აგვისტო მთელი წლის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი და კარმული თვე იქნება. გველოდება არაერთი ასტროლოგიური მოვლენა, რომელთაგან თითოეულს შეუძლია მნიშვნელოვანი კვალი დატოვოს როგორც ჩვენს პირად ცხოვრებაში, ისე მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესებზე.
აგვისტოს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმით არის განპირობებული, რომ თითქმის მთელი თვე დაბნელებების დერეფნის ენერგიის გავლენის ქვეშ ჩაივლის. ასეთი პერიოდები ყოველთვის კრიზისულია, რადგან მოვლენათა ჩვეული მსვლელობა სწორედ ამ დროს იწყებს ცვლილებას, თითქოს თავად სამყარო იწყებს გარკვეული პროცესების კონტროლს და გვეხმარება, შევცვალოთ ჩვენი განვითარების მიმართულება. სწორედ ამიტომ აგვისტო ნამდვილად კარმული თვეა.
დაბნელებების დერეფანი ყოველთვის ითვლება კრიზისულ, ზოგჯერ კი ფატალურ პერიოდადაც, როდესაც ბევრი მოვლენა შემთხვევითი სულაც არ არის. ამ დროს განსაკუთრებით ძლიერდება კარმული, მიზეზშედეგობრივი კავშირები და წარსულში დათესილი მარცვალი ნაყოფს გვიბრუნებს, თუმცა, ამავე დროს, სწორედ ასეთ პერიოდში ყალიბდება მომავლის კარმული პროგრამებიც. დაბნელებები თითქოს ჩვენს ცხოვრებაში დიდ გენერალურ დალაგებას იწყებენ - ერთი კარმული ციკლი სრულდება, მეორე კი იხსნება.
გარკვეულ დრომდე შეიძლება პრობლემები გვერდზე გადავდოთ, რაღაცები უყურადღებოდ დავტოვოთ, გადავადებული საქმეები და დაუმთავრებელი საკითხები დაგროვდეს. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ძველი წესით ცხოვრება უკვე შეუძლებელი ხდება. მაშინ გვიწევს ყველაფრის გადახედვა, ზედმეტის მოშორება, დაგროვილი ტვირთისგან გათავისუფლება და ახალი შესაძლებლობებისთვის სივრცის შექმნა.
ზუსტად ასე მოქმედებს დაბნელებებიც. ისინი ნათელს ჰფენენ იმას, რისი იგნორირებაც უკვე შეუძლებელია და გვაიძულებენ დავინახოთ სიმართლე, რომელსაც აქამდე თავს ვარიდებდით.
თუ აგვისტოში თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად დაიწყება ცვლილებები, თუ დაირღვევა გეგმები, თუ გარემოებები სრულიად სხვა მიმართულებით წაგიყვანთ, ან თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდებიან, ნუ იჩქარებთ ამ ყველაფრის ნეგატიურად შეფასებას. ხშირად სწორედ ასე იწყებს სამყარო ჩვენი ცხოვრების გარდაქმნას, რათა უფრო სწორ და ავთენტიკურ გზაზე დაგვაყენოს. და რაც ნაკლებ წინააღმდეგობას გავუწევთ ამ პროცესს, მით უფრო მარტივად გავივლით ამ პერიოდს.
ამჯერად დაბნელებების დერეფანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სულ ახლახან, 27 ივლისს, მთვარის კვანძები მერწყული-ლომის ახალ კარმულ ღერძზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ აგვისტოს ყველა მოვლენა კაცობრიობის განვითარების სრულიად ახალი პროგრამის ფონზე განვითარდება. იწყება ახალი, მასშტაბური ეტაპი და ბევრი პროცესი, რომელიც ახლა იღებს დასაბამს და რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოახდენს გავლენას.
პირველი დაბნელება 12 აგვისტოს სწორედ ლომი-მერწყულის ღერძზე მოხდება. მზე და მთვარე ლომის ნიშანში შეერთდებიან და მზის სრულ დაბნელებას შექმნიან, რაც ამავე დროს ახალმთვარეობაც იქნება. ამის შემდეგ დაიწყება ახალი მთვარის ციკლი და კარმული პროგრამების გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. 28 აგვისტოს ნაწილობრივი მთვარის დაბნელება კი საბოლოოდ დაასრულებს იმ კარმულ ციკლს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვითარდებოდა.
ამ ძლიერ კარმულ პერიოდს თან ახლავს მნიშვნელოვანი პლანეტარული ცვლილებებიც. აგვისტოში ვენერა სასწორის ნიშანში გადავა, ხოლო მარსი - კირჩხიბში. სწორედ ეს ცვლილებები გახდება არაერთი შემდგომი პროცესის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ვენერა სასწორში ჰარმონიის, სილამაზის, მშვიდობის, დიპლომატიისა და კომპრომისის ძიებას უწყობს ხელს. თუმცა, სასწორში გადასვლიდან მალევე ის ნეპტუნთან დაძაბულ ასპექტს შექმნის. ვენერა სასწორში 6 აგვისტოს შევა. ამის შემდეგ ბევრისთვის ობიექტურობის შენარჩუნება გაცილებით რთული გახდება. შესაძლოა, სურვილები რეალობად მივიჩნიოთ, ადამიანების გაიდეალიზება დავიწყოთ, ლამაზ დაპირებებს ვენდოთ, არასწორად შევაფასოთ მოვლენები ან, პირიქით, ზედმეტად დრამატულად აღვიქვათ სიტუაცია.
ყველაზე მეტად ეს აისახება პირად ურთიერთობებზე, ფინანსურ საკითხებსა და მსხვილ შენაძენებზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვენერასა და ნეპტუნს შორის ოპოზიცია ზუსტ ასპექტამდე გაცილებით ადრე იგრძნობა. მისი გავლენა აგვისტოს პირველივე დღეებიდან დაიწყება.
სწორედ ამიტომ აგვისტოს პირველი დეკადა ჩვენი კრიტიკული აზროვნების ნამდვილ გამოცდად იქცევა.
ამ პერიოდში ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ყურადღებით გადაამოწმეთ ფაქტები, შეადარეთ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია და არ მისცეთ შიშს ან ნეგატიურ ემოციებს გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებებზე.
ვენერასა და ნეპტუნის ოპოზიციის გავლენის ქვეშ ძალიან ადვილია მოდუნება. შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, საკუთარ თავს უთხრათ: „არაუშავს, ამას მოგვიანებით გავაკეთებ... დრო ჯერ კიდევ არის... საქმეს გადავდებ... შემდეგ მოვაგვარებ... ახლა აჩქარება საჭირო არ არის“.
თუმცა სწორედ ასეთი დამოკიდებულება შეიძლება მრავალი პრობლემის მიზეზი გახდეს. აგვისტოში შეუსრულებელი დაპირებების, დაუმთავრებელი საქმისა და გადადებული გადაწყვეტილებების ფასი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალი იქნება, რადგან სწორედ თვის პირველ ნახევარში ჩაეყრება იმ მოვლენებს საფუძველი, რომლებიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარდება.
ვენერასა და ნეპტუნის ოპოზიციის გარდა, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენას - ქირონის რეტროგრადულ მოძრაობას.
2-იდან 5 აგვისტომდე ქირონი სტატიკური გახდება, რის შემდეგაც რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს და ამ მდგომარეობაში 2027 წლის 4 იანვრამდე დარჩება.
როდესაც პლანეტა (ან ასტეროიდი) სტატიკურ მდგომარეობაში გადადის, მისი გავლენა განსაკუთრებით ძლიერდება. ქირონის გავლენით სწორედ იმ პრობლემებს მივაქცევთ ყურადღებას, რომლებსაც დიდი ხანია ვერ ვამჩნევდით ან გვეგონა, რომ უკვე საბოლოოდ გადავჭერით.
ქირონს ასტროლოგიაში „დაჭრილ მკურნალს“ უწოდებენ. როდესაც ის აქტიურდება, თითქოს ხელახლა ხსნის არც ისე სწორად შეხორცებულ ჭრილობას, რათა მტკივნეული გამოცდილება გახდეს ჩვენი სიბრძნის წყარო.
აგვისტოს პირველ დღეებში ბევრის ცხოვრებაში შეიძლება კვლავ იჩინოს თავი ძველი პრობლემამ. შესაძლოა კვლავ შეგახსენოთ თავი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა საკითხმა, ოჯახურმა უთანხმოებამ, წარსულში მოუგვარებელმა კონფლიქტმა ან თქვენს ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც კარმული ისტორია ბოლომდე არ დასრულებულა.
ასევე შეიძლება მოულოდნელად გამოიკვეთოს კრიზისული წერტილი სამსახურში, ფინანსებში, საქმიან ურთიერთობებში ან პირად ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ქირონი ამ ყველაფერს იმისთვის ააქტიურებს, რომ პრობლემის არსს უფრო ღრმად ჩავწვდეთ და არა მხოლოდ მისი გამოვლინების ზედაპირულ აღმოფხვრას შევეცადოთ.
ქირონის სიმბოლო გასაღებია. ის გვაძლევს გასაღებს ყველაზე ღრმა შინაგანი ჭრილობების, ყველაზე რთული ცხოვრებისეული ჩიხებისა და დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემების გადასაჭრელად.
ძალიან ხშირად ქირონის გავლენა მოულოდნელი გაცნობიერების სახით ვლინდება. თითქოს უცებ სრულიად სხვა კუთხით ვხედავთ სიტუაციას და იქ ვპოულობთ გამოსავალს, სადაც აქამდე მხოლოდ ჩიხს ვამჩნევდით.
ამიტომ, თუ აგვისტოს პირველ ნახევარში მსგავსი პროცესები დაიწყება, ნუ ეცდებით მხოლოდ შედეგების გამოსწორებას. ეცადეთ, ფსიქოლოგიურად უფრო ღრმად ჩახვიდეთ, იპოვოთ მიზეზები პირველ რიგში საკუთარ თავშიც. სწორედ ეს იქნება რეტროგრადული ქირონის მთავარი ამოცანა მომავალი წლის დასაწყისამდე.
რაც უფრო მივუახლოვდებით აგვისტოს პირველი დეკადის დასასრულს, მით უფრო შესამჩნევად გაიზრდება ენერგეტიკული დაძაბულობა.
ენერგიის მთავარი პიკი 10-12 აგვისტოზე მოდის.
სწორედ ამ დღეებში მოხდება მზის სრული დაბნელება, რომელიც ახალმთვარეობას დაემთხვევა და მას დამატებით გააძლიერებს ძალიან დაძაბული პლანეტარული კონფიგურაცია.
ვენერასა და ნეპტუნის უკვე მოქმედ ოპოზიციას მარსიც შეუერთდება და ჩამოყალიბდება ძლიერი T-კვადრატი.
ეს კონფიგურაცია ზედაპირზე ამოიტანს ყველაფერს, რაც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს შინაგან სამყაროში იყო დაგროვილი - უთქმელ წყენას, ჩახშობილ ემოციებს, იმედგაცრუებას, თვითმოტყუებასა და ძველ ტკივილს.
ილუზიები დაინგრევა. გამოჩნდება სიმართლე, რომლის დამალვაც ამჯერად შეუძლებელი იქნება.
ეს პროცესები შეეხება როგორც თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებას, ისე მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს. ის საკითხები, რომლების გადადება თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში ხდებოდა, სწორედ ამ პერიოდში მოითხოვს საბოლოო გადაწყვეტას.
ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ დროა, ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საუბრებს, თუ ისინი აუცილებელია. ნუ დააგროვებთ წყენას, ნუ შეეცდებით პრობლემების იგნორირებას და ნუ მოიტყუებთ თავს, თითქოს ყველაფერი თავისით მოგვარდება.
12 აგვისტოსთვის T-კვადრატის ენერგია იმდენად ძლიერად გამოვლინდება, რომ ყველაფერმა, რასაც დიდი ხანია ვიკავებდით, შეიძლება ერთბაშად ამოხეთქოს.
ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდება ავარიების, ტრავმებისა და კონფლიქტების ალბათობაც.
იყავით განსაკუთრებით ფრთხილად ხალხმრავალ ადგილებში, მოერიდეთ დაპირისპირებებს, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და აგრესიას აგრესიით ნუ უპასუხებთ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ძლიერი, განსაკუთრებით ნეგატიური ემოციების გავლენით არ მიიღოთ.
გახსოვდეთ, დაბნელებების პერიოდში უმცირეს ნაპერწკალსაც კი შეუძლია ძალიან სერიოზული შედეგების გამოწვევა.
ეს ახალი კარმული პროგრამების ფორმირების პერიოდია. ამიტომ ყველაფერი, რასაც ამ დღეებში დავთესავთ - როგორც პოზიტიურს, ისე ნეგატიურს - მომავალში აუცილებლად მოგვცემს თავის ნაყოფს.
არსებული ასტროლოგიური სურათი იმაზეც მიუთითებს, რომ მზის დაბნელების დღეების მოახლოვებასთან ერთად, შესაძლოა გლობალური მასშტაბის მოვლენების მოწმენი გავხდეთ, რაც შეიძლება სრულიად მოულოდნელად განვითარდეს, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვიოს და საერთაშორისო დღის წესრიგი დიდი ხნით შეცვალოს.
სწორედ ასეთი დაძაბული ენერგიებით იწყება აგვისტოს მეორე დეკადა.
ამ პერიოდში ვენერა ნეპტუნთან ოპოზიციას დაასრულებს და სატურნთან ოპოზიციაში გადავა. ამავდროულად, იუპიტერთან ერთად ჩამოყალიბდება ძალიან საინტერესო პლანეტარული კონფიგურაცია, რომელსაც ასტროლოგიაში „დახრილ იალქანს“ უწოდებენ.
ეს კონფიგურაცია ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რადგან იგი ჰარმონიული და მხარდამჭერი ენერგიით გამოირჩევა.
მართალია, ვენერა სატურნთან დაძაბულ ოპოზიციაში იქნება, თუმცა ამ ასპექტს თავისი ღრმა შინაარსის მქონე დანიშნულება აქვს. სატურნი გვაიძულებს, სიმართლეს თვალებში შევხედოთ, მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე და ილუზიების ნაცვლად რეალობას დავეყრდნოთ.
ზოგჯერ ეს პროცესი შეიძლება მტკივნეულიც აღმოჩნდეს, მაგრამ სწორედ სატურნია ის პლანეტა, რომელიც ნამდვილ სიმყარესა და სტაბილურობას გვიქმნის.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სატურნი არასოდეს გვართმევს რაიმეს უმიზეზოდ და არც შემთხვევით ანელებს პროცესებს.
თუ მზად ვართ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ, შევწყვიტოთ გარემოებებისა თუ სხვა ადამიანების დადანაშაულება და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, სატურნი საბოლოოდ ყოველთვის ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის.
სწორედ ამიტომ აგვისტოს მეორე დეკადას შეგვიძლია შინაგანი მომწიფების პერიოდი ვუწოდოთ.
პირველი დეკადის ემოციური ქარიშხლის შემდეგ, როდესაც ვენერა ნეპტუნთან ოპოზიციაში იმყოფებოდა, ბევრს გაუჩნდება განცდა, რომ ძველი წესით ცხოვრება უკვე შეუძლებელია და ახალი გზების ძიების დრო დადგა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „დახრილი იალქნის“ კონფიგურაციის მწვერვალზე იუპიტერი იქნება.
იუპიტერი მხარდამჭერი პლანეტაა. ის ყოველთვის გვაძლევს განვითარების, გაფართოების, წარმატებისა და ახალი შესაძლებლობების პოტენციალს.
ამ კონფიგურაციაში სწორედ იუპიტერს შეუძლია დაგვანახოს გვირაბის ბოლოს სინათლე, შეგვინარჩუნოს რწმენა, დაგვანახოს მომავლის პერსპექტივა და დაგვეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ „ღამე ყველაზე ბნელი განთიადის წინ არის“. ყველაზე მძიმე გამოცდებიც კი შეიძლება სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდეს.
ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თვის შუა პერიოდში იგრძნობთ ძლიერ სურვილს, არა მხოლოდ გადალახოთ მიმდინარე მოვლენები, არამედ მთლიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
შესაძლოა, მიიღოთ გადაწყვეტილება პროფესიის შეცვლის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის, ახალი საქმიანობის დაწყების, ურთიერთობების გადახედვის ან, ბოლოს და ბოლოს, იმ სიტყვების თქმის შესახებ, რომელთა წარმოთქმას დიდი ხანია ვერ ბედავდით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აგვისტოს მეორე დეკადაში გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ცხოვრება შემოგთავაზებთ. ამის შემდეგ, თვის ბოლოსკენ, დაძაბულობა კვლავ სწრაფად მოიმატებს და ამჯერად როგორც პირად, ისე გლობალურ საზოგადოებრივ დონეზეც.
დიდია ალბათობა, რომ აგვისტოს ბოლო დღეები მსოფლიო მოვლენებით განსაკუთრებით ხმაურიანი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
24 აგვისტოს თითქმის ერთდროულად ორი უკიდურესად დაძაბული ასპექტი ჩამოყალიბდება. ეს იქნება მარსისა და სატურნის კვადრატი, ასევე მზისა და ურანის კვადრატი. ორივე ასპექტი უკვე მოახლოებული 28 აგვისტოს მთვარის ნაწილობრივი დაბნელების ფონზე იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ ამ დღეებში წარმოქმნილი ნებისმიერი დაძაბულობა დაბნელების ენერგიით მრავალჯერ გაძლიერდება.
მარსისა და სატურნის კვადრატი ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ასპექტად ითვლება. ეს არის უზარმაზარი ენერგიის შეჯახება მკაცრ შეზღუდვებთან.
მარსი მოქმედების, ბრძოლის, ინიციატივისა და ცეცხლის პლანეტაა, ხოლო სატურნი - წესრიგის, დისციპლინისა და შეზღუდვების.
ამ ორი სრულიად განსხვავებული ენერგიის დაპირისპირებამ შეიძლება ძლიერი შინაგანი გაღიზიანება და იმედგაცრუება გამოიწვიოს.
როგორც პირად ცხოვრებაში, ისე მსოფლიო პოლიტიკაში შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ გარემოებები ხელს გვიშლის წინსვლაში, ვიღაც ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას, გვიშლის ხელს ჩანაფიქრის განხორციელებაში ან მუდმივად დაბრკოლებებს გვიქმნის.
მსოფლიო მასშტაბით მსგავსი ასპექტები ხშირად ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამწვავებას, მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებასა და კონფლიქტების ესკალაციას უკავშირდება.
რა ფორმით გამოვლინდება ეს ენერგია, წინასწარ თქმა შეუძლებელია, თუმცა თავად ასტროლოგიური სურათი მიუთითებს, რომ აგვისტოს ბოლო დღეები მშვიდი ნამდვილად არ იქნება.
დამატებით დაძაბულობას შექმნის მზისა და ურანის კვადრატიც.
ურანი თავისუფლების, მოულოდნელობების, რევოლუციური ცვლილებების, ტექნოლოგიური შეფერხებების, საზოგადოებრივი პროტესტისა და მოულოდნელი გადატრიალებების პლანეტაა.
როდესაც იგი მზესთან დაძაბულ ასპექტში შედის, მოვლენები შეიძლება ელვის სისწრაფით და სრულიად არაპროგნოზირებადად განვითარდეს.
ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებამ, ერთმა განცხადებამ, ერთმა ახალმა ამბავმა ან ერთმა ინციდენტმაც კი შეიძლება მოვლენათა ჯაჭვი აამოქმედოს და სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს.
ამ პერიოდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მზე სამხრეთ კარმულ კვანძზე გაივლის.
სამხრეთი კარმული კვანძი ყოველთვის დაკავშირებულია დასრულებასთან, წარსულთან და კარმული ციკლების დახურვასთან.
ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ცნობილი ადამიანის, პოლიტიკური ლიდერის, საზოგადო მოღვაწის, მსხვილი ორგანიზაციისა თუ მნიშვნელოვანი პროექტისთვის აგვისტოს ბოლო ისტორიული ეტაპის დასასრულად იქცეს.
ეს პერიოდი მიუთითებს, რომ გარკვეული დიდი ციკლები საბოლოოდ სრულდება.
სწორედ ამ ენერგიებით მივუახლოვდებით 28 აგვისტოს ნაწილობრივ მთვარის დაბნელებას.
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო მარტივი ნამდვილად არ იქნება, ის არც კატასტროფების თვედ უნდა მივიჩნიოთ.
პირიქით, ეს იქნება განწმენდის, გათავისუფლებისა და შინაგანი გარდაქმნის პერიოდი.
დიახ, აგვისტომ შეიძლება დაგვინგრიოს ილუზიები, დაგვაშოროს იმას, რაც უკვე ამოწურულია და გვაიძულოს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება.
თუმცა სწორედ ამის წყალობით, შემოდგომისთვის ბევრ ჩვენგანს ექნება განცდა, თითქოს უზარმაზარი ტვირთი მოიხსნა მხრებიდან და ცხოვრება ბევრად უფრო თავისუფლად გაგრძელდა.
ამიტომ აგვისტოს მნიშვნელოვანი რჩევაა - ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას ცვლილებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თქვენს ჩვეულ წესრიგს არღვევს.
ზოგჯერ სამყარო რაღაცებს ჩვენი ცხოვრებიდან იმიტომ კი არ გვართმევს, რომ გვატკინოს, არამედ იმიტომ, რომ ადგილი გაათავისუფლოს უფრო ჭეშმარიტი, უფრო ავთენტიკური და უფრო ბედნიერი მომავლისთვის.
რაც უფრო მეტად ვენდობით ამ პროცესს, ამავე დროს შევინარჩუნებთ საღ აზრს, კრიტიკულ აზროვნებას, შინაგან ღირსებასა და პასუხისმგებლობას საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ, მით უფრო მშვიდად, გაცნობიერებულად და ნაყოფიერად გავივლით 2026 წლის ამ უმნიშვნელოვანეს თვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვინ არისო დიდი ბაბუო?“ - თამუნა ამონაშვილის ოჯახი კახიანების ოჯახს ესტუმრა
⭕„4 წელი გავიდა ქორწინებიდან და ახლა ხუთნი ვართ, უსაზღვროდ მიყვარხართ“ - ლიზა ჩიჩუა