Digest Logo

როგორ მუშაობს კარმის პრინციპი ყოველდღიურ ცხოვრებაში? - „კარმა მხოლოდ ის არ არის, რაც შენთან ბრუნდება, კარმა არის ის, რადაც შენ იქცევი“

1780999500
 კარმის პრინციპი

როცა ადამიანები სიტყვა „კარმას“ ისმენენ, ხშირად რაღაც მისტიკური ძალა წარმოუდგენიათ. თითქოს არსებობს უხილავი სისტემა, რომელიც ადამიანებს სჯის ან აჯილდოებს.

მაგრამ აღმოსავლურ ფილოსოფიაში კარმა ბევრად უფრო ღრმა და პრაქტიკული ცნებაა.

სიტყვა „კარმა“ პირდაპირი მნიშვნელობით მოქმედებას ნიშნავს. ანუ კარმა არ არის სასჯელი, არ არის ჯილდო, არ არის შურისმაძიებელი ძალა.

კარმა არის მიზეზისა და შედეგის კანონი, რასაც თესავ, იმას იმკი.

არა ყოველთვის მაშინვე, არა ყოველთვის იმავე ფორმით, მაგრამ არცერთი ქმედება, აზრი ან განზრახვა უკვალოდ არ ქრება.

ადამიანების უმეტესობა კარმას მხოლოდ დიდ მოვლენებში ეძებს. ურთიერთობებში, ფინანსებში, ცხოვრების მნიშვნელოვან გარდატეხებში, მაგრამ სინამდვილეში კარმა ყოველდღიურ ცხოვრებაში მუშაობს.

ყოველდღე, ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას ფიქრობ, როცა რაღაცას ამბობ, როცა არჩევანს აკეთებ, როცა ვიღაცას ეპყრობი სიყვარულით, ან პირიქით - უპატივცემულობით.

რადგან საბოლოოდ, ყოველი ქმედება რაღაც კვალს ტოვებს.
პირველ რიგში - შენში.

აღმოსავლურ სწავლებებში ამბობენ:

ადამიანი სამყაროს კი არ ცვლის თავისი ქმედებებით, ჯერ საკუთარ ცნობიერებას ცვლის.
თუ ადამიანი ყოველდღიურად ბრაზს კვებავს, ბრაზი მისი ბუნების ნაწილი ხდება. თუ ყოველდღიურად შურს კვებავს, შური მისი სამყაროს აღქმად იქცევა, თუ ყოველდღიურად სიკეთეს ავითარებს, სიკეთე მისი ხასიათის ნაწილი ხდება.
სწორედ აქ იწყება კარმის ყველაზე ღრმა მნიშვნელობა. კარმა მხოლოდ ის არ არის,
რაც შენთან ბრუნდება. კარმა არის ის, რადაც შენ იქცევი. საინტერესოა, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს:

„რატომ მეორდება ჩემს ცხოვრებაში ერთი და იგივე სიტუაციები?“

იგივე ტიპის ურთიერთობები, იგივე კონფლიქტები, იგივე ტკივილები, ხშირად მიზეზი გარეთ კი არა, შიგნითაა. რადგან სანამ შინაგანი გაკვეთილი არ არის გააზრებული, ცხოვრება მას სხვადასხვა ფორმით გვიბრუნებს.

სხვა ადამიანები, სხვა გარემო, სხვა სცენარი, მაგრამ იგივე არსი. ეს არ არის დასჯა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა დაინახოს ის, რასაც აქამდე ვერ ხედავდა.

კარმა ასევე განზრახვასთანაც არის დაკავშირებული. ორი ადამიანი შეიძლება ერთსა და იმავე საქმეს აკეთებდეს, მაგრამ სრულიად განსხვავებული შინაგანი მდგომარეობიდან.

ერთს მართავდეს სიყვარული, მეორეს - ეგო.
ერთს - გულწრფელობა, მეორეს - ანგარება.

აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით, მნიშვნელობა მხოლოდ მოქმედებას არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმ შინაგან სივრცესაც, საიდანაც ეს მოქმედება იბადება.

და მაინც, ყველაზე დიდი შეცდომა არის კარმის შიშით ცხოვრება. კარმა არ არის სისტემა, რომელიც მუდმივად გითვალთვალებს.

ეს არის ცხოვრების ბუნებრივი კანონზომიერება. როგორც თესლი ვერ გამოიღებს ნაყოფს დათესვის გარეშე, ასევე შედეგი ვერ იარსებებს მიზეზის გარეშე. ამიტომ, თუ გინდა შეცვალო ცხოვრება, ჯერ ის უნდა შეცვალო, რასაც ყოველდღიურად თესავ. ფიქრებში, სიტყვებში, ურთიერთობებში, საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში.
რადგან კარმა ხვალიდან არ იწყება, ის იწყება ახლა, ამ მომენტში, იმ არჩევანში, რომელსაც სწორედ ამ წუთს აკეთებ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დედის რძის შემდეგ, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი საკვებია დედამიწაზე“ - რას წერს არუნ ხათრი

⭕„დღეს მნიშვნელოვანია გაააქტიუროთ მხოლოდ ის, რისი გამრავლებაც და გაძლიერებაც ნამდვილად გსურთ“ - 9 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ - ასტროლოგიური პროგნოზი