ხუთშაბათი, 7 მაისი:
დღეს მთვარე მთელი დღე მოძრაობს თხის რქის ნიშანში, რაც ნიშნავს, რომ როგორც გუშინ, დღის ენერგია იქნება სერიოზული, ორგანიზებული და საქმიანი. ეს ის დღეა, როდესაც გვინდა ყველაფერი გავაკონტროლოთ, ყველაფერი დავალაგოთ, საქმე ბოლომდე და შედეგამდე მივიყვანოთ.
თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს ეს ენერგია ძლიერ დაძაბულობას ეჯახება, რადგან ცაზე ფორმირდება საკმაოდ დაძაბული კონფიგურაცია-ტაუ-კვადრატი, რადგან მასში მონაწილეობს მარსი - ბრძოლის, აგრესიისა და მოქმედების პლანეტა. ამასთან, მთვარე დღეს ოპოზიციაში დგება კირჩხიბში მდებარე იუპიტერთან.
ამ დაძაბული კონფიგურაციის გავლენით, დღის განმავლობაში შეიძლება ძლიერი შინაგანი წნეხი ვიგრძნოთ.
თითქოს, ერთი მხრივ, არსებობს ვალდებულებები, ამოცანები და პასუხისმგებლობა, რაზედაც თხის რქაში მყოფი მთვარე მიუთითებს. მეორე მხრივ კი, ძლიერდება ემოციები, რომლებიც ჩვენში სურვილების მძლავრ ტალღას აღძრავს. შედეგად, შეიძლება შინაგანად ვმერყეობდეთ „უნდა“ და „მინდა“-ს შორის.
დამატებით იმპულსს ამ ყველაფერს მატებს მარსი, რომელიც კონფიგურაციის მწვერვალზე დგას. ის ქმნის ძლიერ ბიძგს - სურვილები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროა სწრაფი მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება და ნაბიჯების გადადგმა.
მარსმა შეიძლება გამოიწვიოს მოუთმენლობა, გაღიზიანება, სიხისტე სიტყვებსა და ქმედებებში, ასევე სურვილი, დაუყოვნებლივ „გაატარო“ საკუთარი პოზიცია. შესაბამისად, კონფლიქტები დღეს ძალიან მარტივად შეიძლება გაღვივდეს.
ეს არის დღე, როდესაც ასეთი ენერგიების ფონზე ძალიან ადვილია კონტროლის დაკარგვა, ზედმეტის თქმა, ემოციებზე დაყრდნობით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და კონფლიქტში შესვლა დაუფიქრებლად.
განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება სამუშაო სფერო, ურთიერთობები ხელმძღვანელობასთან ან პასუხისმგებელ პირებთან. შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ ვერ გიგებენ, არ გიჭერენ მხარს, ზეწოლას ახდენენ თქვენზე, ან პირიქით - თქვენ ცდილობთ დაამტკიცოთ საკუთარი სიმართლე.
სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი შეჩერება, რადგან ნებისმიერი მკვეთრი მოქმედება ან სიტყვა შეიძლება დამატებით სირთულეებად იქცეს. დღევანდელ დღეს უკეთესია მოთმენა, გაძლება, რათა არ მივიღოთ დამანგრეველი შედეგი.
მიუხედავად ამ დაძაბულობისა, დღეს გვაქვს პროზერპინას მხარდაჭერა. პროზერპინა ტრანსფორმაციისა და ტრანსმუტაციის პლანეტაა, და ამავე დროს წარმოადგენს პრაქტიკულ, სტაბილურ ენერგიას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ანალიზი და ფორმირება.
თუ გადავერთვებით პროზერპინას ენერგიებზე და საკუთარ თავს მოვმართავთ სიმშვიდისკენ და აუჩქარებლად გადაწყვეტილების მიღებისკენ, ამ შემთხვევაში დღის დაძაბულ ენერგიას პოზიტიურ კალაპოტში გადავიყვანთ. განსაკუთრებით ეფექტური იქნება რთული ამოცანების გადაწყვეტა აუჩქარებლად, გააზრებულად და გონივრულობაზე დაყრდნობით.
ასევე ხელსაყრელია დღეს საქმეებში წესრიგის დამყარება, ისეთი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, სიზუსტეს, დეტალებზე კონცენტრაციას და მაქსიმალურ კონკრეტიკას - ეს ყველაფერი პროზერპინას ენერგიებთან თანხვედრაში მოდის.
რაც შეეხება მარსის ძლიერ, დინამიკურ ენერგიას, უმჯობესია ის მივმართოთ ფიზიკურ აქტივობაში, მიზანმიმართულ მუშაობაში ან ისეთ ქმედებაში, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს. კარგი იქნება სპორტი ან ფიზიკური შრომა.
მთავარია, ეს ენერგია არ გადავიტანოთ ადამიანებზე და არ შევიდეთ კონფლიქტში, რადგან დღეს კონფლიქტი არ არის გამოსავალი - ის მხოლოდ ართულებს ვითარებას.
თუ იგრძნობთ ძლიერ დაძაბულობას, ეს არის სიგნალი, რომ თქვენში გააქტიურდა ტაუ-კვადრატის რთული ენერგია, რომელიც საჭიროებს დამუშავებას - ან ფიზიკური დატვირთვით, ან ინტენსიური გონებრივი საქმიანობით.
ამრიგად, 7 მაისი არის ძალის დღე, მაგრამ ძალის, რომელიც მართვას საჭიროებს. სწორად მიმართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ძალიან ბევრი საქმის შესრულება, ხოლო არასწორი მართვის შემთხვევაში - სერიოზული შეცდომების დაშვებაც.
რაც შეეხება მთვარის დღეს, მთელი დღის განმავლობაში ჩვენზე ჩვენზე გავლენას მოახდენს მეოცე მთვარის დღე, რომლის სიმბოლოა არწივი და რომელიც მე ძალიან მიყვარს.
არწივი მოგვიწოდებს გავთავისუფლდეთ ჩვეული სცენარებისგან, უარი ვთქვათ იმ შეზღუდვებზე, რომლებსაც თავადვე ვუწესებთ საკუთარ თავს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ავმაღლდეთ, შევიგრძნოთ შინაგანი თავისუფლება.
მეოცე მთვარის დღეს თვითგანვითარების მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება თვითმნიშვნელობის შემცირება და ისეთი თვისებების აღმოფხვრა, როგორიცაა ეგოიზმი, სიამაყე და ამპარტავნება. რეკომენდებულია, თავი აარიდოთ თქვენი ძლიერი მხარეებისა და შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. თუ ამ ტენდენციას ვერ აკონტროლებთ, რისკავთ, რომ მეტი დაკარგოთ, ვიდრე მოიპოვოთ. გარდა ამისა, დღის ენერგია ხელს უწყობს ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევას და თუ ასეთი მიზანი გაქვთ, დღეს არანაირ სირთულეს არ წააწყდებით.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს დღე ერთგვარი ტესტია - საკუთარ თავთან პატიოსნებაზე და ნებისყოფაზე. არწივი ვერ იტანს ეშმაკობას, ეგოიზმს ან მანიპულაციას. ასეთ შემთხვევაში მისი ძალა შეიძლება დამანგრეველ შტორმად იქცეს.
ეს დღე ხელს უწყობს მათ, ვინც მოქმედებს ღიად, გულწრფელად და როგორც საკუთარი, ისე სხვების კეთილდღეობისთვის.
მიიჩნევა, რომ ამ მთვარის დღის ენერგია იმდენად ძლიერია, რომ შეგვიძლია თითქოს „გადავუფრინოთ“ პრობლემებს - შეიძლება მოულოდნელად გადაწყდეს ის საკითხი, სადაც გამოსავალს ვერ ვხედავდით. ამ დღემ შეიძლება მოგვიტანოს ახალი შანსები.
დღევანდელ დღეს გვირჩევენ ხორცისგან თავის შეკავებას და ზომიერ კვებას.
გვირჩევენ ასევე: დღეს ძლიერი სუნის შესუნთქვა არ არის რეკომენდებული. ზოგადად, სუნებთან მუშაობა არახელსაყრელია. დღეს უმჯობესია არ აირჩიოთ ან არ გამოიყენოთ სუნამო. თმა არ უნდა შეიჭრათ.