სიზმრებს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს და სხვადასხვა დანიშნულებით გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი ცხოვრების შესახებ, უხსოვარი დროიდან სჯეროდა ამის ხალხს და არანაკლებ აქტუალურია დღესაც. არის წინასწარმეტყველური, გამაფრთხილებელი, მენტორული ანუ დამრიგებლური შინაარსის და სხვა მსგავსი დანიშნულების სიზმრები. გამაფრთხილებელ სიზმრებზე „თბილისელებს“ ერთ-ერთი ეზოტერიკოსი ესაუბრა.
- სიზმარი ყველას ესიზმრება, მაგრამ ცოტა თუ აქცევს მას ყურადღებას - აანალიზებს და გამოაქვს დასკვნები. არადა, სამყარო სწორედ ქვეცნობიერის დონეზე გვიკავშირდება, რომლის შეცნობაც და ამოხსნაც იმ დროსაა შესაძლებელი, როცა ადამიანს სძინავს. ჩვენი გონება ენერგეტიკულ ნაკადებთან ძილის მდგომარეობაში გადის ღია კონტაქტზე, რადგან სამყაროს ნაკარნახევის დაჭერა ამ დროსაა უპრიანი. ამიტომაც, ისე რომ, თავად არაფერი ვიცით, მნიშვნელოვან მინიშნებებს, სხვადასხვა სახის მოსალოდნელ მოვლენებზე, ზუსტადაც სიზმრიდან ვიღებთ. მას კი აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ შესაძლო უსიამოვნებების თავიდან აცილება შეძლოთ. თუმცა, არც ისეა საქმე, რომ გამაფრთხილებელი სიზმრები აუცილებლად ახდეს. მისი არსია, რომ მძინარე ადამიანი გააფრთხილოს, რა შეიძლება მოხდეს, თუ ის თავის მოქმედებათა მიმართულებას არ შეცვლის.
- უფრო ზუსტად, რის შესახებ გვაფრთხილებს ასეთი სიზმრები?
- გამაფრთხილებელი სიზმარი ადამიანს ეხმარება, რომ ისეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, რომლისკენაც ზოგჯერ გაუცნობიერებლად მიდის. წინასწარმეტყველურისგან განსხვავებით, გამაფრთხილებელი სიზმარი ადამიანს დაანახვებს, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ის და კატასტროფებისა და პრობლემების თავიდან ასარიდებლად, შეცდომების გამოსწორების შანსს აძლევს. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობელს სახლში, სამსახურსა თუ მოგზაურობისას რაიმე უსიამოვნება შეემთხვა. მაგრამ, ეს მაინცდამაინც უარყოფითად არ უნდა აღიქვათ. პირიქით, თუ მისგან სწორ გაკვეთილს გამოიტანთ, საფრთხეს თავიდან აიცილებთ. ასეთი სიზმარი აუცილებლად უბედურებას კი არ წინასწარმეტყველებს, გაფრთხილებაა, რომ ყველა საჭირო ზომა დროულად მივიღოთ, რათა გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. შესაბამისად, თუ სიზმრისეულ გაფრთხილებას უგულებელყოფთ, უბედურება სწორედ მაშინ შეგემთხვევათ, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა სცადოს სამყარომ თქვენი დაცვა. გამაფრთხილებელი სიზმრები განსხვავდება მენტორულისგანაც, რომელშიც სამყარო სულ რაღაცას იმიტომ გვასწავლის, რომ ცხოვრებაში მას რეგულარულად არასწორად ვაკეთებთ. სავარაუდოდ, სამყარომ უკვე ბევრჯერ გამოგვიგზავნა სხვადასხვა სიგნალი: სხვა ადამიანების, ცხოველების, ხმების, ტექსტების, აზრების საშუალებით, მაგრამ ჩვენს ცნობიერებამდე ვერასდროს მოაღწია. სწორედ ამის შემდეგ იღებს სამყარო უკიდურეს ზომებს და საქმეში რთავს გამაფრთხილებელ სიზმრებს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ძილი გვერდს უვლის ჩვენს გონებას, წინააღმდეგობის უნარს და საჭირო ინსტრუქციას პირდაპირ ქვეცნობიერში ნერგავს. გამაფრთხილებელი სიზმარი ყოველთვის დროში ერთ კონკრეტულ სიტუაციას ეხება. შესაბამისად, თუ მას შევეწინააღმდეგებით, უსიამოვნებასაც თავიდან ავიცილებთ და ყველაფერი კარგად დასრულდება. გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ხშირად სწორედ გამაფრთხილებელი სიზმრები გვესიზმრება.
- არის ისეთი გამაფრთხილებელი სიზმრები, ყველას რომ ესიზმრება?
- რა თქმა უნდა. მაგალითად, ასეთი სიზმარი: სახლში ხართ და კარზე ზარია. ფიქრობთ, მოვიდა ის, ვინც გჭირდებოდათ. მირბიხართ, აღებთ კარს, მაგრამ იქ გხვდებათ უცნობი, რომელიც სახლში შემოჭრას ლამობს. სასწრაფოდ კარს კეტავთ და მას საჭვრეტიდან აკვირდებით. ის კედელს ეკვრება ან სათვალთვალოს ხელს აფარებს, რის შემდეგაც აპირებთ, დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართოთ. მოდი, გავაანალიზოთ სურათი. „სიზმარეული“ სახლშია, ვიღაც კარზე რეკავს და ისიც - აღებს: ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი გული, ცხოვრება და საკუთარი თავია. კარი, რომელსაც ვაღებთ, ძვირფასი ადამიანებისთვის გაღებული გულის კარია. სიზმარი გვეუბნება, რომ უცხო ადამიანი, რომლისთვისაც გულის კარის გაღებას აპირებთ, ფარული ზრახვებითა და მოტყუებით ცდილობს ამის გაკეთებას. ხვდებით და კარს უკეტავთ. თუმცა, ცნობისმოყვარეობა გძლევთ და თვალთვალს აგრძელებთ, ის კი - იმალება. ესე იგი, ჯერ კიდევ ცუდი ზრახვები აქვს, სამყარო კი ამ სიზმრით, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მალე კარზე დარეკავენ, სახლში შემოსვლას გთხოვენ და თუ ფხიზლად არ იქნებით, სწორედ მას შეუშვებთ, ვინც ამას არ იმსახურებსო. კარგია, თუ კარის დახურვას შეძლებთ, მაგრამ ყოველთვის თავის დაცვა არ ხერხდება და მტერს თავად უშვებთ სახლში, რომლის მოშორება პრობლემად გექცევათ: დიდხანს დარჩენას შეძლებს და სახლიდან, გულიდან და ცხოვრებიდან მისი გაძევება გაგიჭირდებათ. სიზმარში დახმარებას სთხოვეთ მას, ვინც ძლიერია და დაგიცავთ.
- სხვა მაგალითებზეც გვიამბეთ...
- მაგალითად, გესიზმრებათ, რომ ვიღაც დაჟინებით გირეკავთ ან გწერთ მესიჯს. ეს ნიშნავს, რომ სამყარო რაღაცის შესახებ დაჟინებით ცდილობს, გაგაფრთხილოთ და მიგანიშნებთ, რომ ცხოვრება უნდა შეცვალოთ. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ პატარა დეტალსაც კი, რომ წარმატების შესაძლებლობა არ დაკარგოთ - გამოსავალი, როგორც წესი, ზედაპირზე დევს. ძალიან ხშირია სიზმარში ფრენა, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, ინიციატივას და პრინციპულ გადაწყვეტილებებს. სამყარო კი გვიგზავნის სიგნალს, რომ მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმით შევძლებთ სამყაროს სხვა კუთხით დანახვასა და საჭირო გადაწყვეტილების პოვნას. სიზმარში აყვავებული ყვავილები ცხოვრებაში მოსალოდნელი სასიამოვნო ცვლილებების ნიშანია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. მაგრამ, თუ ყვავილი გამხმარია, ეს გაფრთხილებაა მისთვის, ვინც წარსულში ჩარჩა. სამყარო გიგზავნით სიგნალს, რომ ცვლილებების დრო დიდი ხანია დადგა: შეეშვით წარსულს, გაარღვიეთ მოჯადოებული წრე და დაიწყეთ ახალი ცხოვრება. ბევრია გამაფრთხილებელი სიზმარი, რომელშიც წყალი ფიგურირებს. ის შეიძლება იყოს მღვრიე, გამჭვირვალე, თბილი, ცივი, მშვიდი, ბობოქარი. გაფრთხილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის წყალი დაგესიზმრათ. სამყარო გვაფრთხილებს: უნდა დავმშვიდდეთ, მოვისვენოთ და მივყვეთ დინებას, თუ პრობლემები გველოდება, რომელთა მოგვარებას განსაკუთრებული ძალისხმევა და მონდომება სჭირდება. გისურვებთ წარმატებას!
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, რა თანხას მიიღებს მერაბ დვალიშვილი ო'მალისთან გამარჯვების შემდეგ
წყარო: tbiliselebi.ge