🌞💫🌙მაისი 2026 - ასტროლოგიური მიმოხილვა 2026 წლის მაისი ასტროლოგიურად ბევრად უფრო სტაბილურ ფაზაში გადადის, აპრილთან შედარებით. ის ძლიერი ვერძის ცეცხლოვანი მუხტი, რომელმაც ბიძგი მოგვცა დაგვეწყო, გადაგვედგა პირველი ნაბიჯები, აგვეღო ინიციატივა, ნელ-ნელა ფორმას იძენს.
კუროს მიწიერი ენერგია ამ პროცესს ამაგრებს - იდეები ფიქსირდება, გადადის პრაქტიკაში და ყოველდღიურ რუტინაში.
სწორედ ეს ეტაპია აუცილებელი ნებისმიერი დაწყებული საქმისთვის, რომ რეალურ შედეგამდე მივიდეს.
თვის ბოლოსკენ კი ტყუპების ჰაერის გავლენა ამ უკვე ჩამოყალიბებულ პროცესებს სახელს არქმევს - ვიწყებთ ამ ყველაფრის გაზიარებას, კომუნიკაციას და გავრცელებას საზოგადოებაში.
☿♉️3 მაისიდან, კომუნიკაციის, აზროვნების პლანეტა მერკური კუროს ნიშანში გადავიდა, შესაბამისად კომუნიკაცია უფრო პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული ხდება. სიტყვა კარგავს ზედმეტ იმპულსურობას და იღებს უფრო სტრუქტურირებულ, მიწიერ ფორმას — ვამბობთ იმას, რასაც რეალური ღირებულება აქვს, რაც შედეგზე გავიყვანს.
♇ R ♒️♉️♏️♌️რეტრო პლუტონის გავლენა - მნიშვნელოვანი ფონური გავლენაა პლუტონის სტაციონარული ფაზა, რომელიც 13 მაისს მერწყულის 5°-ზე რეტროვდება და რეტრო სვლაში იქნება 16 ოქტომბრამდე, რეტრო მოძრაობით ის მერწყულის 3 გრადუსს დაუბრუნდება. პლუტონი ყოველთვის უკავშირდება ღრმა ტრანსფორმაციას, სისტემურ ცვლილებებს და იმ პროცესებს, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ფუნდამენტურად ცვლის რეალობას.
ამ ეტაპზე პლუტონის ტრანზიტი განსაკუთრებით საგრძნობია მათთვის, ვისაც ფიქსირებულ ნიშნებში - მერწყულში, ლომში, კუროსა და მორიელში - 3°-6° ფარგლებში მნიშვნელოვანი პლანეტები ჰყავთ. ეს არის ეტაპობრივი პროცესის გაგრძელება: თემა უკვე მონიშნულია და ახლა იწყება მისი გააზრება, გადამუშავება და გარდაქმნა. რაც შესაცვლელია, საბოლოოდ მაინც შეიცვლება - მთავარი ამ პროცესის გაცნობიერებაა.
5-6 მაისს ინტენსიური ასპექტებია: მარსის კვადრატი იუპიტერთან და ამავდროულად მერკურის კვადრატი პლუტონთან. ეს ქმნის ძლიერ, ღრმა და გარკვეულწილად დაძაბულ ფონს. ქმედება შეიძლება გახდეს მასშტაბური და დაძაბული, სიტყვას კი განსაკუთრებული ძალა ეძლევა - შეუძლია როგორც გავლენა მოახდინოს, ისე კონფლიქტიც გაამწვავოს. ამ დღეებში მნიშვნელოვანია სიფრთხილე ძალის გამოყენებაში - როგორც ქმედებაში, ისე კომუნიკაციაში.
🌙🌞♉️16 მაისს ახალმთვარეობა კუროს 26°-ზე გვაძლევს შესაძლებლობას დავიწყოთ რაღაც უფრო მყარი და სტაბილური საფუძვლით. ეს არის კარგი დრო პრაქტიკული პროექტებისთვის, ფინანსური თემების დასაწყებად და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც გათვლას და რეალიზმს მოითხოვს. ამ ახალმთვარეობას მერკური უერთდება, რაც კომუნიკაციას და შეთანხმებებს კიდევ უფრო ამარტივებს. ეს ენერგია ამავდროულად მოგვთხოვს საკუთარი ღირებულებების გადახედვას, რას ვაფასებთ რეალურად? რა გვაძლევს სტაბილურობას?
☿♊️17 მაისს მერკური გადადის საკუთარ ნიშანში — ტყუპებში და 1°-ზე უერთდება ურანს. ეს არის მოულოდნელი იდეების, ინოვაციური აზროვნების და სწრაფი ინფორმაციული გავრცელების ასპექტი. განსაკუთრებით აქტიურდება თემები, როგორიცაა ტექნოლოგიები, კომუნიკაცია, მედია, განათლება. იდეა შეიძლება გაჩნდეს წამში — და იმავე სისწრაფით გავრცელდეს. ეს პერიოდი ხელსაყრელია კონფერენციებისთვის, სემინარებისთვის და ახალი იდეების გასავრცელებლად.
♂♊️19 მაისს მარსი გადადის კუროში, სადაც მისი ენერგია უფრო ნელი, მაგრამ გამძლე ხდება. ქმედება აღარ არის იმპულსური — აქ შედეგი მიიღწევა მოთმინებით და თანმიმდევრულობით. პარალელურად, ვენერას ინგრესია კირჩხიბში ურთიერთობებსა და ღირებულებებში ახალ ტონალობას აძლევს.
🌞♊️21 მაისს მზის ინგრესია ტყუპებში შემოდის ჰაერის სტიქიის გავლენა — ფოკუსი გადადის კომუნიკაციაზე, აზროვნებაზე, ინფორმაციის გაცვლასა და მენტალურ პროცესებზე. იწყება უფრო მსუბუქი, დინამიკური და სოციალურ დონეზე აქტიური პერიოდი.
♂P 26 მაისს მარსისა და პლუტონის კვადრატი ფიქსირებულ ჯვარში ქმნის ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ წერტილს თვეში. ეს ასპექტი ეხება ძალაუფლებას, კონტროლს და შიდა ზეწოლას. შეიძლება გაჩნდეს დაძაბულობა, პასიური აგრესია ან პირდაპირი კონფლიქტიც. ეს არის მომენტი, სადაც გვიწევს არჩევანი — ვცდილობთ კონტროლს თუ ვუშვებთ იმას, რაც უკვე აღარ მუშაობს. წინააღმდეგობის გაწევა აქ მხოლოდ აძლიერებს ზეწოლას.
🌕♐️31 მაისს სავსემთვარეობა მშვილდოსნის 15°-ზე აჯამებს თვის პროცესებს. აქ უკვე ვხედავთ შედეგს — განსაკუთრებით იმ თემებში, რაც უკავშირდება რწმენას, ხედვას, უმაღლეს განათლებას, ჩვენს ფილოსოფიას. ეს არის მომენტი, როდესაც საკუთარ თავს უნდა ვუპასუხოთ — საით მივდივართ? რამდენად შეესაბამება ეს გზა ჩვენს შინაგან სიმართლეს.
ასევე დაგაინტერესებთ: