Digest Logo

„თავმოყრილია 7 პლანეტა, რაც საკმაოდ იშვიათი და ძლიერად კონცენტრირებული ენერგიაა“ - რა უნდა ვიცოდეთ 17 აპრილის ახალმთვარეობაზე

1775913287
ასტროლოგია

♈🌑🔥17 აპრილს, თბილისის დროით 15:51 საათზე ახალმთვარეობის პიკია ვერძის ზოდიაქოს 27°28 გრადუსზე.

ამ ლუნაციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ვერძში ამ დროს თავმოყრილია 7 პლანეტა, რაც საკმაოდ იშვიათი და ძლიერად კონცენტრირებული ენერგიაა.

ზოდიაქოს დასაწყისში გვაქვს მჭიდრო სტელიუმი — ნეპტუნი, მერკური, მარსი და სატურნი, ხოლო ნიშნის ბოლოში — მზე და მთვარე ქირონთან შეერთებაში. ეს არის კარდინალური ცეცხლის კონცენტრირებული მუხტი, რომელიც გვიბიძგებს წინ — მოქმედებისკენ, გადაწყვეტილებებისკენ, საკუთარი გზის გაკაფვისკენ.

ვერძის ენერგია მძლავრი ამოფრქვევის ენერგიაა — სწორედ ის იმპულსი, რომელიც გვაძლევს ძალას და თავდაჯერებას, რომ სუფთა ნიადაგზე დავიწყოთ რაღაც ახალი, დავუბრუნდეთ საკუთარ სურვილებს და ბოლოს და ბოლოს გავბედოთ მათი განხორციელება. ამ ახალმთვარეობის მმართველი — მარსი — ძალიან ძლიერ პოზიციაშია, საკუთარ ნიშანში, ვერძში. ის მოძრაობს სატურნთან შეერთებისკენ, რაც მის ძლიერ ქმედების იმპულსს, ერთი მხრივ, ამუხრუჭებს და სტრუქტურაში მოქცევას სთხოვს.

როგორც ვიცით, სატურნი ვერძში კომფორტულად არ გრძნობს თავს, ამიტომ სრულად ვერ აკონტროლებს ამ ენერგიას, თუმცა მაინც აძლევს მას ფორმას და მიმართულებას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მარსი ქმნის ჰარმონიულ ასპექტს — სექსტილს პლუტონთან, რაც ამ ენერგიას კიდევ უფრო აძლიერებს. ეს გვაძლევს ნების ძალას, შიდა სიმტკიცეს და სტრატეგიული მოქმედების უნარს. ეს არის ძალა, რომელიც რეალურ ტრანსფორმაციულ ცვლილებებში შეიძლება გადაიზარდოს.

მარსი შეერთებულია მერკურთანაც, რაც სიტყვას სიძლიერეს და გამბედაობას მატებს — ეს არის დრო, როცა ნათქვამსაც და გადაწყვეტილებასაც განსაკუთრებული წონა აქვს. მზე და მთვარე ქირონთან შეერთებაში აჩვენებს „დაჭრილი მებრძოლის“ თემას — იმ ადგილს, სადაც ადრე გვტკიოდა, მაგრამ ახლა სწორედ იქიდან შეიძლება გაჩნდეს ჩვენი ახალი ძალა და მოტივაცია. ამ ძლიერ ცეცხლოვან ენერგიას გარკვეულწილად აბალანსებს ვენერა კუროში — საკუთარ ნიშანში, რაც გვაძლევს სტაბილურობას, სიმშვიდეს და საშუალებას, რომ ეს მუხტი რეალურ, მატერიალურ შედეგებში გადავიტანოთ.

რას გვთხოვს ეს ახალმთვარეობა? პირველ რიგში გავუშვათ ის, რაც უკვე დასრულდა და შემდეგ გავბედოთ ახალი დასაწყისი, მოვიკრიბოთ ძალა და გადავდგათ ნაბიჯი. სამყარო ამ პროცესში ნამდვილად გვიჭერს მხარს. ეს ენერგია ძლიერად იგრძნობა რა თქმა უნდა ვერძებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც პირად რუკაში აქტიური კარდინალური ნიშნები აქვთ  კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. განსაკუთრებით კი  თუ ამ ნიშნებში პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები 25°–29° გრადუსებშია.

ჰარმონიული, შეუფერხებელი და ახალი შესაძლებლობების მომცემი შეიძლება იყოს ეს პერიოდი სხვა ცეცხლის ნიშნებისთვისაც — მშვილდოსნისთვის და ლომისთვის. ამ ადამიანებისთვის ეს დრო შეიძლება გახდეს გარდამტეხი — ახალი ეტაპის დაწყების თვალსაზრისით.

კონკრეტულად რა სფეროზე გააკეთებს აქცენტს ეს ენერგია, ამას ის სახლები გვიჩვენებს, სადაც ვერძი ხვდება ინდივიდუალურ რუკაში. საერთო ჯამში აპრილის ენერგია ძალიან დინამიკური და ცეცხლოვანია. ვერძის მუხტი გვთხოვს ხელახლა დაბადებას — მოქმედებას, გაბედვას, პირველ ნაბიჯს. ეს არის დრო, როდესაც აღარ უნდა გადავდოთ. ახლა მოქმედების დროა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„აიღეთ სუფთა ფურცელი, მშვიდ მდგომარეობაში დაწერეთ ერთი სურვილი, არა სია, არა ქაოსი...“ - დღის პრაქტიკა

„როდესაც საფლავიდან სახლში დაბრუნდებით, აუცილებელია არა მხოლოდ ხელების დაბანა, არამედ თქვენი ქვების „დაბანაც“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი

„აიღეთ შავი ან ლურჯი ქვა, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ...“ - სატურნის რიტუალი, რომელიც 11 აპრილს უნდა ჩაატაროთ