ასტროლოგი ანა ჯალაღონია სოციალურ ქსელში პირველი ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ყოველკვირეულ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. ასტროლოგის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში ცაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტარული მოვლენა და ასპექტი ფიქსირდება, რაც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანზე განსხვავებულ გავლენას მოახდენს.
კვირის დასაწყისში კვლავ აქტუალური იქნება სავსემთვარეობის ენერგიები - დასრულების, შედეგების მიღებისა და ადრე დაწყებული საქმეების კულმინაციის პერიოდი.
აი, როგორ გადანაწილდება კვირის მთავარი ასტროლოგიური ტენდენციები დღეების მიხედვით:
„3 ივნისი - სატურნის სექსტილი მზესთან ტყუპებში
ეს ასპექტი მიანიშნებს, რომ წარმატება და ხელსაყრელი შესაძლებლობები უფრო მეტად დაუკავშირდება პასუხისმგებლობას, დისციპლინასა და გაბედულ გადაწყვეტილებებს. ვერძის ენერგია ინიციატივისა და მოქმედებისკენ გვიბიძგებს, ხოლო ტყუპებში მყოფი მზე კომუნიკაციის, ინფორმაციისა და ახალი კონტაქტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
რა არის სასარგებლო ამ პერიოდში:
✅ პროექტების დაგეგმვა და საქმიანი მოლაპარაკებები;
✅ სწავლასთან და ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები;
✅ პასუხისმგებლობით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად: ვერძის, ტყუპების, ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნები.
4 ივნისი - ნეპტუნისა (ვერძში) და მერკურის (კირჩხიბში) კვადრატი
ეს ასპექტი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ინფორმაციის დამახინჯებასთან, გაურკვევლობასთან, ილუზიებთან და ემოციური ფონით მიღებულ გადაწყვეტილებებთან. თუმცა, დადებითი გამოვლინების შემთხვევაში, ის აძლიერებს ინტუიციას, ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობას, წარმოსახვას, ხელოვნებასა და სულიერ პრაქტიკებს. მნიშვნელოვანია ინტუიციისა და ფაქტების ერთმანეთისგან გარჩევა.
რეკომენდაციები:
✅ გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია;
✅ არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება;
✅ მოერიდოთ ჭორებსა და დაუდასტურებელ ცნობებს;
✅ მეტი ყურადღება მიაქციოთ დეტალებს.
ვინ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება: ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნები.
5–7 ივნისი - მარსი კუროს ნიშანში უასპექტოდ იმოძრავებს.
უასპექტო მარსის პერიოდში შესაძლოა, იგრძნობოდეს ენერგიის არასტაბილური ან ნაკლებად მიმართულებით გამოყენება. მოქმედებებს შეიძლება, აკლდეს მკაფიო მიზანი ან შედეგი არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორსაც ველოდით. ეს დრო ხშირად უკავშირდება შეფერხებებს, გადაწყვეტილებების გადადებას ან მოტივაციის ცვალებადობას. დადებითი მხრივ, ეს პერიოდი ხელს უწყობს ძალების აღდგენას, პრიორიტეტების გადაფასებას და მომავალი ნაბიჯების მშვიდად დაგეგმვას.
რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დღეებში:
✅ არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი ინიციატივების დაწყება;
✅ მოერიდოთ ფინანსურ და მატერიალურ საკითხებში რისკიან ნაბიჯებს;
✅ მეტი ყურადღება დაუთმეთ უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას;
✅ გამოიჩინეთ მოთმინება.
ვინ იგრძნობს ამ ენერგიას: კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის ნიშნების წარმომადგენლები“,- წერს ასტროლოგი.