პირად ურთიერთობებში გაჩენილი სირთულეები, ხშირი დაშორებები თუ გაურკვეველი ენერგეტიკული ბარიერები საზოგადოებაში ხშირად ჯადოსთან, თვალთან ან წყევლასთან ასოცირდება. ასტროლოგი თამარ აქუბარდია საკუთარ ვიდეომიმართვაში ამ თემას სიღრმისეულად ეხება და საკითხს როგორც ასტროლოგიური, ისე ეზოტერიკული და ბიოენერგეტიკული კუთხით განმარტავს.
ასტროლოგის თქმით, ადამიანის პირად რუკასა და სინასტრიაში {წყვილის თავსებადობაში} მკაფიოდ ჩანს, პრობლემა ბავშვობის ტრავმებსა და პიროვნულ თვისებებს უკავშირდება თუ საქმე საგვარეულო კარმულ პროგრამებთან გვაქვს.
„ხშირად გვგონია, რომ ურთიერთობა გარეშე პირთა ჩარევით ან „გათვალვით“ დაინგრა, ეზოტერიკული და სულიერი ლოგიკით, სამყაროში არსებობს სერიოზული კანონზომიერებები. ის, რაც ადამიანური ლოგიკით ნეგატივად ჩანს, შესაძლოა სულისთვის ძალიან სწორი და სასარგებლო პროცესი იყოს“, - აღნიშნავს თამარ აქუბარდია.
ვიდეოში ასტროლოგი ეყრდნობა ბიოენერგეტიკოს ვლადიმირ ბენაიძის გამოცდილებასა და ეზოთერიკულ სწავლებებს, მათ შორის რუდოლფ შტაინერის ნაშრომებს და რამდენიმე საკვანძო ასპექტს გამოყოფს:
„სერიოზულ ურთიერთობაში ან ქორწინებაში შესვლისას ადამიანები ერთმანეთის საგვარეულო ველში შედიან. თუ პარტნიორის გვარს აქვს სერიოზული ნეგატიური პროგრამები, ეს მეორე მხარეზეც აისახება. ასეთ დროს, შესაძლოა, ადამიანის საკუთარი გვარის სულები და დამცველი ენერგიები „გააქტიურდნენ“ და ურთიერთობის დაშლას შეუწყონ ხელი, რათა პიროვნება ტოქსიკური გარემოსგან დაიცვან.
ხშირად, როდესაც პირად ცხოვრებაში წლებია არავინ ჩნდება, ეს სამყაროს მიერ მიტოვებას კი არ ნიშნავს, არამედ უმაღლესი ენერგიებისა და მფარველი ანგელოზების მხრიდან დაცვას, რათა ადამიანის ველში არასწორი და არასაჭირო კადრები არ შემოვიდნენ.
იუპიტერი პირად რუკაში მხოლოდ ფულსა და იღბალს არ ნიშნავს - ეს არის სამყაროსადმი ნდობა და მოვლენების დიდ სურათში დანახვის უნარი. როდესაც ადამიანს მომავლის რწმენა აქვს, ის ხვდება, რომ კრიზისები თუ შეზღუდვები სინამდვილეში პიროვნული და სულიერი ზრდისთვისაა საჭირო“,- აღნიშნავს ის.
თამარ აქუბარდიას განმარტებით, ნამდვილი ტრანსფორმაცია შინაგან გაცნობიერებას მოაქვს და არა გარეგან რიტუალებს. მისი თქმით, მთავარია ბალანსის პოვნა, საკუთარ ემოციებზე დაკვირვება და იმის გაგება, თუ რა გაკვეთილის სწავლებას ცდილობს სამყარო კონკრეტული ურთიერთობის თუ პაუზის მეშვეობით.