8 სექტემბერი - იუპიტერს დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობები მოაქვს.
დღევანდელი დღე ენერგეტიკის მკვეთრი ცვლილებით გამოირჩევა. დილის საათები ემოციურ სიმტკიცეს გვთხოვს, დღის მეორე ნახევარი კი იმავე ენერგიას მოქმედების, შედეგისა და ახალი შესაძლებლობებისკენ მიმართავს, ამიტომ დღევანდელი დღის მთავარი ამოცანა საკუთარი ძალის სხვებისთვის დამტკიცება კი არა, მისი სწორად გამოყენებაა.
მთვარე მთელი დღის განმავლობაში ლომის ნიშანში იმყოფება და ყურადღების ცენტრში საკუთარი ღირსების, აღიარების, პატივისცემისა და ავტორიტეტის საკითხებია. მთვარე ლომში გვანიჭებს თავდაჯერებულობას, შემოქმედებით ენერგიას, ლიდერულ თვისებებსა და სურვილს, საკუთარი თავი თამამად გამოვავლინოთ.
გვინდა, რომ ჩვენი ძალისხმევა დაინახონ და სათანადოდ შეაფასონ.
სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება უპატივცემულობა, უგულებელყოფა და სხვისი მხრიდან კონტროლის მცდელობა.
დღის პირველ ნახევარში ეს თემა კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ლომში მყოფი მთვარე პლუტონთან ოპოზიციაშია. ეს ძლიერი ემოციური ასპექტია, რომელსაც ჩვეულებრივი უთანხმოება ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გადაჰყავს. მცირე წინააღმდეგობაც კი პრინციპულ ბრძოლად შეიძლება აღიქმებოდეს.
პლუტონი აძლიერებს კონტროლის, გავლენისა და საკუთარი პოზიციის დაცვის მოთხოვნილებას. ამიტომ დილის საათებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური რეაქციის მართვა. როცა საკუთარი ღირსება თითქოს საფრთხის ქვეშ დგება, ავტომატურად ჩნდება სურვილი - დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, დავიბრუნოთ კონტროლი ან პასუხი იმავე სიმკაცრით გავცეთ.
თუმცა სწორედ ეს არის დღევანდელი გაკვეთილი: ყველა ბრძოლა მოგებისთვის არ არის.
საკუთარ თავს ჰკითხეთ - რეალურად დაირღვა ჩემი პირადი საზღვარი თუ უბრალოდ ჩემი თავმოყვარეობა შეილახა? ეს ორი რამ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ.
დღის პირველი ნახევრის კონფიგურაციაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ურანსა და ნეპტუნსაც. ამიტომ შექმნილი წინააღმდეგობა მხოლოდ დაპირისპირების ენერგიას არ ატარებს. ურანი გვთავაზობს მოულოდნელ გამოსავალს, განსხვავებულ მიდგომას და ძველი სცენარის შეცვლის შესაძლებლობას. ნეპტუნი კი გვანიჭებს უნარს, სიტუაციას უფრო სიღრმისეულად შევხედოთ და დავინახოთ ის მოტივები, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს.
ამიტომ დილის დაძაბულობას კონფლიქტად ნუ აქცევთ. დღევანდელი ენერგია გაცილებით ეფექტურად იქნება მაშინ, როდესაც პრობლემის მოგვარების ახალ გზას ვპოულობთ. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი პოზიციაა არა დაპირისპირება, არამედ წესების შეცვლა.
დღის მეორე ნახევრიდან სურათი საგრძნობლად იცვლება. მთვარის ჰარმონიული კავშირი რეტროგრადულ სატურნთან შინაგან წონასწორობას აღადგენს და ემოციურ ენერგიას პრაქტიკულ მიმართულებას ანიჭებს.
ეს განსაკუთრებით კარგი დროა სამუშაოსთვის, ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დასალაგებლად და საქმეების დასასრულებლად, რომლებიც დისციპლინასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
სატურნი ლომის ემოციურ იმპულსს სტრუქტურას აძლევს. დილით საკუთარი ძალის დამტკიცების სურვილი დღის მეორე ნახევარში რეალურ შედეგად გარდაიქმნება, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმეთ.
დაახლოებით 15:00 საათიდან დღის ენერგეტიკა კიდევ უფრო ძლიერდება - მთვარე ლომში იუპიტერთან შეერთებას იწყებს. ეს დღევანდელი დღის ყველაზე პოზიტიური მონაკვეთია.
იუპიტერი აფართოებს შესაძლებლობებს, ზრდის ოპტიმიზმს, თავდაჯერებულობასა და მოქმედების მასშტაბს. მთვარესთან შეერთება კი ამ ენერგიას ემოციურად შესამჩნევს ხდის. ჩნდება მეტი ენთუზიაზმი, შემოქმედებითი იმპულსი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და სურვილი, რომ უფრო თამამად გამოვიდეთ წინა პლანზე.
ეს შესანიშნავი დროა საკუთარი იდეის ან პროექტის წარსადგენად, ადამიანებთან კომუნიკაციისთვის, ახალი თანამშრომლობის დასაწყებად, ლიდერული პოზიციის გამოსავლენად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლებისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის.
დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ დარჩეთ მხოლოდ ფიქრისა და დაგეგმვის ეტაპზე. მოქმედებას ახლა გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს. ამასთან, იუპიტერის ენერგიას თავისი მეორე მხარეც აქვს - ის ყველაფერს ზრდის, რასაც ეხება. ამიტომ იზრდება არა მხოლოდ შესაძლებლობების განცდა, არამედ ამბიციებიც და საკუთარი ძალების გადაფასების რისკიც.
კარგი განწყობის ფონზე ნუ აიღებთ იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ შეასრულოთ. ნუ დაჰპირდებით იმას, როს შესრულებაშიც ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული.
იუპიტერის კეთილგანწყობილი ენერგია შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ წარმატებას პასუხისმგებლობიანი ქმედება უზრუნველყოფს.
8 სექტემბრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გავლენა 27-ე მთვარის დღეა. ეს მთვარის ციკლის ერთ-ერთი ყველაზე ინტუიციური და შინაგან სიბრძნესთან დაკავშირებული პერიოდია.
ამ დღეს გონებრივი ხმაურის შემცირება და საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინტუიცია უფრო მკაფიო ხდება, ყურადღება კი იმ ინფორმაციაზე გადადის, რომელსაც ჩვეულებრივ ყოველდღიური დატვირთვის ფონზე ვერ ვამჩნევთ.
კარგი დროა მედიტაციისთვის, თვითშემეცნებისთვის, სულიერი ლიტერატურის კითხვისთვის, განმარტოებისა და იმ საკითხებზე ფიქრისთვის, რომლებზეც პასუხს დიდი ხანია ეძებთ.
27-ე მთვარის დღის სიმბოლიკა დაკავშირებულია მოგზაურობასთან, ცოდნასთან, მოძრაობასთან და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენასთან. ამიტომ დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ განვითარება იწყება მაშინ, როდესაც ჰორიზონტს მიღმა გახედვას ვბედავთ.
ყურადღება მიაქციეთ დამთხვევებს, მოულოდნელ იდეებს, სიზმრებსა და ფრაზებს, რომლებიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდებათ. დღევანდელი დღის ინტუიციური ფონი სწორედ ასეთი დეტალების მეშვეობით გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
8 სექტემბრის ენერგეტიკული ფორმულა ასეთია: დილით - თვითკონტროლი, დღის მეორე ნახევარში - მოქმედება.
პირველი ნახევარი გვასწავლის, რომ ძალა ყოველთვის დაპირისპირებაში არ გამოიხატება. ზოგჯერ ძალის ყველაზე მაღალი გამოვლინება საკუთარი რეაქციის მართვა და სიტუაციის სხვაგვარად შემობრუნებაა.
მეორე ნახევარი კი უკვე მოქმედებისთვის გვხსნის სივრცეს. სატურნი გვაძლევს სტრუქტურას, იუპიტერი - მასშტაბს, ლომის მთვარე კი თავდაჯერებულობასა და შემოქმედებით ძალას.
ამიტომ, თუ დღის დასაწყისი დაძაბულად განვითარდება, ნუ მისცემთ მას მთელი დღის განსაზღვრის უფლებას. შესაძლებლობები მოგვიანებით იხსნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 სექტემბერს საქართველოში
🎥 „უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის და ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ“ - თამო ვაშალომიძე