„ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის, რომ ადამიანი საათობით უსმენს ვიდეოებს, სადაც ეუბნებიან: „შენთვის დიდი ცვლილებები მოდის“, „ფული გელოდება“, „სამყარო შენს მხარესაა“... უსმენს, უხარია, იმედით ივსება, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ იმავე წერტილში ბრუნდება?
რატომ ხდება, რომ რაც უფრო მეტი ასეთი ვიდეო ჩნდება, მით უფრო დაბნეული, შფოთიანი და საკუთარ თავში დაურწმუნებელი ხდება ადამიანი?“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი უჩა სიხარულიძე აქვეყნებს:
„ალბათ იმიტომ, რომ ადამიანს ყველაზე მეტად არა სიმართლე, არამედ იმედი იზიდავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაღლილია, პასუხებს ეძებს და სურს, ვიღაცამ უთხრას, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება.
სწორედ ამიტომ გახდა ასეთი პოპულარული ყოველდღიური ზოდიაქოს პროგნოზები, ხმამაღალი სათაურები და დაპირებები, რომლებიც რეალურად არაფერს ითხოვს ადამიანისგან, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი ვიდეო ნახოს და კიდევ ერთხელ დაელოდოს.
მაგრამ სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი ილუზია.
ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა, რომ პასუხები ყოველთვის გარედან მოვა. ეჩვევა, რომ ვიღაც სხვა აუხსნის მის ცხოვრებას, ვიღაც სხვა ეტყვის, როდის გაუმართლებს, როდის იქნება ბედნიერი და როდის დასრულდება მისი პრობლემები. ასე კი ყველაზე ძვირფასს კარგავს - საკუთარ აზროვნებას.
ერთადერთი გზა, რომ საკუთარ თავს რეალურად უშველოთ, საკუთარი განათლება და მუდმივი განვითარებაა.
ვერავინ მოგცემთ იმ პასუხებს, რომლებსაც თავად არ ეძებთ. ვერავინ შეცვლის თქვენს ცხოვრებას თქვენ ნაცვლად. რაც უფრო მეტად ხართ დამოკიდებული სხვის სიტყვებზე, მით უფრო შორდებით საკუთარ თავს.
როდესაც ასტროლოგიის სწავლა დავიწყე, სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად დიდი უფსკრულია ნამდვილ ცოდნასა და იმ ინფორმაციას შორის, რომელსაც ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში ვხედავთ. ამიტომ, როდესაც ამ სივრცეში მუშაობა დავიწყე, თავიდანვე ერთი მიზანი მქონდა, არ მინდოდა ადამიანებისთვის მზა პასუხები მიმეცა. მინდოდა, მათ თავად ესწავლათ ფიქრი, ანალიზი და საკუთარი თავის შეცნობა.
სამწუხაროდ, დღეს სოციალური ქსელები სავსეა ფრაზებით: „ამ ზოდიაქოს დიდი ფული ელოდება“, „ამ ნიშანს ბედი გაუღიმებს“, „ხვალ თქვენი ცხოვრება შეიცვლება.“ მსგავსი ტექსტების დიდი ნაწილი ერთმანეთისგან დაკოპირებულია და მხოლოდ ნახვებსა და ყურადღებას ემსახურება. ისინი იმედს ყიდიან, მაგრამ ცოდნას ვერ აძლევენ.
ნამდვილი ასტროლოგია არც სასწაულებს ჰპირდება ადამიანს და არც ბედს უწერს. ის გასწავლის საკუთარი თავის დანახვას, საკუთარი შესაძლებლობებისა და სირთულეების გააზრებას, იმ კანონზომიერებების აღმოჩენას, რომლებიც შენს ცხოვრებაში მოქმედებს. ეს არის ცოდნა, რომელიც თავისუფლებას გაძლევს და არა დამოკიდებულებას.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი თავის განვითარება. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაზე დიდი კაპიტალი ცოდნა, ინტელექტი და დამოუკიდებელი აზროვნებაა. რაც უფრო მეტს ისწავლით, მით უფრო ნაკლებად დაგჭირდებათ ვიღაც, ვინც გეტყვით, როგორ იცხოვროთ.
სწორედ ამიტომ, მთელი აგვისტოს განმავლობაში ჩვენს ჯგუფში ყოველდღიურად დაიდება სრულიად სასწავლო პოსტები ასტროლოგიაზე. თუ ნამდვილად გსურთ ამ სფეროს შესწავლა, წაიკითხეთ თითოეული მასალა, იფიქრეთ, შეადარეთ სხვადასხვა წყაროს, დასვით კითხვები და ეცადეთ, ცოდნა მხოლოდ ერთი ადამიანის სიტყვებით არ შემოიფარგლოს“, - წერს უჩა სიხარულიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩვენი ფავორიტი მომღერალი“ - ნინო ჩხეიძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს
⭕ბოლო ფილმმა სპაიდერმენზე მსოფლიო ჩვენების პირველ უიქ-ენდზე 927 მილიონი დოლარი მიიღო
⭕ „დრო არაფერს გვართმევს, უბრალოდ გვიჩვენებს რა იყო ნამდვილი“ - გიორგი ლობჯანიძე