თებერვალი 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა, რადგანაც, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მწვანე ხის დრაკონი წელს 10 თებერვლიდან მართავს. შესაბამისად, ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ეს სიმბოლო ადამიანებს აძლევს, სრულად სწორედ აღნიშნული პერიოდიდან გავრცელდება.
გარდა ამისა, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, თებერვლის თვის ენერგია, რომელსაც ცეცხლოვანი ვეფხვი მართავს, 4 თებერვლიდან შემოვიდა და 5 მარტამდე გავრცელდება. იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის თვის ენერგია ცეცხლთან და ვეფხვის სიმბოლოსთანაა დაკავშირებული, ბრაზი, გაღიზიანება, აგრესიის გამოვლენა იმაზე ხშირი იქნება, ვიდრე წინა პერიოდებში. ამ თვეში შესაძლოა, ადამიანებს ემოციების შეკავება განსაკუთრებით გაუჭირდეთ და ამან მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას, გაართულოს კომუნიკაცია, აწყენინოთ საყვარელ ადამიანს, სპონტანური გადაწყვეტილებები მიიღოთ, საქმიან ურთიერთობებში დაკარგოთ ტაქტი და ასე შემდეგ. ამიტომაც, ფრთხილად იყავით და საკუთარი ემოციების სწორად გამოხატვას შეეცადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკონტროლო ბრაზის შეგრძნება, რომელიც ამ თვის განმავლობაში ხშირად გექნებათ, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.
ღიად ისაუბრეთ თქვენს უკმაყოფილებაზე, წყენასა და დარდზე. დააფიქსირეთ საკუთარი სურვილები. თუკი დუმილს აირჩევთ და ეს ემოცია დაგროვდება, დიდი რისკია, რომ სწორედ ამ თვეში ერთიანად გამოხატოთ ბრაზი და შედეგით შემდგომ უკმაყოფილო დარჩეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ემოციური პერიოდი მშვიდად გაიაროთ. ამიტომაც, თუკი საყვარელი ადამიანები, ახლობლები, თანამშრომლები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. მათი მხარდაჭერა ახლა განსაკუთრებით გამოგადგებათ და მოტივაციას მოგცემთ.
თებერვალში სხვებთან ურთიერთობისას მეტი დელიკატურობის გამოჩენა მოგიწევთ. რადგანაც, გართულებული კომუნიკაცია, სხვადასხვა საკითხის აღქმას აძნელებს და უსაფუძვლო კონფლიქტებისა და დაპირისპირებების რისკი იზრდება.
თუკი რაიმე გასაგები და ცხადი არ არის, აუცილებლად დასვით დამატებითი კითხვები. დაგროვილმა გაუგებრობებმა შესაძლოა, დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს.
თებერვლის თვის ენერგია შესანიშნავია ვარჯიშის დაწყების, სოციალურად გააქტიურების, ცხოვრების სტილის შეცვლის თვალსაზრისით. გარდა ამისა, იდეალური პერიოდია სწავლის, ახალი უნარების, გამოცდილების შესაძენად და შეგიძლიათ, ეს აქტიური ენერგია ამ მიმართულებით გამოიყენოთ, დაკავდეთ საყვარელი საქმიანობით და გაუგებრობებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.
ნუ მოდუნდებით - ცეცხლის ენერგია მოქმედებისკენ გიბიძგებთ, საუკეთესო პერიოდია ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად, საკუთარი იდეების განსახორციელებლად, თქვენი თავის უკეთესად გამოსახატავად.
იყავით აქტიური, თუმცა შეეცადეთ, ბრაზი, ნეგატიური ემოციები გააკონტროლოთ. სხვა მხრივ, ეს თვე არაერთ ხელსაყრელ დღეს გთავაზობთ, რომ განვითარდეთ და წარმატებას მიაღწიოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როდემდე შენარჩუნდება საქართველოში თბილი ამინდი
წყარო: www.beaumonde.ge