Digest Logo

სიახლეები რომანტიკულ ურთიერთობებში, ფინანსური სიურპრიზი და ფიზიკური ტრავმების რისკი - როგორი იქნება 9-15 მარტის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1773036131
ჰოროსკოპი

ახალი კვირა მერკურისა და იუპიტერის ჰარმონიული ტრიგონით დაიწყება. აღნიშნული ასპექტი ბევრს საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენაში, ასევე ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ეს პერიოდი ტყუპების, ქალწულის, მშვილდოსნის, თევზებისა და კირჩხიბისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. მორიელები, თხის რქები და მერწყულები ოპტიმიზმსა და შთაგონებას იგრძნობენ, რაც მათ ცხოვრების მრავალ სფეროში წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს, ხოლო კუროები და სასწორები მცირე, სასიამოვნო დასვენებას შეძლებენ. ვერძები და ლომები სწავლასა და უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტებში განსაკუთრებით ეფექტიანები იქნებიან. ​

სამშაბათს ვენერასა და პლუტონის სექსტილი რომანტიკულ სფეროში პოზიტიურ ტენდენციებს შემოიტანს. გარდა ამისა, იგი ისეთი თვისებების რეალიზებაზე გაამახვილებს ყურადღებას, როგორებიცაა დიპლომატია, დაგეგმვისა და კონტროლის უნარი. სასწორების, კუროებისა და თევზების პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ხელის თხოვნის შეთავაზებებიც იგეგმება. ვერძები, ლომები და მორიელები პირადი გავლენის გაძლიერებით დაკავდებიან, ხოლო მშვილდოსნები, მერწყულები და თხის რქები იურიდიულ საქმეებსა და მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწევენ. 

​11 მარტს იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას დირექტიულით შეცვლის, რაც კონფლიქტების მოგვარებას, დავების ჰარმონიულად გადაჭრას, ასევე ტალანტებისა და შესაძლებლობების გამოვლენას დაუდებს სათავეს. შთაგონება და ძალების მოზღვავება მშვილდოსნებს, თევზებს, კირჩხიბებსა და ყველას თან სდევს, ვის ჰოროსკოპშიც იუპიტერი ძლიერ პოზიციას იკავებს. როგორც წესი, ამ პერიოდში ჩვენ სწავლაში, უცხო ენების ათვისებაში, პედაგოგიურ მოღვაწეობასა თუ ბიზნესში წარმატებულები ვართ. შემეცნებითი მიზნით მოგზაურობა, ფინანსური საქმიანობა და სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვაც შეიძლება. 

კვირა მერკურისა და მარსის შეერთებით დასრულდება - ეს რთული ასტროლოგიური ასპექტია, რომელიც ჩვენგან დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს. ფიზიკური ტრავმების რისკი იზრდება. ვერძები, თხის რქები და მორიელები განსაკუთრებულ გაღიზიანებას გამოავლენენ, ხოლო ტყუპები და ქალწულები გარშემომყოფთა ნებისმიერი რჩევის მტრულად მიღებისკენ იქნებიან მიდრეკილნი. კუროები და კირჩხიბები ნეგატიურ ენერგიას ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მიმართავენ, რითაც თავს ბევრი პრობლემისა და კონფლიქტისგან დაიცავენ. ლომები და მშვილდოსნები კონკურენციას შეეჯახებიან, ხოლო სასწორებსა და მერწყულებს მოგზაურობის, განსაკუთრებით კი ავტომობილის მართვის შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 9-15 მარტის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:

 

​ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძებისთვის მოცემული კვირა, მოკრძალებისა და დიპლომატიის გამოვლენის შემთხვევაში, წარმატებულად წარიმართება. ბევრ მათგანს სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენები, მატერიალურ სფეროში კი შემოსავლების გაზრდის რეალური შანსები ელოდება. საკუთარ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება დასვენების დღეებში უნდა დაუთმოთ და სპეციალისტთან საკითხების გადამოწმება აღარ უგულებელყოთ.

​კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

კუროები კვირის პოზიტიური ასტროლოგიური ასპექტებიდან დიდ სარგებელს მხოლოდ სიზარმაცისა და ინერტულობის დაძლევის შემთხვევაში მიიღებენ. ზოგიერთი მათგანი პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პარტნიორებთან არსებული გაურკვევლობების აღმოფხვრას შეძლებს. დასვენების დღეებში ბევრ თქვენგანს ახლობლებისგან მოულოდნელი საჩუქრები ან სიურპრიზები გაახარებს. ​

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

ტყუპები კვირის მოვლენებიდან ბევრ სასარგებლო გამოცდილებას მიიღებენ, თუ შემოსულ ინფორმაციას ყურადღებით გაანალიზებენ და მეგობრულ რჩევებს პოზიტიურად შეხვდებიან. ძველი კონფლიქტებისა თუ გაუგებრობების მოგვარების შესაძლებლობა კვირის პირველ ნახევარში გაჩნდება. სწორედ ამ პერიოდში სამუშაო ადგილის შეცვლის ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივებიც გამოიკვეთება. ​

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბები ამაღლებულ განწყობას შეინარჩუნებენ და მას უახლოეს ადამიანებსაც სიამოვნებით გაუზიარებენ. ის საქმეებიც კი წარმატებით დასრულდება, რომლებიც ადრე დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მატერიალური კეთილდღეობა კი სტაბილურად გაიზრდება. განსაკუთრებული შესაძლებლობები მათ გამოუჩნდებათ, ვინც პედაგოგიური, საგამომცემლო საქმიანობით ან უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებული ბიზნესით არის დაკავებული. ​

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ლომები პოპულარობისა და კარიერული ზრდის გზაზე პოზიციების განმტკიცებას, ამასთანავე პირად ურთიერთობებში ჰარმონიის მიღწევას შეძლებენ. ნიშნის თავისუფალ წარმომადგენლებს თავბრუდამხვევი რომანების დაწყების ყველა შანსი ეძლევა. მოულოდნელი ფულადი შემოსავალი დაუგეგმავი, სასიამოვნო შოპინგის საშუალებას მოგცემთ. კვირას მთელი თქვენი დიპლომატიური ნიჭის გამოყენება მოგიწევთ, რომ არასასურველ კონფლიქტებსა და დაპირისპირებებს თავი აარიდოთ.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ქალწულები პროფესიულ სფეროში დიდი ხნით შეჩერებული საქმეების ადგილიდან დაძვრასა და რომანტიკულ ურთიერთობებში სიახლეების დანერგვას შეძლებენ. სამომავლო გეგმების დასახვასაც თავდაჯერებულად დაიწყებთ. მატერიალურ სფეროშიც პოზიტიური ამბები და საინტერესო პერსპექტივები გელოდებათ.

​სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

სასწორები ახალ პროექტებთან ან საქმიანობის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებენ. ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დააკვირდეთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები სწავლაში, საკუთარი იდეების წინ წამოწევასა და კომერციაში წარმატებას მიაღწევენ. ბევრთან რომანტიკულ პარტნიორებთან ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდება, ხოლო მათთვის, ვინც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებს, საერთო გატაცებების აღმოჩენის პარალელურად, საინტერესო ნაცნობობა იგეგმება.

​მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელები კვირის ენერგეტიკულ პოტენციალს ძველი პრობლემების მოსაგვარებლად და საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად გამოიყენებენ. ისინი საპირისპირო სქესის ყურადღებას ჩვეულებრივზე მეტად მიიპყრობენ და საინტერესო გარემოშიც აღმოჩნდებიან. ჯანმრთელობა სტაბილური იქნება, თუმცა როგორც ასტროლოგები ამბობენ, დასვენების დღეებში გაციების რისკები მოიმატებს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსნები ახალ პერსპექტივებს დაინახავენ და ძველი გეგმების განხორციელებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ. კვირა თქვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება: ბევრი რამის გაკეთებას, გააზრებას, გადამუშავებასა და სამომავლოდ დაგეგმვას შეძლებთ. ეს პერიოდი შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით შთამაგონებელი გახდება. რომანტიკული სფერო საჩუქრებითა და ახალი თაყვანისმცემლებით გაგახარებთ, მატერიალური კი - სტაბილურობით.

​თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

თხის რქები საქმეების შუალედური შედეგების შეჯამებით დაკავდებიან. ზოგიერთი გეგმა კორექტირებასა და უფრო აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. კვირის შუა პერიოდში სამუშაო მიზნით მგზავრობა ან მივლინებაა მოსალოდნელი, დასვენების დღეების გატარება კი სახლში, გარე სამყაროსთან კონტაქტის მინიმუმამდე შეზღუდვით სჯობს. კვირას, ტრავმების რისკის გამო, ფიზიკური აქტივობის შემცირებაც რეკომენდებულია. ​

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყულებმა შესაძლო პარტნიორებისგან ახალ სამუშაოსთან ან თანამდებობასთან დაკავშირებული საინტერესო შემოთავაზებები მიიღონ. შეიძლება, ისინი თავიდან ძალიან მიმზიდველად არ მოგეჩვენოთ, თუმცა პერსპექტივაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ძველი იდეების რეალიზების ყველა შანსი გამოიკვეთოს. დასვენების დღეებში ხალხმრავალ ადგილებსა და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავის შეკავება ჯობს. შაბათ-კვირას კონფლიქტების, მანიპულაციისა და შეფერხებების რისკი იზრდება.

​თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თევზებისთვის შთაგონების წყარო რომანტიკული სფერო და პარტნიორებთან ურთიერთობა გახდება. ისინი თავს ყველაზე ლამაზად, მომხიბვლელად და სექსუალურად იგრძნობენ, კარგ განწყობას კი უახლოეს გარემოცვასაც გაუზიარებენ. ნათესავების საქმეები თქვენგან უფრო აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას მოითხოვს. შესაძლოა, მემკვიდრეობის, დაზღვევის ან კრედიტების საკითხებიც გააქტიურდეს. შაბათ-კვირას ჯობს, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და დრო მშვიდ გარემოში დასვენებას დაუთმოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გელა ბარკალაიას სარვამარტო საჩუქარი რძალს - „ყველაფერი გაქვთ, ამიტომ ვთქვი, ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ ისტორიას დარჩეს...“

⭕„არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას“ - 9 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: www.beaumonde.ge