10 ოქტომბერს, 19:49-ზე, ახალმთვარეობა გველოდება სასწორის მეთვრამეტე გრადუსში. მთვარე მზარდი იქნება 26 ოქტომბრამდე. ამ დღეს, 08:11-ზე, სავსემთვარეობა იქნება კუროში. ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე სასწორშია, იწყება ახალი ციკლი, მთვარის ახალი თვე და რადგან სასწორი პარტნიორული ნიშანია, უნდა მეთქვა, რომ ახლა კარგია ახალი ურთიერთობების დაწყება, მაგრამ...
სასწორის მმართველი ვენერა, სილამაზის, ჰარმონიისა და ფულის პლანეტა რეტროგრადულია მორიელში და ახალი ურთიერთობების დაწყება კი არა, ჯერ ძველში და არსებულში უნდა გაერკვიოთ.
ამასთან, 11-ში მარსისა და ვენერას დაძაბული ასპექტი გვაქვს და ურთიერთობებში მოჭიმულობა არ გაგიკვირდეთ. პარტნიორებმა შეიძლება საკუთარი უფლებების დასაცავად გაიბრძოლონ. არაა გამორიცხული აგრესია იგრძნოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლისგან. მოერიდეთ ფულის ფლანგვას გართობაზე, არ დააბანდოთ ფული. დაიცავით ბალანსი ყველაფერში.
აი, ლომში მყოფ იუპიტერთან კი ახალმთვარეობის წერტილს ჰარმონიული ასპექტი აქვს და კარგი იქნება კონტაქტების გაფართოება, საყვარელი ადამიანის გაბედნიერება. შეიძლება გაიცნოთ გავლენიანი ადამიანი, მოაგვაროთ იურიდიული საკითხები; მიიღოთ თანამშრომლობის შემოთავაზება. გამოგიჩნდეთ ახალი კლიენტი; შეიძინოთ ისეთი ნივთები, რაც ადრე გქონდათ შერჩეული.
სასწორი, სადაც ახალმთვარეობა გველოდება, მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობების ნიშანი არაა, ბიზნესსპარტნიორობაც, შეთანხმებაც, მეგობრებთან, კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობაც მას აბარია. ამიტომაა, რომ სასწორი ჯერ სხვაზე ფიქრობს და მერე საკუთარ თავზე. მაგრამ ამ ახალმთვარეობაზე “მე“ და “შენ“ უნდა გაირკვეს - რამდენადაა ბალანსი ჩვენს შორის, შენ გამო მე ხომ არ ვიჩაგრები? საქმიან პარტნიორებთან გადახედეთ ძველ ფინანსურ შეთანხმებას, მოითხოვეთ ხელფასის მომატება.
მორიელში მყოფი ვენერა არც ისეთი ჰარმონიულია, როგორც სასწორისეული. უფრო დეტექტივ-გამომძიებელია, უფრო ღრმად ჩახედული საკითხში. უნდა მიხვდეთ რა იყო ძველ ან არსებულ ურთიერთობაში ისეთი, რაც უნდა გადაიხედოს, გამოსწორდეს. გამოძიებას კი შეიძლება მოჰყვეს ეჭვიანობა, კონფლიქტი. მაქსიმალურად მოერიდეთ შხამიანობას. შეიძლება გაგახსენდეთ, რომ ყოფილზე ნაწყენი ხართ და ხმალი იშიშვლოთ. კარგი იქნება, თუ მიუბრუნდებით დაწყებულ შემოქმედებით პროექტებს და დეტალებს გამოასწორებთ. შეიძლება ძველ სტილს, იმიჯს მიუბრუნდეთ. არ გაიკეთოთ სილამაზის ნემსები, ოპერაციები.
💟 მორიელის მეორე მმართველი პლანეტა პლუტონი 16 ოქტომბერს გამოვა რეტროგრადული სვლიდან (13 დაიძრება და 20 ოქტომბერს სრულად გასწორდება). ამიტომ, ახალმთვარეობიდან რამდენიმე დღეში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ინტენსიური მოვლენები ხდება თქვენს ცხოვრებაში. იყოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადატვირთვა, ზეწოლა და მანიპულაციები, რთული ტრანსფორმაციები.
💟 როგორც უკვე იცით, ახალმთვარეობაზე ვწერთ ხოლმე სურვილებს, სამომავლო მიზნებს და მათი განხორციელების საშუალებებს. ჯერ მერკური რეტროგრადული არ გამხდარა (მერკური რეტროგრადული გახდება მორიელში 24 ოქტომბერს) და ახალმთვარეობიდან 1 საათის განმავლობაში ჩამოწერეთ სასურველი. ფურცელი შეინახეთ მომავალ ახალმთვარეობამდე და წინა დღეს დაწვით.
მომდევნო ახალმთვარეობა გველოდება მორიელში 9 ნოემბერს 11:01-ზე და 7-8-ში უკვე შეგიძლიათ სურვილების ფურცელი დაწვათ და წყალს გაატანოთ. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ სურვილები და მიზნები დაკავშირებული იქნება პარტნიორულ თემებთან, ხელშეკრულებების გაფორმებასთან; პარტნიორობასთან, სილამაზესთან და თვითშეფასებასთან. საკუთარი და სხვა ადამიანის ურთიერთობის დაბალანსებასთან. ახალმთვარეობის დადგომამდე კი ჩამოწერეთ ის ყველაფერი, რაც გაწუხებთ პირად ურთიერთობაში, წყენაც, ემოციებიც, ფურცელი დაწვით და წყალს გაატანეთ.
💟 ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა სასწორებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 7-13 ოქტომბრის შუალედში.
აგრეთვე მათზე, ვისაც ტყუპების, მერწყულის, ლომისა და მშვილდოსნის 15-21 გრადუსებში გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები. შედარებით მეტი გარჯა და დაკვირვება გმართებთ, თუ ვერძის, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნების 15-21 გრადუსებში გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები.
ახლა კი გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
♈️ ვერძი: განახლდება ურთიერთობა პარტნიორებთან, მიიღებთ ახალ შემოთავაზებას. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც განაახლებთ საქმეს ან ფლირტს.
♉️ კურო: შეიძლება გამოგიჩნდეთ ძველი კლიენტი, დამკვეთი. ზოგიერთმა შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ზოგიერთი კი შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ, თუ დიდი ხანია გინდოდათ.
♊️ ტყუპი: მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა. გახდებით მეტად შემოქმედებითი, მზად ფლირტისა და რომანტიკისთვის. სიახლეები გელოდებათ ბავშვების თემაში. კარგი დროა დღესასწაულების მოსაწყობად, კულტურული ღონისძიებების მოსანახულებლად.
♋️ კირჩხიბი: სიახლეები გელოდებათ ოჯახის, ნათესავების სფეროში. შეიძლება შეიცვალოთ მისამართი, შეიძინოთ რამე სახლისთვის. ზოგიერთს კი ოჯახში ახალი წევრი შეიძლება შემოგივიდეთ.
♌️ ლომი: სიახლეები გელოდებათ მგზავრობისას, გადაადგილებისას. შეიძლება დაიწყოთ ახალი საქმე, სწავლა, გაიჩინოთ ახალი მეგობარი, დაუმეგობრდეთ ახალ მეზობელს. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება და ან ძმა გეყოლოთ.
♍️ ქალწული: გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყარო. მოგინდებათ ფულის დაბანდება საკუთარ თავში. შეიძლება შეიძინოთ რამე, რაც გინდოდათ ან განაახლოთ სწავლა.
♎️ სასწორი: უნდა ჩამოწეროთ სამომავლო სურვილები, დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზე მომავალზე, იმაზე, რისი მიღწევაც გსურთ და მათი მიღწევის გზებსა და საშუალებებზე.
♏️ მორიელი: ამ დღიდან შეამცირეთ აქტიურობა, მეტად დაისვენეთ, გამონახეთ დრო საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რადგან მომდევნო ახალმთვარეობა - 9 ნოემბერს 11:01-ზე - თქვენს ნიშანში იქნება და მას გონებრივად, ფიზიკურად და სულიერად გაწმენდილი უნდა შეხვდეთ.
♐️ მშვილდოსანი: სიახლეები გელოდებათ სოციუმში, სოციალურ ქსელებში. შეიძლება გახდეთ ახალი გუნდის, კოლექტივის წევრი, შეიძლება დაიწყოთ მუშაობა ახალ პროექტზე.
♑️ თხის რქა: მოემზადეთ სიახლეებისთვის სტატუსის, კარიერის სფეროში. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, ბიზნესი, იდეების განხორციელება. ზოგიერთი შეიძლება გახდეთ ძვირად ღირებული ნივთის მფლობელი, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ. სტატუსი შეიძლება შეგეცვალოთ პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებითაც.
♒️ მერწყული: სიახლეები გელოდებათ საზღვარგარეთის თემებში: შეიძლება მოამზადოთ საბუთები გასამგზავრებლად ან გაემგზავროთ. დაიწყოთ თანამშრომლობა უცხოელებთან, დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ სწავლა ან პედაგოგობა. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს განსხვავებული ადამიანი, ლიდერი, გურუ, პედაგოგი. კარგი დროა ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება გაიგოთ რომ შვილიშვილი გეყოლებათ.
♓️ თევზები: შეიძლება გადაწყვიტოთ ფულის დაბანდება ან სესხის აღება. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს თქვენს პარტნიორს. დაიწყოთ მემკვიდრეობასთან, ალიმენტთან, დაზღვევასთან, ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე მშვენიერი წყვილი...“ - მარიამ შენგელიას შთამბეჭდავი ფოტოები ქორწილიდან
⭕როგორ წავახალისოთ ბავშვებში სასურველი ქცევა? - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს
⭕„კლასიკური სტილი ძალიან გიხდებათ“ - კახა კალაძე „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს