Digest Logo

ოჯახი, უძრავი ქონება, ფინანსები და პირადი ურთიერთობები - მერწყულის ასტროლოგიური პროგნოზი 2027 წლისთვის

1794473809
 მერწყულის ასტროლოგიური პროგნოზი 2027 წლისთვის

როგორი იქნება 2027 წლის  ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წლის  პროგნოზს გვიზიარებს აქვეყნებს, სადაც მერწყულს რჩევებს უზიარებს და აფრთხილებს. 

მისი თქმით, 2027 წელი მერწყულებისთვის, ცვლილებების, პიროვნული გარდაქმნისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება. 

 მერწყულის ასტროლოგიური პროგნოზი 2027 წლისთვის

2027 წელი, ცვლილებების, პიროვნული გარდაქმნისა და ახალი შესაძლებლობების წელი და მნიშვნელოვანი გარდატეხის პერიოდია. ეს არ იქნება მხოლოდ ახალი შესაძლებლობების წელი ეს იქნება დრო, როდესაც ბევრი მერწყული გადახედავს საკუთარ ცხოვრებას, ურთიერთობებს, ფინანსურ პრიორიტეტებსა და სამომავლო მიზნებს.

წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა პლუტონის მერწყულში ყოფნაა. ეს ტრანზიტი ნელა, მაგრამ საფუძვლიანად ცვლის ადამიანის თვითაღქმას, ცხოვრებისეულ პრიორიტეტებსა და პიროვნულ პოზიციას. პარალელურად, იუპიტერი წლის პირველ ნახევარში პარტნიორობისა და ურთიერთობების სფეროს გააფართოებს, ხოლო ივლისის ბოლოდან ფინანსურ საკითხებს გაააქტიურებს.

2027 წლის მთავარი თემებია: პიროვნული განახლება, მნიშვნელოვანი პარტნიორობა, ფინანსური ვალდებულებების გადახედვა, ახალი სასიყვარულო შესაძლებლობები და ცხოვრების მიმართულების შეცვლა.

1. წლის მთავარი ასტროლოგიური გავლენები — პლუტონი, იუპიტერი, სატურნი და ურანი.

პლუტონი მერწყულში — პიროვნული გარდაქმნა:

პლუტონი, მთელი 2027 წლის განმავლობაში, მერწყულში იმოძრავებს და მერწყულებისთვის პირველ სახლს გაააქტიურებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ტრანზიტია. მისი გავლენა მხოლოდ ერთ სფეროს არ შეეხება, ის ადამიანის პიროვნულ იდენტობას, გარეგნულ იმიჯს, მიზნებს, გადაწყვეტილებებსა და ცხოვრებისეულ მიმართულებას ცვლის.

2027 წელს მერწყულს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, სრულიად განსხვავებული ადამიანი გახდეს: შეცვალოს გარეგნობა, საქმიანობა, სოციალური გარემო, ცხოვრების წესი ან ის მიმართულება, რომელსაც წლების განმავლობაში მიჰყვებოდა. ზოგიერთისთვის, ეს პროცესი ძველი ურთიერთობებისა და გარემოცვისგან დისტანცირებასაც გამოიწვევს. შესაძლოა, აღარ მოინდომოს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთა გვერდითაც თავს შეზღუდულად გრძნობს. პლუტონი აძლიერებს გავლენას, ნებისყოფასა და შინაგან ძალას, თუმცა მოითხოვს, რომ ცვლილებები გააზრებულად განხორციელდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, კონტროლსა და ურთიერთობებში მანიპულაციაში არ ჩაერთოს.

8 მაისი – 17 ოქტომბერი: პლუტონის რეტროგრადული პერიოდი. ეს დრო ხელს შეუწყობს საკუთარი თავის, წარსული გადაწყვეტილებებისა და პირადი მიზნების გადაფასებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს გავლენა იმ მერწყულებისთვის, ვისაც მზე, ასცენდენტი ან პირადი პლანეტები მერწყულის საწყის გრადუსებში ჰყავს.

იუპიტერი ლომში — პარტნიორობა, ქორწინება და საქმიანი კავშირები:

2027 წლის 26 ივლისამდე, იუპიტერი ლომში იმოძრავებს და მერწყულისთვის მეშვიდე სახლს გაააქტიურებს. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პერსპექტიული გავლენაა.

მეშვიდე სახლი მართავს:

• ქორწინებასა და პირად პარტნიორობას;
• ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს;
• საქმიან თანამშრომლობას;
• კლიენტებსა და მომხმარებლებს;
• ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

მერწყულებისთვის, წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობების მიმართულებით. მარტოხელებს შეიძლება გამოუჩნდეთ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა სერიოზულ პერსპექტივას შეიძენს. დაოჯახებულებისთვის კი ეს პერიოდი ხელს უწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას, საერთო გეგმების განხორციელებასა და პარტნიორთან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

საქმიან სფეროში მოსალოდნელია ახალი პარტნიორების, კლიენტებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა. შესაძლოა, სწორედ სხვა ადამიანთან თანამშრომლობამ გაუხსნას მერწყულს ახალი კარიერული გზა.

იუპიტერი პირდაპირ მოძრაობას 12 აპრილს იწყებს, ამიტომ, წლის დასაწყისში არსებული პარტნიორული საკითხები შეიძლება ჯერ კიდევ გადახედვასა და გარკვევას საჭიროებდეს, ხოლო აპრილის შუა რიცხვებიდან წინსვლა უფრო აქტიური გახდეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია 12 აპრილი – 26 ივლისი.

იუპიტერი ქალწულში — საერთო ფინანსები და მსხვილი ფინანსური საკითხები:

26 ივლისიდან იუპიტერი ქალწულში გადაინაცვლებს და მერწყულისთვის მერვე სახლს გაააქტიურებს. აქ ყურადღება ურთიერთობებიდან ფინანსურ საკითხებზე გადავა, თუმცა ეს მხოლოდ პირადი შემოსავალი არ იქნება.

მერვე სახლი უკავშირდება:

• პარტნიორის ფინანსებს;
• საერთო შემოსავლებს;
• საბანკო სესხებსა და კრედიტებს;
• ინვესტიციებს;
• ვალებსა და ფინანსურ ვალდებულებებს;
• მემკვიდრეობას;
• მსხვილ ფინანსურ გარიგებებს.

მერწყულებისთვის ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როდესაც ფინანსური შესაძლებლობები სხვა ადამიანების, პარტნიორის ან ერთობლივი საქმიანობის საშუალებით გაიზრდება. შესაძლებელია სესხის აღება, ინვესტიციის განხორციელება, საერთო ქონების საკითხის მოგვარება ან ფინანსური ვალდებულებების გადანაწილება, თუმცა, იუპიტერის გაფართოების პრინციპი ხარჯებსაც ეხება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალი ფინანსური შესაძლებლობა ზედმეტ ვალდებულებად არ გადაიქცეს.

სატურნი და ნეპტუნი ვერძში — სწავლა, საბუთები და კომუნიკაცია:

სატურნი და ნეპტუნი, მთელი წლის განმავლობაში ვერძში იმოძრავებენ და მერწყულისთვის მესამე სახლს გაააქტიურებენ. ეს პერიოდი, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სწავლის, საბუთების, ხელშეკრულებების, მოლაპარაკებებისა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით.

სატურნი მერწყულს მოუწოდებს, მეტი სერიოზულობით მიუდგეს ცოდნის მიღებას, პროფესიულ განვითარებასა და კონკრეტული უნარების შეძენას.

შესაძლებელია:

• ახალი პროფესიის ან სპეციალობის შესწავლა;
• სწავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება;
• საბუთების მოწესრიგება;
• ხელშეკრულებების გაფორმება;
• საქმიანი მოლაპარაკებები;
• სამუშაოსთან დაკავშირებული გადაადგილებები.

ნეპტუნის გავლენით კი აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება. არ არის სასურველი მხოლოდ ზეპირი დაპირებების საფუძველზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

9 აგვისტო – 23 დეკემბერი: სატურნის რეტროგრადული პერიოდი. ამ დროს შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს ძველი სასწავლო, საბუთობრივი ან საქმიანი საკითხები, რომელთა დასრულებაც საჭირო გახდება.

ურანი ტყუპებში — სიყვარული, შემოქმედება და შვილები:

ურანი ტყუპებში მერწყულისთვის მეხუთე სახლს ააქტიურებს. ეს საინტერესო ტრანზიტია, რადგან მეხუთე სახლი სიყვარულს, რომანტიკას, შემოქმედებას, შვილებსა და პირად სიამოვნებას უკავშირდება.

მერწყულებისთვის მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ნაცნობობები, უჩვეულო ურთიერთობები და მოულოდნელი ემოციური ცვლილებები. შესაძლებელია შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება, საკუთარი ნიჭის გამოვლენა, ახალი პროექტის განხორციელება ან ისეთი მიმართულების აღმოჩენა, რომელიც აქამდე ნაკლებად აინტერესებდა. შვილებთან დაკავშირებული საკითხებიც შეიძლება გააქტიურდეს: მათი განათლება, განვითარება, დამოუკიდებლობა ან სამომავლო გეგმები.

ურანი ხელს უწყობს სიახლეს, მაგრამ არასტაბილურობასაც ქმნის, ამიტომ სპეკულაციურ ფინანსურ ოპერაციებსა და მაღალი რისკის მქონე ინვესტიციებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

15 სექტემბრიდან ურანის რეტროგრადული ფაზა იწყება, რაც შემოქმედებითი გეგმებისა და სასიყვარულო ურთიერთობების გადახედვას შეუწყობს ხელს.

2. ფინანსები 2027 წელს — შემოსავალი, დანაზოგი და მსხვილი ინვესტიცია:

ფინანსური თვალსაზრისით, 2027 წელი ორ განსხვავებულ ეტაპად იყოფა.

წლის პირველი ნახევარი — ფინანსური ზრდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის საშუალებით.

იუპიტერი მეშვიდე სახლში მერწყულს აძლევს შესაძლებლობას, შემოსავალი გაზარდოს კლიენტებთან, საქმიან პარტნიორებთან და თანამშრომლობის ახალ ფორმებთან დაკავშირებული შესაძლებლობებით. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს, მუშაობს მომსახურების სფეროში, ეწევა კონსულტაციას ან დამოკიდებულია კლიენტების მოზიდვაზე. შესაძლებელია ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და საქმიანობის გაფართოება.

26 ივლისიდან — საერთო ფინანსების გააქტიურება.

იუპიტერის მერვე სახლში გადასვლის შემდეგ ყურადღება მსხვილ ფინანსურ საკითხებზე გადაინაცვლებს.

შესაძლებელია:

• პარტნიორის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება;
• საბანკო დაფინანსების მიღების შესაძლებლობა;
• სესხის ან ვალის საკითხის მოგვარება;
• ინვესტიციის განხორციელება;
• უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ფინანსური გადაწყვეტილება;
• საერთო ბიზნესში კაპიტალის მოზიდვა.

თუმცა საჭიროა ყველა ფინანსური შეთანხმების დეტალურად შესწავლა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოეკიდოს თავდებობას, სხვისი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებასა და გაურკვეველი პირობებით სესხის აღებას.

ფინანსურად მნიშვნელოვანი პერიოდებია:

• 12 აპრილი – 26 ივლისი — კლიენტებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოება;
• 26 ივლისიდან სექტემბრამდე — საერთო ფინანსები, ინვესტიციები და ფინანსური შესაძლებლობები;
• 20 თებერვალი — მერვე სახლის თემების გააქტიურება დაბნელების ფონზე; ფინანსური ვალდებულებების გადახედვა;
• 10 სექტემბერი — იუპიტერის კვადრატი ურანთან; მოულოდნელი ფინანსური ან საქმიანი ცვლილებების შესაძლებლობა.

3. კარიერა და ბიზნესი — ახალი პარტნიორები და საქმიანობის შეცვლის სურვილი:

2027 წელს, მერწყულისთვის კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გზა სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა იქნება. წლის პირველ ნახევარში იუპიტერი მეშვიდე სახლში ხელს უწყობს საქმიან კავშირებს, კლიენტების მოზიდვასა და ახალი პარტნიორების გამოჩენას. თუ მერწყული საკუთარ ბიზნესს მართავს, სასურველია ყურადღება მიაქციოს თანამშრომლობის ახალ ფორმებს, მომსახურების გაფართოებასა და ბაზარზე საკუთარი პოზიციის გაძლიერებას.

დასაქმებულებისთვის შესაძლებელია ახალი ხელშეკრულების დადება, შეთავაზება ან ისეთი თანამშრომლობა, რომელიც მომავალში კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პლუტონი მერწყულში კი აძლიერებს დამოუკიდებლობის სურვილს. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ძველი პროფესიული გარემო აღარ შეესაბამება მის მიზნებს და სრულიად ახალი მიმართულებით დაიწყოს განვითარება.

მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: 2027 წელს, არ იჩქარონ არსებული საქმიანობის დატოვება მხოლოდ ემოციური უკმაყოფილების გამო. უკეთესი იქნება, ჯერ ახალი შესაძლებლობა მოამზადონ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

3. სიყვარული და პირადი ურთიერთობები — მნიშვნელოვანი ნაცნობობა და ურთიერთობის ახალი ეტაპი:

სასიყვარულო თვალსაზრისით, 2027 წლის პირველი ნახევარი მერწყულებისთვის ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია. იუპიტერი ლომში მეშვიდე სახლს ააქტიურებს, რაც ახალი ურთიერთობის დაწყების, არსებული კავშირის გაღრმავებისა და ქორწინების შესაძლებლობებს ზრდის.

მარტოხელა მერწყულებისთვის:

შესაძლებელია მნიშვნელოვანი ნაცნობობა, განსაკუთრებით საქმიან ურთიერთობებში, საერთო მეგობრების ან სოციალური წრის საშუალებით. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც განსხვავებული ხასიათითა და ცხოვრებისეული ხედვით მიიზიდავს მერწყულს. წლის პირველ ნახევარში დაწყებულ ურთიერთობას განვითარების კარგი პოტენციალი აქვს, თუმცა, საბოლოო შეფასებისთვის საჭიროა არა მხოლოდ ემოციური მიზიდულობის, არამედ ღირებულებებისა და სამომავლო გეგმების გათვალისწინებაც.

დაოჯახებული მერწყულებისთვის:

იუპიტერი ხელს უწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას, საერთო მიზნების დასახვასა და პარტნიორთან უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას, თუმცა, პლუტონი პირველ სახლში მერწყულის პიროვნულ ცვლილებას აძლიერებს. შესაძლოა, თავად შეიცვალოს მისი მოთხოვნები ურთიერთობის მიმართ და პარტნიორს შეიძლება გაუჭირდეს ამ ცვლილებებთან შეგუება. მნიშვნელოვანია, რომ პიროვნული დამოუკიდებლობის სურვილი ურთიერთობისგან გაქცევად არ გადაიქცეს.

26 ივლისის შემდეგ, როდესაც იუპიტერი მერვე სახლში გადავა, ურთიერთობებში უფრო ღრმა ემოციური და ინტიმური სიახლოვის საკითხები წამოიწევს. ასევე გააქტიურდება საერთო ფინანსებისა და ქონების საკითხები.

4. ოჯახი და უძრავი ქონება:

2027 წელს, უძრავი ქონების მიმართულებით მერწყულისთვის მთავარი აქცენტი საერთო ფინანსურ რესურსებზე იქნება. ივლისის ბოლოდან იუპიტერი მერვე სახლში გადავა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს:

• პარტნიორთან ერთად უძრავი ქონების შეძენასთან;
• იპოთეკურ ან საბანკო დაფინანსებასთან;
• მემკვიდრეობასთან;
• ოჯახის საერთო ფინანსების გადანაწილებასთან;
• ქონების გაყიდვასთან ან ინვესტიციასთან.

თუმცა, საჭიროა ყველა ფინანსური პირობის წინასწარ გათვლა. ოჯახურ საკითხებში სატურნი მე-3 სახლში ყურადღებას და-ძმასთან, ნათესავებთან და ახლო გარემოცვასთან ურთიერთობებზეც გადაიტანს. შესაძლებელია ისეთი საკითხების მოგვარება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გადადებული იყო.

5. ჯანმრთელობა და ენერგეტიკული მდგომარეობა:

პლუტონის პირველ სახლში ყოფნა მერწყულისთვის ენერგიისა და ცხოვრების წესის გადახედვის საჭიროებას აჩენს. შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, შეცვალოს ყოველდღიური ჩვევები, დაიწყოს ფიზიკური აქტივობა ან მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარ თავს. ურანი მე-5 სახლში ხელს უწყობს აქტიურობასა და ახალ ინტერესებს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი დატვირთვით არ გადაიღალოს. სატურნისა და ნეპტუნის გავლენით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ძილის რეჟიმს, დასვენებასა და ყოველდღიური სტრესის მართვას.

6. 2027 წლის მნიშვნელოვანი თარიღები და დაბნელებები.

6 თებერვალი — მზის დაბნელება მერწყულში:

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია თავად მერწყულებისთვის. დაბნელება პიროვნული იდენტობის, იმიჯის, მიზნებისა და ცხოვრებისეული მიმართულების თემებს ააქტიურებს. შესაძლებელია ახალი ეტაპის დაწყების სურვილი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან საკუთარი თავის სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოჩენა.

20 თებერვალი — მთვარის დაბნელება ქალწულში:

მე-8 სახლის თემები გააქტიურდება: საერთო ფინანსები, ვალები, კრედიტები, პარტნიორის შემოსავალი და ფინანსური ვალდებულებები. ეს კარგი პერიოდია არსებული ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად და ისეთი საკითხების დასასრულებლად, რომლებიც გაურკვეველი დარჩა.

18 ივლისი — მთვარის დაბნელება თხის რქაში:

მე-12 სახლის თემები გააქტიურდება. შესაძლებელია ძველი ეტაპის დასრულება, გარკვეული ადამიანებისგან დისტანცირება, შინაგანი განტვირთვისა და დასვენების საჭიროება.

2 აგვისტო — მზის დაბნელება ლომში:

მე-7 სახლის თემები — პარტნიორობა, ქორწინება, საქმიანი ურთიერთობები და ხელშეკრულებები — ახალ იმპულსს მიიღებს. ზოგისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს მნიშვნელოვანი ურთიერთობის დაწყებას, სხვებისთვის კი არსებული პარტნიორობის ფორმატის შეცვლას.

17 აგვისტო — მთვარის დაბნელება მერწყულში:

ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა მერწყულებისთვის, დაბნელება კვლავ პირველ სახლს ააქტიურებს და პიროვნული გარდაქმნის პროცესს აძლიერებს. შესაძლებელია გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრების შემდგომ მიმართულებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. განსაკუთრებით საყურადღებოა მერწყულის 24-ე გრ-ზე დაბადებული მზის ან პირადი პლანეტების მქონე ადამიანებისთვის.

7. როდის უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე.

10 იანვარი – 1 აპრილი — მარსის რეტროგრადული პერიოდი:

მარსი თავდაპირველად ქალწულში, შემდეგ კი ლომში რეტროგრადული იქნება. მერწყულისთვის, ეს მე-8 და მე-7 სახლების თემებს შეეხება. შესაძლებელია ძველი ფინანსური დავების, ვალდებულებებისა და პარტნიორული უთანხმოებების დაბრუნება. არ არის სასურველი კონფლიქტური გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება. უმჯობესია, არსებული საკითხები მშვიდად და პრაქტიკულად მოაგვაროს.

9 თებერვალი – 3 მარტი — მერკურის რეტროგრადული პერიოდი:

შესაძლებელია ფინანსურ საკითხებში, პირად გეგმებსა და კომუნიკაციაში გაუგებრობები. ყურადღება მიაქციოს საბუთებსა და გადარიცხვებს.

10 ივნისი – 4 ივლისი — მერკურის რეტროგრადული პერიოდი:

სამუშაოს, ყოველდღიური ვალდებულებებისა და ჯანმრთელობის რეჟიმის საკითხები გადახედვას მოითხოვს. არ არის სასურველი მნიშვნელოვანი დეტალების უყურადღებოდ დატოვება.

9 აგვისტო – 23 დეკემბერი — სატურნის რეტროგრადული პერიოდი:

სწავლასთან, საბუთებთან, ხელშეკრულებებსა და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს.

7 ოქტომბერი – 28 ოქტომბერი — მერკურის რეტროგრადული პერიოდი:

კარიერული მიზნები, პროფესიული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები გადახედვას საჭიროებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანი შეთანხმებების დეტალების გადამოწმება.

8. 2027 წლის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდები:

12 აპრილი – 26 ივლისი: პარტნიორობა, ქორწინება, ახალი ნაცნობობა, კლიენტების მოზიდვა, საქმიანი თანამშრომლობა და ხელშეკრულებები.
აპრილი – ივლისი: იუპიტერისა და სატურნის ჰარმონიული კავშირი ხელს უწყობს შესაძლებლობების რეალისტურ გეგმებად გარდაქმნას. განსაკუთრებით აღსანიშნავია 3 აპრილი და 11 ივლისი.

26 ივლისიდან სექტემბრამდე: საერთო ფინანსები, ინვესტიციები, პარტნიორის ფინანსური რესურსები და მსხვილი ფინანსური საკითხები.

აგვისტო: პიროვნული და პარტნიორული ცხოვრების მნიშვნელოვანი გარდატეხის შესაძლებლობა. 2 და 17 აგვისტოს დაბნელებები განსაკუთრებით საყურადღებოა.

9. წლის მთავარი გზავნილი მერწყულისთვის

2027 წელი, მერწყულისთვის საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების წელია.

პლუტონი აიძულებს, უფრო ღრმად გააცნობიეროს საკუთარი სურვილები და აღარ შეინარჩუნოს ის მდგომარეობა, რომელიც შინაგანად აღარ შეესაბამება. იუპიტერი, წლის პირველ ნახევარში პარტნიორობასა და ურთიერთობებში ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მეორე ნახევარში კი ფინანსურ საკითხებსა და საერთო რესურსებზე გადაიტანს ყურადღებას.
ეს არის წელი, როდესაც მერწყულმა უნდა ისწავლოს საკუთარი დამოუკიდებლობისა და პარტნიორობის დაბალანსება, ფინანსური შესაძლებლობების სწორად გამოყენება და ცვლილებების შიშის გარეშე მიღება.

2027 წლის მთავარი პრინციპი: არ შეინარჩუნო ძველი მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცნობია, შექმენი ახალი საფუძველი, რომელზეც მომავალი ცხოვრების აშენებას შეძლებ.

ქვემოთ მოცემული პროგნოზი, მზის მერწყულის მიხედვითაა შედგენილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ფინანსური მდგომარეობა, ახალი სამსახური და საბედისწერო შეხვედრები – 2027 წლის პროგნოზი თევზებისთვის

🎥 „დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ - ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

⭕„გული ამერია, როცა ეს ვიდეო ვნახე“ – ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება

✕