Digest Logo

„მთავარი ამოცანაა ზედმეტის მოცილება: ფიქრების, ჩვევების და მოლოდინების, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ამძიმებს“ - თამარ ხოსროშვილი 3 მარტის „მთვარის დაბნელებაზე“

1771861940
თამარ ხოსროშვილი

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 3 მარტს, თბილისის დროით 15:37 საათზე მთვარის სრული დაბნელება ქალწულის12°53’-ზე გველოდება.

მისი თქმით, ქალწულის ზოდიაქო დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, ყოველდღიურ რუტინასთან, ჩვევებთან, სამუშაო პროცესებთან და განწმენდასთან. შესაბამისად, ეს დაბნელება გვიბიძგებს დავფიქრდეთ იმ სახლების მიხედვით, სადაც ის ჩვენს პირად რუკებში ხვდება: სად მივაღწიეთ კულმინაციას, რომელი ჩვევა ან რეჟიმი საჭიროებს დასრულებას და სად არის აუცილებელი დეტოქსიკაცია — ფიზიკური, ემოციური თუ მენტალური:

„🌑🌝☀️♍️♓️ 3 მარტს, თბილისის დროით 15:37 საათზე, ხდება მთვარის სრული დაბნელება ქალწულის12°53’-ზე.

მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარობას უკავშირდება, რომელიც ვითარდება კვანძების სიახლოვეს და სწორედ ამიტომ ატარებს კულმინაციურ, გარდამტეხ ხასიათს. ამჯერად მთვარე დაღმავალ, სამხრეთ კვანძთანაა შეერთებული — რაც დასრულების, გაშვების და წარსულიდან წამოსული მოდელების დახურვის სიმბოლოა.

დაბნელებები, როგორც წესი, უკავშირდება პროცესებს, რომლებიც შიგნიდან იწყება და დროთა განმავლობაში გროვდება. როდესაც ისინი კონკრეტულ მოვლენად ვლინდება, ეს ხშირად ჩვენი შინაგანი გადაწყვეტილებებისა და არაცნობიერი არჩევანების შედეგია — ის, რაც უკვე მომწიფდა და ახლა თავს გვახსენებს.

ქალწულის ზოდიაქო დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, ყოველდღიურ რუტინასთან, ჩვევებთან, სამუშაო პროცესებთან და განწმენდასთან. შესაბამისად, ეს დაბნელება გვიბიძგებს დავფიქრდეთ იმ სახლების მიხედვით, სადაც ის ჩვენს პირად რუკებში ხვდება: სად მივაღწიეთ კულმინაციას, რომელი ჩვევა ან რეჟიმი საჭიროებს დასრულებას და სად არის აუცილებელი დეტოქსი — ფიზიკური, ემოციური თუ მენტალური.

ქალწულის მმართველი მერკური ამ პერიოდში ოპოზიციურ ნიშანშია, თევზებში, სადაც ის განდევნილია და თან რეტროგრადულ მოძრაობაში იმყოფება. მერკური რეტროგრადში გვაბრუნებს ძველ თემებთან, დაუმთავრებელ საუბრებთან. ეს არ არის სწრაფი დასკვნებისთვის ხელსაყრელი დრო — ეს არის შიდა კორექტირების, გააზრების და ცნობიერი გადახედვის ფაზა. პროცესს ამსუბუქებს მზე და მთვარე ჰარმონიულ ასპექტში ეგზალტირებულ იუპიტერთან კირჩხიბში, რომელიც თითქმის სტაციონარულია და განსაკუთრებულად ძლიერ გავლენას ახდენს.

ეს ასპექტი ზრდის ემოციურ სიღრმეს, მაგრამ ამავე დროს გვაძლევს მხარდაჭერის, ზრუნვისა და შინაგანი დაცულობის განცდას — შეგრძნებას, რომ რთული პროცესების მიუხედავად, საფუძველი მყარია. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მთვარის დაბნელებების გავლენა ერთ კონკრეტულ დღეზე არ შემოიფარგლება. მისი ეფექტი, როგორც წესი, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ვლინდება — ეტაპობრივად, მოვლენებისა და შინაგანი ცვლილებების სახით, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც ეს დაბნელება ჩვენს ნატალურ რუკებში ხვდება.

დაბნელებები შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც დროებითი პროჟექტორები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში კონკრეტულ სფეროს ანათებს. ეს შუქი აშკარად აჩენს იმ საკითხებს, რომლებიც გვერდზე იყო გადადებული ან შეგნებულად იგნორირებული. სწორედ აქ ჩნდება შესაძლებლობა დავინახოთ რეალური სამუშაო არეალი — ის, რაც ცვლილებას მოითხოვს და აღარ ექვემდებარება გადადებას.

ეს დაბნელება არ გვიბიძგებს დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ, ის გვთხოვს გაცნობიერებას. მისი მთავარი ამოცანაა ზედმეტის მოცილება: ფიქრების, ჩვევების და მოლოდინების, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ამძიმებს. სწორედ ამ განთავისუფლებით იქმნება სივრცე ახალი ეტაპისთვის, რომელიც დროში, მშვიდად და ბუნებრივად ჩამოყალიბდება“, - წერს თამარ ხოსროშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ, ვერ იცავენ მზრუნველი, ემპათიური და პასუხისმგებლობიანი ადამიანები საზღვრებს - „მათ ყველაზე ხშირად ტკენენ“

🎥 „ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას... პროდუქტები, რომელიც ღამით არ გვასუქებს“ - ქეთი ასათიანის რჩევები

ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება - ივანე ჩხაიძის რეკომენდაცია და გაფრთხილება მშობლებს