მიუხედავად იმისა, რომ კუროს ნიშანში მზის ყოფნა გარკვეულ კონსერვატიზმსა და ინტროვერტულობას განაპირობებს, იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი სოციალურ რეალიზაციასა და მატერიალურ წარმატებას საგრძნობლად უწყობს ხელს. აღნიშნული კოსმოსური განლაგება შესაძლებლობებსა და თვალსაწიერს აფართოებს, ადამიანებს კი ოპტიმიზმითა და დახვეწილი გემოვნებით აჯილდოებს.
მიწის სტიქია პრაქტიკულ მიდგომას, გამძლეობასა და მოთმინებას განამტკიცებს. წინა პლანზე კვლავ მატერიალური ფასეულობები რჩება, რომლებიც კომფორტსა და ფინანსურ საყრდენს უზრუნველყოფს.
ამ პერიოდში ფულის დაბანდება ისეთ ნივთებშია მიზანშეწონილი, რომლებიც დროთა განმავლობაში ფასს არ დაკარგავს. ასევე, შეგიძლიათ სხვადასხვა ფინანსური ოპერაცია, მათ შორის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, თამამად წამოიწყოთ. კვირის მთავარი გზავნილი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასა და ფინანსებთან რაციონალურ მოპყრობას გვირჩევს.
1-ელი მაისიდან მორიელის ნიშანში სავსემთვარეობა ურთიერთობებში იმპულსურობას, დომინირებისკენ სწრაფვასა და ეჭვიანობას ამწვავებს. ამ პერიოდში სუსტი წერტილები და ფარული პრობლემები მჟღავნდება, თუმცა მათი მოგვარების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. სწორედ ამ დღეებში ექსტრემალური განწყობა და კრიზისული სიტუაციები ადამიანს საკუთარი რესურსების შეგრძნებაში ეხმარება.
გირჩევთ, პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებით დაკავდეთ, ფინანსური შესაძლებლობების გაზრდის გზებს გაეცნოთ.
3 მაისიდან ვერძისეული მერკურის იმპულსურობას კუროს კეთილგონიერება ცვლის. ეს პერიოდი გონებრივ შრომისუნარიანობას, აზროვნების სიღრმესა და პრაქტიკულობას აღვიძებს. კონფლიქტებისკენ მიდრეკილება იკლებს, გადაწყვეტილებების მიღებისას კი სიფრთხილე ჭარბობს. ფუჭი საუბრები მცირდება და დღის წესრიგში უფრო ხშირად ფინანსური სტაბილურობის საკითხები დგება.
ხელფასის მომატებაზე მოსალაპარაკებლად, გრძელვადიანი თანამშრომლობის განსახილველად ან მოგებიანი გარიგების დასადებად ეს მომენტი მეტად ხელსაყრელია. პერიოდი ასევე კარგია ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, აუჩქარებელი გონებრივი შრომისა და ფუნდამენტური დისციპლინების შესასწავლად.
პლუტონის დაძაბული გავლენა დინამიკას გაამძაფრებს, რაც რთულ ფსიქოლოგიურ თემებში ჩასაღრმავებლად და აუდიტორიაზე სიტყვით ზემოქმედებისთვის უნდა გამოიყენოთ. ურთიერთობებში მოქნილობა და სიმსუბუქე გაბატონდება. ჰაერის სტიქიის პლანეტა, ვენერა, სოციალურ აქტივობასა და დიპლომატიაზეა ორიენტირებული, მას ფლირტი და პარტნიორობის გზით სასურველის მიღწევა კარგად ეხერხება.
თუმცა, ცვალებადი ტყუპების გავლენით, სასიყვარულო გატაცებები, სავარაუდოდ, ხანმოკლე აღმოჩნდება. ფინანსური თვალსაზრისით, სპონტანურმა ხარჯებმა შესაძლოა, ზარალი გამოიწვიოს. ფულის საუკეთესო დაბანდება ინტელექტუალური განვითარება, ტრენინგები, ორატორული ხელოვნება, სატრანსპორტო საშუალებები და გაჯეტები იქნება.
უფრო კონკრეტულად, როგორ წარიმართება 27 აპრილი - 3 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
ვერძებისთვის საერთო ფინანსების, გადასახადების, ვალებისა თუ მემკვიდრეობის თემები აქტიურდება. მოსალოდნელია ძალაუფლების გადანაწილებაც. დიდი სესხის აღება ან სერიოზული ინვესტიციების განხორციელება რეკომენდებული არ არის. უმჯობესია ინვესტიცია საკუთარ თავში ჩადოთ - ფიზიკური აქტივობა ენერგიითა და პოზიტივით აგავსებთ, კარგი ფიზიკური ფორმა კი ძალის შეგრძნებას მოგანიჭებთ. ასევე, ნეგატიურ განწყობებთან მუშაობა და თვითანალიზი სასარგებლო იქნება.
კურო
კუროების ცხოვრებაში სხვა ადამიანებთან ურთიერთობის სფერო გადაფასებას დაექვემდებარება. ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები იმატებს, კონკურენციისა და მეტოქეობის სურვილი კი კონფლიქტამდე აუცილებლად მიგიყვანთ. თქვენგან მაქსიმალური ტაქტი და კეთილგანწყობაა საჭირო. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უპერსპექტივო ურთიერთობებსა და თქვენთვის წაგებიან შეთანხმებებს არ ჩაებღაუჭოთ. კონცერტებზე დასწრება ან სამხატვრო გალერეის მონახულება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს.
ტყუპები
ტყუპებო, დრო ჯანმრთელობას დაუთმეთ. გადაღლასა და ნერვული სისტემის ზედმეტად დატვირთვას ნუ დაუშვებთ. გრაფიკი ისე შეადგინეთ, რომ ძილისა და დასვენებისთვის საკმარისი დრო დაგრჩეთ. სამუშაო ადგილზე ჰარმონიული ატმოსფერო და კოლექტივთან კარგი ურთიერთობა შინაგან დაძაბულობას შეგიმსუბუქებთ. ახლა სწორედ ის დროა, რომ სხვა საქმიანობაზე გადაერთოთ, რაც ყოველდღიური საზრუნავისგან გაგათავისუფლებთ და ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
კირჩხიბებში თავისუფლებისა და ექსპერიმენტებისკენ სურვილი იღვიძებს. თამამი იდეებისადმი სწრაფვა და დადგენილი წესებისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მძაფრდება. კვირამ შესაძლოა, მოულოდნელი მოვლენები გასართობი ღონისძიებების, პაემნებისა თუ სპორტული შეჯიბრებების დროს მოგიტანოთ. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და გეგმების დარღვევის გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით. თქვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ და ეჭვები დროებით დაივიწყოთ.
ლომი
ლომებო, შინაგანი სიმტკიცე და კარიერული ზრდის განზრახვა თქვენი პიროვნული აღმავლობის საწინდარი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მდგომარეობისთვის ბრძოლა ეკლიან გზას ჰგავს, თქვენი მიზნისკენ მაინც ზომიერად და თანმიმდევრულად მიიწევთ. შედეგების დამოუკიდებლად მიღწევაზე ფოკუსირდით და გარე მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. შესაძლოა, საოჯახო საქმეებისგან დისტანცირება მოგინდეთ. ეს დღეები წარსულის ტვირთისგან გასათავისუფლებლად და ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან თუ ხელმძღვანელობასთან უფრო გაცნობიერებული ურთიერთობისთვის გამოიყენეთ.
ქალწული
ქალწულებო, თქვენი მსოფლმხედველობა ფილოსოფიურ გადააზრებას საჭიროებს. განახლებისა და ძველი შაბლონებისგან გათავისუფლების დრო დადგა. საქმეები გაცილებით მარტივად წავა, თუ ამაოებას დაძლევთ და ერთ, ყველაზე აქტუალურ პროცესზე კონცენტრირდებით. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. განათლების, მეცნიერების, პოლიტიკისა და კანონმდებლობის სფეროში მწვერვალების დაპყრობა სრულიად შესაძლებელია. მოგზაურობები დეტალურად დაგეგმეთ, საბუთები და შეთანხმებები კი ყურადღებით შეამოწმეთ.
სასწორი
სასწორებო, ამ კვირაში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისა და მისი ტრანსფორმაციის შანსი გეძლევათ, თუ გადაწყვეტილებების მიღებისას თავშეკავებასა და ნებისყოფას გამოიჩენთ. ფინანსებთან დაკავშირებულ გაუმართლებელ რისკებს მოერიდეთ. შესაძლოა, მომატებული ემოციურობა იგრძნობთ. საუკეთესო გამოსავალი ამ ენერგიის შემოქმედებაში, სპორტში ან ისეთ გატაცებებში გადატანაა, რომელიც განვითარებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
მორიელებო, კვირის მთავარი ამოცანა თანამშრომლებთან და პარტნიორებთან კომპრომისისა და შეთანხმების მიღწევაა. განცდა, რომ გარშემომყოფები თქვენს დამსახურებას არ აღიარებენ, ასევე სხვების მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები, აუცილებლად დაპირისპირებამდე მიგიყვანთ. ამჟამად ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეთანხმებებისაგან თავი შეიკავეთ. ურთიერთობის სწორი სცენარების შერჩევა და პარტნიორების ინტერესების პატივისცემა კი კარგ შედეგებს გამოიღებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებმა მაქსიმალურად მშვიდი გარემო უნდა მოიწყონ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. ზედმეტი დატვირთვის გამო ჯანმრთელობა შესაძლოა, შესუსტდეს. დაუსრულებელ საქმეებზე ფიქრი და ყველაფრის მოსწრების სურვილი ნერვულ სისტემას აზიანებს. ამიტომ, გაჩერება და სიჩუმით, ბუნებითა და მარტოობით ტკბობა მეტად მნიშვნელოვანია. ენერგიის წყარო ასევე ბალანსირებულ კვებასა და ჯანსაღ ჩვევებში ეძებეთ.
თხის რქა
თხის რქები ცვლილებების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საჭიროებას გრძნობენ. აქცენტი თვითგანვითარებაზე, ფიტნესსა თუ საყვარელ ჰობიზე გადაიტანეთ. ექსტრავაგანტური გემოვნების გამოვლენა და საკუთარ თავში მოულოდნელი შემოქმედებითი ნიჭის აღმოჩენა სავსებით შესაძლებელია. გეგმებისა და მიმდინარე პროექტების კორექტირება ახალი მიმართულების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. სასიყვარულო ფრონტზე შესაძლოა, ძლიერი განცდები ან იმედგაცრუება გქონდეთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მათ, ვინც ტკივილს გაყენებთ, სინანულის გარეშე დაემშვიდობოთ.
მერწყული
მერწყულებო, ამ კვირაში თქვენს პროფესიულ საქმიანობაში საოჯახო საზრუნავი გაჩნდება, სამსახურთან დაკავშირებული საკითხები კი საშინაო საქმეებისთვის საკმარისი დროის დათმობაში ხელს შეგიშლით. სამყარო თქვენს სიმტკიცესა და გადაწყვეტილებებს გამოცდას მოუწყობს. თუ არჩეულ გზას არ გადაუხვევთ, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. ყველა სირთულის წარმატებით დაძლევის საწინდარი საქმის უშიშრად კეთება, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა და უფროსებისადმი პატივისცემის გამოვლენა იქნება.
თევზები
თევზებისთვის კვირის რჩევა მარტივია. გამონახეთ დრო მოდუნებისა და სიჩუმეში ჩაძირვისთვის. გონებაში დაუსრულებელი ფიქრების ნაკადი გამორთეთ და ოცნებებს მიეცით გასაქანი. საბუთებთან ან ანგარიშებთან დაკავშირებული უსიამოვნო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ყურადღება კონკრეტულ საქმეზე შეაჩერეთ და „აქ და ახლა“ იყავით. ინტელექტუალური და ორატორული შესაძლებლობების განვითარებას წარმატებით შეძლებთ. სწავლის პროცესს ხალისით მიუდექით და ახალ შესაძლებლობებზე უარი არ თქვათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იმდენს ვოცნებობდი შენზე, სანამ არ ამისრულდი“ - ორსული ნინი კენჭიაშვილი წითელ კაბაში პოზირებს
წყარო: www.beaumonde.ge