2025 წლის 5 დეკემბერს წლის ბოლო სუპერმთვარეა.
ეს ის დროა, როცა მთვარე თავისი სისავსით გვინათებს სექტორს, რომელსაც შესაძლოა აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით, ამიტომ ახლა მკაფიოდ და ცხადად შევხედავთ სიტუაციას, სურათს, შედეგს, რისი შემოქმედიც თავად ვართ, რასაც საფუძველი ჩავუყარეთ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში.
რას მოგვიტანს 5 დეკემბრის სავსემთვარეობა - აღნიშნულ თემაზე AstroBlog SkyLigh წერს:
„ტყუპების სავსემთვარეობა: შედეგი და გონივრული არჩევანი
მეგობრებო, განვიხილოთ 5 დეკემბრის სავსე მთვარე ტყუპებში, რომლის პიკი დადგება 03:15 საათზე (თბილისის დროით), 13-14 გრადუსზე. ეს მოვლენა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იქნება თქვენთვის, თუ ტყუპების ნიშანში, მით უმეტეს 12-16 გრადუსზე გყავთ პირადი პლანეტები ან გაქვთ კარმული წერტილები.
ეს სავსე მთვარე საშუალებას გვაძლევს, ნათლად დავინახოთ იმ იდეების, წამოწყებების რეალური შედეგი, რასაც საფუძველი ჩავუყარეთ 6 თვის წინ.
როდესაც ტყუპების სავსე მთვარე ჰორიზონტზე ამოდის, ის გარკვეულ წრეს კრავს, რადგან კალენდარული წელი დასასრულს უახლოვდება და გვაქვს შესაძლებლობა გავაცნობიეროთ ის, რაც აქამდე ჩვენი ცნობიერებისთვის დაფარული იყო. ამ სავსე მთვარის შუქზე იზრდება ცნობისმოყვარეობა: ეს მოვლენა განაპირობებს კითხვების სწორად დასმას - პირველ რიგში საკუთარ თავთან, ახალი პერსპექტივებისკენ ინტერესს და მიმღებლობას, ახალი ინფორმაციის მარტივად აღქმას და შეხედულებების შეცვლის მნიშვნელობას (საჭიროების შემთხვევაში).
რას ნიშნავს სიმბოლურად სავსე მთვარე? ეს ის დროა, როცა მთვარე თავისი სისავსით გვინათებს სექტორს, რომელსაც შესაძლოა აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით. ამიტომ ახლა მკაფიოდ და ცხადად შევხედავთ სიტუაციას, სურათს, შედეგს, რისი შემოქმედიც თავად ვართ, რასაც საფუძველი ჩავუყარეთ მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში. მაგალითად: გაგვიჩნდა ახალი იდეა, დავიწყეთ ახალი პროექტი, ახალი საქმე, ურთიერთობა ან თანამშრომლობა. ეს პერიოდი გვაჩვენებს შედეგს: რა მივიღეთ? ღირს თუ არა ახალ ეტაპზე გადასვლა? რა უნდა შევცვალოთ? ღირს თუ არა იმ ადამიანებზე ან ურთიერთობებზე დაყრდნობა?
სავსე მთვარე ის დროა, როცა ვიღებთ კონკრეტულ შედეგს და ნათლად ვხედავთ მთლიან სურათს.
ტყუპები არის ჰაერის სტიქია, კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნიშანი. სავსემთვარეობის საკვანძო სიტყვებია: წინააღმდეგობა, კონფლიქტი და ამავე დროს - კონტრასტი. რისთვის უნდა ვიყოთ მზად? იმისთვის, რომ ყველამ
შევინარჩუნოთ ბალანსი: ზედაპირულობასა და პასუხისმგებლობას შორის, სურვილსა და მოვალეობას შორის, სიტყვასა და საქმეს შორის.
ტყუპების ნიშანი ახლა განსაკუთრებით გაამწვავებს კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის თემას იმ გარემოში, სადაც ვიმყოფებით. ასევე გაფილტრავს იმ ინფორმაციის ნაკადს, რომელსაც ვიღებთ. ინფორმაციის ნაკადი კი უხვი იქნება: ჭორები, ინტრიგები, გაცხადდება თაღლითური თემები, იქნება სიმართლე და ჭეშმარიტებაც. ამიტომ გამოიჩინეთ გონიერება, სიფხიზლე და იყავით ყურადღებით. ყალბი ინფორმაცია ყველაზე მეტად აბინძურებს ჩვენს გონებასა და სულს. გააკონტროლეთ სიტყვები. ერთმა სიტყვამ შეიძლება გაგვიხსნას გზა უფრო სერიოზული, საიმედო და სტაბილური ურთიერთობებისკენ, მეორე მხრივ კი - გაანადგუროს ისინი. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს ეტყვით თანამშრომელს, მეგობარს, ნათესავს, ან ახლობელ ადამიანს.
სავსემთვარეობის ენერგეტიკული ფონი ჩვენზე გავლენას ახდენს დაახლოებით 3 დღით ადრე (წინასწარ ჩვეულებრივ უფრო ძლიერად იგრძნობა) და 3 დღის შემდეგ ენერგია უკვე იკლებს და მსუბუქი ხდება.
რაც შეეხება სავსემთვარეობის ასპექტებს:
პირველ რიგში აღსანიშნავია მთვარე-ვენერას ოპოზიცია. ვენერა პასუხისმგებელია ჩვენს არჩევანზე, სურვილებზე, სიამოვნებაზე, ღირებულებებზე, სამართლიანობის განცდაზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე, ასევე ფინანსებზე და მატერიალურ მდგომარეობაზე. შეიძლება ვიგრძნოთ ინტერესთა კონფლიქტი საჭიროსა და სასურველს შორის, ეჭვები, უნდობლობა, განცდა, რომ „ყველაფერი მომაბეზრებელია და მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო“, ისეთი ურთიერთობების სურვილი, სადაც პარტნიორი იზიარებს ჩვენს იდეალებს, სადაც იგრძნობა სულიერი სიახლოვე, სითბო, ემოციური კავშირი, რაც უკავშირდება საერთო მისწრაფებებს, ჭეშმარიტების შეცნობის და ყოფიერების არსს. ამიტომ იყავით ფრთხილად, განსაკუთრებით თუ გაქვთ დიდი ხნის, საიმედო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები - ნუ გადაეშვებით თავით ახალ თავგადასავლებში, მაშინაც კი, თუ რაღაც მიმზიდველად გეჩვენებათ. მოთმინება და დაკვირვება ახლა ბევრად უფრო სასარგებლოა.
კიდევ ერთი დაძაბული ასპექტი არის კვადრატი მარსსა და სატურნს შორის. ორივე პლანეტა რთული და მძიმე ენერგიის მატარებელია. მარსი - ჩვენი ნება და მოქმედება, ძალა და აგრესია. სატურნი - შეზღუდვები, წესები, დისციპლინა, კონტროლი. შეიძლება ვიგრძნოთ შიდა განხეთქილება: ერთი მხრივ, გაღიზიანება და ბრაზი (განსაკუთრებით ტყუპების თემის ირგვლივ - ჭორები, სარკაზმი, მწარე კრიტიკა, რომელიც შეიძლება ჩვენგანაც წამოვიდეს).
მთავარია - მარსის ენერგია (მშვილდოსანში) სატურნის სტრუქტურაში მოვაქციოთ: ვფოკუსირდეთ ერთ მთავარ, ფაქტებით გამყარებულ მოქმედებაზე. ამგვარად კრიზისს რბილად და უსაფრთხოდ გადავლახავთ.
ასევე გვაქვს კომპენსატორული ენერგია სამყაროსგან – ჰარმონიული კონფიგურაცია, დიდი ტრინი წყლის ნიშნებში: მერკური (მორიელში), სატურნი (თევზებში) და იუპიტერი (კირჩხიბში). ეს გვაძლევს სიღრმისეულ, ტრანსფორმირებულ, სტრუქტურირებულ იდეებს. არა ცარიელ სიტყვებს, არამედ ზუსტ, გავლენიან გზავნილებს. თუ მნიშვნელოვანი საუბარი გაქვთ, წინასწარ შეადგინეთ გეგმა, როგორ წარმართავთ დიალოგს. სამსახურში პრეზენტაცია, ანგარიში, პროექტის წარდგენა - ყველაფერი სტრუქტურირებული, გაწერილი, მომზადებული უნდა იყოს. იუპიტერი კირჩხიბში აფართოებს ემოციურ სიბრძნესა და ინტუიციას, ამიტომ ინტუიციას ნამდვილად უნდა ენდოთ. ეს ენერგია ანეიტრალებს მარსისა და სატურნის სიხისტეს.
ეს ტრიგონი კარგია: ფსიქოლოგიური ტრავმების დასამუშავებლად (თუნდაც სპეციალისტის დახმარებით), წყენებისგან გათავისუფლებისთვის, სიღრმისეული ანალიზისთვის, ტექსტების დასაწერად, ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად და ახალ, პოზიტიურ დონეზე გადასასვლელად.
თუ გულწრფელები ვიქნებით საკუთარ თავთან და ახლობლებთან საუბრის დროს, გავიაზრებთ ყველაფერს და ინტუიციას მოვუსმენთ, ჩავუღრმავდებით და არ გავებმებით ზედაპირული ჭორების და ინტრიგების მახეში, მაშინ ყველაფერი პოზიტიურად დალაგდება.
რომ შევაჯამოთ, რას მოგვიტანს ეს სავსე მთვარე? საინფორმაციო სკანდალებს და მნიშვნელობების კრიზისს - გონივრულად გააკეთეთ არჩევანი საინფორმაციო წყაროებს შორის, რას ამბობთ და რამდენად სანდო ინფორმაციას იღებთ ან ავრცელებთ.
პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სიტყვებს და ქმედებებს. გამოდით კრიზისიდან განახლებული და გაწმენდილი.
გირჩევთ: გააკეთოთ ჩანაწერები, თქვენი გულიდან წამოსული. გულახდილად და თბილად ისაუბრეთ ახლობლებთან. დაასრულეთ ძველი საქმეები, გააანალიზეთ და ისწავლეთ შეცდომებზე.
ურთიერთობებში - ნაკლებად ეძებეთ მტყუანი და მართალი. მეტად მიაქციეთ ყურადღება, რას გრძნობთ და როგორ არის შესაძლებელი მეტი ემოციური სიახლოვე.
დაძაბული ასპექტები - ეს არის უზარმაზარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც კონფლიქტისთვის კი არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ შინაგანი ზრდისთვის, რათა განთავისუფლდეთ შეზღუდვებისა და სტაგნაციისგან.
მეგობრებო, გისურვებთ სუფთა და ნათელ გონებას, სიყვარულით სავსე გულს და სამყაროს რითმებთან ჰარმონიას.
ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი პოსტით თუნდაც ერთი ადამიანის სამყარო გახდება ცნობიერი, ჰარმონიული და მიმართული ზრდისა და განვითარებისკენ. ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია იქნება სინათლის პატარა სხივი თქვენს ცხოვრებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: