Digest Logo

„შეიძლება დაგვანახოს, როგორ ვიმეორებთ თვითდამანგრეველ ქცევებს...“ - სავსემთვარეობა კუროს ზოდიაქოს ნიშანში

1792912800
სავსემთვარე

ძვირფასო მეგობრებო, კუროს სავსე მთვარის ანალიზს ორ პოსტად შემოგთავაზებთ. პირველ ნაწილში მას ფილოსოფიური და სიმბოლური კუთხით განვიხილავ, ყურადღებას გავამახვილებთ მის სიღრმისეულ არსზე.

შემდეგ პოსტში კი უშუალოდ ასტროლოგიურ სურათს, პლანეტურ ასპექტებსა და მათ შესაძლო გავლენას შევეხები.

რას საიდუმლოს გვიმჟღავნებს კუროს სავსემთვარეობა?

26 ოქტომბრის სავსემთვარეობა, რომლის გავლენა გრძელდება პიკიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვამზადებს სიღრმეებში მოგზაურობისთვის. სავსემთვარეობის პიკი გვექნება თბილისის დროით 08:13 საათზე, კუროს მე-3(2'46 ზუსტად) გრადუსზე.

ეს სავსე მთვარე მოგვიწოდებს, დავუბრუნდეთ ჩვენი არსებობის უმთავრეს საფუძვლებს - სხეულს, რესურსებს, თვითშეფასებას, დამოუკიდებლობასა და მდგრადობას. ეს არის დრო, როდესაც უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ურთიერთობა თავად ცხოვრებასთან, დედამიწასთან, ფიზიკურ სხეულთან და ყველაფერთან, რაც ჩვენს არსებობას მშვენიერსა და ღირებულს ხდის.

სავსემთვარეობა ყოველთვის მაშინ დგება, როდესაც მთვარე და მზე ერთმანეთთან ოპოზიციაში იმყოფებიან. ამ შემთხვევაში მზე მორიელის ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მთვარის ციკლში მორიელის ენერგიაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სავსე მთვარის მმართველია ვენერა, რომელიც ამჟამად რეტროგრადულად მოძრაობს თავის მმართველობის მეორე ნიშანში - სასწორში.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

რეტროგრადული ვენერა გვაბრუნებს იმ საკითხებთან, რომლებსაც თავს ვარიდებდით, უგულებელვყოფდით ან სამომავლოდ გადავდებდით. ეს შეიძლება იყოს კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც არ გვინდოდა, ან სიტუაციები, რომელთაგან თავის დაღწევას ვცდილობდით.

ამასთანავე, სავსე მთვარე კულმინაციისა და მიღებული შედეგების პერიოდია. ის, რაზედაც ვმუშაობდით, ნაყოფს გვაძლევს. კურო შედეგთან ასოცირდება და ამ სავსე მთვარემ შეიძლება გამოავლინოს ის შედეგები, რომელთა საფუძველიც დაახლოებით ექვსი თვის წინ, კუროს ახალმთვარეობის დროს ჩაეყარა.

სავსე მთვარე კუროს მე-3 გრადუსზე დგება, მორიელში მყოფი მზის ოპოზიციაში. ეს ზოდიაქოს ძლიერი ღერძია:

კურო სიცოცხლის შენარჩუნებას, მის გამოკვებას, ფორმისა და უწყვეტობის მინიჭებას ცდილობს, მორიელი კი გვახსენებს, რომ ყველაფერი ცოცხალი იცვლება და გარდაიქმნება, ხოლო სიკვდილი გარდასახვის ერთ-ერთი ფორმაა და არა დასასრული.

სიცოცხლისა და სიკვდილის ცეკვა: კურო-მორიელის ღერძის გაკვეთილები

ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, სადაც სიცოცხლე მუდმივად სხვა სიცოცხლის ხარჯზე საზრდოობს, სადაც რაღაც ყოველთვის იზრდება, რაღაც კი იშლება და ლპება. ნიადაგი, რომელიც მკვდარ ხეს იბარებს, საბოლოოდ ახალი მცენარის ფესვებს კვებავს.

ეს სავსე მთვარე გვთავაზობს, დავინახოთ ის, რაც ხილულის მიღმა ხდება და რაც საბოლოოდ ჩვენს სხეულშიც ვლინდება, რადგან კურო ჩვენს ფიზიკურ სხეულს განასახიერებს.

ხშირად არ ვიცით, რა ხდება მიწის ქვეშ, ისევე როგორც ვერ ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს სხვა ადამიანების ცხოვრებაში ან საკუთარ თავშიც კი. ამ სავსე მთვარემ შეიძლება გამოავლინოს რაღაც უხილავი, დაფარული ან დათრგუნული. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეტროგრადული ვენერა და მისი კავშირი მორიელში მყოფ მზესთან ოპოზიციით.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აღმოჩენები ზოგჯერ დისკომფორტს იწვევს, ეს პერიოდი ნაყოფიერი და სიცოცხლის მომტანია. ის, რაც ოდესღაც დავმარხეთ და წარსულს ჩავაბარეთ, ახლა კვლავ ცოცხლდება და ყვავის. ეს იმისთვის არ ხდება, რომ ზიანი მოგვაყენოს, არამედ იმის საჩვენებლად, რომ სილამაზე და ღირებულება შეიძლება იმალებოდეს მასში, რაც დაკარგულად მიგვაჩნდა.

კურო ხიდან მოწყვეტილი ნაყოფია, ნაყოფიერი ნიადაგი და მოსავალი ჩვენს სუფრაზე. მორიელი კი ჩამოცვენილი ნაყოფია, რომელიც მიწაზე იხრწნება და ნიადაგს უბრუნდება, რათა მომავალ მოსავალს მისცეს საზრდო. კურო ხელშესახები სხეულია, მორიელი კი გვახსენებს ამ სხეულის მოკვდავობასა და დედამიწასთან დაბრუნებას.

მიჯაჭვულობა და შიშები: უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოთხოვნილება

დასასრულს ხშირად სრულ დაკარგვად და განადგურებად აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ გონებით გვესმის - ყველაფერი იცვლება. ემოციურად კი უზარმაზარ ენერგიას ვხარჯავთ ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ვეჭიდებით და ვცდილობთ, არსებული მდგომარეობა შევინარჩუნოთ.

ბუნება არასოდეს გვპირდება, რომ ცხოვრება უცვლელი დარჩება. ის გაცილებით საინტერესო რამეს გვთავაზობს - გარდაქმნას. ამას ვხედავთ წელიწადის დროების მონაცვლეობაში, ზრდასა და დაშლაში.

კურო ზოდიაქოს პირველი მიწის სტიქიის ნიშანია. ის გვაფიქრებს იმაზე, თუ რა სჭირდება ახალ სიცოცხლეს არსებობისთვის: საკვები, სითბო, წყალი, თავშესაფარი, შეხება, დასვენება, დაცვა და სტაბილურობა. დედამიწას ჩვენ ისევე ვჭირდებით, როგორც ჩვენ გვჭირდება ის. ის, თუ როგორ ვექცევით პლანეტას, ჩვენს დამოკიდებულებასაც ასახავს საკუთარი სხეულის მიმართ - იქნება ეს მასზე გადაჭარბებული ზრუნვა თუ სრული უგულებელყოფა.

ჩვენ დედამიწისგან განცალკევებული არსებები არ ვართ- მისი ნაწილი ვართ, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილები. ჩვენი ამოცანა არც პლანეტის და არც საკუთარი თავის გადარჩენაა. მთავარია, გავიხსენოთ, ვინ ვართ და ვისწავლოთ ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრება, ადამიანური არსებობის მთელი სირთულის მიღებით.

ეს სავსე მთვარე გვიბიძგებს, პრობლემების მხოლოდ სიმპტომებს კი არ ვებრძოლოთ, არამედ მათ ფესვებს ჩავწვდეთ. ვერძის ბოლო გრადუსებზე მყოფი რეტროგრადული ქირონი, რომელიც სავსე მთვარესთან ახლოსაა, ძველ ჭრილობებს ააშკარავებს. ეს შეიძლება იყოს მიტოვების, საკუთარი იდენტობის დაკარგვის, შეუმჩნევლად დარჩენის ან საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობის შიში. განკურნებისთვის მხოლოდ გააზრება არ კმარა - საჭიროა ამ გრძნობების განცდა და მიღებაც.

ხმა და ხერხემალი: დაფარული სურვილების გამოხატვა

კურო ყელს, ყელის ჩაკრას, კისერსა და ხმას უკავშირდება. მორიელი კი რეპროდუქციულ ორგანოებთან, სექსუალობასთან, ჩასახვისა და სიცოცხლის გარდაქმნის პროცესებთან ასოცირდება. სხეულის ამ ორ სფეროს შორის ხერხემალია, რომელიც სხეულს საყრდენს აძლევს და საკუთარ თავზე უამრავ დატვირთვას იღებს.

რა ხდება, როდესაც ჩვენი გამოცდილების ეს ორი მხარე ერთმანეთს ვერ უკავშირდება? შესაძლოა, შინაგან განცდებსა და გარეგნულ ქცევას შორის უფსკრული გაჩნდეს და ყველაზე ძლიერი გრძნობების დამალვა დავიწყოთ.
ამ სავსე მთვარემ შეიძლება ხელი შეგვიწყოს, ხმამაღლა გამოვხატოთ ის, რაზედაც აქამდე საუბარი გვიჭირდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ინტიმურ ან მტკივნეულ განცდებს ეხება. მუსიკაც, რომელიც კუროსთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, თვითგამოხატვის ძლიერი საშუალებაა.

მუსიკა უხილავს ფიზიკურ გამოცდილებად აქცევს. ბგერა, ვიბრაცია და რიტმი - ეს ყველაფერი კუროს სიმბოლიკას უკავშირდება. საქმე მხოლოდ მელოდიას არ ეხება. ეს შეიძლება იყოს ჩვენი გულისცემა, სხეულში წარმოქმნილი ვიბრაციები ან თავად დედამიწის რიტმიც კი. მუსიკა გვეხმარება, დავუკავშირდეთ განცდილის ემოციურ სიღრმეს და გავიხსენოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დავიწყებული გვეგონა.

ხარი და ლაბირინთი: გაჭედილი მდგომარეობიდან გამოსვლა

კუროს გლიფი - ხარის თავი ორი რქით - უძველესი სიმბოლოა, რომელიც ძალას, ნაყოფიერებას, გამძლეობასა და ბუნების ძლიერ ენერგიას განასახიერებს. ხარის ძალას ხშირად სიჯიუტეს უკავშირებენ, თუმცა მისი არსი სიცოცხლის შენარჩუნებაში, ბუნების რიტმთან თანხვედრასა და მოთმინებით განვითარებაში მდგომარეობს.

კუროს ჩრდილოვანი მხარეც აქვს: სიჯიუტე, ბრაზი, სიხარბე, კომფორტის მუდმივი მოთხოვნილება და საკუთარი სურვილების გადაჭარბებული დაკმაყოფილება. ამ სავსე მთვარემ შეიძლება დაგვანახოს, როგორ ვიმეორებთ თვითდამანგრეველ ქცევებს და როგორ გვიშლის ისინი ხელს განვითარებაში.

სავსე მთვარის მმართველი, რეტროგრადული ვენერა სასწორში, გვაიძულებს, ხელახლა გავაანალიზოთ ჩვენი დამოკიდებულება ღირებულებების მიმართ. კურო ზრუნავს ჩვენს საჭიროებებზე და სტაბილურობას გვანიჭებს, სასწორი კი ზრუნავს, თუ როგორ ვუზიარებთ ცხოვრებას სხვებს და როგორ ვინარჩუნებთ სამართლიანობას ურთიერთობებში. ამ პროცესმა შეიძლება გამოავლინოს, რომ გარეგნულად მშვიდი ურთიერთობები სინამდვილეში უთქმელ უთანხმოებებსა და დაგროვილ უკმაყოფილებას მალავს.

მორიელის ერთ-ერთი მმართველი- პლუტონი, რომელიც მზესა და მთვარესთან დაძაბულ ასპექტს ქმნის, ძალაუფლების, კონტროლის, შიშისა და გარდაქმნის საკითხებს წამოსწევს წინა პლანზე. ჩვენ ვეჭიდებით იმას, რასაც საკუთრებად მივიჩნევთ - ფულს, სახლს, საკუთარ სხეულს. მორიელი კი საერთო რესურსებსა და ურთიერთდამოკიდებულებას გვახსენებს. შიში დამანგრეველი ხდება მაშინ, როდესაც მას უფლებას ვაძლევთ, განსაზღვროს, როგორ უნდა იცხოვრონ სხვებმა.

ეს სავსე მთვარე დაგვანახვებს, როგორ ვიჭედებით განმეორებად და მტკივნეულ ისტორიებში, თითქოს ლაბირინთში დავხეტიალობთ და საკუთარ შინაგან მინოტავრს ვხვდებით. ლაბირინთი ჩვენი კომფორტის ზონაა, სადაც საკუთარ თავზე სიმართლის დანახვას გავურბივართ. მინოტავრი კი ის ნაწილია, რომელსაც ვმალავთ, რადგან არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ მასთან ერთად ღიად და გულწრფელად.

საკუთარ თავთან დაბრუნება

მინოტავრის მითი გვახსენებს თეზევსს, რომელიც ურჩხულთან შესაბრძოლებლად ლაბირინთში შევიდა, მაგრამ უკან დაბრუნება არიადნეს ძაფის დახმარებით შეძლო.

ამ სავსე მთვარის მთავარი კითხვაა: რა არის თქვენი ძაფი, რომელიც უკან, საკუთარ თავთან დაგაბრუნებთ? ეს შეიძლება იყოს ნაცნობი ხმა, სულიერი მოძღვრება, ციტატა, რომელიც გამოფხიზლებთ, ან თუნდაც საკუთარი გულისცემა. კურო ის ძაფია, რომელიც სხეულთან, მიწასთან და ცოცხალი არსებების ჩვეულებრივ სამყაროსთან გვაბრუნებს.

ჰერაკლიტეს სიტყვების თანახმად: „ერთი და იგივეა ცოცხალი და მკვდარი, მღვიძარე და მძინარე, ახალგაზრდა და მოხუცი“. საპირისპიროდ მიჩნეული მოვლენები სინამდვილეში შესაძლოა ერთი მთლიანობის სხვადასხვა მხარე იყოს, რომელსაც სხვადასხვა პერსპექტივიდან ვხედავთ.

ჩვენ არ ვფლობთ სიცოცხლეს და არც პლანეტა გვეკუთვნის. ჩვენ მათთან ურთიერთობაში ვიმყოფებით და ამ ურთიერთობის ნაწილი ვართ.

ეს სავსე მთვარე მოგვიწოდებს, შევანელოთ ცხოვრების ტემპი, მოვუსმინოთ საკუთარ რიტმს, ჩავწვდეთ დედამიწის სიმღერას და ჩვენი გულისცემა მის რიტმს შევუხამოთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ეს ყველაფერი მთელი სხეულით განიცადოთ და იგრძნოთ დედამიწის პულსაცია იმ ადგილას, სადაც მორიელისა და კუროს ენერგიები ერთმანეთს ხვდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რისი დათმობაა აუცილებელი განვითარებისთვის“ - თამარ ხოსროშვილი კუროს ინტენსიურ სავსემთვარეობაზე აფრთხილებს

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ოქტომბერს საქართველოში

🎥 საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული სომხეთი გახდა

✕