მისტიკური ახალმთვარეობა - მოულოდნელი შესაძლებლობები და ძირეული ტრანსფორმაცია.
9 ნოემბერს, თბილისის დროით 11:02-ზე, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში განსაკუთრებული, ღრმა ტრანსფორმაციული და მისტიკური ახალმთვარეობა გველოდება.
მისი ასტროლოგიური სურათი მიანიშნებს, რომ ეს მოვლენა შესაძლოა მნიშვნელოვანი გარდატეხის დასაწყისად იქცეს როგორც ჩვენს პირად ცხოვრებაში, ისე სამყაროს არსებული წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებში.
9 ნოემბერს მზე და მთვარე ერთმანეთს მორიელის მე-17 გრადუსზე შეუერთდებიან. თუმცა, ამ ახალმთვარეობის განსაკუთრებულობას მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი და პლანეტარული ასპექტები არ განსაზღვრავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იგი დაბნელებებს შორის შუა წერტილს ემთხვევა.
ასტროლოგიური და ეზოტერული ტრადიციის მიხედვით, დაბნელებებს შორის შუა წერტილი ბედისწერის მოულოდნელ შემობრუნებას, არაპროგნოზირებად მოვლენებსა და ყველაზე წარმოუდგენელი სურვილების ასრულების შესაძლებლობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. იგი შესაძლოა იმ შესაძლებლობების კარს გვიხსნიდეს, რომლებიც აქამდე მიუწვდომლად ან სრულიად არარეალურად გვეჩვენებოდა და ჩვენი ცხოვრების შეცვლის საფუძველი გახდეს.
მორიელი ხომ ზოდიაქოს ყველაზე მისტიკური და ტრანსფორმაციული ნიშანია, რომელიც ღრმა, ძირეულ ცვლილებებს განასახიერებს. მისი სიმბოლო ფენიქსია -მითიური ფრინველი, რომელსაც ფერფლად ქცევისა და შემდეგ სრულიად ახალი სახით აღორძინების უნარი აქვს. სწორედ ეს სიმბოლიკა გამოხატავს მორიელის მთავარ არსს: ძველის ნგრევას, გარდაქმნასა და ახალი რეალობის დაბადებას. ამ ახალმთვარეობის გავლენის პერიოდში ჩვენც მოგვეცემა შესაძლებლობა, სიმბოლური და სულიერი თვალსაზრისით ხელახლა დავიბადოთ, გავთავისუფლდეთ იმ ყველაფრისგან, რაც განვითარებაში გვიშლის ხელს, გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და ცხოვრებისეული პერსპექტივები უკეთესობისკენ შევცვალოთ.
მისტიკა, ძალაუფლების საკითხები, დასასრული და დაბადება, დაფარულის გამოაშკარავება და მნიშვნელოვანი საიდუმლოებების გამჟღავნება - სწორედ ეს იქნება იმ მთვარის თვის მთავარი თემები, რომელიც 9 ნოემბრის ახალმთვარეობით იწყება. ამ ახალმთვარეობის ასტროლოგიური სურათი იმდენად ინტენსიურია, რომ მისი გავლენა შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების კატალიზატორად იქცეს. თუმცა, თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ: ეს არ არის ის ახალმთვარეობა, რომელიც ბედის იოლად მოსაპოვებელ საჩუქრებს გვპირდება. პირიქით, იგი ღრმა გარდაქმნის პერიოდს ხსნის, რომელიც ერთი მნიშვნელოვანი გაცნობიერებით იწყება - ძველი წესები უკვე აღარ მუშაობს და დროა, ჩვენი ცხოვრების არსს სერიოზულად ჩავუღრმავდეთ. ეს არ გულისხმობს ზედაპირულ, ფასადურ ცვლილებებს. დღის წესრიგში ჩვენი ცხოვრების იმ ფუნდამენტური საყრდენების გარდაქმნა დგება, რომლებზეც აქამდე ჩვენი რეალობა იყო აგებული.
ამ ახალმთვარეობის ენერგიის უკეთ გასაგებად წარმოიდგინეთ დიდი შენობა, რომელსაც წლების განმავლობაში პერიოდულად არემონტებდნენ: ღებავდნენ კედლებს, ცვლიდნენ ფანჯრებს, ასწორებდნენ ცალკეულ დაზიანებებს.
მაგრამ ერთ დღესაც ცხადი ხდება, რომ პრობლემა გაცილებით ღრმაა და თავად შენობის საძირკველში იმალება. ირკვევა, რომ კიდევ ერთი ზედაპირული რემონტი ვერაფერს შეცვლის და აუცილებელია საფუძვლიანი რეკონსტრუქცია. სწორედ ეს სახე გადმოსცემს ყველაზე ზუსტად მოახლოებული ახალმთვარეობის სიმბოლურ არსს.
რის საფუძველზე შეგვიძლია ასეთი დასკვნის გაკეთება? პირველ რიგში, ახალმთვარეობის წერტილი მორიელის ნიშანში პროზერპინასთან შეერთებას ქმნის. ასტროლოგიურ სიმბოლიკაში პროზერპინა ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებს, ტრანსფორმაციასა და ტრანსმუტაციას უკავშირდება. მითოლოგიაში იგი პლუტონის, ქვესკნელის ღმერთის, მეუღლეა. პლუტონი კი მორიელის ერთ-ერთი მმართველია. ამგვარად, ახალმთვარეობის კონფიგურაციაში ტრანსფორმაციის ძალები განსაკუთრებულად ძლიერად არის გამოხატული.
გლობალურ დონეზე მომდევნო მთვარის თვის განმავლობაში ყურადღების ცენტრში შესაძლოა აღმოჩნდეს მსხვილი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და მმართველობითი სტრუქტურები, რომლებშიც წლების განმავლობაში დაგროვილი წინააღმდეგობები და გადაუჭრელი პრობლემები უკვე ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს.
რაც შეეხება ჩვენს პირად, ინდივიდუალურ ცხოვრებას, ეს ახალმთვარეობა შესაძლოა იქცეს მნიშვნელოვან გარდამტეხ წერტილად, რომელიც საკუთარი კარმული პროგრამების გაანალიზების ძლიერ ბიძგს მოგვცემს. საქმე ის არის, რომ ახალმთვარეობის წერტილი პროზერპინასთან შეერთების გარდა, დაძაბულ კვადრატურასაც ქმნის მარსის, იუპიტერისა და სამხრეთ(დაღმავალი) მთვარის კვანძის შეერთებასთან. სამხრეთ კვანძი კი ასტროლოგიურ სიმბოლიკაში წარსულ გამოცდილებასა და კარმულ მემკვიდრეობას განასახიერებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალმთვარეობა ააქტიურებს წარსულს, ძველ პროგრამებს, გადაუჭრელ საკითხებსა და პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც თავის დროზე გადავდეთ. ამიტომ მომდევნო მთვარის თვის განმავლობაში ყურადღების ცენტრში შესაძლოა კვლავ მოექცეს მრავალი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებები, ძველი ვალდებულებები და მათი დღემდე მოქმედი შედეგები.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლანეტების ეს ჯგუფი სამხრეთ კვანძთან ერთად ლომის ნიშანში იმყოფება. ლომი კი ლიდერობის, აღიარების, უპირატესობის მოპოვებისა და გავლენის შენარჩუნების სურვილს განასახიერებს. ამიტომ მსოფლიო ასპარეზზე შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს სახელმწიფოთა მეთაურების ძველი ამბიციები. ძალაუფლებისა და გავლენისთვის ბრძოლის წარსულმა სტრატეგიებმა შესაძლოა კვლავ შეგვახსენოს თავი. ყურადღების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდნენ ყოფილი ლიდერები, ძველი პოლიტიკური ფიგურები და ისეთი გადაწყვეტილებებიც, რომელთა შედეგები დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა.
შესაბამისად, გლობალურ დონეზე მოსალოდნელია წარსული წინააღმდეგობების გამწვავება, ძველი პოლიტიკური კონფლიქტების დაბრუნება და ლიდერობისთვის განსაკუთრებით მწვავე ბრძოლა. ამასთანავე, შესაძლოა გააქტიურდეს საერთაშორისო შეთანხმებების გადახედვის პროცესი, შეიცვალოს უმაღლეს სტრუქტურებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის არსებული წესები და გადაიხედოს ძალაუფლებისა თუ გავლენის ძველი მექანიზმები. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება: მომდევნო მთვარის თვის განმავლობაში ბევრი ძველი პროგრამა დასრულდება. ის, რაც ჯერ კიდევ სექტემბერსა და ოქტომბერში პერსპექტიულად გამოიყურებოდა, ნოემბრისთვის დიდი ალბათობით აქტუალობასა და განვითარების პოტენციალს დაკარგავს.
თუმცა, ამ ახალმთვარეობას მხოლოდ კრიზისების მომასწავებელ მოვლენად ნუ აღვიქვამთ. მორიელს, სადაც მზე და მთვარე ერთმანეთს უერთდება, ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - იგი ყველაზე ღრმა გარდაქმნების შემდეგ აღორძინების უნარს განასახიერებს. ხშირად სწორედ სუსტი წერტილის აღმოჩენა ხდება ნამდვილი განახლების დასაწყისი. ის, რაც თავდაპირველად დანაკარგად ან კრიზისად აღიქმება, საბოლოოდ შესაძლოა ახალი შესაძლებლობებისა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საფუძვლად იქცეს. ამიტომ ამ ახალმთვარეობის მთავარი გზავნილი ძველის უბრალოდ დანგრევა კი არა, იმის გაცნობიერებაა, თუ რა უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ ახალს დაბადების შესაძლებლობა მიეცეს.
ამ ახალმთვარეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ იგი ჩვენს ყურადღებას წარსულისკენ მიმართავს. ამას განაპირობებს არა მხოლოდ სამხრეთ მთვარის კვანძთან დაძაბული ასპექტი, არამედ ისიც, რომ მერკური და ვენერა კვლავ რეტროგრადულ მოძრაობას განაგრძობენ. ამგვარად, მომდევნო მთვარის თვე განსაკუთრებით ხელსაყრელია წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, დავიწყებული იდეების გასაცოცხლებლად და დაუსრულებელი საქმეების დასასრულებლად. შესაძლოა კვლავ შეგვახსენონ თავი ადამიანებმა, ურთიერთობებმა და სიტუაციებმა, რომლებიც წარსულში ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია სასარგებლო კავშირების აღსადგენად, ძველი თანამშრომლობის პირობების გასაანალიზებლად, ფინანსური და სხვა ვალდებულებების დასასრულებლად, ასევე იმ პროექტების გასაცოცხლებლად, რომლებსაც ოდესღაც პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განხორციელდა. ამასთანავე, არ არის რეკომენდებული სრულიად ახალი, მასშტაბური პროექტების ნაჩქარევად დაწყება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი დიდ ფინანსურ ინვესტიციებს, სარისკო გარიგებებს ან ხანგრძლივ ვალდებულებებს უკავშირდება. ამ ახალმთვარეობის ენერგია უფრო მეტად არსებული საფუძვლების გაანალიზებასა და გარდაქმნას უწყობს ხელს, ვიდრე სრულიად ახალი მიმართულებების დაუყოვნებლივ ჩამოყალიბებას.
ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ იმ მიზნებით, რომელთა მიღწევის გზებიც უკვე კარგად იცით. დაფიქრდით იმ სურვილებზე, რომლებიც დიდი ხანია თქვენში არსებობს, მაგრამ მათი განხორციელების შესაძლებლობა არასოდეს დაგინახავთ. იქნებ გამოსავალი იმ გზაში იმალება, რომელიც აქამდე არც კი განგიხილავთ? ამ ახალმთვარეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიმბოლური მნიშვნელობა სწორედ წარსულისა და მომავლის ერთმანეთთან დაკავშირებაა. მერკურისა და ვენერას რეტროგრადული მოძრაობა მიანიშნებს, რომ მომავალი შესაძლებლობების გასაღები შესაძლოა წარსულში იყოს დამალული. ეს შეიძლება იყოს ძველი იდეა, მივიწყებული ნიჭი, დაუსრულებელი პროექტი, ოდესღაც ხელიდან გაშვებული შანსი ან ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობის აღდგენა ახალ პერსპექტივას გაგიხსნით.
აქ მთავარი წარსულში დაბრუნება და ძველი სცენარების გამეორება კი არ არის, არამედ წარსული გამოცდილების სრულიად განსხვავებული მომავლის შესაქმნელად გამოყენება. 9 ნოემბრის ახალმთვარეობა შესაძლოა სწორედ ის გარდამტეხი მომენტი გახდეს, როდესაც საკუთარ თავს ჩვეული შეზღუდვების მიღმა გასვლის უფლებას მისცემთ და აღმოაჩენთ, რომ შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ.
როდესაც აზროვნების მიმართულება იცვლება, იცვლება გზაც, რომელსაც ადამიანი მიუყვება. დაე, დაბნელებებს შორის ამ განსაკუთრებულმა შუა წერტილმა, ახალმთვარეობის ტრანსფორმაციულ ენერგიებთან ერთად, დაგვანახოს შესაძლებლობები იქ, სადაც აქამდე მხოლოდ დაბრკოლებებს ვხედავდით, და მიგვიყვანოს ჩვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულებამდე.
9 ნოემბრის ახალმთვარეობა გვთავაზობს შესაძლებლობას, გავთავისუფლდეთ ჩვენს ცხოვრებაში დაგროვილი ზედმეტი ტვირთისგან - როგორც მატერიალური, ისე სულიერი თვალსაზრისით. მორიელის ძლიერი ტრანსფორმაციული ენერგია გვიბიძგებს, ჩავიხედოთ მოვლენების არსში, აღმოვაჩინოთ ის მიზეზები, რომლებიც ცვლილებებს აფერხებს, და გავბედოთ იმ სტრუქტურების გარდაქმნა, რომლებმაც უკვე ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები. ეს არის პერიოდი, როდესაც ძველი ციკლების დასრულება ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება იქცეს; როდესაც წარსულის გამოცდილება მომავლის რესურსად გარდაიქმნება, ხოლო მოულოდნელი მოვლენები ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საფუძველი ხდება.
გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს, კეთილდღეობასა და სიუხვეს!
დაე, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ყველა ცვლილება უკეთესობისკენ იყოს მიმართული, დაგეხმაროთ ძველისგან გათავისუფლებაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. დაე, ამ ტრანსფორმაციულმა პერიოდმა მეტი სიყვარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მოგიტანოთ!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ნოემბერს საქართველოში
⭕ანჯელინა ჯოლის 18 წლის ქალიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - ვივიენი მძიმე გამოცდილებას იხსენებს