23 სექტემბერს, 04:05-ზე მზე ჩვენს ნიშანში გადმოვა და მოგვეცემა შანსი, რომ სამყარო თუ არა, ჩვენი და ჩვენი გარშემო მყოფების ცხოვრება გავხადოთ ჰარმონიული. მოგიმზადეთ სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დაბადების დღის წინა პერიოდი არის ყველაზე რთული და ამიტომ, ეცადეთ, ეს დრო დაუთმოთ განვლილი თვეების გადახედვას, უსარგებლოს, დაზიანებულის მოცილებას, საქმეების და ვალდებულებების დასრულებას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ პერიოდში გამოხტება გამაოგნებელი სიტუაცია, საქმე, ადამიანი.
ყველაფერი მშვიდად მიიღეთ და მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჰარმონია. როცა მზე ჩვენს ნიშანში გადმოვა და ახალმთვარეობა იქნება სასწორში, უნდა დაიწყოთ ახალი საქმეები, განაახლოთ ცხოვრების ესა თუ ის სფერო. თქვენი დაბადების დღე კი თქვენი ახალი წელია და გისურვებთ, ყველაფერი საუკეთესო დაიბედოთ ამ დღეს.
ახლა კი ვნახოთ რა გელოდებათ სექტემბერში, რათა გაფრთხილდეთ და მაქსიმალურად შეამციროთ უსიამოვნებები.
პირველ სექტემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის სატურნთან და პოზიტიურს მერკურისთან - პარტნიორებთან (საქმიანი, სასიყვარულო), მეგობრებთან ან კლიენტებთან უსიამოვნება, კამათი შეიძლება იყოს ან გაცივდეს რომელიმესთან ურთიერთობა, ზოგიერთისგან კი შეიძლება იგრძნოთ წნეხი, გადამეტებული მოთხოვნა. აგრეთვე დააკვირდით რას ამბობთ უფროსთან (თანამდებობით, ასაკით), პარტნიორებთან. მოერიდეთ აგრესიულ საუბარს; დღეს თქვენს სიტყვას შეიძლება ხმლის ძალა ჰქონდეს.
8 სექტემბერს თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია აღმავალ კვანძთან - წარმატება უნდა მოგიტანოთ თქვენმა შემოქმედებითმა საქმიანობამ ან ჰობიმ. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებთ ან ბავშვებისგან მიიღოთ სასიხარულო ინფორმაცია ან გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ.
10 სექტემბერს მერკური თქვენს ნიშანში გადმოდის - საუბრები გახდება უფრო დიპლომატიური, ჰარმონიული. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, გახშირდება კომუნიკაცია, მიმოსვლა მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად.
10 სექტემბერს ვენერა მორიელში გადავა - რომანტიკულ ურთიერთობაში იმატებს ეჭვიანობა და ცოტა ვნებიან-წაკბენიანობა. მოგინდებათ საკუთარი თავისთვის ძვირფასეულობის, ლამაზი ნივთების (თეთრეულისაც) შეძენა ან შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი/დამატებითი წყარო.
11 სექტემბერს, 7:26-ზე (თბილისის დროით) ახალმთვარეობა გველოდება ქალწულში - შეიძლება გაიგოთ რაღაც საიდუმლო, რასაც აქამდე გიმალავდნენ ან ამბავი თქვენგან შორს მცხოვრები ახლობლებისგან; მოგინდეთ განმარტოება, დასვენება, დისტანციურად მუშაობა. თუ გაქვთ შესაძლებლობა, ამ დღიდან შეამცირეთ აქტიურობა და მშვიდ, ლამაზ გარემოში დაისვენეთ. ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოთ წარსულისგან გათავისუფლება, რათა მომდევნო ახალმთვარეობა იქნება თქვენს ნიშანში და მას ყველანაირად გაწმენდილი უნდა შეხვდეთ. აქვე გეტყვით, რომ სასწორში ახალმთვარეობა გველოდება 10 ოქტომბერს, 19:49-ზე.
12 სექტემბერს მერკური დაძაბავს ურთიერთობას ნეპტუნთან და ჰარმონიული ასპექტი ექნება პლუტონთან - სასიყვარულო პარტნიორთან და შვილებთან ისაუბრეთ გულწრფელად, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი ან რაღაცას გიმალავენ, ან ბოლომდე არ გეუბნებიან. ან შეიძლება გაიგოთ საიდუმლო მათ შესახებ.
14 სექტემბერს მერკური ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - და შეიძლება მოულოდნელად გაემგზავროთ საზღვარგარეთ ან მოულოდნელი შეტყობინება მიიღოთ უცხოეთიდან, შეიძლება დაიწყოთ ახალი საქმიანობა, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. მოხვდეთ თქვენთვის სრულიად ახალ, უცნაურ გარემოში ან გაიჩინოთ უცნაური მეგობრები.
15 სექტემბრიდან შავი მთვარე ანუ ლილიტი დატოვებს მშვილდოსნის ნიშანს და მომდევნო 9 თვე თხის რქაში იქნება - ლილიტი არის ილუზიები, ცდუნება, შიშები. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული თუ აგვარებთ სახლთან, უძრავ ქონებასთან, დაოჯახებასთან დაკავშირებულ თემებს. მოერიდეთ ნათესავებთან გაუგებრობებს, ნუ შეუშვებთ თქვენს უძრავ ქონებაში საეჭვო ადამიანებს.
15 სექტემბერს ვენერა დაძაბულ ასპექტს შექმნის პლუტონთან - ბავშვების გამო შეიძლება ბევრი ფული დაგეხარჯოთ. ზოგიერთს შეიძლება ფული მოგიტანთ ჰობიმ, შემოქმედებითმა საქმიანობამ. ისე, 1 ცალი ლატარიის ბილეთი იყიდეთ, რა იცით, რა ხდება. ამასთან გახსოვდეთ, რომ სიყვარულს ფულით ვერ იყიდით.
23 სექტემბერს მზე სასწორში თქვენს ნიშანში გადმოდის და ამავე დღეს დგება შემოდგომის ბუნიობა - ახლა თქვენ ხართ ყურადღების ცენტრში, იბრწყინეთ და იბედნიერეთ.
26 სექტემბერს, თბილისის დროით, 20:48-ზე სავსემთვარეობა გველოდება ვერძში - რაღაც უნდა დასრულდეს თქვენი პარტნიორობის, მეგობრების, კლიენტების სფეროში. შეიძლება დაასრულოთ მუშაობა ზოგიერთ ადამიანთან, დაგისრულდეთ ხელშეკრულება. თუ სასიყვარულო ურთიერთობა უსიამოვნების მომტანი და კონფლიქტურია, წერტილი უნდა დაუსვათ. არ გირჩევთ კამათს პარტნიორთან, ან შეიძლება მისი ქმედების გამო გაგიფუჭდეთ მასთან დამოკიდებულება.
28 სექტემბერს მზე ჰარმონიულ ასპქეტს ქმნის ურანთან - წარმატება გელოდებათ უცხოეთში, იურიდიულ საკითხებში. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა უცხოელებთან, საზღვარგარეთ ან ახალ პროექტზე.
28 სექტემბერს მარსი კირჩხიბიდან ლომში გადავა და დარჩება 26 ნოემბრამდე - მოგემატებათ ენერგია, რომ გააქტიურდეთ სოციალურ ცხოვრებაში, ინტერნეტსაქმიანობაში; ჩაერთოთ ახალ პროექტებში, გახდეთ ახალი გუნდის, კოლექტივის წევრი. მოერიდეთ კამათს მეგობრებთან.
30 სექტემბერს მერკური დატოვებს თქვენს ნიშანს და გადავა მორიელში - მოაგვარეთ ფინანსური საბუთები, გახშირდება საუბრები ფულზე. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი/დამატებითი წყარო. ზოგიერთი შეიძენთ ძვირფას, ლამაზ ნივთს, რისთვისაც ფულს აგროვებდით.
აი, ასეთი შეიძლება იყოს სექტემბერი თქვენთვის, ჩემო საყვარელო სასწორებო, მე ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.
წყარო: FB/ ანა მზიანი
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: