17 ივლისი საკმაოდ მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი ენერგიების დღეა. დილიდანვე იგრძნობა, რომ ჩვეულებრივი სცენარით ყველაფერი არ განვითარდება.
მთვარე ქალწულის ნიშანში გადადის და ჩვენი ყურადღება შემოქმედებითი განწყობიდან პრაქტიკულ საკითხებზე, ყოველდღიურ საქმეებზე, ჯანმრთელობაზე, ფინანსებზე და იმ შედეგებზე გადააქვს, რომელთა მიღებაც რეალურად შეგვიძლია.
დღის პირველ ნახევარში მთვარის შეერთება სამხრეთ კარმულ კვანძთან გვიბიძგებს, ძველი ჩვევებით ვიმოქმედოთ და უკვე ნაცნობ სიტუაციებს დავუბრუნდეთ. შეიძლება თავი იჩინოს წარსულმა, განმეორდეს ერთი და იგივე სცენარები, ან კვლავ მოგვიწიოს იმ თემებთან შეხება, რომლებიც, თითქოს, უკვე დასრულებული გვეგონა. თუმცა, ამავდროულად, აქტიურდება ჩრდილოეთ კარმული კვანძიც, რომელიც გვახსენებს, რომ მომავლის გამოწვევებს წარსულის მეთოდებით ვეღარ გადავჭრით.
დღის განმავლობაში მთვარის შეერთება ვენერასთან გარკვეულწილად ამსუბუქებს საერთო ფონს. იზრდება ჰარმონიის, სიმშვიდის, სილამაზისა და კომფორტის მოთხოვნილება. ეს კარგი დროა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად, ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის და ფინანსური საქმეების მოწესრიგებისთვის.
თუმცა, დღის მეორე ნახევარში ვითარება თანდათან იცვლება. მთვარის დაძაბული ასპექტი ურანთან მოულოდნელ ცვლილებებს, გეგმების გადახედვას, გაუთვალისწინებელ გარემოებებსა და ტექნიკურ შეფერხებებს მოიტანს. შესაძლოა, შეთანხმებები შეიცვალოს, ინფორმაცია მოულოდნელად განახლდეს ან მოვლენებმა სრულიად სხვა მიმართულება მიიღოს. ეს დღე განსაკუთრებით შეამოწმებს ჩვენს მოქნილობასა და სწრაფად ადაპტირების უნარს.
ყველაზე ფრთხილი პერიოდი თბილისის დროით დაახლოებით 17:00 საათის შემდეგ იწყება, როდესაც დაძაბულ კონფიგურაციაში მარსიც ერთვება. ამ დროს იმატებს გაღიზიანება, მოუთმენლობა და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა. მცირე უთანხმოებაც კი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს კონფლიქტში, ამიტომ მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი, ავტომობილის მართვისას და ტექნიკასთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე, ასევე ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადადება, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.
სწორედ ამიტომ, სასურველია ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში ან მაქსიმუმ 17:00 საათამდე დაასრულოთ. საღამო კი მშვიდ გარემოში გაატაროთ, შეამციროთ ზედმეტი აქტიურობა და თავი აარიდოთ დაძაბულ დისკუსიებს.
დღე ასევე მიმდინარეობს მეოთხე მთვარის დღის ენერგიის ქვეშ, რომელიც საგვარეულო კარმასთან არის დაკავშირებული. ამ დღეს შეიძლება განსაკუთრებით აქტუალური გახდეს ოჯახური ისტორიები, წინაპრებისგან გადმოსული ქცევის მოდელები და ის პროგრამები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს კარგი დროა იმის გასააზრებლად, თუ რომელი ძველი საკითხების დასრულებაა საჭირო და რა მხარდაჭერას იღებთ თქვენი საგვარეულო ხაზიდან. დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს შესაძლოა ხანგრძლივი გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებაზე, არამედ ოჯახურ სისტემაზეც.
დღის მთავარი გზავნილი ასეთია: ნუ ეცდებით მომავლის კარის გაღებას იმავე გასაღებით, რომელმაც წარსულში ვერ იმუშავა. იყავით მოქნილი, არ შეუშინდეთ ცვლილებებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე მოულოდნელ ვითარებებში და განსაკუთრებით გაუფრთხილდით თქვენს ემოციებს საღამოს საათებში. სწორედ ასე შეძლებთ 17 ივლისის ენერგიის მაქსიმალურად კონსტრუქციულად გამოყენებას.
ასევე დაგაინტერესებთ: