რამდენიმე დღეში 2023 წელი შემოაბიჯებს. ახალ წელს ადამიანები იმედითა და სურვილებით ელოდებიან. როგორი იქნება კატა-კურდღლის წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნებისთვის, ამის შესახებ პროგნოზს ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ვერძი:
თქვენთვის 2023 წლის პირველ ნახევარი შედარებით სასიკეთო იქნება. ეს განსაკუთრებით ადრე დაწყებული პროექტების წარმატებით გაგრძელებასა და დასრულებას ეხება. მაისის ბოლომდე მაღალი იქნება თქვენი მოტივაცია და მიზანსწრაფვა. ეს ბევრი პრობლემური საკითხის გადაჭრის ან ახალი პერსპექტივის განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ყურადღების გამოჩენა გმართებთ იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ დეკადაში. ამ პერიოდში ურთიერთობებში დიპლომატიურობა და ტაქტის გრძნობა გამოიჩინეთ. თებერვლის მესამე დეკადიდან აპრილის მეორე დეკადის ჩათვლით პოზიტიური პერიოდი იქნება. სამსახურში და საერთოდ, საქმიან სფეროში გამოიჩენთ ინიციატივებს, დაამყარებთ საინტერესო კავშირებს, შეიძენთ შემოქმედებით პარტნიორებსა და მეგობრებს. გარდა ამისა, მოგიწევთ ახალ პროექტებში ჩართვა, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს უცხოეთთან, მოგზაურობასთან, სწავლა-განათლებასთან ან ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან (მათ შორის კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ან ინტერნეტთან). ასევე მოიმატებს პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების გაჩენის და ჰარმონიის მიღწევის ალბათობა. წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური სფერო და სწორედ ამ კუთხით მოგიწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. გაგიჩნდებათ ამბიციური მიზნების მიღწევის მძაფრი სურვილი. დაიწყებთ ახალი შემოსავლების წყაროების მოძიებას. ზაფხულის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებების შანსი გაჩნდეს სამსახურის ან კარიერული წინსვლის კუთხით. ზაფხულის პირველ ნახევარში მოიმატებს მოგზაურობის და უცხოელებთან ურთიერთობების ალბათობა. ივლისის მეორე ნახევარში და ასევე აგვისტოს ბოლოს ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ. საერთოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე მოსალოდნელია დაიკისროთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მოიძიოთ დამატებითი სამსახური ან საერთოდ, მოძებნოთ ახალი სამუშაო ადგილი. სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი სასიკეთოა ახალი საქმეების, ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და გარიგებებისთვის. წლის ბოლოს ბედნიერად იგრძნობთ თავს, რაც დაკავშირებული იქნება ოჯახურ ცხოვრებასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან.
კურო:
თქვენთვის ახალი, 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი გახდება, თუმცა ეს უფრო წლის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგიტანთ ბევრი რამ შეაჯამოთ და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები. ეს კარგი დროა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, რთულ კითხვებზე პასუხების მიღებისთვის, სულიერი ძიებისთვის და თვითგანვითარებისთვის. პირველი კვარტალში არ არის გამორიცხული გარკვეული საკითხების შემდგომ განვითარებაზე საერთოდ უარი თქვათ და ახალი საქმე დაიწყოთ. ეს არ იქნება ძირეული გადაფასება, თუმცა თქვენი ხედვა და შეფასების კრიტერიუმები ნამდვილად შეიცვლება. ამ პერიოდში ნუ იქნებით უსამართლო და შეეცადეთ, დაპირისპირებებს და კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდოთ. იანვრის ბოლოდან მარტის პირველი ნახევრის ჩათვლით შეიქმნება ახალი შანსები, რომელიც მოსალოდნელია უცხოეთთან, სწავლასთან ან საქმიან კავშირებთან იყოს დაკავშირებული. მარტის მეორე ნახევარი და აპრილი მაქსიმალურად ყურადღებით გაიარეთ. ნუ იჩქარებთ და ნუ წახვალთ რისკზე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან, ბიზნესთან და საბუთებთან დაკავშირებით. მაისის მეორე დეკადიდან თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ახალი, თორმეტწლიანი ციკლი და შეეცადეთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად სწორად დაგეგმოთ. ნუ შეგეშინდებათ ბევრი რამის გადალაგების, განსაკუთრებით ეს გრძელვადიან პროექტებს ეხება. ივლისში და აგვისტოს პირველი ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. შემოდგომის პირველი ნახევარში გააქტიურდებით და ახალ ინიციატივებს გამოავლენთ. სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ან კარიერული ცვლილებები (განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება სპორტს, სამხედრო საქმეს და იურისპრუდენციას). გაძლიერდება თქვენი შარმი და მომხიბვლელობა, რად დადებითად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ამ დროს მაღალია ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ან არსებულის დასტაბილურების ალბათობა. დეკემბრის პირველ და მეორე დეკადაში ნუ გარისკავთ. წლის ბოლოს ბევრი თქვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება სასიკეთოდ შეიცვლება.
ტყუპები:
დამდეგი ახალი წელი თქვენთვის იოლი არ იქნება. შესაძლებელია თავი არც თუ მყარად და თავდაჯერებულად იგრძნოთ. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ. ამ პერიოდში არ არის საჭირო საკუთარი თავისთვის გადაჭარბებული პასუხისმგებლობის დაკისრება. ნუ დაიწყებთ ახალ, სარისკო პროექტებს, რომელთა წარმატებით განვითარებაში დარწმუნებული არ იქნებით. მით უმეტეს, რომ მოგიწევთ იმ პრობლემების მოგვარება და იმ გამოწვევების გამკლავება, რომლებიც გასულ წელს ვერ მოახერხეთ. მარტის ბოლოსთვის იგრძნობთ შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერებას, მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვაც, რაც ხელს შეგიწყობთ ქაოსური სიტუაციების და პრობლემური ურთიერთობების დალაგებაში. აპრილში თქვენი წარმატება უფრო მეტად უახლოეს გარემოცვაზე, კოლეგებზე, მეგობრებსა და თანამოაზრეებზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებისას და მოქმედებებისას უპირატესობა გუნდურ საქმიანობას მიანიჭეთ. აპრილის ბოლოს და მაისში ნუ გადაიტვირთებით და შეეცადეთ დაძაბული სამუშაო რეჟიმი თქვენთვის მოქნილი და ნაკლებად სტრესული გახადოთ. წლის მეორე ნახევრისთვის ნელ-ნელა პრიორიტეტული საკითხების წინ წამოწევასა და სიტუაციებზე კონტროლის დამყარებას მოახერხებთ. ზაფხულის პირველ ნახევარში მოგიწევთ ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარება, მით უმეტეს, რომ ეს საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული პერიოდი იქნება. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის დასაწყისი კარგი დრო იქნება პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის, პრობლემური ურთიერთობის გარკვევისთვის და არასასურველი კავშირების გაწყვეტისთვის. გარდა ამისა, მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების, ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობაც. ამავე პერიოდში შესაძლებელი გახდება პიროვნული ზრდა, რაიმე საინტერესოს შესწავლა, ვარჯიშის თუ დიეტის დაწყება და ჯანმრთელობის გამყარებაზე ზრუნვა. სექტემბერი და საერთოდ, მეოთხე კვარტალი დაძაბული იქნება, ამიტომ გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. მოგიწევთ ისწავლოთ „ცივი გონებით“ მოქმედება და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება. წლის ბოლო საინტერესო აღმოჩნდება შემოქმედებითი (განსაკუთრებით ხელოვნებასთან დაკავშირებული) პროექტების განვითარებისთვის.
კირჩხიბი:
2023 წელი თქვენთვის საკმაოდ დინამიკური და საინტერესო აღმოჩნდება და ამას იანვარ-თებერვალშივე იგრძნობთ. ამ პერიოდში თქვენს ყურადღებას მოითხოვს სამსახურებრივი საკითხები, პროფესიული საქმიანობა და კარიერა. გააქტიურდება ის პროექტებიც, რომლებშიც გასულ წელს ჩაერთეთ ან სულაც, თქვენ წამოიწყეთ. მარტის ბოლოდან დაიწყება საკმაოდ აქტიური პერიოდი, რომელიც მაისის მეორე დეკადის ჩათვლის გაგრძელდება. არ არის გამორიცხული სწორედ ამ დროს სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებისგან წამოსულ რჩევებს. უფრო მეტიც, ნუ მოგერიდებათ შესაბამისი დახმარება კონკრეტული კონსულტანტებისგანაც მიიღოთ. სხვა ადამიანები დაგეხმარებიან ობიექტურად შეაფასოთ თქვენი ყველა განცდილი მარცხი, შექმნილი პრობლემა თუ მიღწეული წარმატება. წლის მეორე ნახევარში გააქტიურდება თქვენი სოციალური ცხოვრება. გახდებით უფრო მეტად ინდივიდუალური და გაძლიერდება თქვენი თავდაჯერებულობა. ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და თანამოაზრეებისთვის საჭირო ადამიანი გახდებით. წარმატებებს მიაღწევთ კოლექტიურ ურთიერთობებში, თქვენი საქმიანობა სხვადასხვა კომპანიაში ან ორგანიზაციაში წარმატებული იქნება. ეს კარგი დროა მომავლის ფორმირებისთვის, საბუთებთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. წინდახედული იყავით ივნისის პირველ და მეორე დეკადაში, ასევე აგვისტოს პირველი დეკადაშიც. ამ პერიოდში მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას (განსაკუთრებით ემოციურ სისტემას). ამ პერიოდში მოსალოდნელია თავი იჩინონ თქვენმა ძველმა შეცდომებმა და მათი გამოსწორება მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ დაპირისპირებისგან და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სიტუაციის დაბალანსება შესაძლებელი მხოლოდ ივლისის მეორე ნახევრიდან გახდება. ამ პერიოდიდან მოახერხებთ ბევრი თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის თუ პრობლემური ურთიერთობის დარეგულირებას. ეს სასიკეთო პერიოდი ფაქტობრივად წლის ბოლომდე გაგრძელდება. უბრალოდ, აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე რეკომენდებულია ნელა და ორგანიზებულად იმოქმედოთ, რათა ზედმეტი მონდომებისა და ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო შეცდომები არ დაუშვათ. წლის ბოლო შედარებით მშვიდი იქნება და თქვენთვის მისაღები რეალობის ფორმირებას შეძლებთ.
ლომი:
დამდეგი 2023 წელი თქვენთვის აქტიურად დაიწყება. იანვარ-თებერვალში მოგიწევთ ძველი პროექტების ახალი ენერგიით და აღმაფრენით გაგრძელება. თუმცა არ არის რეკომენდებული ყველა საქმის ერთად კეთება და საკუთარი თავისთვის გადამეტებული პასუხისმგებლობის დაკისრება. მოსალოდნელია ამ პერიოდში შემოგთავაზონ დამატებითი სამუშაო ან ფინანსური შემოსავლის გამო ძველი სამსახურისთვის მეტი დროის დათმობა მოგიწიოთ. შეეცადეთ, გეგმები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ და ისე იმოქმედოთ. მარტის მესამე დეკადიდან აპრილის ბოლომდე სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი სასიყვარულო და საქმიან პარტნიორობასთან დაკავშირებით. გაძლიერდება თქვენი შარმი და მიმზიდველობა, რაც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებში თქვენდამი ინტერესი მკვეთრად მოიმატებს. საერთოდ, მეორე კვარტალის ბოლოს და მესამე კვარტალში მაღალი იქნება პირადი ცხოვრების შეცვლის, სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ან სულაც დაოჯახების ალბათობა. მიუხედავად წლის პირველ ნახევარში გარკვეული იღბლიანობისა, აპრილის ბოლოსა და მაისში ნუ გადაიტვირთებით. ეს განსაკუთრებით სამუშაო რეჟიმსა და ჯანმრთელობას ეხება. წლის მეორე ნახევარში იღბლიანობა რამდენადმე დაიკლებს და მოგიწევთ ტემპის გარკვეულწილად შენელება. თუმცა ამის მიუხედავად, მაისის მესამე დეკადიდან ივლისის პირველი დეკადის ჩათვლით თქვენი მიზანსწრაფვა და მოტივაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ეს ბრძოლის და კონკურენციის პერიოდია. იარეთ წინ, თუმცა მოერიდეთ კონფლიქტებს და ექსტრემალურ სიტუაციებს. მეორე კვარტალის ბოლო და მესამე კვარტალი მოსალოდნელია დაუკავშირდეს უცხოეთში ვიზიტს, მოგზაურობას ან სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ მიიღეთ (განსაკუთრებით თუ საქმე ფინანსურ დაბანდებას ეხება). ამ პერიოდში შეეცადეთ სამსახურთან და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით წინდახედულად იმოქმედოთ და დაუგეგმავი ცვლილების განხორციელება არ იჩქაროთ. წლის ბოლოს შეეცადეთ ახალი, მასშტაბური პროექტის წამოწყების ნაცვლად, უკვე წამოწყებულის წარმატებით დასრულებაზე ან განვითარებაზე იზრუნოთ.
ქალწული:
2023 წელი აქტიური მოქმედების, ცვლილებების და ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება. წლის დასაწყისიდან აპრილის მეორე დეკადის ჩათვლით მოგიწევთ წარსულში შექმნილი რთული სიტუაციების დასტაბილურება და გადადებული პროექტების დასრულება. შეეცადეთ ეს ყოველივე იანვარ-თებერვალშივე მოახერხოთ. კრიზისული საკითხების მოგვარებისას ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და პრაგმატულობა გამოიჩინეთ. ასე შედარებით იოლად გაუმკლავდებით გამოწვევებს. იანვრის ბოლო და თებერვლის პირველი დეკადა ყურადღებით გაიარეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსების და ჯანმრთელობის მიმართ. მარტიდან ძალიან მნიშვნელოვანი გახდება საქმიანი კავშირები და პარტნიორული ურთიერთობები. წარმატებებს მიაღწევთ მოლაპარაკებების და შეთანხმებების მიღწევის კუთხით. ეს კარგია დროა სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ასევე ვალების გადახდისთვის და ფინანსური ვალდებულებებისგან თავის დაღწევისთვის. თუმცა ამავე პერიოდში მოსალოდნელია მოიმატოს განხეთქილების ალბათობამაც. აქედან გამომდინარე, მეორე კვარტალში მაქსიმალურად მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებას. არ არის გამორიცხული, რომ ეს ღია მტრობამდეც კი მივიდეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად მოთმინება და დიპლომატიურობა გამოგადგებათ. ასეთი მიდგომა ურთიერთობებში წესრიგის დამყარების საშუალებას მოგცემთ. წლის მეორე ნახევარი განვითარების უფრო მეტ საშუალებას და წინსვლის პერსპექტივას მოიტანს. ამ ყველაფერს ივნისიდანვე იგრძნობთ, როდესაც საშუალება მოგეცემათ გააფართოოთ თქვენი თვალსაწიერი და ჰორიზონტი. გარდა ამისა, მიიღებთ ახალ დადებით ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. ამ პერიოდში მოიმატებს სწავლისა და ახალი ცოდნის შეძენის ალბათობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიღება (ტრენინგები, სემინარები და ა. შ.). ზაფხული სასიკეთო იქნება მოგზაურობისთვის, უცხოური მივლინებებისთვის ასევე უცხოეთთნ და ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესის ან მსგავსი პერსპექტივების განვითარებისთვის. მეოთხე კვარტალი მთლიანობაში პოზიტიური იქნება. ოქტომბრიდან დეკემბრის დასაწყისამდე მოგიწევთ ფინანსური შემოსავლების გაზრდაზე ზრუნვა და ეს გამოგივათ კიდეც. წლის ბოლოს კი პირიქით, ფინანსურ რისკზე წასვლისგან და ფულის სესხება-გასესხებისგან თავი შეიკავეთ.
სასწორი:
2023 წლის პირველი ნახევარი ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ დატვირთული იქნება. ეს განსაკუთრებით სამსახურს, კარიერას და პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებს ეხება. იანვარში და თებერვლის დასაწყისში შეეცადეთ, მართვის სადავეები ხელიდან არ გაგექცეთ. მშვიდად განავითარეთ ადრე დაწყებული პროექტები და მოაგვარეთ წარსულიდან გადმოყოლილი პრობლემები. ამ პერიოდში ნუ იჩქარებთ და მიზნისკენ სავალ გზაზე წინდახედულად იმოძრავეთ. თებერვლის მეორე ნახევარში და მარტის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში დაპირისპირებების ალბათობა მოიმატებს, ამიტომ პარტნიორების მიმართ მომთმენი და გულისხმიერი იყავით. გაზაფხულის მეორე ნახევარში შეეცადეთ, სადავო და იურიდიულ საკითხებს ყურადღებით მოეკიდოთ. დაუკვირდით წვრილმანებს, მცირე დეტალმა შესაძლოა მომავალში ბევრი რამ გაართულოს. ამ პერიოდში სამსახურის გარდა ყურადღებას თქვენი ჯანმრთელობაც იქცევს. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაც არ დაგავიწყდეთ. წლის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი და ნაკლებად პრობლემური იქნება. შესაძლოა გაგიჩნდეთ ვალების გასტუმრების, დივიდენდების მიღების, ფინანსური დაბანდების, უძრავი ქონების სარფიანად ყიდვა-გაყიდვის ან ბიზნესის დაწყების კარგი შანსი. ამ კუთხით წინსვლის საშუალება უკვე მაისის ბოლოდან გაგიჩნდებათ. ზაფხულის პირველ ნახევარში მოიმატებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების ალბათობა. მოსალოდნელია გარკვეული კუთხით თქვენი ხედვაც შეიცვალოს. გახდებით უფრო მეტად კონკრეტული, რეალისტი და თავდაჯერებული. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ივლისში დასვენებაზე უარს ნუ იტყვით. ეს ფიზიკური ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ. აგვისტოს მეორე ნახევარში და სექტემბრის დასაწყისში თავი შეიკავეთ რისკზე წასვლისგან და სამსახურებრივი ცვლილებებისგან. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედარებით სასიკეთო პერიოდი დაიწყება და თითქმის წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეს კარგი დროა სოციალური სტატუსის შეცვლისთვის, კარიერული წინსვლისთვის და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ამ პერიოდში იმოქმედეთ გაბედულად, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე.
მორიელი:
წლის პირველ ნახევარში თქვენგან ყველაზე მეტ ყურადღებას ოჯახთან, პირად ურთიერთობებთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვს. ოჯახის წევრების მიმართ ყურადღებიანი და გულისხმიერი იყავით. ურთიერთობების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცხოველებთან, მცენარეებთან და საერთოდ, ბუნებასთან ურთიერთობები. ეს ყველაფერი 2023 წელს თქვენს ემოციურ სისტემას დაამშვიდებს და ჰარმონიულს გახდის. პირველი კვარტალი მთლიანობაში, საინტერესო გამოდგება შემოქმედებითი პროექტებისთვის, განსაკუთრებით თუ ის ხელოვნებას უკავშირდება. წინსვლის და წარმატების მიღწევის ალბათობა მარტის მეორე დეკადის ჩათვლით შენარჩუნდება, ამიტომ, ამ პერიოდში მაქსიმალური ძალისხმევა გამოავლინეთ. მარტის ბოლოდან აპრილის ბოლომდე გააქტიურდება უძრავ ქონებასთან, რემონტთან, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ეს კარგი დროა სამსახურებრივი ცვლილებებისთვისაც, ვარჯიშის ან დიეტის დაწყებისთვის, მკურნალობისთვის და ჯანმრთელობის გამყარებისთვის. მაისში და ივნისის დასაწყისში მოერიდეთ დაპირისპირებებს. თუმცა ამავე პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ საკმაოდ საინტერესო გრძელვადიან პროექტშიც აღმოჩნდეთ ჩართული. წლის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული გარკვეული წინაღობები გაჩნდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭირო პასუხისმგებლობა არ დაიკისროთ და განვითარებაზე არ იზრუნოთ. ივნისიდან აგვისტოს დასაწყისამდე აქტიურად იმოქმედეთ. ამ პერიოდში საშუალება მოგეცემათ წამოიწყოთ ახალი პროექტები და შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. აგვისტოს პირველ და მეორე დეკადაში ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი და რადიკალური. ამ პერიოდში კონფლიქტებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ, რადგან ამ ყველაფერმა მოსალოდნელია მეტად არასასიამოვნო ფორმა მიიღოს. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში სასიკეთო იქნება დასვენება და განტვირთვა. განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება ბევრ კითხვაზე გაპოვნინებთ პასუხს. შემოდგომაზე ყველაზე წარმატებული პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი იქნება. ამ დროს მოსალოდნელია სამსახურთან, ფინანსებთან, ბიზნესთან დაკავშირებით სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოთ. წლის ბოლოს შესაძლებელია ახლობელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ.
მშვილდოსანი:
ახალი, 2023 წელი ბევრის რამის შეცვლის, ახლებურად გაკეთების ან საერთოდ, რაღაც ახლის დაწყების საშუალებას მოგიტანთ. წლის დასაწყისში მოგიწევთ მცირე ხნით შესვენება, რათა ძველი პასუხისმგებლობებისგან და ვალდებულებებისგან ცოტა ამოისუნთქოთ. იანვრის მეორე დეკადიდან თებერვლის მეორე დეკადამდე აქტიური პერიოდი იქნება. ორიგინალური და არასტანდარტული ხედვა დაგეხმარებათ განსხვავებული კუთხიდან შეხედოთ როგორც პრობლემებს, ისე მომავალ პერსპექტივებს. თებერვლის ბოლოდან აპრილის მეორე დეკადამდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ფინანსები იქნება. ამ კუთხით მოსალოდნელია მოგიწიოთ დამატებითი სამუშაოს შესრულება ან რაიმე დამატებითი შემოსავლების წყაროს მოძიება. მაისსა და ივნისში პერიოდში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ტონუსს. შექმნილი წინაღობების გამო ნუ დაკარგავთ მოტივაციას. პირიქით, მოუმატეთ მიზანსწრაფვას და იმოქმედეთ გაბედულად. ამასთანავე, დაიწყეთ ვარჯიში, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები და განაახლეთ თქვენი გარდერობიც. წლის მეორე ნახევარი უფრო მეტად საქმიანი იქნება. ეს კარგი დროა სამსახურებრივი განვითარებისთვის, სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, საქმიანი მივლინებებისთვის, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებების მიღწევისთვის. მესამე კვარტალი, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე დეკადამდე პერიოდში მოგიწევთ გადახედოთ მიღწეულ შედეგებს, დაისვენოთ და ყველა იმ გეგმაზე, რომლებმაც წლის პირველ ნახევარში უბრალოდ, არ იმუშავა, უარი თქვათ. ამ პერიოდში ნუ იტყვით უარს ოჯახის წევრების და მეგობრების შემოთავაზებულ დახმარებაზე. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში შეეცდებით ახალი ძალებით შეუტიოთ და კარიერის კუთხით მოსალოდნელია რისკზე წასვლაც მოგიწიოთ. თუმცა ეს გაამართლებს და სასიკეთო შედეგების მიღებას შეძლებთ. ნოემბერი და დეკემბერი უფრო მეტად აქტიური იქნება და რეალური შანსები გაგიჩნდებათ, განვითარების ახალ სიმაღლეზე ახვიდეთ. წლის ბოლო გამოიყენეთ ოჯახური ურთიერთობების დასტაბილურებისთვის და უძრავი ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის.
თხის რქა:
თქვენთვის 2023 წელი ერთი ციკლის დასრულების და მეორეს დაწყების პერიოდი გახდება. თუ გასულმა წელმა გარკვეულ სიმყარეს მიგაღწევინათ და შეძელით თქვენთვის სასურველი მიმართულებით სასურველი ფუნდამენტის შექმნა, მიმდინარე წელი უკვე „შენების“ საშუალებას მოგიტანთ. იანვარში და თებერვლის პირველ ნახევარში მეტი იფიქრეთ ძველი პრობლემების მოგვარებაზე და პერსპექტივების განვითარებაზე, იზრუნეთ ჯანმრთელობის გამყარებაზე. თებერვლის მეორე ნახევრიდან გაცილებით საინტერესო პერიოდი დაიწყება. იგრძნობთ შინაგან რწმენასა და თავდაჯერებულობას, რაც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ იმ გეგმების რეალიზაცია, რომლებსაც ადრე ვერ ახერხებდით. ყველა მიმართულებით გამოავლენთ ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებს და შემოქმედებით აღმაფრენასაც იგრძნობთ. აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით მოსალოდნელია შეძლოთ ახალი პროექტების დაწყება, სასიკეთო ცვლილებები გელით როგორც სამსახურში, ისე ოჯახში. პარტნიორების, მეგობრების ან ხელმძღვანელობის მხრიდან მიიღებთ როგორც მორალურ, ისე მატერიალურ დახმარებას.სამსახურში მოგეცემათ საშუალება, უფრო მეტად გააქტიურდეთ, მოითხოვოთ დაწინაურება, ხელფასის მომატება ან სულაც ახალი თანამდებობა. წლის მეორე ნახევარში საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო სტაბილური გახდება. მაისის მეორე ნახევრიდან უკვე შესაძლებელი გახდება ახალ სიმაღლეზე ასვლა და დადებითი ცვლილებების განხორციელება ფინანსური შემოსავლების მიმართულებით. ამ პერიოდში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც. მესამე კვარტალი დადებითი იქნება შემოქმედებით პროფესიებში გააქტიურებისთვის, ხელოვნებასთან დაკავშირებული თემების გააქტიურებისთვის, ასევე დასვენებისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული სპორტით, ვარჯიშით, იოგით, ფსიქოლოგიით, რელიგიით ან სულაც საკუთარი თავის შემეცნებით დაკავდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ ნახევარში. არ იჩქაროთ და რისკზე არ წახვიდეთ. ამ პერიოდში გაუფრთხულდით ჯანმრთელობას და მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. წლის ბოლოს იგრძნობთ ძალების მოზღვავებას. ეს კარგი დრო იქნება საკუთარ თავზე მუშაობისთვის და ახალი უნარების განვითარებისთვის.
მერწყული:
2023 წელი თქვენთვის დინამიკური, წინააღმდეგობრივი, თუმცა საბოლოო ჯამში დადებითი იქნება. მარტის პირველ დეკადამდე პერიოდში იმ სამწლიან ციკლს დაასრულებთ, რომელიც მოსვენებას არ გაძლევდათ. შესაძლებელი გახდება შინაგანი განახლება, ბევრი რამის სხვანაირად დანახვა და გარკვეული „გადატვირთვაც“ კი. მარტის მეორე ნახევრიდან მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და რეალიზმის განცდა. რაც ბუნებრივია, გაზრდის წარმატებების მიღწევის ალბათობას. საერთოდ, გაზაფხულის მეორე ნახევარი ძიების, დაგეგმვის და ახალი პროექტების დაწყების პერიოდი იქნება. გაგიჩნდებათ გააქტიურების, ახალი ინიციატივების გამოვლენის, იმიჯის შეცვლის და მეტი თავისუფლების მიღების მძაფრი სურვილი. თუმცა შეეცადეთ, რომ აპრილის ბოლოსა და მაისში მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და დაპირისპირებებს. ეს თქვენს სამომავლო წარმატებებს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. თუ ამ პერიოდში ურთიერთობების გაუარესებას თავს აარიდებთ, მაშინ წლის მეორე ნახევარში როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ბევრი გადაადგილება, მოგზაურობა, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ფინანსური შემოსავლების ზრდა. ზაფხულის პირველი ნახევარი გამორჩეული იქნება ახალი, საინტერესო ადამიანებითა და შეხვედრებით. მოიმატებს თქვენი მიმზიდველობა და სექსუალურობა, რაც დადებითად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ზაფხულის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი გახდება თქვენი ფსიქოემოციური ჰარმონია, თუმცა ეს მიბმული იქნება სამსახურებრივ წინსვლასა და მყარ ფინანსურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ზაფხულის ბოლოდან შემოდგომის პირველი ნახევრის ჩათვლით მოგიწევთ ახალ სამსახურის მოძებნა ან დამატებითი სამუშაოს მოძიება, რათა თქვენი შემოსავლები გაზარდოთ. ამ პერიოდში მეგობრების, თანამოაზრეების ან კოლეგების მხრიდან წამოსულ წინადადებებს ყურადღებით მოეკიდეთ. დიდი ალბათობით სწორად აქ იქნება თქვენი წინსვლის შანსი. წლის ბოლოს მოსალოდნელია იმ პრობლემების მოგვარება შეძლოთ, რომლებიც ჯერ კიდევ წლის პირველი ნახევრიდან მოგყვებათ.
თევზები:
2023 წლის პირველივე კვარტალიდან დაიწყება 2,5 წლიანი ციკლი, რომელიც თქვენს მიერ უკვე მიღწეულ შედეგებს, მიზნებს, გეგმებს, ურთიერთობებს, ფასეულობებს და საერთოდ, ბევრ რამეს „გამოცდის“. შეიძლება ითქვას, რომ ეს შინაგანი გადაწყობის პერიოდია. წლის პირველივე ნახევარში საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვებს: „რას მივაღწიე?“ „საით მივდივარ“, „რა მიზნები (და გეგმები) გამაჩნია“. სწორედ ამ პერიოდში მიხვდებით, რომ ყოველგვარი შინაგანი ქაოსი უნდა მოწესრიგდეს, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. თებერვლიდან აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით მოგიწევთ ვალების გადახდა, ძველი საქმეების დასრულება ან მათზე საერთოდ უარის თქმა. თუმცა ამავე პერიოდში დასახავთ ახალ მიზნებს და შეიძენთ ახალ მეგობრებს და პარტნიორებს. აპრილის მეორე ნახევრიდან თითქმის მაისის ბოლომდე გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ წინ წახვიდეთ, განვითარდეთ, მასშტაბური ცვლილებები განახორციელოთ სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით. ეს კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებისთვის, კონტრაქტების გაფორმებისთვის, ასევე სპორტთან, ჯანმრთელობის გამყარებასთან და დიეტის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. საერთოდ, მეორე კვარტალი წლის ყველაზე სასიკეთო პერიოდი იქნება. წლის მეორე ნახევარი გარკვეულწილად ასევე საინტერესო იქნება. თქვენ არა მხოლოდ გააცნობიერებთ ახალ რეალობას, არამედ იგრძნობთ მოტივაციას და უფრო მეტად დისციპლინირებული გახდებით. ეს კი საშუალებას მოგცემთ პოზიტიური ცვლილებები განახორციელოთ სამსახურთან, პროფესიულ წინსვლასთან და ფინანსური შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით. მესამე კვარტალში და განსაკუთრებით სექტემბერში წარმატებით გამოიყენებთ დაგროვილ გამოცდილებას, ასევე მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებას, რათა სამსახურთან მიმართებაში ბევრი რამ პოზიტიურად შეცვალოთ. ეს კარგია დროა კარიერული ზრდის კუთხითაც. შემოდგომის მეორე ნახევარში სასურველია გათავისუფლდეთ არასასურველი კავშირებისგან და მოიცილოთ „ტოქსიკური“ ადამიანები. წლის ბოლოს შეძლებთ ქაოსური სიტუაციების მოწესრიგებას, ეს თქვენს ემოციურ სისტემაზე დადებითად აისახება“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 პოლიციელმა მეხუთე სართულზე ჩაკეტილი 8 თვის ჩვილი გადაარჩინა - ემოციური კადრები რუსთავიდან
🔵„ეს არის ბიჭი, რომელსაც მინდა, მთელი სამყარო მივცე...“ - ნეკა დოროყაშვილი