კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 27 აპრილი – 3 მაისი
ამ კვირის მთავარი მოვლენა არის სავსე მთვარე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, მაგრამ სანამ ამ მოვლენაზე გადავალთ, მანამდე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ დედამიწა უკვე შევიდა ნეგატიურ ენერგოველში, რაც უარყოფითად აისახება თითოეულ ჩვენგანზე.
ეს არ არის შეშინება, ეს არის მხოლოდ გაფრთხილება. ეს ყველაფერი მოსალოდნელია 10 მაისამდე.
მოსალოდნელი ტენდენციებია:
* იმუნიტეტის დაქვეითება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
* შესაძლოა თავი იჩინოს ქრონიკულმა დაავადებებმა;
* შემცირდება საერთო ენის გამონახვა ადამიანებს შორის;
* არ ვარგა პერიოდი მგზავრობისა და მოგზაურობისათვის, მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისათვის;
* პრობლემები არის ასევე მოსალოდნელი პარტნიორულ ურთიერთობებში;
* მოერიდეთ მსხვილ კაპიტალდაბანდებებს;
* პერიოდი ტრავმულ-ავარიულია;
* მოიმატებს სექსუალური ძალადობის შემთხვევები;
* გაძლიერდება მანიპულაციების საფრთხე;
* გაიზრდება ნარკოდამოკიდებულებაც.
სავსე მთვარე მორიელში – ენერგეტიკული დაპირისპირება:
პირველ მაისს, თბილისის დროით საღამოს 20 საათსა და 36 წუთზე, გვექნება სავსე მთვარე მორიელის 11 გრადუსზე. მოგეხსენებათ, რომ სავსე მთვარე არის ენერგეტიკულად მძიმე დღე, რადგანაც ხდება მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება.
მზე იქნება კუროს მე-11 გრადუსზე, ხოლო მთვარე კი მორიელის მე-11 გრადუსზე.
მზე კუროს მე-11 გრადუსზე (ჩვენი ეგო): მზე გამოხატავს ჩვენს ეგოს. კუროში მყოფი მზე ორიენტირებულია მატერიალურ სტაბილურობაზე, ფიზიკურ კომფორტსა და სიმშვიდეზე. მე-11 გრადუსი ამ ნიშანში აძლიერებს სურვილს, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გაგვაჩნია.
მთვარე მორიელის მე-11 გრადუსზე (ჩვენი ემოციები): მთვარე გამოხატავს ჩვენს ემოციებს. მორიელში იგი ხდება უკიდურესად ინტენსიური, მისტიკური და ღრმა. იგი დაკავშირებულია ქვეცნობიერ პროცესებთან და ფარულ შიშებთან.
ამ დროს ხდება ამ ორი ენერგიის პირდაპირი დაპირისპირება: ჩვენი ეგო (კურო) ითხოვს სიმშვიდესა და შენარჩუნებას, ხოლო ემოციური სამყარო (მორიელი) ითხოვს რადიკალურ ტრანსფორმაციასა და ძირეულ ცვლილებებს. ეს 180-გრადუსიანი ოპოზიცია ქმნის შინაგან დისონანსს, რაც ვლინდება მაღალ ნერვულ ფონსა და გაღიზიანებადობაში. პროფესიულ დონეზე ეს არის მომენტი, როდესაც „ფასადი“ ვეღარ უძლებს შინაგან წნეხს და ყველაფერი დაფარული ზედაპირზე ამოდის.
ზოგადი ფონი და ფარული საფრთხეები:
მორიელი არის ყველაზე მისტიკური და საიდუმლო ნიშანი. სავსემთვარე მორიელში მოითხოვს, პირველ რიგში, ყურადღებას ინტიმურ კავშირებთან.
ინტიმური სფერო: შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ამ დღეს გამოჩნდნენ ფარული ინტიმური პარტნიორები, რომლებმაც შემდგომში შესაძლოა, შეგიქმნათ სხვადასხვა სახის პრობლემები. პირველ რიგში, ამ დღეს სექსუალურმა კავშირებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქალბატონებში ვენერიულად დასნეულების მაღალი საფრთხე, ხოლო მამაკაცებში — შარდ-სასქესო რეპროდუქციული სისტემის პრობლემები.
ენერგეტიკული უსაფრთხოება: ასევე, ამ დღეს მაღალი იქნება აურის დაბინძურების ალბათობა, ამიტომ მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. მორიელის ენერგია „შთანთქმითია“, ამიტომ სხვისი ნეგატიური ემოციური მუხტი ადვილად გადმოდის თქვენზე.
ფინანსები: სამაგიეროდ, კარგია ძველი ვალდებულებებისაგან განთავისუფლება. მორიელი ასევე მართავს ფინანსებსა და საბანკო სისტემას. ეს დღე გაძლევთ საშუალებას დაფაროთ საბანკო კრედიტი ან დააბრუნოთ ვალი, რაც დაგეხმარებათ ენერგეტიკული გზების გახსნაში. ეს არის კვირის ერთ-ერთი იშვიათი პოზიტიური „ფანჯარა“.
ასპექტების ღრმა ანალიზი:
ამ რთული ფონის მიუხედავად, ცაზე არსებული ასპექტები გვთავაზობენ გამოსავალს:
1. წყლის სტიქიის ტრინი: მთვარე მორიელში ქმნის „ტრინს“ კირჩხიბში მყოფ იუპიტერთან და თევზებში მყოფ აღმავალ კვანძთან. ეს არის ჰარმონიული კავშირი, რომელიც აძლიერებს ინტუიციას და გვაძლევს სულიერ ძალას.
იუპიტერი კირჩხიბში გვთავაზობს ოჯახურ მფარველობას, ხოლო აღმავალი კვანძი თევზებში მიგვანიშნებს, რომ სიმშვიდე სულიერებაში უნდა ვეძებოთ. ეს ასპექტი მიგვითითებს იმაზე, რომ კრიზისის დროს გადარჩენის გზა გადის ემპათიაზე, ოჯახურ ფასეულობებსა და წინაპრების ენერგიაზე.
2. ვენერას სექსტილი სატურნთან: ტყუპებში მყოფი ვენერა ქმნის სექსტილს ვერძში მყოფ სატურნთან. ეს ასპექტი გვეხმარება, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში შევინარჩუნოთ საღი აზრი და დისციპლინა. სატურნი აბალანსებს ვენერას მსუბუქ კომუნიკაციას და გვაძლევს საშუალებას, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს გრძნობებს. ეს არის „გონივრული სიყვარულის“ ასპექტი, რომელიც არ გვაძლევს უფლებას ემოციურ ქაოსში ჩავიძიროთ.
ინდივიდუალური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისათვის.
ვერძი
თქვენთვის სავსე მთვარე მერვე სახლშია — ეს არის ტრანსფორმაციის, სიკვდილ-რეინკარნაციისა და სხვისი რესურსების სექტორი. მოსალოდნელია დაძაბულობა პარტნიორულ ფინანსებთან ან საერთო ბიუჯეტთან დაკავშირებით. მოერიდეთ რისკიან ინვესტიციებს. ვენერა-სატურნის ასპექტი გეხმარებათ, რომ დისციპლინით მართოთ თქვენი იმპულსები. დაფარეთ ვალები, ეს ენერგეტიკულად გაგათავისუფლებთ და გზას გაგიხსნით ახალი მატერიალური შესაძლებლობებისკენ.
კურო
თქვენს ნიშანში მყოფი მზე პირდაპირ უპირისპირდება მთვარეს, რაც პირად ურთიერთობებს უკიდურესად ძაბავს. თქვენი ეგო ითხოვს სიმშვიდესა და უცვლელობას, პარტნიორი კი — რადიკალურ ცვლილებებს. იყავით ფრთხილნი ჯანმრთელობასთან, განსაკუთრებით ყელისა და ენდოკრინული სისტემის მიმართულებით. მოერიდეთ ახალ შეთანხმებებს 10 მაისამდე, რადგან დადებული პირობები ამ პერიოდში მყიფეა.

ტყუპები
ვენერა თქვენს ნიშანშია, რაც მომხიბვლელობას გმატებთ, თუმცა სავსე მთვარე მე-6 სახლში ჯანმრთელობისა და ყოველდღიური რუტინის გადახედვას მოითხოვს. მოსალოდნელია საერთო ტონუსისა და იმუნიტეტის დაქვეითება. სამსახურში შესაძლოა ფარულმა ინტრიგებმა ან წარსულის შეცდომებმა იჩინოს თავი. გამოიყენეთ სატურნის მხარდაჭერა გეგმების დასასტაბილურებლად და ნუ გაფანტავთ ენერგიას ზედაპირულ საუბრებში.

კირჩხიბი
თქვენს ნიშანში მყოფი იუპიტერი თქვენი მთავარი მფარველია! წყლის ტრინი გაძლევთ უნიკალურ შანსს, რომ ნებისმიერი ემოციური კრიზისი შემოქმედებით ენერგიად აქციოთ. ყურადღება მიაქციეთ შვილებსა და საყვარელ ადამიანებს. თუმცა, მოერიდეთ შემთხვევით ინტიმურ კავშირებს, რადგან მორიელის სავსემთვარეობა ამ სფეროში ფარულ საფრთხეებსა და დაავადებების რისკს საგრძნობლად ზრდის.
ლომი
სავსე მთვარე თქვენს მე-4 სახლშია — აქცენტი გადადის ოჯახზე, ფესვებსა და საცხოვრებელზე. შესაძლოა ძველმა ოჯახურმა წყენებმა ან ფარულმა პრობლემებმა იფეთქოს. მზის პოზიცია კუროში (თქვენს მე-10 სახლში) მიგვანიშნებს, რომ კარიერასა და ოჯახს შორის ბალანსის პოვნა გაგიჭირდებათ. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს 10 მაისამდე.

ქალწული
კომუნიკაციის სფერო და ინფორმაციული ველი დაძაბულია. მოსალოდნელია გაუგებრობები, საბუთებთან დაკავშირებული ხარვეზები და კონფლიქტები უახლოეს გარემოცვასთან. ტრავმულ-ავარიული პერიოდის გამო, იყავით უკიდურესად ფრთხილნი გადაადგილებისას. ვენერა-სატურნის ასპექტი გირჩევთ, რომ მეტი დრო დაუთმოთ პროფესიულ თვითდისციპლინასა და გრძელვადიან დაგეგმარებას.

სასწორი
აქცენტი გადადის თქვენს თვითშეფასებასა და ფინანსებზე. სავსე მთვარე მორიელში თქვენს მე-2 სახლშია — შესაძლოა მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება ვალის დაფარვის ან ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ. მოერიდეთ ემოციურ ნიადაგზე ძვირადღირებულ შენაძენებს. პირად ურთიერთობებში შესაძლოა ეჭვიანობამ და მანიპულაციებმა იჩინოს თავი. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ინტუიციას.

მორიელი
თქვენ ამ კვირის მთავარი ენერგეტიკული ეპიცენტრი ხართ! სავსემთვარე თქვენს ნიშანშია, რაც გაიძულებთ ძირეულად გადააფასოთ საკუთარი თავი. მოსალოდნელია ემოციური პიკი და შინაგანი დაძაბულობა. გაუფრთხილდით რეპროდუქციულ სისტემას და აუცილებლად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს აურის დასაცავად. იუპიტერის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, რომ ეს დაძაბულობა სულიერ ტრანსფორმაციაში გადაზარდოთ.

მშვილდოსანი
ეს არის თქვენთვის "განწმენდისა" და განმარტოების პერიოდი. სავსე მთვარე მე-12 სახლში ააქტიურებს ფარულ მტრებს, ქვეცნობიერ შიშებსა და ფსიქოსომატურ სიმპტომებს. მოიმატებს ილუზიებისკენ ან მავნე ჩვევებისკენ ლტოლვა, ამიტომ გამოიჩინეთ განსაკუთრებული ნებისყოფა. კარგი დროა ლოცვისთვის, მედიტაციისა და ძველი ფსიქოლოგიური ბლოკებისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად.

თხის რქა
სავსე მთვარე მე-11 სახლშია — მეგობრულ წრესა და თანამოაზრეებში შესაძლოა სერიოზული დაპირისპირება მოხდეს. ფრთხილად იყავით კოლექტიურ ფინანსურ პროექტებთან. ვენერასა და სატურნის (თქვენი მმართველის) სექსტილი გეხმარებათ, რომ სამომავლო გეგმები რეალისტურად შეაფასოთ. ეს არის დრო, როცა უნდა "გაცრით" მეგობრები და დატოვოთ მხოლოდ ისინი, ვინც დროს გაუძლო.

მერწყული
მწვავე დაძაბულობა კარიერულ ასპარეზზე. სავსე მთვარე თქვენს მე-10 სახლშია — შესაძლოა სამსახურში რადიკალური ცვლილებების ან ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის წინაშე დადგეთ. ნუ წამოიწყებთ ახალ მოლაპარაკებებს 10 მაისამდე. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რეპუტაციას, რადგან მანიპულაციებისა და ცილისწამების საფრთხე მაღალია. სახლში ეცადეთ მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზები
თქვენს ნიშანში მყოფი აღმავალი კვანძი და წყლის დიდი ტრინი თქვენს მხარესაა! სავსე მთვარე მე-9 სახლშია — მოერიდეთ შორს მგზავრობას, თუმცა პერიოდი ბრწყინვალეა სულიერი განათლებისა და შემეცნებისათვის. შესაძლოა სრულიად შეგეცვალოთ მსოფლმხედველობა. გამოიყენეთ ეს დღეები აურის გასაწმენდად და ინტუიციური, "ზემოდან" მოსული ცოდნის მისაღებად.
ავტორი: ირაკლი ნუცუბიძე. 
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გაზაფხულივით ლამაზი“ - მზიანი გაზაფხული და თიკა ფაცაციას ახალი კადრები
წყარო: www.facebook.com