მანქანა მუდმივად ჩართულია - ის მუშაობს შეუჩერებლად. მაგრამ როგორ შევისწავლოთ მისი მექანიზმი? გავთიშოთ და დავშალოთ? ამ შემთხვევაში ის ვერაფერს გვაჩვენებს. მექანიკურობა მხოლოდ მოქმედებაში ვლინდება. და რაც მთავარია - თვითონ მანქანა ვერ აკვირდება საკუთარ ავტომატიზმს. გარედან სჭირდება დაკვირვება“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი AstroBlog SkyLight წერს.
როგორც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ მექანიკური ცხოვრება მიმდინარეობს უმტკივნეულოდ, ავტომატურად, თავისთავად.
„მოთმინება მართებთ მათ, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს. ჭეშმარიტება ზედაპირზეა, მაშინ როცა ადამიანები ღრმად მიცურავენ უფრო სწორად, ლივლივებენ საკუთარი თავის შესახებ არსებული მცდარი წარმოდგენების ფსკერზე. ილუზიები და მითები ამძიმებენ მათ და ართმევენ შესაძლებლობას, ღრმად ჩაისუნთქონ.
მტკიცება იმისა, რომ ადამიანი მანქანაა, სრულად ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ადამიანი რაციონალურია. „ჰომო საპიენსი“ - ,,გონიერი ადამიანი“ - თითქოსდა გულისხმობს ცნობიერების არსებობას, მაგრამ რეალურად საქმე საპირისპიროდაა: ადამიანური არსებები თავიდანვე არაცნობიერები არიან. გონიერება მათში მხოლოდ პოტენციალის დონეზე არსებობს. მათ შესაძლოა მთელი სიცოცხლე ისე გაატარონ, რომ ეს პოტენციალი არ გამოიყენონ - თუ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ ან ვერ გრძნობენ.
უფრო სწორი იქნებოდა ამ სახეობას დავარქვათ „მექანიკური ადამიანი“ ან „ავტომატური ადამიანი“. სიტყვა „მექანიკური“ ნიშნავს არაცნობიერ, უნებლიე ქმედებას, რომელიც დამოუკიდებელია ნებისგან. უფრო ზუსტი ტერმინია - ,,შემთხვევითი ადამიანი“. ბუნება ისეა მოწყობილი, რომ შემთხვევით ადამიანსაც კი შეუძლია საკმაოდ კარგად იცხოვროს, ცნობიერების გამოყენების გარეშე. თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელ გზას აირჩევს - ცნობიერს თუ არაცნობიერს.
მექანიკური ცხოვრება მიმდინარეობს უმტკივნეულოდ, ავტომატურად, თავისთავად. ადამიანი-მანქანა უბრალოდ გავლენების გამტარია: გავლენები მისგან საჭიროებებს წარმოშობენ - ჭამის, ძილის, სექსის, გართობის და სხვა. თუ ამ ყველაფრისთვის საკმარისი ფინანსები აქვს, მისი ცხოვრება ბედნიერად ითვლება. არსებობს წარმატებული მექანიკური ცხოვრების სტერეოტიპები, რომელთა უმეტესობა მატერიალურ კეთილდღეობას უკავშირდება. მექანიკური ცხოვრების საზომი და აზრი - ფულია. ცნობიერი ცხოვრების აზრი კი - თვითგამოხატვაა.
მანქანა მყარად არის ჩაბმული მატერიალური სამყაროს მექანიზმში. ამიტომ ადამიანი-მანქანის ინტერესები მთლიანად ფიზიკურ და მატერიალურ საფეხურზეა ჩაჭედილი. აქედან მოდის თანამედროვე ტექნოკრატიული საზოგადოების გადაჭარბებული მატერიალიზმიც. ასეთ საზოგადოებაში დომინირებენ ადამიანი-მანქანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რომ ფიზიკური და მექანიკური სამყაროს მიღმა არსებობს სხვა, უფრო ცნობიერი რეალობები.
ჩვენი მატერიალური სამყარო მხოლოდ ზედაპირული ფენაა. აქ ყველაფერი ფიზიკურია, მყარია - მათ შორის ჩვენი სხეულიც. მყარი მატერია პასიურია, ინერტული - ამიტომაც არის ის ავტომატური, თითქმის არაცნობიერი. მისგან განსხვავებით, სული აქტიური, ქმედითი, გონიერი და ცნობიერია. ადამიანი რაც უფრო ღრმად იაზრებს თავის როლს ფიზიკურ სამყაროში, მით უფრო კარგავს ის მექანიკურობას და იძენს ცნობიერებას. ადამიანის ფიზიკური სხეული მთლიანად მექანიკურია - ეს არის სრულად ავტომატური სტრუქტურა, რომელსაც ფიზიოლოგიური ინსტინქტები მართავენ.
თუ ახალშობილს ცხოველებში აღზრდი, ის ჩვეულებრივ მხეცად გაიზრდება. ექნება ადამიანური ფორმა, მაგრამ ცხოველური ჩვევები. თუ ის ადამიანურ გარემოში იზრდება, შეიძენს მექანიკური ადამიანის ქცევებს. გარეგნულად ეს თითქოს სხვა რამეა, მაგრამ შინაარსობრივად - იგივე.
ფიზიკური სხეულის დონეზე ცხოვრება მხოლოდ მცირე განსხვავებით განირჩევა ცხოველური არსებობისგან. ცხოველთა სამყარო სრულიად ავტომატურია, მექანიკური. მით უფრო - მცენარეთა სამყარო. ვინც მათ დააკვირდება, ადვილად შეამჩნევს, რომ ამ არსებებში ყველაფერი მკაცრი პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. ყველაფერი იქ „უბრალოდ ხდება“ - მათში პროცესები არ მოდის საკუთარი ძალისხმევიდან. მცენარეები და ცხოველები ბრმად მოქმედებენ, მათი არსებობა ერთი და იმავე ჩარჩოში ბრუნავს. ისინი არიან არაცნობიერი მანქანები, რომლებიც შეუჩერებლად იმეორებენ თავიანთ სქემებს. მათში არ არის არაფერი ამ სქემებს მიღმა.
სწორედ ასე ცხოვრობენ ადამიანი - მანქანებიც— განსაზღვრული პროგრამების მსგავსად. მაგრამ, განსხვავებით მცენარებისა და ცხოველებისგან, მექანიკურ ადამიანს აქვს შანსი გადაიქცეს ცნობიერ ადამიანად. ადამიანის ცხოვრება მუდმივი მეტამორფოზაა. ყოველი წუთი, საათი, დღე - გარდაქმნის შესაძლებლობაა. თითოეული ფიქრი, სიტყვა, მოქმედება - გარდაქმნის პროცესში მონაწილეობს. ადამიანს რეალურად შეუძლია თავი დააღწიოს ავტომატური, უიმედო არსებობის ჭრილში დარჩენის ბედს.
მექანიკური მდგომარეობიდან გამოსვლისთვის აუცილებელია, რომ ადამიანმა ჯერ აღიაროს — ის მანქანაა, გარე გავლენების უგონო გამტარი. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით რთულია თანამედროვე, თავდაჯერებული და პრაგმატულად მოაზროვნე ინტელექტუალებისთვის, რომლებიც მხოლოდ იმას აღიარებენ, რაც მათ ამჟამად ყველაზე ხელსაყრელია. შემდეგ ნაბიჯად, აუცილებელია გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს ადამიანური მანქანა - და ეს უკვე ბევრად უფრო რთულია.
მანქანა მუდმივად ჩართულია - ის მუშაობს შეუჩერებლად. მაგრამ როგორ შევისწავლოთ მისი მექანიზმი? გავთიშოთ და დავშალოთ? ამ შემთხვევაში ის ვერაფერს გვაჩვენებს. მექანიკურობა მხოლოდ მოქმედებაში ვლინდება. და რაც მთავარია - თვითონ მანქანა ვერ აკვირდება საკუთარ ავტომატიზმს. გარედან სჭირდება დაკვირვება.
სხვები - ასევე ადამიანი - მანქანები , აკვირდებიან ერთმანეთს, ხედავენ ერთმანეთის მექანიკურ გამოვლინებებს, თუმცა ვერ არჩევენ მათ სიღრმისეულად. ამ ყველაფრის გასარჩევად საჭიროა იმის გამოცდილება, თუ როგორია იყო არამექანიკური, მაგრამ საიდან მივიღოთ ასეთი გამოცდილება?
ამისათვის საჭიროა, გარკვეული დროით შეჩერდეს მექანიკური მოქმედება - მაგრამ როგორ? ეს მოჯადოებული წრეა, დახურული მექანიკური წრე. ესაა ადამიანის რეალური მდგომარეობა - სიმართლე, რომლის დანახვაც არავის სურს. გარედან დახმარების გარეშე ადამიანს არ აქვს ძალა, თავი დააღწიოს მექანიკურ-მატერიალური სამყაროს ბორკილებს. მაშინაც კი, თუ ცნობიერების ნაპერწკალი მის ნამდვილ მდგომარეობას გააშიშვლებს, მისგან გათავისუფლება საჭიროებს სისტემატურ, მეთოდურ ძალისხმევას - იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებმაც უკვე განვლეს ეს გზა.
ეს ზუსტად ის იყო, რასაც გიორგი გურჯიევი აკეთებდა თავის მოწაფეებთან. ის ყველა ხერხით ცდილობდა, დახმარებოდა მათ მექანიკური მონობიდან გათავისუფლებაში. გურჯიევმა კარგად იცოდა ასტროლოგიური არქეტიპები, რომელთა ცოდნის გარეშე შეუძლებელია ადამიანის ავტომატური გამოვლინებების გარჩევა. მიუხედავად ზედმეტი ქაოსისა და ინდივიდუალური თავისებურებებისა, ადამიანის ქცევებში მაინც ჩანს გარკვეული შაბლონები. მექანიკური ადამიანის ცხოვრების წესი და ხასიათი სტერეოტიპულია. ამ შაბლონების ცოდნა კი შესაძლებელს ხდის, წინასწარ განსაზღვრო მათი რეაქციები და თავიდან აიცილო არასასურველი გართულებები.
ნაწყვეტი მარკ აისბერგის წიგნიდან ,, სულის ასტროლოგია'', რომელსაც საფუძვლად უდევს გ. გურჯიევის სწავლებები“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.