ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში 2026 წლის ნოემბრის ასტროლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს.
როგორც პროგნოზშია აღნიშნული, თვის პირველი ნახევარი წარსულის გადახედვასა და რეტროგრადულ პროცესებს დაეთმობა, მეორე ნახევრიდან კი ვითარება შეიცვლება და აქტიური, თუმცა გამოწვევებითა და მოულოდნელობებით სავსე პერიოდი დაიწყება:
„2026 წლის ნოემბერი ასტროლოგიურად აქტიური და მოვლენებით დატვირთული თვეა. თვის პირველ ნახევარში ყურადღება კვლავ წარსულის გადახედვას დაეთმობა.
მეორე ნახევრიდან კი ვითარება თანდათან შეიცვლება, პროცესები გააქტიურდება და წინსვლის ტემპი დაჩქარდება.
თუმცა ამ პერიოდს დაძაბული ასპექტები და მოულოდნელი მოვლენებიც ახლავს. თვის დასაწყისში ვენერა და მერკური კვლავ რეტროგრადულ მოძრაობაში არიან.
ვენერა უკუსვლას სასწორში აგრძელებს, მერკური კი - მორიელში.
რეტროგრადულ მოძრაობაში არიან სატურნი, ნეპტუნი და ურანიც. ეს პერიოდი ხელს უწყობს წარსული გადაწყვეტილებების გადაფასებას, დაუსრულებელი საქმეებისა და ურთიერთობების გარკვევას. ახალი წამოწყებები შესაძლოა შეფერხებებით მიმდინარეობდეს, თუმცა ეს კარგი დროა იმის მოსაწესრიგებლად, რაც დიდი ხანია ყურადღებას და დასრულებას საჭიროებს.
🌑 9 ნოემბერი - ახალმთვარეობა მორიელში ♏ 9 ნოემბერს ახალმთვარეობაა მორიელის ზოდიაქოს 16°53′-ზე. მზე და მთვარე ფართო ორბისით კვადრატს ქმნიან მარსთან ლომში, რამაც შესაძლოა გააძლიეროს ემოციური დაძაბულობა, მოუთმენლობა და იმპულსური მოქმედებებისკენ მიდრეკილება.
🔥 12–17 ნოემბერი - მარსისა და იუპიტერის შეერთება ლომში ♌ მარსისა და იუპიტერის შეერთება, რომელიც 16 ნოემბერს ზუსტდება, დაღმავალ კვანძთანაც ახლოს იმყოფება. ეს კონფიგურაცია აძლიერებს ამბიციას, თავდაჯერებას, მოქმედების სურვილსა და შემოქმედებით ენერგიას.
თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს გადაჭარბებული ოპტიმიზმი, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, რისკისკენ მიდრეკილება და ძალაუფლების დემონსტრირების სურვილი. დაღმავალი კვანძის მონაწილეობამ შესაძლოა გაააქტიუროს წარსულიდან ნაცნობი ქცევითი მოდელები და გადაუჭრელი კონფლიქტები.
↗ 13–14 ნოემბერი - მერკური და ვენერა დირექტიულ მოძრაობაზე გადადიან 13 ნოემბერს მერკური, 14 ნოემბერს კი ვენერა ასრულებენ რეტროგრადულ მოძრაობას. თანდათან ნათელი ხდება საკითხები, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში გაურკვევლობას იწვევდა. თუმცა პროცესების სრულად გააქტიურებას გარკვეული დრო დასჭირდება.
⚡ 18–21 ნოემბერი - მზის კვადრატები იუპიტერთან და მარსთან 18 ნოემბერს მზე კვადრატს ქმნის იუპიტერთან, 19 ნოემბერს კი - მარსთან. ეს ასპექტები შესაძლოა თვის შუა პერიოდში დაგროვილი დაძაბულობის კულმინაციად იქცეს. იზრდება კონფლიქტების, იმპულსური გადაწყვეტილებებისა და პირადი ამბიციების გამო დაპირისპირების ალბათობა.
☀️ 22 ნოემბერი - მზე გადადის მშვილდოსანში ♐ იწყება მშვილდოსნის სეზონი, რომელიც ოპტიმიზმთან, თავისუფლებასთან, განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებასთან ასოცირდება. წარსულის გადახედვის შემდეგ ყურადღება თანდათან მომავლისკენ, ახალი ცოდნის შეძენისა და ჰორიზონტის გაფართოებისკენ გადადის.
🌕 24 ნოემბერი - სავსემთვარეობა ტყუპებში ♊ სავსემთვარეობა ტყუპების 2°20′-ზეა. მთვარე უერთდება რეტროგრადულ ურანს, ხოლო მზე ურანთან ოპოზიციას უახლოვდება, რომელიც 26 ნოემბერს ზუსტდება. ეს კონფიგურაცია შესაძლოა მოულოდნელი მოვლენების, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნებისა და სწრაფი ცვლილებების ტრიგერი გახდეს.
გლობალურ დონეზე შესაძლოა განსაკუთრებით გააქტიურდეს მედიის, კომუნიკაციის, ტექნოლოგიებისა და სატრანსპორტო სფეროს თემები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს სავსემთვარეობა მათთვის, ვისაც მუტაბელური ნიშნების - ტყუპების, ქალწულის, მშვილდოსნისა და თევზების — პირველ გრადუსებზე მნათობები ან პირადი პლანეტები ჰყავს.
♂ 26 ნოემბერი - მარსი გადადის ქალწულში ♍ ლომის იმპულსური ენერგიის შემდეგ მარსი მიწის ნიშანში, ქალწულში გადადის. ამით თვის განმავლობაში შედარებით ნაკლებად გამოხატული მიწის ელემენტი აქტიურდება. მოქმედების სტილი უფრო პრაქტიკული, რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული ხდება. ეს პერიოდი ხელს უწყობს დეტალების გაანალიზებას, სამუშაო პროცესების მოწესრიგებასა და კონკრეტული გეგმების განხორციელებას.
△ 29–30 ნოემბერი - მზისა და სატურნის ტრინი თვე მზისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტით სრულდება, რომელიც 30 ნოემბერს ზუსტდება. ეს ასპექტი ხელს უწყობს დისციპლინას, პასუხისმგებლობასა და გრძელვადიანი გეგმების პრაქტიკულ განხორციელებას.
✦ ნოემბრის მთავარი გზავნილი ნოემბერი წარსულის გადაფასებიდან ახალი ეტაპისკენ გადასვლის თვეა. დაძაბული და არაპროგნოზირებადი მოვლენების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ რეალობის ობიექტურად შეფასების უნარი და არ ავყვეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვი შუადღის ძილზე უარს ამბობს? - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს
⭕„5 თვის გახდა ჩვენი იესე, პატარა სასწაული“ - დუეტი „ლეონი“ შვილზე