ყოველი ჩვენგანი ამ სამყაროში ერთი მთავარი მისიით - კარმული ამოცანით მოდის, რომელიც დაბადების პირად რუკაშია ჩაწერილი. ეს არის სრულიად ახალი გამოცდილება, რომელიც სულს ადრე არასოდეს განუცდია და ამ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა შეისწავლოს. სწორედ ამ თემაზე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს ლითოთერაპევტი და ასტროლოგი თამუნა იოსელიანი.
მისი თქმით, კარმული ამოცანა ყოველთვის განსაკუთრებული სირთულისაა და ადამიანებს ხშირად ურთულესი გამოცდების გავლა უწევთ უმთავრესი მიზნის მისაღწევად.
„როდესაც მე გავიგე, რა იყო ჩემი კარმული ამოცანა, პირველი აზრი ასეთი მქონდა: „არა, ეს შეუძლებელია. ეს ის სფეროა, რომელსაც ვერასდროს დავეუფლები“, - აღნიშნავს თამუნა იოსელიანი და განმარტავს, რომ 37 წლის ასაკში საბოლოოდ მიხვდა, საკუთარ კარმას ვერ გაექცეოდა და მისი ნამდვილი გზა სწორედ ლითოთერაპია და ასტროლოგია იყო.
რატომ გაურბის ადამიანი საკუთარ დანიშნულებას?
ლითოთერაპევტის დაკვირვებით, ადამიანების უმეტესობა, ვინც საკუთარ კარმულ დანიშნულებაზე არ ფიქრობს, ქვეცნობიერად უარს ამბობს იმ მიმართულებაზე, სადაც უნდა განვითარდეს. ამ დროს მოქმედებს ძლიერი შინაგანი ბარიერები:
⭕ შიში
⭕ სიზარმაცე
⭕ ქვეცნობიერი წინააღმდეგობა
ბევრი ადამიანი საკუთარ ნამდვილ დანიშნულებამდე უცოდინრობისა და გაურკვევლობის გამო ვერ მიდის და ინერციით იმეორებს მშობლების კარმულ გზას (მაგალითად, ხდება ექიმი მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმების ოჯახში დაიბადა).
არადა, კარმული ამოცანის გარკვევა მარტივად არის შესაძლებელი დაბადების თარიღის, დროისა და ადგილის მიხედვით.
ცხოვრების მთავარი კარმული ციკლები
თამუნა იოსელიანი გამოყოფს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ასაკობრივ ეტაპს, როდესაც ადამიანი საკუთარ მისიას უახლოვდება:
17-18 წელი: პირველი მიახლოება საკუთარ ამოცანასთან.
29,5-30 წელი: სატურნის მნიშვნელოვანი ციკლი. ეს არის ზრდასრულობის ყველაზე ძლიერი ეტაპი, როდესაც იწყება შინაგანი „გამოფხიზლება“.
36-37 წელი: კარმული კვანძების დაბრუნების პერიოდი. ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, როდესაც ადამიანი სვამს კითხვას: „მივიღე თუ არა ის გამოცდილება, რისთვისაც ჩემი სული მოვიდა?“
55-56 წელი: შემდეგი მნიშვნელოვანი კარმული გაკვეთილის დრო.
განქორწინებები და ცხოვრებისეული დარტყმები 37 წლის ასაკში
ლითოთერაპევტი ხაზს უსვამს, რომ 36-37 წლის ასაკში ბევრი ადამიანი აწყდება სირთულეებს, დანაკარგებსა და ცხოვრებისეულ დარტყმებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ სამუშაო საკუთარ თავზე. ამავე პერიოდში ფიქსირდება განქორწინებების დიდი რაოდენობაც.
„ზოგი მიიჩნევს, რომ ამ გზით უმაღლესი ძალები მიგვანიშნებენ: „შენს გვერდით არ არის ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შენი კარმული ამოცანა უნდა შეასრულო“, - ამბობს იოსელიანი.
მაღალგანვითარებული სულების მისია დედამიწაზე
პოსტის დასასრულს თამუნა იოსელიანი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ მაღალგანვითარებული სულები დედამიწაზე მხოლოდ მცირე ხნით განსახიერდებიან. ეს ხდება იმისთვის, რომ მათ უბრალოდ შეეხონ მატერიალურ სამყაროს იმ დიდი მისიის წინ, რომელიც მათ დახვეწილ, სულიერ განზომილებებში ელოდებათ. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა ცხოვრებაში დიდ ბედნიერებად ითვლება და ეს არასდროს ხდება შემთხვევით.