Digest Logo

„შეიძლება მოიტანოს სასიამოვნო ამბები, მოულოდნელი შეთავაზებები, საინტერესო შეხვედრები და ახალი ურთიერთობები“ - 9-15 მარტის ასტროპროგნოზი

1772886017
იუპიტერიიუპიტერი

დღევანდელი პროგნოზში განვიხილავთ 9 მარტიდან - 15 მარტამდე კვირის ენერგიებს.

ეს არის კვირა, როცა იუპიტერი განსაკუთრებით გააქტიურდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა სწორად გამოვიყენოთ, რათა შევეწყოთ ზრდის ენერგიას, ხელსაყრელ შესაძლებლობებს და ახალ ჰორიზონტებს.

კვირის განმავლობაში ზეცა თითქოს საშუალებას გვაძლევს, ბოლოს და ბოლოს ღრმად ამოვისუნთქოთ დაძაბული პერიოდის შემდეგ, რადგან ნელ-ნელა ვტოვებთ დაბნელებების ენერგეტიკულ ზონას და სივრცე თანდათან ბალანსდება.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთბაშად დამშვიდდება და დასტაბილურდება, მაგრამ ის დაძაბულობა, რომელსაც ბევრი ადამიანი ბოლო კვირებში გრძნობდა, როდესაც დაბნელებების დერეფნის რთულ პერიოდს გავდიოდით, თანდათან იწყებს შემცირებას.

დაბნელებები ყოველთვის ქმნის ძლიერ ტურბულენტობას- როგორც გარე სამყაროში, ისე პირად დონეზე.
ახლა ეს ენერგეტიკული შტორმი ნელ-ნელა სუსტდება და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, მიმდინარე მოვლენები უფრო ნათლად შევაფასოთ.

ამას ემატება ისიც, რომ მერკური შორდება მზეს, ანუ გამოდის დამწვარი“ პოზიციიდან.

გასულ კვირაში ეს პლანეტა რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან მის რეტროგრადულობას და თევზებში პოზიციას კიდევ უფრო ასუსტებდა მზესთან სიახლოვე. 

მერკური პასუხისმგებელია ლოგიკაზე და ინტელექტზე. როდესაც ის თევზებში გადის, ლოგიკა ხშირად სუსტდება, თუმცა ძლიერდება ინტუიცია და ემოციური ინტელექტი.

ამგვარად, გასულ კვირაში გავიარეთ კომუნიკაციაში სირთულეების და გონებრივი დაბნეულობის ყველაზე რთული ეტაპი, ამიტომ ბევრს ბოლო პერიოდში შეიძლებოდა ჰქონოდა დაბნეულობა, გაურკვევლობა, გადაწყვეტილებებში შეცდომები ან სირთულეები კომუნიკაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალ კვირაში სრული სიცხადე ჯერ კიდევ არ დადგება - რადგან მერკურს ჯერ უნდა გამოვიდეს რეტროგრადული მოძრაობიდან და დატოვოს თევზების ნიშანი, რათა სრული სიცხადე დამყარდეს - მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაანალიზება და ლოგიკური კავშირების დანახვა უკვე ბევრად უფრო ადვილი გახდება.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მომავალ კვირაში არის სატურნისა და ნეპტუნის თანდათანობითი დაშორება. თებერვალში მოხდა მათი ზუსტი შეერთება, რაც ორი სრულიად განსხვავებული ძალის კავშირს წარმოადგენს. შეერთების წერტილმა შექმნა გამოწვევები, რაც მთელი წლის ლაიტმოტივი გახდება.

შეგახსენებთ, რომ სატურნი მოითხოვს სტრუქტურას, რეალობასა და პასუხისმგებლობას, ხოლო ნეპტუნი პირიქით - შლის საზღვრებს, ქმნის ბუნდოვანებას და ილუზიებს. ეს წინააღმდეგობრივი გავლენა ნელ-ნელა სუსტდება.თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მარტის ბოლოს დაიშლება. მიუხედავად ამისა, უკვე ახლა შეიძლება იგრძნოთ, რომ ბევრი სიტუაცია უფრო გასაგები და ნათელი ხდება.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ვენერა კვირის კონტექსტში, რომელიც სულ ახლახან გადავიდა ვერძის ნიშანში.
ზოგადად, ყოველთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ვენერას ტრანზიტები სხვადასხვა ნიშანში, რადგან სწორედ ვენერა აყალიბებს ჩვენი ცხოვრების ბევრ სფეროს - როგორც ურთიერთობებს, ისე ფინანსებს. როდესაც ვენერა სხვა ნიშანში გადადის, ის თითქოს ახალ ხასიათს იძენს.

ვენერა ვერძში იმყოფება და ეს მისთვის კომფორტული მდგომარეობა არ არის. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი გრძნობები შეიძლება ახლა უფრო მკვეთრად და იმპულსურად გამოვლინდეს. პარტნიორები შეიძლება გახდნენ უფრო მომთხოვნი, ფეთქებადი, ზოგჯერ კი ზედმეტად პირდაპირიც.

ამ პერიოდში უფრო ხშირად შეიძლება გაჩნდეს გაღიზიანება, უკმაყოფილება და საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი. ამიტომ მომავალ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ საკუთარ რეაქციებს და გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციების გავლენით არ მივიღოთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 11 მარტს ვენერა დაშორდება სატურნსა და ნეპტუნს. ამის შედეგად ჩვენი ემოციური ფონი უფრო მშვიდი გახდება. თუ ბოლო დღეებში თქვენი ცხოვრება სავსე იყო განცდებით, იმედგაცრუებით ან ურთიერთობებსა და ფინანსურ საკითხებში დაძაბულობის შეგრძნებით, ახლა ნელ-ნელა გაჩნდება შესაძლებლობა, ბალანსი აღდგეს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კვირის ზოგადი ტენდენციები ჰარმონიისკენ მიემართება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცაზე კვლავ მოქმედებს რთული კარმული კონფიგურაცია. ეს არის ტაუ-კვადრატი, რომლის საფუძველშიც მთვარის კვანძები დგას - ანუ კარმული ღერძი, რომელიც წარსულსა და მომავალს აკავშირებს. ამ კონფიგურაციის მწვერვალზე კი ლილიტი მდებარეობს - კარმული წერტილი, რომელიც ცდუნებისა და დამახინჯებების სიმბოლოდ ითვლება.

ამ კვირაში ეს კონფიგურაცია ჯერ მარსის, შემდეგ კი რეტროგრადული მერკურის გავლენით გააქტიურდება. ეს ნიშნავს, რომ მოვლენები ჩვენთვის შეიძლება ძალიან პირადი ხასიათის და განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდეს.
ამ კონფიგურაციის გავლენით შეიძლება კვლავ ამოტივტივდეს ძველი ისტორიები, წარსულიდან დაბრუნდნენ ადამიანები, ან თავი შეგვახსენოს ადრე დაუსრულებელმა საკითხებმა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეიძლება იმოქმედოს ძლიერი კარმული ბუმერანგის პრინციპმა.

ეს შეიძლება იყოს შეხვედრა წარსული გადაწყვეტილებებისა თუ ქმედებების შედეგებთან. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ამ ყველაფერს თავისი შინაარსი აქვს, რადგან სწორედ ამ გზით გვეძლევა შესაძლებლობა, დავინახოთ საკუთარი შეცდომები, გამოვასწოროთ ისინი და ეს საკითხები საბოლოოდ დავხუროთ.
მნიშვნელოვანია არ გაღიზიანდეთ და არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში. უმჯობესია მათში დაინახოთ ზრდისა და გარდაქმნის შესაძლებლობა.

ამ კვირის მნიშვნელოვანი დევიზი ასეთია: თუ თქვენს წინაშე რომელიმე კარი იკეტება, ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ გვერდით ახალი კარი გაიხსნას. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი ფაქტორია იუპიტერის გავლენა. ეს არის დიდი ბედნიერების, გამარჯვების, იღბლისა და გაფართოების პლანეტა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გულუხვად გვიზიარებს თავის კეთილ ენერგიას.

11 მარტამდე იუპიტერი ქმნის ჰარმონიულ ტრიგონს მზესთან. ეს მართლაც განსაკუთრებული, „ჯადოსნური“ ასპექტია, რომელიც დაკავშირებულია შესაძლებლობებთან, წარმატებასთან და იღბლიან შანსებთან. მას შეუძლია გააძლიეროს გავლენის მასშტაბი, მოგვიტანოს რაღაც განსაკუთრებული და მოულოდნელად სასიამოვნო.
ამ კვირაში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მიიღოს თავისი წილი იუპიტერიანული იღბალი.

კვირის დასაწყისმა შეიძლება მოიტანოს სასიამოვნო ამბები, მოულოდნელი შეთავაზებები, საინტერესო შეხვედრები და ახალი ურთიერთობები. ზოგისთვის ეს იქნება შესაძლებლობა, გახსნას ახალი პერსპექტივები საკუთარ საქმიანობაში და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიზნისკენ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი კვირის განმავლობაში იუპიტერი ჰარმონიულ ასპექტშია რეტროგრადულ მერკურთან. ეს საკმაოდ საინტერესო ენერგიაა, რომელსაც შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში დააბრუნოს ღირებული ადამიანები, ძველი იდეები, პროექტები ან შესაძლებლობები, რომლებიც ოდესღაც გადავდეთ.
ზოგიერთმა შეიძლება სწორედ ახლა იხილოს თავისი წარსული ძალისხმევის შედეგი. შეიძლება მიიღოთ გარკვეული ჯილდო - თანაც იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ელოდით. იუპიტერის ენერგია ხომ ყოველთვის გაფართოებას უკავშირდება.

ამგვარი ასპექტების გავლენით ადამიანები ხშირად პოულობენ იმასაც, რაც დიდი ხნის წინ დაკარგულად მიაჩნდათ - იქნება ეს მნიშვნელოვანი კონტაქტები, ურთიერთობები თუ საკუთარი განვითარების ახალი მიმართულება.
ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად გარკვეული დაძაბულობისა, რომელსაც ტაუ-კვადრატი, კარმული ღერძი და ლილიტი ქმნის, ეს კვირა შეიძლება ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდეს. იუპიტერის ძლიერი მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიწყოთ ახალი პოზიტიური პროცესები, რომლებიც დროთა განმავლობაში კარგ შედეგს მოიტანს.

ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე შეგვიძლია სტრატეგიის დაგეგმვა და იმ დასაწყისების მომზადება, რომელთა რეალურ განხორციელებას 20 მარტის შემდეგ დავიწყებთ.

20 მარტი განსაკუთრებული წერტილია: ეს არის ახალი მთვარე, გაზაფხულის ბუნიობის დღე და ამავე დროს რეტროგრადული მერკურის პერიოდის დასრულება. წელს ეს ყველაფერი ერთ დროს ემთხვევა და ქმნის ძლიერ საწყისს ახალი ეტაპისთვის.

მომავალი კვირა ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სწავლის დრო, საკუთარი ხედვის გაფართოების, მნიშვნელოვანი უნარების განვითარების, ძველ პროექტებსა და იდეებთან დაბრუნების პერიოდი. ძალიან ხელსაყრელია კავშირების აღდგენა, შერიგება, შეთანხმებების მიღწევა და გეგმების გადახედვა.
სამყარო თითქოს გვიგზავნის მინიშნებებს - საინტერესო ინფორმაციას, მოულოდნელ შესაძლებლობებს.
არ ღირს შფოთვაზე და დაძაბულობაზე ჩაციკვლა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დავინახოთ ის კარები, რომლებიც ჩვენს წინაშე იხსნება. რადგან, სადაც მიმართულია ჩვენი ყურადღება, სწორედ იქ იწყებს გააქტიურებას ჩვენი ცხოვრებაც.

იუპიტერი არის გაფართოების, ზრდისა და ხელსაყრელი შესაძლებლობების ენერგია. როდესაც შინაგანად გახსნილები ვართ, სივრცეც გვპასუხობს ახალი შანსებით.

გონებაში ან ხმამაღლა გაიმეორეთ რამდენიმე მარტივი ფრაზა:  მე მზად ვარ იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებსაც ცხოვრება მიმზადებს. მე ვიღებ ზრდის, გამარჯვების, სიუხვის და კეთილი ცვლილებების ენერგიას.
ჩემი გზა ფართოვდება და ჩემს წინაშე ახალი ჰორიზონტები იშლება.  მე ვაძლევ საშუალებას სიუხვეს თავისუფლად შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში.

სამყარო მხარს უჭერს ჩემს ნაბიჯებს და მხარს მიჭერს საუკეთესო შესაძლებლობებისკენ. ახლა კი წარმოვთქვათ იუპიტერის მანტრა. საერთო გაფართოების ენერგიის გასაძლიერებლად გირჩევთ, ეს ფრაზა კომენტარის სახითაც დაწეროთ ამ ვიდეოს ქვეშ.

რიცხვი 4 ატარებს ყოფიერების პრინციპს და განასახიერებს მატერიალიზაციას, ამიტომ ენერგეტიკული პრაქტიკის სახით გთავაზობთ გასცეთ ამ ციფრის ოდენობის ენერგია- თანხა ქველმოქმედების მიზნით. ეს შეიძლება იყოს მიუსაფარი ცხოველების მისამართით გაღებული ქველმოქმედება, ან იმ ადამიანების მისამართით, ვინც დახმარებას საჭიროებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„როცა ადამიანში დომინირებს სიამაყე, მიტევების უნარი არ აქვს, ღმერთის ჩვენში არ მყოფობა ადამიანს უნარს ართმევს გულმოწყალებისა“ - თეოდორე გიგნაძე

რატომ იშლება გუნდები, ჩნდება უკმაყოფილება ოჯახში, რატომ ვერ თანხმდებიან პოლიტიკოსები და ადამიანები ერთმანეთთან?

„ვაშენებ ჩემს წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ“... ქვა დადეთ სამუშაო მაგიდაზე“ - სატურნის რიტუალი