Digest Logo

მზე ლომის ნიშანში გადადის: ცეცხლის, ძალის, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის დრო იწყება

1784700558
ლომის ნიშანში

ლომის სეზონი - ცეცხლის, ძალის, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის დრო იწყება.

22 ივლისს, თბილისის დროით 23:14 საათზე, მზე ტოვებს კირჩხიბის ნიშანს და ლომში გადადის. ამ მომენტიდან სრულდება წყლის, შინაგანი სამყაროს, ოჯახისა და ემოციური უსაფრთხოების თვე და იწყება სრულიად განსხვავებული ენერგეტიკული პერიოდი.

თუ გასული ოთხი კვირა უფრო საკუთარ თავში ჩაღრმავების, ფესვებთან დაბრუნებისა და შინაგანი საყრდენის გაძლიერების დრო იყო, ახლა ცხოვრება მოგვიწოდებს, გამოვიდეთ ჩრდილიდან და საკუთარი ნიჭი, იდეები და შესაძლებლობები სამყაროს ვაჩვენოთ. ლომის პერიოდი არ არის დამალვისა და მოლოდინის დრო. ახლა მნიშვნელოვანია გაბედულად იდგეთ საკუთარი სინათლის ცენტრში.

მზე ლომის მმართველია, ამიტომ ამ ნიშანში ის საკუთარ ძალას ყველაზე სრულყოფილად ავლენს.

ასტროლოგიაში ამას „საკუთარ სამფლობელოში“ ყოფნას უწოდებენ. ამ პერიოდში მზის ბუნებრივი თვისებები - სიცოცხლისუნარიანობა, შემოქმედებითი პოტენციალი, ლიდერობა, გულწრფელობა, კეთილშობილება და თვითრწმენა - განსაკუთრებით ძლიერდება.

თუმცა, ეს ენერგია ყველას ერთნაირად არ გამოავლენს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ თქვენი პირადი რუკის რომელ სფეროში გადის ახლა მზე. სწორედ იქ მოგიწევთ მეტი პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და აქტიური მოქმედება.

ლომის ენერგიას შესანიშნავად ასახავს ძველი ბერძნული მითიც ნემეის ლომის შესახებ. ნემეის ლომის მოკვლა ჰერაკლეს (ჰერკულესის) პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირობა იყო. ნემეის მხარეში ბინადრობდა გიგანტური ურჩხული, რომლის ჯადოსნურ ტყავს ვერც ლითონი, ვერც ქვა და ვერც ხე ვერ აზიანებდა. იგი მოსახლეობას ატერორებდა და მის დამარცხებას ვერავინ ახერხებდა.

მეფე ევრისთევსმა ჰერაკლეს პირველ დავალებად სწორედ ამ ლომის მოკვლა და მისი ტყავის მოტანა დააკისრა. გმირმა თავდაპირველად ლომის დამარცხება ჩვეულებრივი იარაღით სცადა - ესროდა ისრებს, ურტყამდა კომბალს, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ არც ერთი იარაღი არ მოქმედებდა. მაშინ ჰერაკლე ლომს გამოქვაბულში შეჰყვა, რომლის ორი შესასვლელიდან ერთ-ერთი დიდი ქვით ჩახერგა, რათა ურჩხულს გაქცევის გზა მოეჭრა. შემდეგ კი მას პირდაპირ შეება და შიშველი ხელებით მოახრჩო.

გამარჯვების შემდეგ ახალი სირთულე წარმოიშვა - ლომის გატყავება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მას ვერც დანა და ვერც სხვა იარაღი ჭრიდა. მითის მიხედვით, ათენას რჩევით ჰერაკლემ თავად ლომის ბასრი კლანჭები გამოიყენა, რაც ერთადერთი იყო, რასაც მისი ტყავის გაჭრა შეეძლო. ამის შემდეგ გმირი სიცოცხლის ბოლომდე ამ ტყავს ატარებდა, როგორც უძლეველ აბჯარს, ხოლო ლომის თავი მის მუზარადად იქცა.

ზევსმა ნემეის ლომი ცაზე აიყვანა და მის პატივსაცემად ლომის თანავარსკვლავედი (Leo) შექმნა, რომელიც დღემდე სიმამაცის, ძალისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება.

ამ მითის მთავარი აზრი დღესაც ძალზე აქტუალურია. ნამდვილი ძალა სხვისგან ნასესხები ვერ იქნება. ვერც სხვისი სტრატეგია, ვერც სხვისი ავტორიტეტი და ვერც სხვისი ნიღაბი ვერ შეგვიცვლის შინაგან საყრდენს. სწორედ ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია ან რასაც ვმალავთ, შეიძლება საბოლოოდ ჩვენს უდიდეს ძალად იქცეს.

ლომის თანავარსკვლავედის გულში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უძრავი ვარსკვლავი - რეგულუსი, რომელსაც „პატარა მეფესაც“ უწოდებენ.

ასტროლოგიაში იგი ოთხ სამეფო ვარსკვლავს შორის ერთ-ერთია და ღირსებას, ძალაუფლებას, ლიდერობასა და საზოგადოებრივ აღიარებას უკავშირდება. თუმცა რეგულუსის მთავარი გაკვეთილი ყოველთვის ერთი იყო:

ძალაუფლება მხოლოდ მაშინ რჩება ადამიანის ხელში, როდესაც იგი პასუხისმგებლობით, ღირსებითა და სამართლიანობით გამოიყენება. სიამაყე, ამპარტავნება და საკუთარი უპირატესობის ბოროტად გამოყენება ხშირად ისეთივე სწრაფ დაცემას იწვევს, როგორც აღზევებას.

მზის ლომში ყოფნის პირველი კვირა განსაკუთრებით დინამიკური იქნება.

23 ივლისს მზე კვადრატს ქმნის ქირონთან. შესაძლოა, კვლავ გააქტიურდეს ძველი ემოციური ჭრილობები, რომლებიც დაკავშირებულია თვითშეფასებასთან, საჯაროდ გამოჩენის შიშთან ან კრიტიკისადმი მგრძნობელობასთან.

ეს ასპექტი გვიბიძგებს, აღარ დავემალოთ საკუთარ შესაძლებლობებს მხოლოდ იმის გამო, რომ ოდესღაც უარყოფა ან იმედგაცრუება გამოვცადეთ.

27 ივლისი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე იქნება. მზე ოპოზიციაში აღმოჩნდება პლუტონთან, რაც ძალაუფლების, კონტროლისა და პირადი ნების თემებს გაამწვავებს. იმავე დღეს მზე ტრინს შექმნის ნეპტუნთან, რაც ინტუიციას, შთაგონებასა და სულიერ ხედვას გააძლიერებს, ხოლო სექსტილი ურანთან მოულოდნელი, მაგრამ ძალიან პერსპექტიული ცვლილებების შესაძლებლობას მოგვიტანს. ეს დღე შეიძლება მნიშვნელოვანი გარდატეხის დასაწყისი გახდეს მათთვის, ვინც სიახლეების მიღებას არ შეუშინდება.

29 ივლისს მზე იუპიტერს შეუერთდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტია თვითრწმენის, შემოქმედებითი ზრდისა და შესაძლებლობების გაფართოებისთვის. ყველაფერი, რასაც ამ პერიოდში დაიწყებთ, შესაძლოა უფრო მასშტაბურად განვითარდეს, ვიდრე თავდაპირველად წარმოგედგინათ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს.

ლომის სეზონი განსაკუთრებით ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობას, ახალი პროექტების დაწყებას, საკუთარი იდეების გაზიარებას, ლიდერის თვისებების გამოვლენას და იმ საქმის კეთებას, რომელიც გულიდან მოდის და არა სხვების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად.

ამავე დროს, ლომის ენერგიას თავისი ჩრდილოვანი მხარეც აქვს. თუ შინაგანი საყრდენი სუსტი აღმოჩნდება, ადამიანს მუდმივად დასჭირდება გარე სამყაროდან მიღებული აღიარება, მოწონება და აპლოდისმენტები. ასეთ დროს თვითშეფასება მთლიანად სხვების რეაქციებზე ხდება დამოკიდებული.

ჯანსაღი ლომი ანათებს იმიტომ, რომ ეს მისი ბუნებაა. მას არ სჭირდება მუდმივი დადასტურება, რომ ღირებულია. ჩრდილოვანი ლომი კი საკუთარ სინათლეს მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ყურადღების ცენტრშია.
ამ თვის მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის - გახდეთ საკუთარი შინაგანი სინათლის წყარო და არა სხვისი შეფასების ანარეკლი.

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სასარგებლოა ყოველდღიურად რამდენიმე წუთით გულის ცენტრზე კონცენტრირება. მშვიდად დაჯექით, ხელი გულზე დაიდეთ, ღრმად ისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ყოველი ჩასუნთქვისას თქვენს გულში თბილი, ოქროსფერი მზის შუქი ივსება.

მზე ლომის ნიშანში 22 აგვისტომდე დარჩება. ეს არის პერიოდი, როდესაც თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობა ექნება, უფრო ნათლად გამოავლინოს საკუთარი ნიჭი, გაბედულად გამოხატოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს, რომ ნამდვილი ძალა ყოველთვის შიგნიდან იბადება. როცა ადამიანი საკუთარ გულთან კავშირს ინარჩუნებს, აღარ სჭირდება სხვისი ნიღბები, რადგან მისი შუქი ბუნებრივად ანათებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩემს შვილებს ყოველთვის ვასწავლი, არის...“ - რას წერს არუნ ხათრი

⭕ მთვარე მორიელში ზოდიაქოს 4 ნიშანს რომანტიკულ ცვლილებებს მოუტანს: ვინ მიიღებს მიმდინარე კვირაში პირად ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს

⭕ „მოუსმინეთ საკუთარ თავს...“ - 22 ივლისის ენერგიები