ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად ასტროლოგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც პირადი რუკის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„სუსტი“ წერტილი პირად რუკაში... სასჯელი თუ საჩუქარი?
ძალიან ხშირად, ასტროლოგიის მოყვარული ადამიანები (ან სულაც დამწყები ასტროლოგები) პირად რუკაში ძლიერად გამოხატულ ასტროლოგიურ მაჩვენებლებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეძებენ მათში რაღაც განსაკუთრებულ დანიშნულებას, აზრს და ა.შ. მაგრამ რუკის ძლიერი წერტილები, რაც არ უნდა პარადოქსულად გამოიყურებოდეს, მარტივი და ბანალურია.
დიახ, ეს არის ადამიანის ძლიერი რესურსი, თუმცა სრულიად სხვაგვარ ბუნებას ატარებს ჰოროსკოპის სუსტი ადგილები. სწორედ ეს სუსტია მტკივნეული, მაგრამ იმავდროულად ეს არის უსასრულო განვითარების შესაძლებლობაც. სუსტი ასტრომაჩვენებლების განვითარება - ყოველთვის განსაკუთრებული გზაა.
„ძლიერი“ VS „სუსტი“ – რაშია სხვაობა?
ძლიერი რაღაც თავისით მუშაობს. ადამიანი იშვიათად ფიქრობს იმაზე, რაც მას არ უჭირს და იოლად გამოსდის. მაგალითად:
• ძლიერი მერკური - ადამიანი თავისუფლად ლაპარაკობს, წერს, სწავლობს.
• ძლიერი ვენერა - ძალისხმევის გარეშე იზიდავს ყურადღებას, ალაგებს პირად ცხოვრებას, ქმნის ჰარმონიას.
ეს ჰგავს თანდაყოლილ ბონუსს: სასიამოვნოა, რომ არსებობს, მაგრამ ის არ „ითხოვს“ განვითარებას. თითქოს მოცემულობაა. ეს დაახლოებით ჰგავს, როდესაც ადამიანი მატერიალურად განვითარებულ ოჯახში დაიბადა. მას არაფერი გაუკეთებია, მაგრამ სტარტი უკვე მატერიალურად ძლიერი აქვს.
ნამდვილი გამოწვევა კი იქ არის, სადაც რუკა „ჩავარდნას“ გვიჩვენებს. სწორედ აქ ირთვება განვითარების მექანიზმი. სისუსტე ადამიანს აიძულებს ეძებოს გამოსავალი, სცადოს ახალი, გაარღვიოს „სივრცე“, შეცვალოს ძველი მოდელები და სქემები.
იქ, სადაც თანდაყოლილი ძალა არ არის, ითხოვს განვითარებას და სწორედ ამ დროს იბადება გამომგონებლობა, სიღრმე და საკუთარი სტილი. ეს უკვე იმას ჰგავს, რომ ადამიანი დაიბადა ღარიბ ოჯახში, მაგრამ მატერიალურად განვითარდა და გამდიდრდა.
ხასიათის ფორმირება
ძლიერი მხარეები ცხოვრებას კომფორტულს ხდიან, მაგრამ სუსტები - ხასიათს აყალიბებენ. მათ გარეშე ადამიანი უბრალოდ „მოიხარშებოდა“ კომფორტის ზონაში და ვერასდროს გავიდოდა ჩვეული სცენარის ფარგლებს მიღმა.
ნატალურ რუკაში სუსტი ადგილები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა მაჩვენებლით:
•პლანეტების „გამოძევება“ ან „დაცემა“.
•პლანეტა, რომელიც რთული ასპექტებით არის „დაზიანებული“.
•პლანეტის რეტროგრადულობა.
•შეერთება მთვარის კვანძებთან, ლილიტთან.
•მაჟორული ასპექტების სრული არარსებობა ან „ჩავარდნილ“ ნიშანში მდებარეობაც.
ფაქტობრივად „პრობლემური“ მაჩვენებლები ძალიან ბევრია - გაცილებით მეტი, ვიდრე ძლიერები.
პარადოქსი: სისუსტე, როგორც ძალა
პარადოქსი: რაც უფრო სუსტია მაჩვენებელი - მით მეტი განვითარების პერსპექტივაა მასში. სწორედ ეს სისუსტე დინამიკაში იქცევა ხოლმე ძალიან დიდ ძალად.
ეს თანდაყოლილი სისუსტე (ანუ „ნევროზი“) ადამიანს არასდროს ამყოფებს მშვიდად.
ადამიანი კვლავ და კვლავ უბრუნდება ერთ თემას, სანამ არ გააცნობიერებს და არ გამოასწორებს მას.
• მაგალითად: ადამიანი ვერ აწყობს პირად ცხოვრებას, დავუშვათ, დაეშალა სამი პირადი ურთიერთობა.
თავისუფლად შესაძლებელია, რომ ეს სამი პარტნიორი აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოტიპები იყვნენ, მაგრამ თუ ძირეულად შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ ეს ერთი მოდელია. დიახ, ერთი მოდელი, მაგრამ სამი ჰიპოსტასი, ერთი სცენარის სამი გამოვლენა.
ჰოროსკოპის ძლიერი მაჩვენებელი, პირიქით, „ამშვიდებს“: ყველაფერი შეუფერხებლად მუშაობს და ადამიანი ხშირად წყვეტს განვითარებას. ასე რომ, რუკის სუსტი ადგილები - ეს არ არის „მინუსი“, არამედ ეს არის ძრავა, მუდმივი იმპულსი, „პერპენტუმ მობილე“ პირადი ევოლუციის გზაზე.
ტკივილიდან კედლის გარღვევამდე
რა თქმა უნდა, ზოგჯერ ყველაფერი ეს ძალიან რთულია, ძალიან მტკივნეული. ხშირად ადამიანს უნდა, რომ დანებდეს და ეს „მტკივნეული“ ადგილები დამალოს.
ადამიანს უნდა წინსვლა, მაგრამ ის ვერ ხედავს კარს და ეჯახება კედელს.
მაგრამ თუ ადამიანმა თავის თავში იპოვა ძალა (ან თუნდაც შინაგანი გაბრაზება ) და ტკივილისა და შიშის მიუხედავად გააგრძელა წინსვლა, ოღონდ უფრო ჭკვიანურად და გააზრებულად, ის აუცილებლად მოახერხებს კედელში გავლას.
ეს მიღწევები ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ძლიერი პლანეტების მარტივი „ჯილდოები“.
თუ ძლიერ მხარეებს თითქმის ავტომატურად ვიყენებთ, სუსტები მოითხოვენ ყურადღებიან მიდგომას: დაკვირვებას საკუთარ რეაქციებზე, განმეორებადი სცენარების შემჩნევას, ტაქტიკის ცვლილებას. სწორედ ამ წერტილებში რუკა თითქოს გეკითხება: „მზად ხარ გახვიდე საზღვრის მიღმა?“
ეს წააგავს ემიგრაციას, სადაც ყველაფერს ნულიდან იწყებ. მაგრამ თუ ადამიანი შეძლებს აქ განვითარებას და გამარჯვებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მან განავითარა თავისი სისუსტეები.
მთავარი საიდუმლო
საბოლოო ჯამში, სუსტი მაჩვენებლები - ეს არ არის სასჯელი, არამედ გამოწვევა. ისინი ცხოვრებას „ნაწიბურებიანს“, „ქვიანს“, ანუ ინტენსიურს ხდიან.
იქ, სადაც ძლიერი მხარეები ადამიანს უბრალოდ, თავდაჯერებასა და კომფორტს აძლევენ, სუსტი ადგილები ადამიანს - პიროვნებად აქცევენ. პიროვნებად, რომელმაც თავის თავში განავითარა ძალა, სიღრმე და რაც მთავარია, უნიკალურობა.
ასე რომ, თუ ჩვენი ჰოროსკოპის სისუსტეებს აღვიქვამთ არა როგორც პრობლემას, არამედ როგორც ტრამპლინს, მაშინ ისინი გადაიქცევიან ჩვენს ყველაზე ფასეულ ცვლილებად ჩვენს ცხოვრებაში.
როგორ მივდივართ განძთან?
ძლიერი მაჩვენებლები = განძით სავსე სკივრს. ეს მშვენიერია, მაგრამ შეიძლება მიწაში დამარხული განძი იყოს (გაიხსენეთ სახარების იგავი ტალანტებზე).
სუსტი მაჩვენებლები - ეს არის მუდმივი კაკუნი კარზე ან სარკმელზე. ეს არ გვაძლევს მშვიდად ჯდომის უფლებას და გვაიძულებს გავიდეთ გარეთ (კომფორტის ზონიდან) და გავერკვეთ, რა ხდება, ვინ აკაკუნებს.
და აი აქ მივედით მთავართან:
როდესაც კარზე გამუდმებული კაკუნის გამო რბილი სავარძლიდან ვდგებით და თბილი სახლიდან გარეთ - სიცივეში გავდივართ, იქ... განძით სავსე სკივრი გვხვდება!“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელით გამოცდა ნოემბერში? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი
⭕ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილის ტიტული მიიღო