეობის ცვლილებას.

თევზები:

თევზებისათვის შავი მთვარის ტრანზიტი გაივლის მე-IX-ე ასტრო-ველს და შავი მთვარე გააკეთებს დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან, ამიტომ ეს იდეალური პერიოდია, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას შექმნათ ის, რაც არ გქონიათ, თქვენი მიზნების, ზრახვებისა და გრძელვადიან პერსპექტივებზე დაყრდნობით. ასეთ დროს, შეძლებთ მიიღოთ სასურველი განათლება, რაზედაც ოცნებობდით, დაამთავროთ, ან ჩააბაროთ იმ ინსტიტუტში, ან კურსებზე რომლის გავლაც გსურთ, თუმცა, შავი მთვარე მაინც ამახინჯებს რეალობას და მოსალოდნელია შეიქმნას ისეთი გარემოება, რომ დაიწყოთ სიარული რომელიმე კურსის გასავლელად და შემდეგ მიიღოთ იმედგაცრუება, რის გამოც მოინდომებთ მიმართულების, ან იმ დაწესებულების შეცვლას, სადაც დადიხართ, ამიტომ, როდესაც სადმე ჩაბარების გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგი იქნება დეტალურად შეისწავლოთ ამ ინსტიტუტის, ან კურსების რეპუტაცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საჭიროა ყურადღებით აკონტროლოთ საბუთები, იმისათვის, რომ დროულად განაახლოთ და მიიღოთ საჭირო ცნობები, ნებართვები და შეინახოთ უსაფრთხო ადგილას, რადგან საჭირო დროს შეიძლება ვერ იპოვოთ. მე-IX-ე სახლი ასევე არის უცხოეთის და მასთან დაკავშირებული სიახლეების სიმბოლო, ამიტომ, ამ პერიოდში, თუ თქვენ გეგმავთ მოგზაურობას ან ემიგრაციას, საჭიროა ყველაფერი დეტალურად გაარკვიოთ, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ შეცდომები, მაგალითად: არ შეცდეთ ბილეთის ან რეისის შეძენაში, ან სასტუმრომ, რომელიც დაჯავშნეთ არ გაგიცრუოთ იმედები, ამიტომ საჭიროა ყველაფერი სკურპულოზურად გაიაროთ, რომ თავიდან აირიდოთ გაუგებრობები. ეს სექტორი აგრეთვე ჩვენი პირადი პარტნიორის, მეგობრებისა და ნათესავების სიმბოლოა და შავ მთვარეს, ამ ნაწილში შემოაქვს გარკვეული ილუზიები, რის გამოც შესაძლოა გაგიჩნდეთ ეჭვი მათი მისამართით, რომ თქვენზე ცუდი წარმოდგენა აქვთ, ან ზურგს უკან გჭორავენ, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის „ლილიტის“ გავლენა და თუ მსგავსი ემოცია დაგეუფლებათ, საჭიროა ღიად და პირდაპირ ესაუბროთ ამ თემაზე. მე -IX-ე სახლი ასევე თქვენი ზრდასრული შვილის პირადი ცხოვრების სიმბოლოა, რაშიც თქვენ დაინახავთ პრობლემებს და ეცდებით მისი აზრის შეცვლას, თუმცა, ის მაინც ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ვინაიდან, ეს სექტორი, აგრეთვე სამართლიანობასა და იურისპრუდენციას განაგებს, შესაძლოა ამ პერიოდში მოინდომოთ, იბრძოლოთ თქვენი უფლებების დასაცავად, რადგან მოგეჩვენოთ, რომ ვიღაცის მხრიდან ის ირღვევა, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო პერიოდი, იმისათვის, რომ შეხვიდეთ სასამართლო დავაში სხვასთან, ასევე ეს სახლი არის თქვენი ინტელექტუალური საქმიანობის სიმბოლო და ასეთ დროს შეძლებთ ბევრის მიღწევას. თუ თქვენ მუშაობთ ონლაინ ან თანამშრომლობთ რომელიმე ინტერნეტპლატფორმასთან, აქვეყნებთ და ყიდით სხვადასხვა ინფორმაციებს, მაშინ ეს კარგი პერიოდია იმისათვის, რომ შექმნათ ისეთი რამ, რასაც დიდხანს გეგმავდით, აგრეთვე გაუმართლებს იმ თევზებს, ვისაც სურთ სადოქტოროს დაცვა და არიან ჩართულნი სამეცნიერო საქმიანობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ ასევე შეძლებთ მიიღოთ გარკვეული საბუთები, რომელიც მოგცემთ გარკვეულ უფლებებს ან გარკვეული მიმართულებით მუშაობის უფლებას. ეს ტრანზიტი მოითხოვს თქვენგან იყოთ მაქსიმალურად ტოლერანტული თქვენგან განსხვავებული აზროვნების, მსოფლმხედველობისა და ფასეულობების მქონე ადამიანების მიმართ“,- წერს ნინა ხომერიკი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 🪐„დროის გასვლასთან ერთად იგრძნობთ მოტივაციის ნაკლებობას...“ - ოთხი აპრილის ასტოპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 რა არის აფლატოქსინ M1-ი, რომელიც რძეში აღმოაჩინეს და რამდენად საშიშია ის?

⭕„ასაკი მხოლოდ ციფრებია...“ - დალი ჩიტალაძე დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს