ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში რელიგიისა და ასტროლოგიის ურთიერთკავშირზე საუბრობს და ბიბლიის ძველ ქართულ ხელნაწერებსა და თანამედროვე თარგმანებს შორის არსებულ განსხვავებებს ეხმიანება.
პუბლიკაციაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს დაბადების წიგნის ცნობილ მუხლზე, განმარტავს სიტყვა „სასწაულის“ თავდაპირველ მნიშვნელობას და პირველწყაროებზე დაყრდნობით ციური სხეულების, როგორც ღვთიური მინიშნებებისა და ნიშნების, როლზე მსჯელობს:
„ისევ - რელიგია და ასტროლოგია
ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანში - ოშკისა და მცხეთური ხელნაწერების ტექსტებში პირდაპირ წერია: „და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად, დღეებად და ჟამებად და წელიწადებად“(დაბადება 1.14). - რას გულისხმობს აქ სიტყვა „სასწაულებად“? რას ნიშნავდა ეს ძველ ქართულში? დღევანდელი მნიშვნელობით რომ არ არის, ალბათ ხვდებით.
ძველ ქართულში სიტყვა - „სასწაული“ წარმოდგებოდა ზმნისგან „სწავლა“ (ცოდნის მიღება, გაგება). შესაბამისად, სასწაული იყო ის, რითაც ადამიანი რაღაცას სწავლობდა და იგებდა.
ბიბლიის კონტექსტში კი ნიშნავს ნიშანს, მინიშნებას.
რატომ? იმიტომ რომ მართალია თანამედროვე თარგმანიდან ეს სიტყვა მართლაც „სასწაულებრივად“ გამქრალია, მაგრამ სამაგიეროდ ეს სიტყვა ყველა უძველეს პირველწყაროში გვხვდება:
ძველებრაული ორიგინალი (მასორეტული ტექსტი): გამოყენებულია სიტყვა „ლექ-ოთოთ“ (לְאֹתֹת), რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ნიშნებად“, ან „მინიშნებებად“.
ძველბერძნული თარგმანში (სეპტუაგინტა, ძვ. წ. III–II სს.) გვხვდება სიტყვა „ეის სემეია“ (εἰς σημεῖα) - ესეც ითარგმნება როგორც „ნიშნები“, ან „სასწაულები“. სწორედ აქედან მოდის რუსული სინოდალური თარგმანის для знамений.
და რადგან ბიბლიის ამ მუხლში საუბარია მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ უფლის მიერ ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებს მინიშნებად გამოადგეთ. უფლის მინიშნებად - ვარსკვლავები და მნათობების მოძრაობაზეა საუბარი.
საქართველოს საპატრიარქოს 1989 წლის თანამედროვე ქართულ რედაქციაში კი ეს მუხლი ასე ჟღერს:
„დრო-ჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა“.
რომ შეეკითხო, ალბათ გეტყვიან, რომ ამ ცვლილების მიზეზი არა ტექსტის მიზანმიმართული შეკვეცა, არამედ ლინგვისტური და მთარგმნელობითი მიდგომაა. რომ მთარგმნელთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ძველებრაული ფრაზა „ნიშნებად და დადგენილ დროებად“ (ოთოთ უ-მოადიმ) ერთიან აზრს გამოხატავს და მნათობები უნდა ყოფილიყვნენ დრო-ჟამის აღმნიშვნელად. ჰოდა მე თქვენ გაკითხებით, რისი დრო-ჟამის? წელიწადის სეზონების?
დავუბრუნდეთ ებრაულ პირველწყაროს:
ებრაულ ტექსტში ოთხივე სიტყვა და კავშირით არის შეერთებული: „და იყვნენ ნიშნებად [ოთოთ], და დროებად [მოადიმ], და დღეებად, და წელიწადებად“. ეს ნიშნავს, რომ „ნიშნები“ ცალკე კატეგორიაა და არა მხოლოდ დროის საზომი საშუალება.
და სხვათა შორის, ბიბლიის სხვა თანამედროვე ქართულ გამოცემებში მაგალითად სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმანის ინსტიტუტის რედაქციით გამოცემულში, პირდაპირ წერია: „და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელიწადთა აღმნიშვნელად“.
აქ, ნიშნები ცალკეა გამოყოფილი მძიმით. სტოკჰოლმის თარგმანმა სწორედ ეს ორიგინალი სტრუქტურა გაითვალისწინა. მძიმემ ერთმანეთისგან გამიჯნა ნიშნები, როგორც დამოუკიდებელი ფუნქცია, და დროის აღრიცხვა ანუ სეზონები, დღეები, წელიწადები.
მაშ, რისი მინიშნება სურდა უფალს თავის მიერ შექმნილი მნათობებისა და ციური სხეულების მოძრაობის მიხედვით? ბოლოს და ბოლოს ვინ იწინასწარმეტყველა იესოს დაბადება? და რის მიხედვით გამოთვალეს ან თარიღი ან ადგილი?
ჰოდა, ან ჩუმად იყვავით ნაკლებ მორწმუნენი, ან ცოტა მეტი იკითხეთ!“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“ - ილია ზაბარნი