Digest Logo

მოულოდნელი მიგნებები, ახალი იდეები და მეორე შანსი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბერს?

1794809605
ჰოროსკოპი

16 ნოემბერს მერწყულის მთვარე თავისუფალი აზროვნების, ახალი იდეებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. 

ვენერასა და მერკურის დირექტულ მოძრაობაზე გადასვლის შემდეგ თანდათან ვტოვებთ წარსულზე კონცენტრირების პერიოდს და მომავლისკენ ვიწყებთ სვლას. ახლა დროა, ნაცნობ საკითხებს განსხვავებული კუთხით შევხედოთ და ჩვეული მოქმედების მოდელის მიღმა ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ.

დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით საინტერესოა. მთვარის ჰარმონიული ასპექტი რეტროგრადულ ურანთან ხელს უწყობს ინტუიციურ მიგნებებს, მოულოდნელ აღმოჩენებსა და ორიგინალურ იდეებს. შესაძლოა, გამოსავალი ვიპოვოთ საკითხში, რომელიც დიდი ხანია გადაუჭრელი გვეგონა, ან დავუბრუნდეთ ძველ იდეას, რომლის განხორციელებაც ადრე ვერ გავბედეთ. თუმცა მთვარის დაძაბული ასპექტი მერკურთან გარკვეულ მენტალურ დაძაბულობასა და ეჭვებსაც გააძლიერებს. მნიშვნელოვანია, კრიტიკულმა აზროვნებამ ახალი შესაძლებლობების დანახვაში ხელი არ შეგვიშალოს.

დღის მეორე ნახევარში მთვარის სექსტილი რეტროგრადულ სატურნთან ხელს შეუწყობს მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ახალი იდეების პრაქტიკულ განხორციელებას. ეს კარგი პერიოდია გრძელვადიანი გეგმების გასაწერად, პროფესიული სტრატეგიის გადასახედად და კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.

შუადღემდე მეშვიდე მთვარის დღე გრძელდება, რომელიც სიტყვის ძალასა და მის მაგიურ მნიშვნელობას უკავშირდება. შემდეგ იწყება მერვე მთვარის დღე, რომლის სიმბოლო ფენიქსია. მითიური ფრინველის მსგავსად, რომელიც ფერფლისგან კვლავ აღდგება, ეს დღე ემოციურ კრიზისს და ახალ საფეხურზე გადასვლას განასახიერებს. მისი სიმბოლიკა გათავისუფლებას, განახლებასა და გამოუყენებელი შინაგანი რესურსების აღდგენას უკავშირდება.

მერვე მთვარის დღე ხელსაყრელია თვითანალიზისთვის, ძველი შეხედულებებისა და ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ასევე, კარგი დროა იმ საქმეებისთვის მეორე შანსის მისაცემად, რომელთა განხორციელებაც წარსულში ვერ მოხერხდა. ეს ეხება როგორც მნიშვნელოვან წამოწყებებსა და ურთიერთობებს, ისე ყოველდღიურ საქმიანობას.

დღის მთავარი გზავნილია: ნუ შემოიფარგლებით ჩვეული გადაწყვეტილებებით. ზოგჯერ გამოსავალი იქ არის, სადაც აქამდე მხოლოდ დაბრკოლებას ვხედავდით. ძველი გამოცდილების გაანალიზება, ახლის მიღებისთვის მზაობა და მოქმედების განსხვავებული გზების ძიება ამ დღის ენერგიის სასარგებლოდ გამოყენებაში დაგვეხმარება.

გისურვებთ ემოციურ სტაბილურობას, შინაგან სიმშვიდეს და სიბრძნეს!

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ფინანსური შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - როგორი იქნება 16-22 ნოემბრის კვირა?

⭕„საოცარი, წარმატებისა და იღბლის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 16 ნოემბერს ენერგიებზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕