
ასტროლოგი რამაზ გიგაური 28 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდის ასტროლოგიურ პროგნოზს სოციალურ ქსელში გვიზიარებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ეს ერთკვირიანი პერიოდი რთული, დაძაბული და წინააღმდეგობებით სავსე იქნება. ხოლო ინდივიდუალურ დონეზე ადამიანებს მოუწევთ თავშეკავებისა და გამძლეობის გამოვლენა, რათა თავიდან აირიდონ კონფლიქტები.
„ასტროლოგიური პროგნოზი:
28 ივლისი - 3 აგვისტო
შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთკვირიანი პერიოდი რთული და წინააღმდეგობრივი იქნება. ინდივიდუალურ დონეზე საჭირო გახდება თავშეკავებულობისა და გამძლეობის გამოჩენა. ასეთი მიდგომით ადამიანთა უმეტესობა კონფლიქტებს თავიდან აირიდებს.
ეს დაძაბულობა განსაკუთრებით პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხება. ამაზე მიანიშნებს ვენერას ნეგატიური ასპექტები მარსთან, სატურნთან და ნეპტუნთან. გაჭირდება არა მხოლოდ პოზიტიური ემოციის გამოვლენა, არამედ პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ერთგვარი იდეალიზაცია და გადამეტებული ფანტაზიის გაძლიერებაც, რაც გაზრდის ილუზიების ალბათობას.
მთლიანობაში, ეს არ არის კარგი დრო პირადი ცხოვრების გარკვევისთვის, დავისთვის და განქორწინებისთვის.
ამ პერიოდში თითქმის შეუძლებელი იქნება შეთანხმება. ასე რომ, სასიყვარულო პარტნიორთან სასურველია კომპრომისზე წასვლა და სიყვარულის გამოვლენა.
ვენერას ნეგატიური ასპექტების გამო, ასევე ყურადღებას ითხოვს ფინანსური ოპერაციებიც. არ არის რეკომენდებული გაუმართლებელ რისკზე წასვლა და ახალი (სარისკო) დაბანდებები.
გლობალურ დონეზე მოსალოდნელია, გამოვლინდეს ფინანსური დანაშაულები და მაქინაციები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს.
ამ კვირაში გრძელდება მერკურის რეტროგრადული ფაზა, ნელდება და მუხრუჭდება ინფორმაციის მიღება - გადაცემის საკითხი, იზრდება რაიმეს ვერ გაგების ალბათობა („სხვა რამე ვთქვი და საერთოდ, სხვა რამე გაიგო“, „სხვა რამ ეწერა და რატომღაც სხვა რამ წავიკითხე“).
საჭირო იქნება ინფორმაციის სიღრმეში ჩასვლა და სრული ანალიზი, რათა ზედაპირული და რაც მთავარია, არასწორი დასკვნები არ გაკეთდეს.
ამ დროს იოლად ირღვევა დაპირებები, ფაქტობრივად, „დედლაინი“ არ არსებობს. შესაძლოა რემონტის „გაწელვა“ და ამ კუთხით, მოულოდნელი პრობლემების გაჩენა (ასევე პრობლემებია მოსალოდნელი მგზავრობასთან და საბუთების მოწესრიგებასთან დაკავშირებით).
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სასურველი იქნება „გადაზღვევა“ და ასე ვთქვათ, „დამატებითი დროის აღება“, რადგან უფრო იოლად მოხდება საქმეებისთვის თავის გართმევა და დაპირებების შესრულება.
31 ივლისს მზე-მერკურის შეერთებაა, ეს შედარებით კარგი დღეა მოლაპარაკებების განახლებისთვის, გაუგებრობის გარკვევისთვის, რაღაცების დაზუსტებისთვის, ასევე წარსულის ანალიზისთვის და მიტევებისთვის. თუმცა ეს უფრო ინდივიდუალურ საკითხებს ეხება, სადაც შესაძლებელია ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და პარტნიორზე დამოკიდებულება ნაკლებია.
ივლისის ბოლო დღეებში და აგვისტოს დასაწყისში ვენერა საერთოდ, ნეგატიური კონფიგურაციის „ტაუ-კვადრატის“ წევრი გახდება (მარსის, სატურნისა და ნეპტუნის თანამონაწილეობით). ეს მიანიშნებს სიტუაციების „შეკუმშვას“ და შემდგომ მოულოდნელად „გახეთქვას“. ამიტომ 1-3 აგვისტო ყურადღებით და მშვიდად უნდა გავიაროთ. ამ დროს გაზრდილი იქნება ხანძრების ალბათობაც.
4-5 აგვისტოდან ეს ყველაფერი შედარებით დაბალანსდება და ემოციური მდგომარეობაც დასტაბილურდება“,- წერს ასტროლოგი.