ქრისტიანული სამყარო 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს. მორწმუნეები დღესასწაულს ტაძრებში საზეიმო ლოცვით აღნიშნავენ.
საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
გიორგობის დღესასწაულს სოციალურ ქსელში ასტროლოგი, ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე გვილოცავს და ერთ-ერთი სასწაულს გვახსენებს:
„როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: „არ არსებობს ბორცვი და მაღალი გორა, რომელზედაც არ იდგეს წმინდა გიორგის ეკლესია“.
თვით აზატ ხანის დამმარცხებელ მეფე ერეკლეს დროინდელ ბაიარაღზეც იგია გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს ღვთისმშობელი თავისი ძით!
წმინდა გიორგი ქართველთა ერის მფარველი და ერთგული დიდმოწამეა, რომელიც არაერთზგის შეწევნია ჩვენს ქვეყანას ძნელბედობის ჟამს და ცალკეულ პიროვნებებსაც!
ერთ-ერთ საინტერესო სასწაულს ბერი პეტრე გვიზიარებს სოც.ქსელში და მეც ციტირებით გიამბობთ:
ი ლ ო რ შ ი - წმ. გიორგის სასწაული:
„ამბად ვიცი, ზეპირსიტყვიერ ცოდნად, დამარხულად ჩვენს სამშობლოში, ილორელმა მხცოვანმა ბებიამ მოუყვა ბავშვობაში ჩემს ძმაკაცს. წამებამდე ათიოდე წლით ადრე, ალბათ სულ ახალგაზრდა, ჩვენთან მდგარხარ ლაშქრით, ილორში. იქაურებისთვის გისახსოვრებია უფლის ხატი, რომელზედაც თავად ილოცვიდი, სპასალარის საყვირი და ისარი შენი აბჯრიდან, იქ აგებულა ერთ-ერთი პირველი შენი საყდართაგანი საქართველოში. ათასზე მეტი წლის შემდგომ, დიდთურქობის ჟამს, იქ ამბავი მომხდარა, რომელიც შენს მიერ მოხდენილ ბევრ სხვა ტყვეთა განმანთავისუფლებლობას ჰგავს და თავისი სიღრმით შეედრება აბრაამისას, როდესაც იგი მზად იყო ისააკი შეეწირა უფლისათვის.
ილორში მწირველ მღვდელს, ლიტურგიისას, საკურთხეველში გაუგია ამბავი, რომ მისი ვაჟი იმ დილას თურქებს გაეტაცათ მიმდებარე ტყიდან. მოძღვარს წესი დაუცავს, წირვა არ შეუწყვიტია და მთლად უფალს მინდობია.
აცრემლებული და გაჭაღარავებული გამობრძანებულა მამაო საქადაგებლად ამბიონზე, მრევლი უზიარებია და შეღონებული გამოსულა გარეთ, შეწუხებულ მხლებლებთან ერთად. გამოსულა და სიხარულით გაოგნებულა - ტაძრის ეზოში თავისი ვაჟი უნახავს, ატირებული და შეშინებული.
ბიჭს მოუყოლია, როდესაც ტყეში გამტაცებლებს მივყავდი, უეცრად მხედარი აღიმართა, თურქები ამოხოცა და გააქცია, მე ცხენზე შემისვა და ცაში აფრინდაო.
ტაძრის ეზოში დამსვა, თავზე ხელი გადამისვა, გამიღიმა და მითხრა, ნუ გეშინია, იესოს უყვარს მამაშენიო.
სიხარულისაგან გაოგნებულ მამას ვაჟი ხელში აუტაცია და საკურთხეველში შეუყვანია უფლის სადიდებლად, ბავშვს კი, საკურთხევლის კედელზე შენი ხატი დაუნახავს და უთქვამს, ეს კაცი იყოო“.
ყველას შეგეწიოთ და დაგიცვათ, გიმფარველოთ წმინდა გიორგიმ! გადააფაროს მისი მოწყალე კალთა საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ გზააბნეული სულები დაუბრუნდნენ სწორ სულიერ ფესვებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთების ციკლური ჩანაცვლება და პროგრამული გადატვირთვა“ - ვატო მსხილაძის განხილვა
⭕„უნიჭიერესი ხარ, ძალიან მომეწონა“ - როგორ აფასებენ ბარბარა სამხარაძის ახალ სიმღერას