ასტროლოგიაში ამ ტერმინით მოიხსენიებენ ნიშანს, რომელიც თქვენი დაბადების ზუსტ მომენტში, სწორედ იმ ადგილის აღმოსავლეთ ჰორიზონტზე ამოდიოდა, სადაც დაიბადეთ. ეს არის თქვენი ბედის ნატალური რუკის უმნიშვნელოვანესი, საკვანძო ინფორმაცია!
მზის ნიშანი (ყველასთვის ჩვეული ზოდიაქოს ნიშანი) წარმოადგენს თქვენს შინაგან ბირთვს, თქვენს ეგოს. ხოლო ამომავალი ნიშანი, თქვენი ასცენდენტი, განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, სანამ უფრო ახლოს გაგიცნობენ. ეს ჰგავს „ნიღაბს“, რომელსაც გარე სამყაროსთვის ატარებთ.
ასცენდენტი შეიძლება გამოვლინდეს იმაში, თუ როგორ იცვამთ, როგორ გიჭირავთ თავი, როგორ იკეთებთ თმას. ამომავალი ნიშანი ასევე განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ურთიერთობთ გარშემომყოფებთან. ასცენდენტი დაგეხმარებათ უფრო დეტალურად განმარტოთ თქვენი ხასიათი, იპოვოთ თქვენი ადგილი სამყაროში და მიზანი ცხოვრებაში. ეს არის ნიშანი, რომელშიც ფსიქოლოგიურად ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს. ასცენდენტის ნიშანი სიმბოლურად გამოხატავს იმას, თუ როგორ იქცევა ადამიანი, როგორ ახდენს გავლენას გარემოზე, როგორ ცდილობს საკუთარი ინდივიდუალურობის პოვნას და რასთან ან ვისთან აიგივებს თავს.
როდესაც ვამბობთ, რომ ჰოროსკოპით ვართ კურო, სასწორი, მერწყული თუ ნებისმიერი სხვა ნიშანი, მხედველობაში გვაქვს ჰოროსკოპის მზის ნიშანი. ეს არის ნიშანი, რომელშიც მზე იმყოფებოდა თქვენი დაბადების მომენტში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თქვენი მზე ყოველთვის არ მდებარეობს პირველ სახლში (რომელიც „მე“-ს გამოხატავს), შესაბამისად, ის გავლენას მოახდენს ცხოვრების იმ კონკრეტულ სფეროზე, რომელშიც იმყოფება და რომელსაც მართავს.
ასცენდენტი - ეს არის ზუსტად თქვენი „მე“-ს პირველი სახლი, ამიტომაც ითვლება არანაკლებ მნიშვნელოვან ნიშნად. სწორედ ამის გამო, პლანეტარული მოვლენები ყოველთვის ასცენდენტიდან განიხილება. ეს არის მთავარი წერტილი თქვენს ნატალურ რუკაში და ჰოროსკოპის ყველა პარამეტრის გამოთვლა მხოლოდ მისი მდებარეობიდან გამომდინარეა შესაძლებელი. სწორედ მისგან იწყება ჰოროსკოპში სახლების ათვლა და ამიტომ ასცენდენტი პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებისეულ მოვლენებზე!
ასტროლოგიაში უამრავი საიდუმლო არსებობს. მაგალითად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან (გადასახლებასთან) ერთად, შესაძლოა შეიცვალოს ადამიანის ხასიათიც და ბედიც. ამიტომ, გირჩევთ მომმართოთ პირადი კონსულტაციისთვის, რათა გაიგოთ ყველაფერი საკუთარ თავზე, თქვენს ცხოვრებაზე და დაგეგმოთ მომავალი სამყაროს ენერგიებისა და თქვენი კარმული ამოცანების გათვალისწინებით, ეს ხომ ჩვენი გზაა ბედნიერი ცხოვრებისკენ!